E მამა პაისი ახალი თაობის შესახებ - 30 დეკემბერში 2009 - წმინდა იონა
ყოველი დღე, ყოველი გათენებული დილა, ეს არის უდიდესი წყალობა ღვთისა, ამიტომ დილიდან მადლობას უნდა ვწირავდეთ უფალს. ილია II

WWW.IONAA.TK & WWW.OTO.UCOZ.RU   http://sibrdzne.com/

შემოსული ხართ Guest| ჯგუფი "Guests" |მთავარი | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | გამოსვლა | შესვლა |სიახლის დამატება
|
საიტის მენიუ
კატეგორიები
გალობები
"ჩვენი ტაძარი"
ქადაგებები
წმინდანთა ცხოვრება
მოახლოებული დღესასწაულები
სხვა..
ვიდეო მასალები
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
ხალხური სიმღერები
აუცილებელი ლიტერატურა
გალობები
Qriste agsdga !



გალობები მომაწოდა LONGUS-მა

შესვლის ფორმა.
ლოგინი:
პაროლი:
ჩანაწერების არქივი
მთავარი » 2009 » დეკემბერი » 30 » მამა პაისი ახალი თაობის შესახებ
19:42
მამა პაისი ახალი თაობის შესახებ
დღეს ადამიანთა უმრავლესობამ არ იცის იმ სიხარულის გემო, რომელიც მსხვერპლშეწირვას მოაქვს. ადამიანებს შრომა არ უყვართ. მათ ცხოვრებაში გაჩნდა სიზარმაცე, თბილად მოწყობის სურვილი, მეტი დასვენება. დაკნინდა ღვთისმოსაობა, მსხვერპლშეწირვის სული. თუ ადამიანებს გამოუდით, რომ რაიმე უშრომელად მოიპოვონ და თბილად მოეწყონ, ამას მიღწევად თვლიან. ისინი განაწყენდებიან ხოლმე, თუ ადვილი ცხოვრების მოწყობა ვერ მოახერხეს. მაგრამ ყოველივე ამას რომ სულიერად უცქერდნენ, სწორედ ეს გაახარებდათ, რადგან ამ შემთხვევაში მოღვაწეობის კარგი შესაძლებლობა ექმნებათ.

დღეს ყველა - მოხუციცა და ახალგაზრდაც - ადვილ ცხოვრებას დაეძებს. სულიერი ადამიანები ისწრაფიან, რომ მცირეოდენი შრომით გაბრწყინდნენ, ერის ადამიანები კი ცდილობენ, რაც შეიძლება, დიდი ფული იშოვონ უშრომელად. ახალგაზრდები გამოცდების ჩასაბარებლად არ ემზადებიან და კაფეებიდან გამოუსვლელად იღებენ დიპლომებს. და იმის შესაძლებლობა რომ იყოს, კაფედან დარეკონ უნივერსიტეტში და ისე შეიტყონ გამოცდების შედეგები, ძალიან ბედნიერად იგრძნობდნენ თავს. დიახ, დიახ, უკვე აქამდეც მივიდნენ! ბევრი ყმაწვილი მოდის ჩემთან, სენაკში და მეუბნება: „ილოცე, რომ უნივერსიტეტში მოვეწყო!“ გამოცდებისთვის არ ემზადებიან და ამასთან ამბობენ: „ღმერთი დამეხმარება!“.

მე ვპასუხობ „მოემზადე და ღმერთს დახმარება ლოცვით შესთხოვე“. „რატომ, - უკვირთ, - განა ღმერთს არ შეუძლია მოუმზადებლად დამეხმაროს?“ მერე რა გამოვა, ღმერთი შენს სიზარმაცეს აკურთხებს? ღმერთი იმ შემთხვევაში დაეხმარება, თუ ყმაწვილი ცდილობს, კითხულობს, მაგრამ წაკითხულის დამახსოვრებას ვერ ახერხებს. ზოგიერთს იმის დამახსოვრება და გაგება არ შეუძლია, რაც წაიკითხა, მაგრამ მაინც შრომობს. ასეთ მშრომელებს ღმერთი შეეწევა, რომ ბევრისმცოდნენი გახდნენ.

საბედნიეროდ, გამონაკლისებიც არსებობს. ერთმა ყმაწვილმა ქროკედონის უნივერსიტეტში სამ ფაკულტეტზე ჩააბარა გამოცდები ერთდროულად და ყველგან მოეწყო! [1] თანაც ერთ ფაკულტეტზე მისი გამოცდების შედეგები საუკეთესო იყო, ხოლო სხვაგან მეორე ადგილი მიიღო. მაგრამ მიუხედავად ამისა, არჩია სამუშაოდ წასულიყო, რათა შეშველებოდა მამას, რომელიც ოჯახის სარჩენად მაღაროში მუშაობდა. ამიტომ მან სწავლა აღარ დაიწყო, არამედ სამუშაოზე მოეწყო და ფული სახლში მიჰქონდა. ეს ადამიანი სულზე მალამოსავით დამედო. ასეთი ახალგაზრდებისთვის მე მზად ვარ, მოვკვდე და მიწად ვიქცე. თუმცა ახალგაზრდების უმრავლესობა ამა სოფლის გავლენის ქვეშაა მოქცეული და ამან გარყვნა და დაავადა ისინი. მათ ისწავლეს, რომ მხოლოდ საკუთარი თავი აინტერესებდეთ, მხოლოდ საკუთარ თავზე იფიქრონ. მოყვასზე ისინი წუთითაც კი არ დაფიქრებულან. და რაც არ უნდა ბევრს ეხმარებოდე მათ, მით მეტად ზარმაცდებიან.

