E მართლმადიდებლური ფსიქოლოგია–ეს „რაღაც ძალა“ თურმე მხოლოდ და მხოლოდ სიზარმაცე ყოფილა - 25 თებერვალში 2010 - წმინდა იონა
ყოველი დღე, ყოველი გათენებული დილა, ეს არის უდიდესი წყალობა ღვთისა, ამიტომ დილიდან მადლობას უნდა ვწირავდეთ უფალს. ილია II

WWW.IONAA.TK & WWW.OTO.UCOZ.RU   http://sibrdzne.com/

შემოსული ხართ Guest| ჯგუფი "Guests" |მთავარი | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | გამოსვლა | შესვლა |სიახლის დამატება
|
საიტის მენიუ
კატეგორიები
გალობები
"ჩვენი ტაძარი"
ქადაგებები
წმინდანთა ცხოვრება
მოახლოებული დღესასწაულები
სხვა..
ვიდეო მასალები
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
ხალხური სიმღერები
აუცილებელი ლიტერატურა
გალობები
Qriste agsdga !



გალობები მომაწოდა LONGUS-მა

შესვლის ფორმა.
ლოგინი:
პაროლი:
ჩანაწერების არქივი
მთავარი » 2010 » თებერვალი » 25 » მართლმადიდებლური ფსიქოლოგია–ეს „რაღაც ძალა“ თურმე მხოლოდ და მხოლოდ სიზარმაცე ყოფილა
11:03
მართლმადიდებლური ფსიქოლოგია–ეს „რაღაც ძალა“ თურმე მხოლოდ და მხოლოდ სიზარმაცე ყოფილა

- ქალბატონო ნინო, ხშირად გვინდა რაიმე კარგი საქმე გავაკეთოთ, ან უბრალოდ, ყოველდღიური რიგითი საქმიანობა აღვასრულოთ, მაგრამ „რაღაც ძალა“ ხელს გვიშლის, მერე აღმოვაჩენთ, რომ ეს უბრალოდ, სიზარმაცე ყოფილა. როგორ უნდა დავძლიოთ ეს?

- ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ ადამიანი საკუთარ თავში აღმოაჩენს, რომ განსაკუთრებულად ებრძვის სიზარმაცე. მეტ-ნაკლებად ყველა ადამიანს ებრძვის იგი, ამქვეყნად ვერ იპოვი ისეთ კაცს, რომელსაც თავის ცხოვრებაში სიზარმაცესთან ბრძოლის მცირე გამოცდილება მაინც არ აქვს. ასეთ დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დღის დაგეგმვასა და რეჟიმს. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ყოველდღიური ბიოლოგიური რიტმიდან არ ამოვვარდეთ: ღამე გვეძინოს, როგორც ეს ღვთისგან დადგენილია და დღისით ვსაქმიანობდეთ. გარდა ამისა, უნდა ვგეგმავდეთ ყოველ დღეს. არსებობს მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმები; ფსიქოლოგები გვირჩევენ, ყოველთვის ჩამოვწეროთ დღის გეგმა. მსგავსი გეგმები ძალიან ეხმარება ადამიანს სიზარმაცის დაძლევაში და ბევრ სხვა რამეშიც. რას ნიშნავს მოკლევადიანი გეგმა? ეს არის უახლოესი სამი დღის ან ერთი კვირის მანძილზე გასაკეთებელი საქმეების გეგმა, რომელიც უნდა ჩამოიწეროს ფურცელზე, ვიღებთ პატარა ბლოკნოტს, რომელშიც ჩამოვწერთ უახლოეს 2-3 დღეში რა გვაქვს გასაკეთებელი და ამ სიიდან რასაც გავაკეთებთ, წავშლით. შემდეგ იმ ფურცელს ამოვხევთ, ვაგდებთ და ისევ ასე ვაგრძელებთ ამ მოკლევადიანი გეგმის ჩამოწერას.

