E ხიბლი - 24 ნოემბერში 2009 - წმინდა იონა
ყოველი დღე, ყოველი გათენებული დილა, ეს არის უდიდესი წყალობა ღვთისა, ამიტომ დილიდან მადლობას უნდა ვწირავდეთ უფალს. ილია II

WWW.IONAA.TK & WWW.OTO.UCOZ.RU   http://sibrdzne.com/

შემოსული ხართ Guest| ჯგუფი "Guests" |მთავარი | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | გამოსვლა | შესვლა |სიახლის დამატება
|
საიტის მენიუ
კატეგორიები
გალობები
"ჩვენი ტაძარი"
ქადაგებები
წმინდანთა ცხოვრება
მოახლოებული დღესასწაულები
სხვა..
ვიდეო მასალები
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
ხალხური სიმღერები
აუცილებელი ლიტერატურა
გალობები
Qriste agsdga !



გალობები მომაწოდა LONGUS-მა

შესვლის ფორმა.
ლოგინი:
პაროლი:
ჩანაწერების არქივი
მთავარი » 2009 » ნოემბერი » 24 » ხიბლი
23:25
ხიბლი
ხიბლზე

კაცი, რომელიც იქადის თავის სათნოებითა, ამით ამტკიცებს, რომ მას არა აქვს ჭეშმარიტი სათნოება. შინაგანი გულის კმაყოფილება არის ნიშანი მისი უგუნურებისა.
წმინდა გაბრიელ ქიქოძე

ამპარტავნება ისეთი დახელოვნებული მხატვარია, რომ ყოველ მხრივ შენს უშვერებას სადღაც წარიპარავს, ხსოვნადაც არა გაუფლებს და ამ დროს შენს სურათს ისეთი მშვენიერებით დახატავს, რომ შენ თავ-მოწონებას ფრთებს შეასხამს.
ამად ეს ვითარცა ყოველ მხრივ დაბრკოლებისა და წარუმატებლობისა გამო მე ესრედ დავდევ გულსა შინა ჩემსა: ჩემის გამოსლვის პირველ დღითგან ვიდრე აღსასრულამდე მხედველობა ჩემი ამ ფარგალში დავაყუდო, რომ მე მარადის ცთომილ ვიყავ და სიკვდილამდეც ცთომილი ვიქნები და მხოლიდ ღვთის სახიერების უფსკრულს მივეყრდენ.
წმინდა ალექსი შუშანია

ვინმეზე დიდი რომ გეგონოს თავი, საძაგელი ხარ უფლის წინაშე.
ხშირად შენი თვალით ნანახსაც და შენი ყურით გაგონილსაც ნუ დაუჯერებ - შეიძლება, ერთიც გატყუებდეს და მეორეც.
არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე)

თუ ნახე შენ კაცი, რომელიც არავისთან არ თათბირობს ან არ ასრულებს რჩევებს, მაშინ ელოდე, რომ ის მცირე ხანში ხიბლში ჩავარდება.
ღირსი იოსებ ათონელი, +1959

ჯოჯოხეთი გადატენილია ამპარტავანი ქალწულებით, ღმერთს მდაბალი ადამიანი სჭირდება.
ღირსი ტიხონ ათონელი, +1968
ვინც თავის ხილვებზე დამშვიდებულად საუბრობს და ასკვნის, რომ ისინი ღვთისგანაა, უეჭველად სცდება.
ღირსი ათანასე გრიგორიატელი, +1951

სულიერი აღტაცება - ეს სრულყოფილთა ხვედრია. ჩვენ გვეძლევა ეს ღვთისაგან მხოლოდ მაშინ, როცა გვჭირდება. სხვანაირად ის ჩვენთვის იქნება როგორც დანა ან ცეცხლი ყრმის ხელში.
ღირსი ბარიელ ზირინიანოვი

ყოველივე ღვთისგან მონიჭებული ბოროტებად გვექცევა, თუ მისგან არა ღვთის, არამედ საკუთარ დიდებას ვეძებთ.
მამა ანდრონიკე ლუკაში