ვხედავ, რა მდგომარეობაშია დღევანდელი ახალგაზრდობა. ერთს ისინი განიკითხავენ, მეორეს წესებს უდგენენ, მესამე ყელში ამოუვიდათ. მაგრამ ადამიანის გული ხომ არ იღლება და არ ბერდება არასდროს. ისინი კი... ბერობა მათთვის ძნელია, დაქორწინება - საშინელი. ჯანმრთელი ყმაწვილები მოდიან წმიდა მთაზე, უკან მიდიან და კვლავ ბრუნდებიან. „ბერობაც ხომ ძალიან ძნელია, - ამბობენ ისინი. - ყოველ ღამე გაუთენებელზე ადექი, თანაც ერთი და ორი დღე კი არა, - მთელი ცხოვრება“. ერში ბრუნდებიან, მაგრამ ისიც არ მოსწონთ. „რა უნდა ვაკეთო ამ საზოგადოებაში, როგორ ადამიანს უნდა დავუკავშირო ჩემი ბედი, თუ დავქორწინდები? მარტო ხლაფორთი და მოუსვენრობაა“. - ამბობენ ისინი, როდესაც კვლავ წმ. მთაზე დაბრუნდებიან, მაგრამ აქაც ცოტა ხანს იცხოვრებენ და ისევ იმას გაიძახიან: „მძიმეა“.

ამჟამინდელი ახალგაზრდები ახალ მანქანებს გვანან, რომელთა ძრავებში სიცივემ ზეთი გაყინა. იმისათვის, რომ ეს მანქანები ამუშავდეს, ზეთი უნდა გაცხელდეს - სხვაგვარად არაფერი გამოვა. საბრალო ყმაწვილები - ისინი ჩემთან სენაკში მოდიან - ერთი და ორი კი არა, - უამრავი მათგანი და მეკითხებიან: „როგორ მოვიქცე, მამაო! რაში დავხარჯო ეს დრო? მოწყენილობა მაწუხებს“. „ჩემო ძმაო, წადი, რაიმე სამუშაო მონახე“. - ვეუბნები, პასუხად კი მესმისა „საქმე ამაში არ არის. ფული მაქვს და სამუშაო რისთვის მჭირდება?“. მე კვლავ ვუხსნი „მაგრამ პავლე მოციქული წერს „უკუეთუ ვისმე არა უნებს საქმის, ნუცა ჭამნ“ (2 თეს. 3,10) [2]. თუნდაც ფულის პრობლემა არ გქონდეს, მაინც უნდა იშრომო, სამუშაო ადამიანს თავისი ძრავის გახურებაში ეხმარება. სამუშაო - ეს შემოქმედებაა. ის ადამიანს სიხარულს ანიჭებს და ავიწყებს სულიერ სიმძიმეს, ნაღველს. აი ასე, მაძღარო მეგობარო! მოძებნე სამუშაო, რომელიც ოდნავ მაინც მოგეწონება და შრომა დაიწყე. სინჯე და ნახავ, როგორ შეიცვლება ყველაფერი!“

ზოგიერთი ახალგაზრდა იღლება, მაგრამ დაღლილობა მათ ძალებს აღადგენს. მოდიან ჩემთან, სენაკში ახალგაზრდა ყმაწვილები, სხედან ეზოში და ჯდომისაგან იღლებიან, სხვები კი პატივისცემით მეკითხებიან - „რა გავაკეთოთ, რა მოვიტანოთ შენთვის?“ მე არასოდეს არ ვთხოვ დახმარებას რაიმე საქმეში. საღამოს, სტუმრების წასვლის შემდეგ ფარანს ვანთებ და ყველაფერს თვითონ ვაკეთებ: მომაქვს შეშა, ზამთარში ორ ღუმელს ვანთებ, ვაწესრიგებ სახლსა და ეზოს. ბევრი მომსვლელი აქაურობას უწესრიგოდ ტოვებს - ანაგვიანებენ, ეზოში ჭუჭყიან წინდებს ყრიან. ხალხი თხელ წინდებს მიგზავნის, მე მათ მომსვლელებს ვჩუქნი. ისინი კი იცვლიან და საკუთარ ჭუჭყიან წინდებს, სადაც მოხვდებათ, იქ ყრიან. მე ხელსაწმენდებსაც კი ვაძლევ, რომ იმაში შეახვიონ და წაიღონ, მაგრამ მაინც ურჩევნიათ, რომ აქვე დაყარონ.

სამჯერ ვთხოვე ადამიანებს რაღაც სამსახურის გაწევა - ცხოვრებაში. ერთ ახალგაზრდას ერთხელ ვუთხარი: „ორი კოლოფი ასანთის მოტანა მინდა კარიესის მაღაზიიდან“ [3]. მაშინ ოთხი სანთებელა მქონდა, მაგრამ მას ეს იმიტომ ვუთხარი, რომ გამეხარებინა. ის გახარებული გაიქცა, სულს ძლივს ითქვამდა, მომიტანა ის ასანთები და დაღლილობამ აღუდგინა ძალა, რადგან ის სიხარული იგემა, რომელიც მსხვერპლის გაღებას ახლავს თან. მეორე კი ამ დროს ერთ ადგილს იჯდა და ჯდომისაგან დაიღალა. ხალხს სიხარულის შეგრძნება სურს, მაგრამ სიხარულის გრძნობა რომ გეწვიოს, ამისთვის საკუთარი თავი უნდა გაიღო მსხვერპლად. სიხარულს მსხვერპლი ბადებს. ნამდვილი სიხარული ღვთისმოსაობიდან მოდის. და თუ ღვთისმოსაობა მოიპოვა, მაშინ ადამიანი დღესასწაულობს, ზეიმობს. ეგოიზმი, თავისმოყვარეობა - ეს ადამიანის მტანჯველი თვისებებია, იგი სწორედ აქ „იჭედება“.