ფსიქოლოგიურად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს წერას. როდესაც წერ და გარკვეულ აზრს აფიქსირებ, ამ დროს იმ კონკრეტული საქმისთვის სასიცოცხლო ენერგიის მოკრება ხდება, რომელსაც იმ კონკრეტული საქმისკენ მიმართავ, რათა შემდეგში ეს საქმე განახორციელო, ამიტომ ამ დაფიქსირებას, დაწერას ფსიქოლოგიურად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. არ არის აუცილებელი ამ გეგმებში ჩაიწეროს, ვთქვათ, მაღაზიაში პურის ყიდვა, ან ისეთი საქმე, რომელსაც ყოველდღე ვაკეთებთ, მაგრამ ოდნავ ამაზე განსხვავებული, აუცილებლად უნდა დავაფიქსიროთ. ეს ძალიან ეხმარება ადამიანს სიზარმაცესთან ბრძოლაში. გარდა ამისა, ეკლესიის წმიდა მამები გვირჩევენ, რომ სხვადასხვა წმინდანებს ვთხოვოთ შემწეობა, არის ასეთი ეკლესიური გამოცდილება, რომ სხვადასხვა განსაცდელის დროს სხვადასხვა წმიდანს ვევედრებით, კონკრეტულად სიზარმაცის დროს შესაძლებელია ნებისმიერ წმიდანს ვევედროთ, რომელმაც თავისი ღვაწლით ცათა სასუფეველი მოიპოვა, ამ საკითხში ყველა წმიდანი დაგვეხმარება და უპირველესად - ღვთისმშობელი. როცა ადამიანი იგრძნობს სიზარმაცის შემოტევას, ძალიან კარგი იქნება, თუ შემწეობისთვის მიმართავს რომელიმე დიდ წმიდანს: წმიდა ნიკოლოზს, წმიდა სერაფიმე საროველს, წმიდა გიორგის, ღვთისმშობელს, როგორც ყველა ადამიანის დედას, ან თავის მფარველ წმიდანს, ან მფარველ ანგელოზს. წმიდა მამები პირდაპირ წერენ, რომ ამ დროს, პირველ რიგში, ძალიან გვეხმარება დილას გაღვიძებისთანავე დიდხანს არ გავატაროთ ლოგინში დრო, ეს სულიერად ძალიან ცუდად მოქმედებს. ამ დროს მფარველ ანგელოზს უნდა მივმართოთ და ის დაგვეხმარება, სწრაფად წამოვდგეთ და შევუდგეთ საქმიანობას. ასევე გვეხმარება 90-ე ფსალმუნის კითხვა. არ უნდა დავეყრდნოთ მხოლოდ ჩვენს საკუთარ ძალებს და აუცილებლად უნდა ვთხოვოთ მეოხება წმინდანებს და უფალს. თუ ადამიანი გააცნობიერებს, რამდენი რამ შეეძლო გაეკეთებინა, როგორ შეეძლო ედიდებინა ღმერთი თავისი ცხოვრებით და ეს მხოლოდ სიზარმაცის გამო ვერ მოახერხა, მაშინ მას საოცარი სინანული დაეუფლება. ეს კიდევ ერთი გზაა სიზარმაცის დასაძლევად, აი, ამ მიმართულებითაც უნდა იფიქროს ადამიანმა, რომ სიზარმაცის გამო ღვთის სადიდებლად რამდენი კეთილი საქმე ვერ გააკეთა. კეთილ საქმეს ისეთი თვისება აქვს, რომ ჯაჭვური რეაქციის მსგავსად ერთ საქმეს თავისთავად მოჰყვება მეორე, როგორც შედეგი, როგორც ნაყოფი, ანუ ერთ სიკეთეს თავისთავად კიდევ მრავალი მოჰყვება და ამის გაცნობიერება ძალიან მნიშვნელოვანი სტიმული იქნება ადამიანისთვის, რათა ჩვენ დავძლიოთ სიზარმაცე და ვიფიქროთ იმაზე, რომ ჩვენი ცხოვრებით ვადიდოთ ღმერთი და ამაში არავითარ შემთხვევაში სიზარმაცემ არ უნდა შეგვიშალოს ხელი.

- ზოგჯერ თანახმა ვართ, საყვედურებიც კი ავიტანოთ, ოღონდ სიზარმაცეს არ ვებრძოლოთ და გარკვეულწილად, ვეგუებით კიდეც ამ მდგომარეობას...