ადამიანები, იმის მაგივრად, რომ ღმერთს შეუერთდნენ, გაამაყდებიან, მოიხიბლებიან, სხვებს განიკითხავენ, თავის თავს წმინდანებს უტოლებენ. ზოგს სულაც წმინდანი ჰგონია თავი. ღმერთი მათზე სასჯელად და გონზე მოსაყვანად უშვებს, რომ მათ რაიმე სასისრცხვო ცოდვა ჩაიდინონ, რომლის სიმძიმის გამო ხშირად გონზე მოდიან, შეინანებენ და გამოსწორდებიან. მაგრამ ხშირად ესეც არ შველით და სამუდამოდ იღუპებიან.
სქემარქიმანდრიტი ზოსიმე (ზაქარია) მინაევი

გეშინოდეთ განსაცდელისა, რომელიც წმინდათ ცხოვრების ზომაზე გადასული სურვილით არის გამოწვეული. თქვენ შეიძლება მოგინდეთ, რომ ყველას აჯობოთ ასკეტიზმში, ძალზე მკაცრად იმარხულოთ, იცხოვროთ მჭვრეტელი ცხოვრებით, აბსოლუტური განმარტოებით. გეშინოდეთ ამ განსაცდელებისა, რომლებიც ეფარებიან მართალ ფიქრებს. არ მოხვდეთ მის ხაფანგში, ის თქვენ დაგღუპავთ.
მამა საბა ათონელი

ცოდვილს ადვილად შეუძლიან შეინანოს, მაგრამ სინანული უძნელდება მას, ვინც ეშმაკმა აცდუნა. ასე, სანამ მაცდუნებელი ეშმაკი მხილებული, გამოაშკარავებული არ იქნება. როცა მისი მზაკვრობა გამჟღავნდება, ბოროტს დამალვა აღარ შეუძლიან.
ღირსი დანიელ კატუნაკელი

გახსოვდეთ ორი გულისთქმა და გეშინოდეთ მათი: პირველი, როცა გეუბნება, რომ წმინდანი ხარ და მეორე, რომელიც გეუბნება, რომ შენ წარწყმდები. ორივე ეს ფიქრი ბოროტისგანაა, მათში არ არის ჭეშმარიტება. შენ კი ასე იფიქრე: მე უდიდესი ცოდვილი ვარ, მაგრამ ღმერთი გულმოწყალეა, ძალზე უყვარს ადამიანები და მაპატიებს ჩემს ცოდვებს.

ხიბლში ადამიანები ვარდებიან გამოუცდელობით ან სიამაყის გამო. თუ ეს გამოუცდელობისგანაა, ღმერთი ადვილად განკურნავს, თუ სიამაყის გამოა, დიდხანს დაიტანჯება სული, სანამ სიმდაბლეს არ ისწავლის. როცა სიმდაბლეს ისწავლის, აი, მაშინ განკურნავს ღმერთი.
მამები ამბობენ. რომ ბოროტისგან მოვლენილი ხილვისას სული შფოთავს, მაგრამ მხოლოდ თავმდაბალი სული, ვინც თავს ხილვის ღირსად არ თვლის, ეშმაკის მოქმედებას გრძნობს და შეშინდება, შეკრთება. ხოლო მოხიბლულმა შეიძლება არ განიცადოს არც შიში და არც შეშფოთდეს. ვინაიდან მას სურს ხილვები, თავს ამის ღირსად თვლის და ამიტომაც ეშმაკი ადვილად ატყუებს მას.
როცა ჩვენ ჩვენს ცოდვებზე ვტირით და სულს ვამდაბლებთ. ხილვებიც არ გვაქვს და არც გვსურს ისინი, ხოლო როცა დავუტევებთ გლოვას ცოდვებზე და სიმდაბლეს, მაშინ შეიძლება წარგვიტაცონ მათ.
წმინდა სილუან ათონელი