ერთხელ, მოხდა, რომ ათონზე ორი ახალგაზრდა ოფიცერი მოვიდა. მათ მითხრეს: „ჩვენ ბერობა გვსურს“. „და რატომ გსურთ ბერობა? - ვკითხე. - ან რამდენი ხანია, რაც ეს სურვილი გაგიჩნდათ?“ - „აი, ახლახანს გაგვიჩნდა სურვილი, წმიდა მთაზე ექსკურსიაზე მოვედით და ვფიქრობთ, რომ აქ სამუდამოდ დავრჩეთ. იქ ერში, ვინ იცის, შეიძლება, ისევ ომი დაიწყოს“. - „თქვენ სირცხვილი არა გაქვთ. - მივუგე მე. - იქნებ ისევ ომი დაიწყოს! - როგორ შეძლებთ, რომ არმიიდან წამოხვიდეთ?“ - „რამეს მოვიმიზეზებთ“. რა უნდა მოიმიზეზონ? ან სულით ავადმყოფებად მოაჩვენებენ თავს, ან რაიმეს - ამის მსგავსს მოიფიქრებენ. მათ ვუთხარი: „თუ თქვენ ბერად ასეთი მიზეზების გამო მიდიხართ, მაშინ ჩათვალეთ, რომ უკვე წარუმატებლად იწყებთ“. სხვებს ხელს არაფერი უშლით, რომ დაქორწინდნენ, ოჯახი შექმნან, მაგრამ ისინიც მოდიან ჩემთან და მეუბნებიან: - „რატომ უნდა შევქმნა ოჯახი? განა დაქორწინება და ბავშვების რჩენა ადვილია ამ რთულ დროში?!“ მე ვეუბნები - „კარგი, მაგრამ განა დევნის დროს ცხოვრება შეჩერდა, განა არ მუშაობდნენ და არ ქორწინდებოდნენ? იქნებ უბრალოდ ოჯახის შექმნა გეზარება?!“ - „მე ბერობა მინდა!“ - მესმის პასუხად. - „მაგრამ მიზეზი ხომ შენი სიზარმაცეა, განა შეიძლება, შენგან კარგი ბერი დადგეს?“ გასაგებია?! თუ გოგონას მონაზვნობა სურს და ასევე ფიქრობს „რისთვის დავრჩე ერში, გავთხოვდე, შვილები გავაჩინო? ხათაბალა და შფოთია. ჯობს, მონასტერში წავალ. რასაც მეტყვიან, გავაკეთებ, არავითარი პასუხისმგებლობა... როდესაც ლანძღვას დამიწყებენ, თავს დაბლა დავხრი. აბა, მიდი და სცადე, ერში შენი საკუთარი ოჯახი შექმნა. მონასტერში კი ყველაფერი, რაც აუცილებელია, მექნება - ტანსაცმელი, ცალკე სენაკი, საჭმელი და ასე შემდეგ“. ამგვარად, თუ ქალიშვილი ასე ფიქრობს, მან უნდა იცოდეს, რომ წარუმატებლობისთვისაა განწირული.

ეს უცნაურად გეჩვენებათ? ნუ გაგიკვირდებათ, ასეთი ადამიანები ნამდვილად არიან. იცით, რომ მონდომებული ადამიანი ყველგან წარმატებულია. მონდომებული მეოჯახე მონაზვნობაშიც წარმატებას მიაღწევდა, ხოლო წარმატებული ბერი - ერული გზა რომ აერჩია და დაოჯახებულიყო - კვლავ წარმატებული იქნებოდა.

ერთი ახალგაზრდა მონასტერში მორჩილად მოვიდა, მაგრამ აღკვეცაზე უარი თქვა. „რატომ იკავებ აღკვეცისაგან თავს, შვილო?“ - ვკითხე მე. „იმიტომ, რომ მონაზვნის სკუფია ჯარისკაცის ზუჩს მაგონებს“. - მიპასუხა. ერთი მოუსმინე!.. მას არ უნდოდა მონაზვნობა იმიტომ, რომ მონაზვნის სკუფია არ ეტარებინა, ზუჩს აგონებდა თურმე! კი მაგრამ, ეს ზუჩი თუ დაუხურავს სადმე და ოდესმე? თუ დაუხურავს, მხოლოდ რამოდენიმეჯერ არმიაში - მეცადინეობის დროს - და ესეც საკითხავია! ან ომის სუნი სად უნდა ეყნოსა? წარმოგიდგენიათ? ზუჩს მიამსგავსა გესმით, რა ხდება? აბა, მონაზვნობაში რაღა დარჩენია? მითხარით ერთი, როგორი ბერი დადგება ადამიანისგან, რომელიც მონაზვნურ გზას ამგვარად იწყებს?

ბოლოს და ბოლოს ეს საცოდავი სადღაც აღკვეცეს ბერად, მაგრამ სკუფიას მაინც არ ატარებდა.

სხვა დროს ჩემთან სენაკში ორი ახალგაზრდა კაცი მოვიდა. ორივეს თმა ლამის ქამრამდე სწვდებოდა. ძალიან მინდოდა გამეკრიჭა მათი ფაფარი, მაგრამ არ მიმიშვეს. სადღაც მეჩქარებოდა და გრძელი საუბრის გაბმა ვერ შევძელი - მხოლოდ გავუმასპინძლდი. ეზოში კატა დასეირნობდა. ერთმა ამ გრძელთმიანმა დაინახა კატა და მკითხა „შეიძლება ავიყვანო?“ აიყვანე-მეთქი, ვუთხარი. კატა წაიყვანა და წავიდნენ ივერიის მონასტერში - ერთი საათის სავალზე წვიმა წამოვიდა, მაგრამ იგი კატასთან ჩახუტებული მივიდა მონასტერში. არქონდარიკში ავიდა და ღამის გასათევი ითხოვა. „კატის შემოკვანა არ შეიძლება“. - უპასუხეს იქ. და იგი მთელი ღამის განმავლობაში, წვიმაში, კატასთან ერთად დარჩა! არმიაში სულ ერთი ღამით ყარაულში რომ გაეგზავნათ, იტყოდაა „არა, არ შემიძლია!“ არადა, მთელი ღამე იჯდა ქუჩაში - კატით. აი, ბატონო, რა ხდება.