- ამ ყველაფერში არის გარკვეული ჩვევის მომენტი, შენ ეჩვევი სიზარმაცის მდგომარეობას და „კომფორტს“ იქმნი, ოღონდ ეს არის ცრუ კომფორტი, თითქოს მშვიდად გრძნობ თავს, მაგრამ სინამდვილეში, თუ ადამიანი ჩაუკვირდება თავის თავს, ის აუცილებლად დაინახავს, რომ შფოთის მდგომარეობაში იმყოფება. წმიდა მამები გამოყოფენ სამი სახის აზრებს: ადამიანური, ღვთაებრივი და ბოროტისგან მომდინარე აზრები. წმიდა მამები გვირჩევენ, რომ თუ გვინდა, გავარჩიოთ ერთმანეთისგან რომელია ღვთაებრივი და რომელია ბოროტისგან მომდინარე აზრი, უნდა დავუკვირდეთ საკუთარ თავს. როდესაც გარკვეული აზრი გიჩნდება, თუ ამ დროს მშფოთვარე მდგომარეობაში იმყოფები, ე.ი. ეს აზრი ბოროტისგან მომდინარეობს, ხოლო თუ ადამიანი დააკვირდება თავის შინაგან მდგომარებას სიზარმაცის დროს, დაინახავს, რომ ეს აუცილებლად იქნება შფოთვა. არ უნდა გვეგონოს, რომ ამ დროს მშვიდად, კომფორტში ვართ, ეს ყველაფერი არის ცრუ, ილუზია. ქრისტიანობას სწორედ იქითკენ მივყავართ, რომ გამოვიდეთ ამ ილუზორული სამყაროდან და რეალობას შევხედოთ. ცუდია, როდესაც ჩვევად იქცევა სიზარმაცე, მაგრამ რომც გადაიქცეს ჩვევად, ადამიანის პიროვნებას მაინც შეუძლია საკუთარ თავზე მუშაობით ამის დაძლევა, ოღონდ ამას, რა თქმა უნდა, დიდი ძალისხმევა დასჭირდება.

- თუ ვხედავთ, რომ ჩვენი ახლობელი ზარმაცობს და არაფერს ცდილობს, რათა საკუთარი თავი გამოასწოროს, როგორ დავეხმაროთ მას?

- ყველაზე დიდი ძალა აქვს პირად მაგალითს, პირადად ჩემს ცხოვრებაშიც ყოფილა რამდენიმე განსაკუთრებული და მკაფიო მომენტი, როცა რამდენიმე საათი გამიტარებია იმ ადამიანის გვერდით, რომელიც ძალიან ბევრს ასწრებს, რომელსაც დაგეგმილი და განსაზღვრული აქვს დრო, იცის, რას უნდა მოახმაროს და ნათლად ხედავს თავის მიზნებს. ასეთი ადამიანის გვერდით ყოფნა საოცრად ამშვიდებს კაცს და საკუთარ უძლურებას აჩვენებს. ყველაზე დიდი ძალა ასეთ პირად მაგალითს აქვს. მნიშვნელოვანია, სხვა ადამიანს დაანახო, თუ როგორ იყენებ დროს, როგორ გაქვს დაგეგმილი და გამოყენებული იგი, ზოგჯერ სიტყვიერად არაფრის თქმა არ არის საჭირო, მხოლოდ საქციელით. სიტყვიერად რაც არ უნდა უთხრა ადამიანს, შეიძლება ამას შედეგი არ მოჰყვეს, მაგრამ როცა საკუთარი თვალით დაინახავს, რა სიკეთე შეიძლება მოიტანოს დროის გააზრებულმა დაგეგმარებამ, სწორედ ეს იქნება დიდი მაგალითი, ასეთ დროს ნელ-ნელა მეორე ადამიანში აუცილებლად მოხდება ძვრა, ოღონდ რეალურად მან ასეთი მაგალითი აუცილებლად უნდა დაინახოს.

- ხშირად ბავშვებს ეზრებათ მეცადინეობა, როგორ უნდა ეცადოს მშობელი, ეს მავნე თვისება აღმოფხვრას მასში?