ეშმაკი ცდილობს, რომ ადამიანი სიკვდილის წინ ცრუხილვებით ხიბლში ჩააგდოს და წარწყმიდოს. ამიტომ ასეთი ხილვებისას შეიგრძენი შენი არარაობა და ბოროტს თამამად უთხარ: „დაბრუნდი წყეულო, ბნელსა მას გარესკნელისასა, რამეთუ მე არ მჭირდება არც ხილვები და არაფერი, გარდა ჩემი უფლის კეთილგანწყობისა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შუამდგომლობისა". თუნდაც ფიქრობდე, რომ ეს ხილვები ღვთისგანაა მაშინაც შეეცადე განიშორო, როგორც შეგიძლიან. არ გეგონოს, რომ შენი უღირსებით ამ ხილვების უარყოფით ღმერთს განარისხებ. ხილვა თუ მართლაც ღვთისგანაა, მან თვითონ იცის. როგორ დაგარწმუნოს და არ მიითვალავს ამას შეურაცხყოფად, რადგან იცის, რომ შენ იფრთხილე. ვინც მდაბალს აძლევს მადლს, არ წაართმევს მას იმ საქმის გამო, რაც სიმდაბლის გრძნობით აღსრულებულა.
მამა ექვთიმე ოპტელი (ტრუნოვი)

მამა ქერუბიმი შეეკითხა კავსოკალივის სკიტის ბერს მამა ანტონს, ყოფილა თუ არა მის ცხოვრებაში რაიმე ზებუნებრივი. ღირსმა მამამ უპასუხა: „შვილო, იცოდე, ამგვარი ზებუნებრივი მოვლენები ხდება ძალზე იშვიათად, მაგრამ თუ როდესღაც მაინც მოხდება, მისი სინამდვილის ნიშანი იქნება ის, რომ ვისაც ეს განემჟღავნა, იგი მას, როგორც ძვირფას რამეს, როგორც ღვთის საჩუქარს, ისე იმარხავს, სრულიად საიდუმლოდ. არასოდეს მასზე არ განაცხადებს, გაურბის ყოველგვარ მინიშნებას თუ მცირე ჟესტს, რომელიც გამოაჩენს და გაამჟღავნებს ღვთის ამ საჩუქარს. მთაწმინდაზე თუ შეხვდები ისეთ ადამიანს, რომელიც ამგვარ ღვთის საჩუქარზე აცხადებს, ეჭვი შეიტანე მის სინამდვილეში. მას შემდეგ, რაც მე მთაწმინდაზე მოვედი, შევხვდი ბევრ ღირს მამას, ასკეტებს და უაღრესად თავმდაბლებს. ღმერთი გვიჩურჩულებდა გულში საიდუმლოდ, რომ აშკარა წმინდანობის გამო ისინი ფლობდნენ ბევრ ზეციურ ხილვას, გამოცხადებას. ამ დროს კი მათ ამაზე სიტყვაც არ დასცდენიათ. სამაგიეროდ, ხშირად იმეორებდნენ, რომ იყვნენ ცოდვილები და ღვთისგან შეწყალებას ელოდნენ. ასევე წმინდა მამათა ცხოვრებაში ვხვდებით, რომ ისინი გაურბოდნენ ამგვარი ნიჭის გამჟღავნებას. თვით წმინდა პავლე მოციქული, თუმცა თავი იყო მოციქულთა, მაგრამ არ მიიწერდა აღტაცებას მესამე ცამდე, არამედ ბრძნულად და განსჯით ამბობდა: „ვიცი კაცი". შენ ალბათ წაგიკითხავს ანდრია სალოსის ცხოვრება. მისი დიდი სიწმინდისა და სიმდაბლის გამო ზეციური საგნები არ განირჩეოდა მისთვის ყოველდღიური ცხოვრების საგანთაგან. არამედ ხშირად გადაიწვნებოდა ერთმანეთში. ის, იმყოფებოდა რა მიწაზე და ჩადიოდა თავის სისულელეებს, შეეძლო, იმავდროულად ეხილა ზეციური სამყარო. ამას იგი მუდამ საიდუმლოდ ინახავდა, ერთადერთი, ვისაც უმხელდა, ეს მისი მოძღვარი იყო. ესეც იმიტომ, რომ მის კონტროლქვეშ ყოფილიყო, რათა ეშმას ხიბლში არ ჩავარდნილიყო. მხოლოდ მცირეოდენი თავის ხილვათაგან გაუმჟღავნა ეპიფანეს, თავის ერთგულ მოწაფეს.
ამიტომ, შვილო, კიდევ გეუბნები: არასოდეს დაინტერესდე ამისთანა საგნებით. ეძიე მხოლოდ ღვთის მოწყალება და გადარჩები".