ერთი არმიაში გაიწვიეს, ის კი გამოიქცა და წმიდა მთაზე მოვიდა. სენაკში მესტუმრა და მეუბნება: „მინდა, რომ ბერი გავხდე“. ვეუბნები: „წადი, დაბრუნდი და შენი ვადა მოიხადე“. მაგრამ მპასუხობს: „არმია... შენ ეს მშობლიური სახლი ხომ არ გგონია?“ „დიდი მადლობა, ძალიან დამავალე, რომ ეს შემატყობინე! აი, თურმე როგორი ყოფილა. ადრე ამას ვერ ვხვდებოდი. ახლა კი სხვებსაც ვეტყვი!“ ჭაბუკის ახლობლები კი ამ ხნის განმავლობაში დაეძებდნენ მას. რამდენიმე დღის შემდეგ იგი კვლავ მოვიდა ჩემთან, სენაკში. თომას კვირა იყო, ადრიანი დილა. „შენ მჭირდები“. - მეუბნება „აბა, რა გსურს? - ვეკითხები. - ლიტურგიაზე სად იყავი“. „არსად“. - მპასუხობს. „დღეს თომას კვირაა, მონასტრებში ღამისთევა სრულდებოდა და შენ არსად არ დასწრებიხარ? და ბერობა გსურს“ სად დაეხეტებოდი?“ „მე სასტუმროში გავათენე, იქ სიმშვიდე და სიწყნარეა, მონასტერში კი მთელ ღამეს ისეთი აურზაურია“. „ახლა რას აპირებ?“ - კვლავ ვკითხე. „მე სინაზე მინდა წასვლა იმიტომ, რომ მკაცრი, ასკეტური ცხოვრებისაკენ მაქვს მისწრაფება“. „აბა, ცოტა ხანს დამიცადე“ - ვეუბნები. სენაკში შევედი, ავიღე სააღდგომო კულიჩი, რომელიც ვიღაცამ მომიტანა, უკან გამოვბრუნდი და ვეუბნები „აჰა, დაიჭი! ეს კულიჩი ძალიან რბილია, სწორედ რომ მკაცრი და ასკეტური ცხოვრებისთვის გამოდგება, შენ რომ ასე ესწრაფი. აიღე და წადი“. აი, ასეთია ახლანდელი ახალგაზრდობა. თვითონაც არ იციან, რა უნდათ. ოდნავი შევიწროების ატანაც არ სურთ. ამის შემდეგ როგორღა შეძლებენ ისინი მსხვერპლად შეწირვას?

მახსოვს, რომ არმიაში თუ იმის აუცილებლობა დადგებოდა, რომ ვინმე რაიმე სახიფათო საქმეზე წასულიეო, მხოლოდ ეს ისმოდა „ბატონო მეთაურო, მე წავალ მის მაგიერ! მას ოჯახი ჰყავს და რომ მოკლან, ბავშვები ქუჩაში დარჩებიან!“ ჯარისკაცები მეთაურს სთხოვდნენ, რომ სახიფათო დავალების შესასრულებლად სხვის მაგივრად წასულიყვნენ. ისინი ბედნიერები იყვნენ, თუ თვითონ მოკვდებოდნენ და რომელიმე ოჯახის თავი ცოცხალი დარჩებოდა, არ დაობლდებოდნენ მისი შვილები. ახლა? სადმე შეხვდები, რომ ადამიანი ამგვარ მსხვერპლზე მიდიოდეს? თუ შეხვდები - ძალიან იშვიათად. მახსოვს, ერთხელ, როგორღაც უწყლოდ დავრჩით. მეთაურმა რუკაზე მიაგნო ახლომახლო ადგილს, სადაც წყალი იყო, მაგრამ იქ მოწინააღმდეგე იყო. მეთაური გვეუბნება „ახლოს წყალია, მაგრამ სინათლის ანთება არ შეიძლება და გზაც სახიფათოა, ვინ წავა, რომ რამდენიმე მათარა აავსოს?“ ჯერ ერთი ჯარისკაცი წამოხტა: „მე წავალ, ბატონო მეთაურო!“ მერე მეორე: „მე“! მას მესამე მიჰყვა. ანუ ყველამ გამოთქვა წასვლის სურვილი. ეზოში წყვდიადია, უსინათლოდ მეტად საშიშია, ყინვა კანს გვიჩხვლეტავს. მეთაური დაიბნა კიდეც: „ყველას წასვლა ხომ შეუძლებელია!“ იმის თქმა მინდა, რომ საკუთარ თავზე არავინ ფიქრობდა. არც ერთ ჩვენგანს რაიმეს მომიზეზება არ უცდია, მაგალითად - „ბატონო მეთაურო, ფეხი მტკივა“, ან „თავი მტკივა“, ან „დავიღალე“. ჩვენ ყველას გვსურდა წყალზე წასვლა და საფრთხეში რომ ვიგდებდით თავს, ამაზე არ ვფიქრობდით.