- ზოგჯერ ბავშვებს მართლაც ეზარებათ სწავლა, მუსიკაზე სიარული, გაკვეთილების მომზადება, ასეთ დროს მშობლის მხრიდან ჩხუბი და გამუდმებული საყვედურები გაუმართლებელია. თუ დავაკვირდებით, ამ დროს უპირველესია იმ საგნებში, რომელშიც ბავშვი მეცადინეობს, პედაგოგის სწორი შერჩევა. არ მინახავს ბავშვი, რომელსაც გარკვეულ საგანში კარგი პედაგოგი ჰყოლია და მას ამ საგნის სწავლა დაზარებია, ამ დროს პედაგოგის ფაქტორი გადამწყვეტია. როდესაც, მასწავლებელი შემოქმედებითად უდგება თავის საგანს, ცდილობს, პიროვნულად განვითარდეს, ის ახერხებს ისე გადასცეს ბავშვს საგანი, რომ ყოველი გაკვეთილი მოსწავლისათვის იყოს ზეიმი. წესით, სრულყოფილი გაკვეთილი ასეთია, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაში და არც სხვა ქვეყნებში ისე არ ხდება, რომ ყველა პედაგოგი შემოქმედებითად მიუდგეს თავის საგანს და ბავშვის პიროვნებას. აქ ორმაგი მიდგომაა საჭირო, პირველ რიგში, ბავშვს სჭირდება შემოქმედებითი მიდგომა, მასში უნდა დაინახო პიროვნება, ღვთის ხატება და მსგავსება. შემდეგ, საგნის მიმართ შემოქმედებითი მიდგომა, რათა სულ ახალი აღმოაჩინო, ახლებურად მიაწოდო მოსწავლეს. ეს ყველაფერი რომ ერთ ადამიანში, პედაგოგში იყოს შერწყმული, ძალიან იშვიათია, მაგრამ როცა არის, იქ მშობელს თითქმის არ უწევს შვილთან ჩხუბი და ხმამაღალი, გამუდმებული დარიგებები, რომ იმეცადინოს, მაგრამ როდესაც პედაგოგის მხრიდან არ არის ასეთი სტიმული, მაშინ მშობელი იძულებულია, თვითონ მისცეს ბავშვს ეს სტიმული, წაახალისოს, შეუქმნას გარკვეული პირობა, რომ დააინტერესოს, მოუძიოს დამატებითი მასალა, წიგნები, აჩვენოს ფილმები, რათა უფრო მეტად შეიყვანოს ბავშვი იმ სამყაროში, რომელსაც ეცნობა, ან თუნდაც რაღაც წამახალისებელი საშუალებები მოიფიქროს, რომ ამითი ებრძოლოს შვილის სიზარმაცეს; მშობელს თვითონ ცხოვრება უკარნახებს, რა გამოიყენოს ამისთვის, რომ დაძლიოს ბავშვის სიზარმაცე.

- რა თქმა უნდა, ყოველმა მორწმუნემ იცის, რომ ლოცვას უდიდესი ძალა და მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ადამიანის ცხოვრებაში ხშირად არის ისეთი მომენტები, როდესაც მას ამა თუ იმ მიზეზით, თუნდაც დაღლილობის გამო, ლოცვა ეზარება ხოლმე და ათასგვარ გასამართლებელ საშუალებას თუ ფიქრს მოიშველიებს. როგორ უნდა დავძლიოთ ეს საცდური?