ხიბლი ადამიანური ბუნების სიცრუით დაზიანებაა. ყოველი ადამიანი ხიბლის მდგომარეობაშია, რაც ჩვენი პირველმშობლების დაცემით არის გამოწვეული. ჩვენ ყველანი ხიბლში ვართ. ამის ცოდნა უდიდესი დაცვაა ხიბლისაგან. უდიდესი ხიბლია - თავი ხიბლში მყოფად არ მიგაჩნდეს. ჩვენ ყველანი მოტყუებულნი ვართ, ყველანი ცთუნებულნი ვართ, ყველანი სიცრუეში ვიმყოფებით, ყველას გვესაჭიროება ჭეშმარიტების მიერ გათავისუფლება. ჭეშმარიტება - უფალი ჩვენი იესო ქრისტეა. ამ ჭეშმარიტებას მისადმი რწმენით შევეთვისოთ, ლოცვით შევღაღადოთ ამ ჭეშმარიტებას და იგი გამოგვიყვანს დემონური საცთურების უფსკრულიდან.
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი

როგორც გონებით არასწორ მოქმედებას შევყავართ ცთუნებასა და ხიბლში, ზუსტად იგივე ხდება გულით არასწორი მოქმედების დროსაც. უგუნური ამპარტავნებით არის აღვსილი სულიერი ხილვების ნახვის სურვილი და ამისკენ სწრაფვა გონებით, რომელიც არ არის განწმედილი ვნებებისაგან, არ არის განახლებული და სული წმიდის მიერ აღდგენილი. ასეთივე ამპარტავნებითა და განუსჯელობითაა აღვსილი გულის სურვილი და სწრაფვა - დატკბეს წმინდა, სულიერი, ღმრთაებრივი გრძნობებით, როცა იგი ჯერ სრულიადაც არ არის მზად ასეთი ტკბობისათვის. როგორც განუწმედელი გონება, რომელსაც ღმრთაებრივი ხილვების ნახვა სურს, მაგრამ ამის საშუალება არა აქვს, ხილვებს თვითონ იგონებს და მათით იტყუებს თავს, ასევე გულიც - როცა ღმრთაებრივი სიტკბოებისა და სხვა ღმრთაებრივი გრძნობების განცდას ცდილობს და ვერ პოულობს მათ საკუთარ თავში, მაშინ თვითონ იგონებს მათ, მათით იცთუნებს და იღუპავს თავს, რამეთუ შედის სიცრუის არეში, ეშმაკებთან ერთობაში, ემორჩილება მათ ზემოქმედებას და მათ ძალაუფლებას ემონება.
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი

ლოცვაში წარმატების მიღწევისა და ხიბლისაგან თავის დაღწევისათვის აუცილებელია თავგანწირვა, რომელიც ლოცვისას მხოლოდ ყურადღების მოკრებას გვასწავლის. მაშინ ლოცვითი ღვაწლი გაიოლდება და შემსუბუქდება, შემსუბუქდებიან განსაცდელნიც, რომელნიც ყოველთვის თან სდევენ მოღვაწეობას. თუკი ვინმე ნაადრევად ცდილობს საკუთარ თავში მადლის მოქმედების გამომჟღავნებას, ასეთებზე, - როგორც ღირსი ნილოს სორელი ამბობს სხვა წმინდა მამებთან თანხმობით, - დაშვებული იქნება მძიმე, მის ძალებს აღმატებული ეშმაკისეული განსაცდელები. ასეთ მისწრაფებას საფუძვლად გაუცნობიერებელი ქედმაღლობა და ზესთამჩენობა უდევს, რომლებიც მას გულმოდგინებად ეჩვენება.
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი

გულში სული წმიდის მოქმედების გამოცხადებამდე სისხლის ნაზი მოქმედება ან სრულიად აუხსნელი რჩება, ან ნაკლებად გასაგები, და შესაძლოა, მადლის მოქმედებადაც კი იქნეს მიჩნეული, თუკი შესაფერისი სიფრთხილე არ იქნა გამოჩენილი. ეს სიფრთხილე იმაში გამოიხატება, რომ სული წმიდის მიერ განწმედისა და განახლების დრომდე არცერთი გულისმიერი გრძნობა მართებულად არ იქნეს მიჩნეული, გარდა სინანულის გრძნობისა, ცოდვების გამო მწუხარებისა, რომელიც შეწყალების იმედითაა გაჯერებული. დაცემული ბუნებისაგან გულის მხოლოდ ერთადერთი მსხვერპლი შეიწირება ღმერთის მიერ, მხოლოდ ერთი გრძნობა, ერთი მდგომარეობა: „მსხვერპლი ღმრთისაი არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს" (ფსალმ. 50,19).
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენში მზვაობრობის მოქმედებას, რომლის მოქმედება სისხლზე ძალიან ძნელად შესამჩნევი და გასაგებია. მზვაობრობა თითქმის ყოველთვის შენიღბულ სიძვის ვნებასთან ერთად მოქმედებს და ადამიანს ყველაზე დახვეწილ ცოდვისმიერ სიამოვნებას ანიჭებს. ამ სიამოვნების შხამი ისეთი ნაზია, რომ მზვაობრობითა და სიძვის ვნებით მონიჭებულ ტკბობას მრავალნი სინდისის ნუგეშისცემად, ღმრთაებრივი მადლის მოქმედებადაც კი მიიჩნევენ. ამ ტკბობით ცთუნებული მოღვაწე თანდათანობით ხიბლის მდგომარეობაში ვარდება: მიიჩნევს რა ამ ყოფას მადლისმიერ მდგომარეობად, იგი თანდათანობით მთლიანად დაცემული ანგელოზის ძალაუფლების ქვეშ ექცევა.
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი

თავმდაბალი მოღვაწე კმაყოფილია იმით, რომ ღირსი გახდა ღმერთის ხსენებისა. ამას იგი შემოქმედის დიდ მოწყალებად მიიჩნევს გლახაკი და უმწეო ქმნილებისთვის - ადამიანისთვის. ის თავს მადლის მიღების ღირსად არ თვლის, არ ეძიებს საკუთარ თავში მისი მოქმედების აღმოჩენას, რადგან იცის წმინდა მამათაგან, რომ ასეთი ძიების საწყისი მზვაობრობაშია, რომლისგანაც წარმოიშვება ხიბლი და დაცემა.
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი

გონებითი ლოცვისას ხიბლში რომ არ ჩავარდე, - არ დაუშვა შენში არავითარი წარმოდგენა, არანაირი სახე ან ჩვენება.
წმ. ნილოს სორელი

თუკი ვინმე ზესთამჩენობაზე დამყარებული თავდაჯერებით მაღალი ლოცვითი მდგომარეობების მიღწევას ცდილობს, და მოუპოვებია არა ჭეშმარიტი, არამედ სატანური მოშურნეობა, ასეთს ეშმაკი იოლად გაახვევს საკუთარ ქსელში, როგორც თავის მსახურს.
წმ. გრიგოლ სინელი