ამჟამინდელი სულია - სული ნელთბილობისა. ვაჟკაცობა და მსხვერპლი აქ სრულიად გამორიცხულია. ამჟამინდელი ზადიანი ლოგიკით ადამიანებმა ყველაფერი სხვა სისტემების განზომილებაში გადაიტანეს. და ხედავ, როგორია იგი: ადრე ხალხი არმიაში მოხალისედ მიდიოდა, ახლა კი - სამსახური არ სურთ და წიგნაკებს იღებენ, რომ სულით ავადმყოფები არიან. ყოველ ძალას ხმარობენ, რომ არმიაში არ წავიდნენ. განა ადრე იყო რაიმე ამის მსგავსი? ჩვენთან არმიაში ერთი ლეიტენანტი იყო - სულ 23 წლის. მაგრამ რა საოცარი ვაჟკაცი იყო! ერთხელ მამამისმა, გადამდგარმა ოფიცერმა, დაურეკა და უთხრა, რომ განზრახული ჰქონდა, ვიღაცისთვის ეთხოვა და ეს ყმაწვილი წინა რიგებიდან ზურგში გადაეყვანათ. ოი, როგორ იყვირა ლეიტენანტმა, როდესაც მან ეს უთხრა - „როგორ არ გრცხვენია, მამაჩემო, რომ ამას მეუბნები?! ზურგში ხომ მუქთახორები გადადიან“. ამ ადამიანში გულწრფელობა და პატიოსნება იყო და ამასთან - იმდენად განსაკუთრებული, რომ ყოველგვარ საზღვრებს გადადიოდა. - შეტევაზე ის პირველი გარბოდა. მისი მუნდირი ტყვიებით იყო დაცხრილული, მაგრამ მიუხედავად ამისა, იგი ცოცხალი გადარჩა. როცა გათავისუფლდა, ის მუნდირი სახსოვრად წაიღო.

განუსჯელი სიყვარული ბავშვებს ყოვლად უვარგისებად აქცევს

შევნიშნე, რომ ახლანდელი ბავშვები, განსაკუთრებით ისინი, ვინც შემდეგ უნივერსიტეტში მიდიან, ჯერ კიდევ მშობლების სახლში ირყვნებიან. ადრე კარგი შვილები - თანდათანობით სრულიად უვარგისნი ხდებიან. ისინი არაფერზე ფიქრობენ და რაღაცნაირად უგრძნობელნი არიან. მათ ღუპავენ და აფუჭებენ მათივე მშობლები, რომელთაც თვითონ მძიმე წლები გადაიტანეს და სურთ, რომ მათმა შვილებმა რაიმეს ნაკლებობა არ გამოსცადონ. მშობლები შვილებში რწმენას არ ნერგავენ, რომ მათ ახარებდეთ რაიმეს მოკლება. დიახ, ბავშვებს უაზროდ გაუჭირვო ცხოვრება - ბარბაროსობაა. მაგრამ - დაეხმარო შვილებს, რომ მათ მოიხვეჭონ მონაზვნური სინდისი - ანუ შემდეგ ისინი თვითონვე ხარობდნენ, როცა რაიმეს ნაკლებობას განიცდიან, კარგი საქმეა. დღეს მშობლებს, საკუთარი სიკეთით, ამ განუსჯელი სიკეთით გამოტვინებამდე მიჰყავთ შვილები. მშობლები შვილებს ყველაფერს სინით მიართმევენ, - პირდაპირ ხელში, წყალიც კი მათ მიაქვთ. აჩვევენ ამას, იმიტომ, რომ ბავშვებმა გაკვეთილები მოამზადონ და არაფრით გაერთონ. სწორედ ამგვარად ყველაფრისათვის გამოუსადეგარად აქცევენ მათ - ბიჭებსაც და გოგონებსაც. ამიტომაცაა, რომ ბავშვებს შემდეგაც ყველაფერი მზამზარეული და სინით მირთმეული უნდათ, მაშინაც, როცა გაკვეთილებს არ ამზადებენ. ეს ბოროტება კი დედიდან იწყება: „ისწავლე, შვილო, ისწავლე, მე წინდებს მოგიტან, ფეხებს დაგბან! ჭამე საყვარელო, ყავა დალიე“. ბავშვები არ შრომობენ და ამიტომ არ იციან, როგორ იღლება დედა, რომელიც მათ ემსახურება. შემდეგ კი იწყება: ერთჯერადი თეფშები, ერთჯერადი ტანსაცმელი (პიცერიები, მაკდონალდსები). შეახვევენ პიცის ნაჭერს ქაღალდში და ამასაც ვერ ახერხებენ. ამგვარად ბავშვები უვარგის ადამიანებად ყალიბდებიან. და აი, მაშინ თვით სიცოცხლეც კი უმძიმთ. თასმა გაიხსნა: „დედა, შემიკარი თასმა!“ და ვიდრე დედა არ შეუკრავს, შვილი გახსნილი თასმით დადის და ზედ აბიჯებს. რა წარმატებებს უნდა ველოდეთ ასეთი ბავშვებისგან? ისინი არც მონაზვნური და არც ოჯახური ცხოვრებისთვის არ გამოდგებიან. ამიტომ ვურჩევ მშობლებს: „ნებას ნუ მისცემთ ბავშვებს, რომ მთელი დღეები იკითხონ, ისინი სულ კითხულობენ და კითხულობენ და თავბრუ ეხვევათ. დაე, კითხვისას თხუთმეტწუთიანი, ნახევარსაათიანი შესვენებები გააკეთონ და სახლში რაიმე საქმე შეასრულონ. თავი ცოტა მაინც გაუგრილდებათ და ნორმალურ მდგომარეობაში იქნებიან“.

ამჟამინდელი ახალგაზრდობის ეს ცუდი ჩვევა მონაზვნობაშიც გავრცელდა. ახლა ხედავ, რომ მონასტრის კანცელარიაში ზის შვიდი მდივანი - ბერი, ყველა ახალგაზრდა და განათლებული. მათთან ერთად ზის მოხუცი ბერიც, რომელიც ამ მორჩილებას ადრეც ასრულებდა. ადრე მონასტერში ერთი მდივანი იყო. მისი განათლება ხშირად საშუალო სკოლის ორი კლასით განისაზღვრებოდა, ამასთან, იგი მარტო უძღვებოდა მთელ სამუშაოს. ახლა კი შვიდნი არიან და ყველა მათგანი ისე იღრჩობა სამუშაოში, რომ მონაზვნური წესების შესრულებასაც ვერ ახერხებენ! ამ მოხუც მდივანსაც რომ არ უშვებენ... მას უხდება მათთან ერთად ჯდომა და მათი დახმარება.