მამათა წიგნები, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც ასწავლიან ჭეშმარიტ მორჩილებას, გონების სიფხიზლესა და დაყუდებას, ყურადღებასა და გონებით ლოცვას, ანუ იმგვარს, რომელიც გონებით გულში აღესრულება, მხოლოდ და მხოლოდ სამონაზვნო წესისთვისაა შესაფერისი და არა საზოგადოდ ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის. ღმერთშემოსილი მამები, გადმოსცემენ რა ამ ლოცვის შესახებ სწავლებას, ამტკიცებენ, რომ მისი საწყისი და შეურყეველი საფუძველი მორჩილებაა, რომლისგანაც ჭეშმარიტი სიმდაბლე იშვება, ხოლო სიმდაბლე იცავს ლოცვაში მოღვაწეს ყოველგვარი ხიბლისაგან, რომელიც თვითნებობას მოსდევს. ჭეშმარიტი მონაზვნური მორჩილება და საკუთარი ნებისა და განსჯის სრული მოკვეთა შეუძლებელია ერისკაცთათვის... ისეთი საშიშია ეს საქმე, - ლოცვა არა უბრალოდ გონებისმიერი, არამედ გონებით გულში ხელოვნებით მოქმედი, - რომ ჭეშმარიტი მორჩილებიც კი (რომელთაც არა მხოლოდ მოიკვეთეს, არამედ სრულიად მოაკვდინეს საკუთარი ნება და განსჯა თავიანთი მამების, ამ ლოცვის აღსრულების ჭეშმარიტი და უგამოცდილესი მასწავლებლების წინაშე), მუდამ შიშსა და ძრწოლაში არიან, რომ ამ ლოცვისას რაიმე ხიბლში არ ჩავარდნენ, თუმცა ღმერთი გამუდმებით მფარველობს მათ, ჭეშმარიტი სიმდაბლის გამო, რომელიც მათ ღმრთის მადლით მოიპოვეს, ჭეშმარიტი მორჩილების საშუალებით. მით უმეტეს ერისკაცებს, მორჩილების გარეშე მცხოვრებთ, თუკი ისინი მხოლოდ ამგვარი წიგნების კითხვით დაიწყებენ ასეთ ლოცვას, ელოდებათ რამენაირ ხიბლში ჩავარდნის საშიშროება, რაც ამ ლოცვის ღვაწლის თვითნებობით დამწყებთ ემუქრება. ამ ლოცვას წმინდანებმა ხელოვნებათა ხელოვნება უწოდეს; ვინ შეძლებს მის შესწავლას ხელოვანის, ანუ გამოცდილი მასწავლებლის გარეშე?
წმ. პაისი ველიჩკოვსკი

ლოცვის ის სახე, რომელიც აღწერილია „ფილოკალიაში" („დობროტოლუბიე"), უნდა აღესრულებოდეს ამ საქმის მცოდნე მოძღვართან ერთად, მის თვალწინ. თუკი ვინმე მარტო შეუდგება ამ საქმეს, მხოლოდ აღწერილობის მიხედვით, ის ხიბლს ვერ ასცდება. აქ აღწერილია საქმის მხოლოდ გარეგნული მხარე, ხოლო ის, რაც ამას ემატება მოძღვრის მიერ შინაგანი აგებულების შესავსებად, არ ჩანს. ხელმძღვანელის გარეშე ამგვარი მოღვაწეობის აღმასრულებელი ბუნებრივია, მხოლოდ გარეგნული მოღვაწეობის ამარა რჩება, მკაცრად ასრულებს იმას, რაც ეხება სხეულის მდგომარეობას, სუნთქვას და გულში ხედვას. ვინაიდან ასეთ ხერხებს ბუნებრივად შეუძლიათ მიიყვანონ კაცი გარკვეული დონით ყურადღების შემოკრებამდე და სითბომდე, რადგან არ ჰყავს სანდო განმსჯელი, რომელიც ეტყოდა თუ რა ღირსებების მქონეა მასში მიმდინარე ცვლილებები, იმ აზრამდე მიდის, რომ ეს სწორედ ისაა, რასაც ეძებს, ანუ მადლის მიერ იქნა გაცისკროვნებული, როცა ეს ასე არაა, და ფიქრობს, რომ მადლითაა მოსილი, როდესაც მადლის გარეშეა. სწორედ ესაა ხიბლი, რომელიც შემდგომ მის მომავალ ცხოვრებას გაამრუდებს.
წმ. თეოფანე დაყუდებული