ბნელი ძალები ახალგაზრდობას ბოროტებისაკენ აქეზებენ

საბრალო ბავშვებს ახლა სხვადასხვაგვარი თეორიებით ანადგურებენ. ამიტომ არიან ისინი ასე აფორიაქებულნი, ასე თავბრუდახვეულები. ბავშვს ერთის გაკეთება უნდა, მაგრამ მეორეს აკეთებს. ბნელმა ძალებმა საშინელი პროპაგანდა წამოიწყეს. სწორედ ისინი მიმართავენ ბოროტებისკენ იმ ახალგაზრდებს, რომელთაც გონიერება არ ჰყოფნით. სკოლაში ზოგიერთი მასწავლებელი ბავშვებს ეუბნება: „იმისათვის, რომ ინიციატივიანი პიროვნებები იყოთ, პატივს ნუ სცემთ მშობლებს, ნუ დაემორჩილებით მათ“. ამგვარად, ისინი რყვნიან ბავშვების სულებს. შემდეგ ბავშვები არ უჯერებენ არც მშობლებს და არც მასწავლებლებს და ისინი დამნაშავენი არ არიან, რადგან ჰგონიათ, რომ სწორედ ასე უნდა იქცეოდნენ. ამაში მათ სახელმწიფოც უჭერს მხარს, ამისკენ უბიძგებს. ხოლო ისინი, ვისაც არც სამშობლოს ეკითხება ვინმე და არც - ოჯახს, ამგვარ ახალგაზრდობას თავისი გეგმებისათვის იყენებენ. ყოველივე ამან ბევრი ბოროტება მოუტანა თანამედროვე ახალგაზრდობას! იქამდე მივიდა საქმე, რომ რქიანი ეშმაკი ახალგაზრდობას თავის ლიდერად ესახება. სატანის თაყვანისცემა ძალიან გავრცელდა. ზოგიერთ დისკოთეკაზე მთელი ღამეები მღერიან: „სატანა, თაყვანს გცემთ შენ! ჩვენ ქრისტე არ გვინდა, შენ ყველაფერს გვაძლევ“. რა საშინელებაა ეს! გესმით კი, საბრალო ბავშვებო, რას გაძლევთ, ან რას გართმევთ იგი?

პატარა ბავშვები უკვე გაბოროტებულნი არიან - ყავით და სიგარეტით. განა მათ სახეებზე შენიშნავ ნათელ გამოხედვას - ღვთის მადლს? რა მართალი იყო ერთი არქიტექტორი, რომელმაც ახალგაზრდების ჯგუფს მიმართა, როდესაც მან წმიდა მთაზე მოიყვანა ისინი: „ჩვენ - მე და თქვენ მკვდარი თევზის თვალებით ვიყურებით“. ამ არქიტექტორს 17-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდები ახლდნენ ათონზე, სულ ათნი იყვნენ. თვითონ იგი ადრევე მოიქცა ღვთისაკენ, ამიტომ ებრალებოდა ის ახალგაზრდები, გარყვნილებაში რომ ცხოვრობდნენ, ზოგიერთი უბედურთაგანი მან დაიახლოვა, დაარწმუნა, რომ წმიდა მთაზე წამოსულიყვნენ და გზის ხარჯებიც თვითონ გაიღო. ისინი ჩემთან სენაკში მოდიოდნენ, მე კი სწორედ მაშინ სადღაც ვაპირებდი წასვლას და ერთმანეთს ბილიკზე შევხვდით. მე ვუთხარი, რომ მივდიოდი და შევთავაზე, რომ, სადაც შევხვდით, ცოტა ხნით იქვე ჩამოვმსხდარიყავით. ის იყო დავსხედით, რომ ჩემთან სენაკში მომავალი ბავშვების სხვა ჯგუფი გამოჩნდა, ისინი „ათონიადის“ [4] აღსაზრდელები იყვნენ. „თქვენც ჩვენთან ერთად დასხედით“. - ვეუბნები მე. ისინიც დასხდნენ. აი, სწორედ ამ დროს არქიტექტორი თავის ყმაწვილებს ეუბნება: „თქვენ ვერაფერს ამჩნევთ?“ მათ გაუკვირდათ. და მან კვლავ უთხრა, „აბა, ჯერ ერთმანეთს შეხედეთ თვალებში და შემდეგ ამ ბავშვების სახეებს დააკვირდით. ნახეთ, როგორ უბრწყინავთ მათ თვალები! და მერე ჩემსა და თქვენს თვალებს მიაქციეთ ყურადღება. ისინი მკვდარი თევზის თვალებს ჰგავს“. და ეს მართალი იყო! როდესაც თვალი გადავავლე, მივხვდი, რომ მან მიზანში მოარტყა. მათ მართლაც მკვდარი თევზის თვალები ჰქონდათ: მღვრიე, არაბუნებრივი... ათონიადის ბავშვების თვალები კი გაბრწყინებული იყო. ათონიადის აღსაზრდელები ხომ მეტანიას აღასრულებენ და ღვთისმსახურებაში მონაწილეობენ. „თვალები სულის სარკეა“. ამიტომაც თქვა ქრისტემ, რომ „სანთელი გვამისა არს თვალი“ [5]. რამდენი ახალგაზრდა მოდის წმიდა მთაზე და სხვა მონასტრებში. ისინი ბერები ხდებიან, მიუხედავად იმისა, რომ მონასტრული ცხოვრება შაქარი არ არის. ისინი ისეთი სიხარულით არიან აღსავსენი, რომ სინათლეს ასხივებენ, ხოლო ერში ახალგაზრდებს აქვთ ყველაფერი, რასაც ისურვებენ, მაგრამ ისინი ეწამებიან და ჯოჯოხეთურ ტანჯვას განიცდიან, ყოველი მხრიდან ჩვენში სხვადასხვანაირი ქარები ქრიან, აღმოსავლეთიდან ინდუიზმი და სხვა ოკულტური რელიგიები, ჩრდილოეთიდან კომუნიზმში, დასავლეთიდან სხვადასხვაგვარი სწავლებების მთელი გროვა. სამხრეთიდან აფრიკელებისაგან - ჯადოქრობა, მაგია და სხვადასხვა ჭირიანობის სიმრავლე, ერთხელ ჩემთან სენაკში ამ ქარიშხალში მოხვედრილი ერთი ახალგაზრდა მოვიდა, მე მივხვდი, რომ იგი ჩემთან დედამისის ლოცვებმა მოიყვანა. დიდხანს ვისაუბრეთ და მერე ვუთხარი „აი, რა, ყმაწვილო, მოძებნე მოძღვარი და აღსარება უთხარი, შემდეგ ის წმიდა ზეთს გცხებს და ამჯერად, ვიდრე სულიერ ცხოვრებაში პირველ ნაბიჯებს გადადგამდე, ეს დაგეხმარება. ცხება იმისთვის არის საჭირო, რომ შენ უარყავ ქრისტე“. ამას რომ ვეუბნებოდი, საბრალო ბიჭი ტიროდა. „ილოცე, მამაო, რადგანაც მე ამ ჭაობიდან გამოსვლა არ შემიძლია. მე ტვინი გამომირეცხეს. ვხვდები, რომ აქ დედაჩემის ლოცვებმა მომიყვანა“. რა დიდია დედის ლოცვის ძალა! საბრალო ბავშვები! მათ ამ სწავლებებით უბნევენ გზას და ყოვლად უმაქნის ადამიანებად აქცევენ. შემდეგ მათ შიში, სულიერი შფოთი იპყრობთ და შვებას ნარკოტიკებსა და მის მსგავს სისაძაგლეებში ეძებენ. ერთი უფსკრულიდან - მეორეში. დაე, აღმართოს მარჯვენა თვისი ღმერთმა და შეაჩეროს ეს ბოროტება.