„იესოს ლოცვისაგან" მაშინ შეიძლება შეიშალოს კაცი, თუკი ამ ლოცვის აღსრულების პერიოდში არ მიატოვებს ცოდვებსა და ცოდვილ ჩვეულებებს, რომელთაც ჰგმობს სინდისი.
წმ. თეოფანე დაყუდებული

ნუ მოიხიბლები შინაგანი სიტკბოებებით; ჯვრის გარეშე ისინი არამყარი და სახიფათოა. ყოველი ადამიანი შენზე უმჯობესად მიიჩნიე. ამ გულისსიტყვის გარეშე სასწაულიც რომ აღასრულოს ვინმემ, მაინც შორს იქნება ღმრთისაგან.
მონაზონ მაგდალინას ცხოვრება

ერთი ვინმე, სახელად მალპასი, წარმოშობით ედესიდან, ერთ დროს ევკტიტების მწვალებლობის გამომგონებელი გახდა. ის ამაღლებულ ცხოვრებას ეწეოდა, მძიმე შრაომასა და მწუხარებებს იტანდა. ამბობენ, რომ იგი ნეტარი იულიანეს (საბად წოდებულის) მოწაფე იყო, მცირე ხნით მასთან ერთად სინასა და ეგვიპტეში იმოგზაურა. მალპასმა იმ დროის დიდი მამები იხილა, ნახა ნეტარი ანტონი (დიდი), საიდუმლო სიტყვები ესმა მისგან სულის სიწმინდესა და ცხონებაზე, ზედმიწევნითი მსჯელობა მოისმინა ვნებების შესახებ. ამ საუბარში ანტონი დიდი ხსნიდა, რომ გონება, განწმედის შემდეგ, სულიერ საიდუმლოებებს ჭვრეტს და სულს ძალუძს მადლის მიერ უვნებელობას მიაღწიოს, მას შემდეგ, რაც მცნებების აღსრულებით ძველი ვნებებისაგან გათავისუფლდება და თავისი პირვანდელი ბუნების სიჯანსაღეს მოიპოვებს. და როცა მალპასმა თავისი სიჭაბუკის გაფურჩქვნის ჟამს ეს სიტყვები მოისმინა, ცეცხლივით აღეგზნა და თავის ქალაქში დაბრუნდა. და რადგან მასში დიდებისმოყვარეობის ვნება აენთო, აირჩია განდეგილის ნაგებობა და შრომას, უწყალო გაჭირვებებსა და განუწყვეტელ ლოცვას მისცა თავი.