- წმიდაო მამაო, რაიმე სიკეთეს მოიტანს ამ საბრალოებისთვის იმის ახსნა, რომ ეს სწავლებები სატანურია?

- აბა, რა! რა თქმა უნდა, მოიტანს. ოღონდ ამის შესახებ ლმობიერად უნდა ვესაუბროთ.

- ასეთი ახალგაზრდობა როგორ შეძლებს ქრისტეს შეცნობას?

- ქრისტეს შეცნობას როგორ შეძლებენ, როდესაც მართლმადილდებლობა ვერ შეუცვნიათ და ინდოეთში მიდიან გურუებთან. მათ შორის ცხოვრობენ. 2-3 წლის განმავლობაში ისინი სხვადასხვაგვარი ჯადოქრული მოქმედებების შედეგად მთლად გამოთაყვანდებიან ხოლმე, შემდეგ, იქ ცხოვრებისას შეიტყობენ, რომ მართლმადიდებლობაში არსებობს საიდუმლო მისტიკური ცხოვრება და აქ ჩამოდიან, სურთ, იხილონ შეუქმნელი ნათელი, გამოსცადონ უმაღლესი სულიერი მდგომარეობა და ამის მსგავსი. თუ შეეკითხები: „რამდენი წელია არ ზიარებულხარ?“ გიპასუხებენ: „არ მახსოვს ზუსტად, შეიძლება დედაჩემმა მაზიარა, პატარა რომ ვიყავი“. „აღსარება თუ გითქვამს ოდესმე“. „- ეს საკითხი არ მაინტერესებს“. კარგს რას უნდა ელოდე ამის შემდეგ?! მართლმადიდებლობაზე მათ არაფერი იციან.

- წმიდაო მამაო, როგორ დავეხმაროთ მათ?

- როგორ უნდა დავეხმაროთ მას შემდეგ, როცა იმასაც კი ამბობენ, რომ „ეკლესიამ თავისი დრო მოჭამა“? როგორც კი ადამიანისაგან ამის მსგავს რაიმეს გაიგებ, მაშინვე უნდა მიხვდე, რა ურთიერთგაგებასაც მიაღწევ მასთან თუმცა, ის ახალგაზრდები, ვინც კეთილად არიან განწყობილნი, დახმარებას იღებენ და უახლოვდებიან ეკლესიას.

„არ გაბედოთ და არ შეეხოთ ბავშვებს!“

- წმიდაო მამაო, რა გამოვა იმ პატარა ბავშვებისაგან, უდისციპლინოდ რომ იზრდებიან?

- ზოგიერთი დანაშაულის შემამსუბუქებელი მდგომარეობა მათ აქვთ. მათ მშობლებს ბავშვობიდანვე არ ესმოდათ, რა საჭიროა დისციპლინა და ამიტომ ახლა შვილებს თავისუფლებას ანიჭებენ და ამგვარად, პატარა ხულიგნებად აყალიბებენ მათ. სიტყვა რომ უთხრა, ხუთს გიპასუხებენ და თანაც - რა უსირცხვილოდ! ასეთი ბავშვები შეიძლება დამნაშავეებად ჩამოყალიბდნენ. დღეს ბავშვები სრულიად მიშვებულები არიან.

„თავისუფლება!“ „არ გაბედოთ ბავშვებთან შეხება!“ ხოლო ბავშვები ძალიან ხარობენ ამით: „სად ნახავ სხვაგან ასეთ სახელმწიფო წყობილებას?“ - ამბობენ, ანუ ზოგიერთი ცდილობს, ბავშვები ჩამოაყალიბოს მეამბოხეებად, რომლებსაც არც ის სურთ, რომ მშობლებზე იყვნენ დამოკიდებულნი, არც - მასწავლებლებზე და არც ის, რომ ვინმეს უსმინონ. ეს ხელს აძლევს ზოგიერთს, მეამბოხე ბავშვები დაეხმარებიან მათ ჩანაფიქრის განხორციელებაში. თუ ბავშვებს მეამბოხეებად არ გაზრდი, მერე როგორღა შესძლებ, რომ მათ ყველაფერი ნაკუწ-ნაკუწ დაამსხვრევინო? ახლა კი ვხედავთ, თუ საცოდავი ბავშვები როგორ გახდნენ ლამის ეშმაკეულები.