როდესაც მასში დიდებისმოყვარეობის ვნება უზომოდ აგიზგიზდა, ანუ იმ მაღალი ნიჭების მიღების იმედი მიეცა, რომელთა შესახებაც სმენოდა, ვერ გულისხმაყო ეშმაკის ხრიკები, ტყუილები და გაქნილობა, რომლითაც ის ძლიერებს იტაცებს დასაღუპად. მალპასს არ ჰქონდა შესწავლილი ჭეშმარიტების მტრების წინააღდგომის ხელოვნება, იმედი შრომაზე, გაჭირვებაზე, უპოვარებაზე, მოღვაწეობასა და მოთმინებაზე დაამყარა, როცა მოპოვებული არ ჰქონდა ბოროტთან საბრძოლველი უძველესი იარაღები - თავის დამცირება, სიმდაბლე, გულის შემუსვრილება: მან წმიდა წერილიც დაივიწყა, რომელიც ამბობს: როდესაც საქმეს აღასრულებთ, მცნებებს დაიცავთ, გაჭირვებას გადაიტანთ, თქვენი თავი უმაქნის მონებად მიიჩნიეთო. ამის საპირისპიროდ, მას თავის ღვაწლზე დაფუძნებული თავდაჯერება განახურვებდა, იმ მაღალი ნიჭის მიღების სურვილით იწვოდა, რომლის შესახებაც გაგონილი ჰქონდა. და აი, დიდი ხნის შემდეგ, როცა ეშმაკმა შენიშნა, რომ მას სიმდაბლე არ გააჩნდა და მხოლოდ ხილვები სწყუროდა იმ საიდუმლოთა განსაცდელად, რომელთა შესახებაც სმენოდა, გამოეცხადა ბრწყინვალე ნათელში და უთხრა: მე ვარ ნუგეშინისმცემელი, მამისგან შენთან გამოგზავნილი, რათა იმ ხილვების ღირსი გაგხადო, რომლებსაც შენი საქმეების საზღაურად ესწრაფვი, უვნებელობა მოგანიჭო და სამომავლოდ საქმეთაგან განგისვენო. ამის სანაცვლოდ ვერაგმა მტერმა თაყვანისცემა მოითხოვა. გასულელებულმა მალპასმა ვერ იგრძნო ბოროტის ბრძოლა, დაუყოვნებლივ, სიხარულით მიიღო იგი, თაყვანისცა და იმწამსვე მისი ძალაუფლების ქვეშ მოექცა. ხოლო მტერმა ღმრთაებრივი ხილვის ნაცვლად საეშმაკო ოცნებებით აავსო იგი, ჭეშმარიტებისთვის შრომა მიატოვებინა, აღაზვავა და უვნებელობის ამაო იმედით აცთუნა, უთხრა: ახლა შენ აღარ გჭირდება არც საქმეები, არც სხეულის ტანჯვა, არც ვნებებთან და გულისთქმებთან ბრძოლა: შემდეგ ევკტიტების ერესიარქი გახადა იგი. როცა ეს მწვერვალები გამრავლდნენ და მათი საძაგელი და მცდარი სწავლება გამოაშკარავდა, მაშინდელმა ეპისკოპოსმა გააძევა ისინი.
წმ. ისააკ ასური

„მახსოვს ერთი ქალბატონი, ძალზე შეჭირვებული, რომელსაც კაცთაგან არავინ შეეწეოდა. უფალმა მისი დახმარება ისურვა და რაღაც ხილვა მოუვლინა. ამ ხილვის შემდეგ ეშმაკმა ქალს ასეთი რამ ჩააგონა: „ვინ იცის, ღმერთმა ღირსგყო ამგვარი ხილვის მხოლოდ იმიტომ, რომ უდიდესი მისია უნდა დაგაკისროს". ქალმა ირწმუნა ეშმაკისგან შთაგონგბული აზრები და ბოროტის მახეში გაება. მაგრამ ღმერთმა კვლავ შეიწყალა - ქალს მიეცა გამოცხადება, სადაც უხილავმა ხმამ ურჩია: „მისწერე წერილი მამა პაისის და მასში ყველა ხილვა აღწერე, რაც კი ოდესმე გქონიაო". ქალმაც ყოველივე აღწერა და წერილი გამომიგზავნა. ხილვები ნამდვილად ჰქონდა, მაგრამ ყველა ეშმაკისგან. მხოლოდ პირველი და უკანასკნელი იყო ღვთისმიერი. საბოლოოდ საცოდავმა ქალმა დამიჯერა და შეძლო, თავი დაეღწია ეშმაკის მიერ ხიბლით დაგებული ხაფანგისთვის".

კატეგორია: აუცილებელი ლიტერატურა | ნანახია: 1371 | დაამატა: იონა | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მენიუ
განმარტებანი
ძიება
გამოკითხვა
რამდენი ისწავლე ჩვენი საიტიდან?
სულ პასუხი: 72
Video
სტატისტიკა
MAIMUNI.COM

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

» საიტზე დარეგისტრირებული
სულ: 62
თვის განმავლობაში: 0
კვირის განმავლობაში: 0
გუშინდელი: 0
დღევანდელი: 0
» მათ შორის
საიტის ადმინი: 2
სერვერის ადმინი:
მოდერები: 0
მომხმარებელი: 6
მნახველი: 54
» მათ შორის
კაცი: 12
ქალი: 12
კონტაქტი
===================== o.datuadze@gmail.com =====================
=====================
ლინკები
Copyright ოთო (იონა) დათუაძე © 2016