თუ თავისუფლება სულიერ ცხოვრებაშიც კი არ გამოიყენება შესაფერისად, როგორღა მოიხმარენ მას სწორად ერულ ცხოვრებაში?! რა უნდა უყო მას - ასეთ თავისუფლებას? ამგვარი თავისუფლება კატასტროფაა. ამიტომაა, რომ სახელმწიფოშიც ხდება ყველაფერი ის, რასაც ახლა ვხედავთ. შეძლებენ თანამედროვე ადამიანები, რომ სწორად გამოიყენონ მათთვის მინიჭებული თავისუფლება? თუ ადამიანები შესაფერისი ფორმით არ გამოიყენებენ მას, თავისუფლება კატასტროფად მოგვევლინება. ერულმა ევოლუციამ ამ ცოდვილ თავისუფლებასთან კავშირში ადამიანს სულიერი მონობა მოუტანა. სულიერი თავისუფლება არის სულიერი მორჩილება ღვთის ნებისადმი. ხედავ, რომ მორჩილება თავისუფლებაა, თუმცა მტერი თავისი ბოროტებით ცდილობს, ის მონობად წარმოადგინოს. და ბავშვები - ჩვენი ეპოქის მეამბოხე სულით განსაკუთრებულად მოწამლულნი - შფოთს იწყებენ. აშკარა საქმეა. ისინი ხომ ამავე დროს დაიღალნენ კიდეც XX საუკუნის სხვადასხვა სისტემებისაგან, რომლებიც, საუბედუროდ, უფრო და უფრო ამახინჯებენ როგორც ბუნებას - საჩუქარს ღვთისას, ასევე ადამიანებს - ღვთის ქმნილებას. ეს სისტემები ადამიანთა სულებში მშფოთვარებას ნერგავენ, სიხარულს სტაცებენ მათ და ღმერთს განაშორებენ.

იცით, რისი გადატანა მოგვიხდა, როდესაც არმიიდან გაგვათავისუფლეს და თადარიგში გადაგვიყვანეს? ჩვენს ნაცვლად რომ ამჟამინდელი ახალგაზრდობა ყოფილიყო, ყველაფერს მტვრად და ნაცრად აქცევდა! ეს 1950 წელს მოხდა. ის იყო სამოქალაქო ომი დასრულდა, ჩვენ - სხვადასხვა გაწვევების ჯარისკაცები ყველა ერთად თადარიგში გადაგვიყვანეს. ერთი ოთხნახევარი წელი იბრძოდა, მეორე - ოთხი, მესამე - სამნახევარი. და წარმოიდგინეთ: ომში ამდენწლიანი ტანჯვის შემდეგ ჩამოვედით ლარისში [6] და გამოვცხადდით დემობილიზებულთა განმკარგულებელ პუნქტებში, ვხედავთ, რომ ისინი სხვა ფრონტელებითაა სავსე. სასტუმროებში გვითხრეს: „ჯარისკაცები! განა შეიძლება მათი სადმე შეშვება? მთელ ადიელებს დასვრიან“. ჩვენ ხომ ღამის გასათევის გადახდას ვაპირებდით! გარეთ მარტის თვეა, ყინავს! ჩვენდა საბედნიეროდ ერთმა ოფიცერმა გვიხსნა, ღმერთმა კარგად ამყოფოს! ის წავიდა რკინიგზის სადგურში, გაიგო, როდის მოდიან და მიდიან მატარებლები, როდის მანევრირებენ, მოელაპარკა რკინიგზის ხელმძღვანელობას და ღამის გასათევად ცარიელ ვაგონებში შეგვიშვეს. ოფიცერმა გაგვაფრთხილა: „ღამით მატარებლები მანევრირებენ, აქეთ-იქით მიდი-მოდიან, მაგრამ არ შეშინდეთ, ხვალ დილამდე, ამა და ამ დრომდე ისინი სადგურში დარჩებიან“. ასე რომ, მთელი ღამე მიმოსვლაში გავატარეთ. ბოლოს და ბოლოს, მივაღწიეთ სალონიკს, ვინც ახლოს ცხოვრობდა, სახლებში წავიდნენ. ჩვენ კი - დანარჩენები, კვლავ გამანაწილებელ პუნქტში მივედით, მაგრამ იქ ნემსის ჩასაგდები ადგილიც არ იყო. მახსოვს, სასტუმროში ვთხოვე: „სკამი მომეცით, რომ მთელი ღამე ვიჯდე და საწოლის ღირებულებაზე ორჯერ მეტს გადავიხდი“. „- არა, არ შეიძლება“. - მიპასუხეს. მათ ეშინოდათ, ვინმეს არ დაებეზღ

კატეგორია: ქადაგებები | ნანახია: 508 | დაამატა: ketevani | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მენიუ
განმარტებანი
ძიება
გამოკითხვა
რამდენი ისწავლე ჩვენი საიტიდან?
სულ პასუხი: 72
Video
სტატისტიკა
MAIMUNI.COM

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

» საიტზე დარეგისტრირებული
სულ: 62
თვის განმავლობაში: 0
კვირის განმავლობაში: 0
გუშინდელი: 0
დღევანდელი: 0
» მათ შორის
საიტის ადმინი: 2
სერვერის ადმინი:
მოდერები: 0
მომხმარებელი: 6
მნახველი: 54
» მათ შორის
კაცი: 12
ქალი: 12
კონტაქტი
===================== o.datuadze@gmail.com =====================
=====================
ლინკები
Copyright ოთო (იონა) დათუაძე © 2016