- ასეთი რამ ძალიან ხშირია, არ მეგულება მორწმუნე ადამიანი, ვისაც მრავალჯერ არ განუცდია მსგავსი მდგომარეობა. ამ საკითხთან დაკავშირებით განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს წმიდა თეოფანე დაყუდებული და საოცრად ფსიქოლოგიურადაც აშუქებს მას. იგი წერს, რომ ძალიან კარგია, სანამ დილის ლოცვებს წავიკითხავთ, დავჯდეთ და ღვთის თვისებებზე ვიფიქროთ. იგი ამას „ღვთის განაზრებას“ ეძახის. ყოველი დღე ღვთის ერთ თვისებას უნდა მივუძღვნათ, ერთი დილას 10-15 წუთი მაინც ვიფიქროთ. ვთქვათ, დაფიქრდი ღვთის სამართლიანობაზე, მეორე დილას მოწყალებაზე და იმაზე, თუ როგორ აისახება ეს მოწყალება ჩვენს ცხოვრებაშიც და ა.შ. ეს ადამიანს ლოცვისთვის მოამზადებს. ლოცვას აუცილებლად სჭირდება გარკვეული განწყობა, ამას ყველა წმიდა მამა განსაკუთრებულად აღნიშნავს. პირდაპირ, მოუმზადებლად, გარკვეული სიმშვიდის გარეშე ლოცვის დაწყება არაფრით არ შეიძლება. სანამ ლოცვის კითხვას დაიწყებთ, მანამდე უნდა დამშვიდდეთ, კარგია თუ კანდელს, სანთელს აანთებთ, ეს გვეხმარება განწყობის შექმნაში. კარგია, თუ დავფიქრებით ღვთის რომელიმე თვისებაზე, გავიაზრებთ მას ზოგადად, ამ ცხოვრებასთან მიმართებაში და ეს უკვე ისეთ განწყობას მოგვანიჭებს, რომ შემდეგ უკვე გაცილებით ადვილია ლოცვის წაკითხვა.

ასევე გვეზარება ძილად მისვლის ლოცვების კითხვაც. ღამით ზოგჯერ ძალიან დაღლილია ადამიანი, ასეთ დროს სიზარმაცეს დაღლილობა ძლევს, მთელი დღის შრომის შემდეგ ადამიანს იმის ძალაც აღარ აქვს, რომ ლოცვანში წაკითხული სიტყვები გულისყურით მოისმინოს. აქაც მრავალი რჩევა არსებობს, ასეთ დროს აუცილებელია ვიხელმძღვანელოთ მოძღვრის რჩევით. მაგალითად, თუ საღამოს ლოცვას 10 წუთს ანდომებ, გარკვეული პირობების გამო ეს ათი წუთი თუ მოძღვარი ნებას დაგრთავს, სკვნილზე ვილოცოთ. ამასთანავე, არსებობს მოკლე ლოცვაც, რომელსაც ასევე გამონაკლის შემთხვევებში კითხულობენ, მაგრამ ეს ყოველთვის გამოსავალი არ არის, ეს გამონაკლის შემთხვევებში და მოძღვართან შეთანხმებით ხდება. ლოცვა - ეს არის ღმერთთან ურთიერთობა, საუბარი; ჭეშმარიტი ლოცვა ის არის, როდესაც გონება გულში ჩადის და ჩვენ მთელი გულით ვლოცულობთ. ლოცვისას სიზარმაცის მომენტები ყველა ქრისტიანს რამდენჯერმე მაინც ჰქონია. რა თქმა უნდა, იყვნენ ისეთი ადამიანები, წმიდა მამები, რომლებმაც იმ საფეხურს მიაღწიეს, რომ მათი ლოცვა ჭეშმარიტად უფალთან საუბარი იყო, ჩვენ არ ძალგვიძს ასეთი ლოცვა, მაგრამ მივდივართ აქეთკენ, ამ გზას ვადგავართ და ამ გზაზე ნელ-ნელა წინ უნდა წავიწიოთ მოძღვრის საშუალებით, დახმარებითა და კურთხევით. წმიდა მამები გვირჩევენ, დაღლილობის გამო უარი მაინც არ ვთქვათ ლოცვაზე, თუნდაც სულ მცირე ნაწილი მაინც წავიკითხოთ. ყოფილა შემთხვევა, როცა ადამიანს გულში უფიქრია, რომ დაღლილობის გამო ლოცვას მთლიანად ვერ წაიკითხავს და მხოლოდ დასაწყისი ლოცვების კითხვას იწყებს, მაგრამ ძალიან ხშირად ღმერთი გვაძლევს იმის ძალას, რომ ბოლომდე ჩავამთავროთ ლოცვა. ანუ ეს უკვე ჩვენს სარწმუნოებასა და სულიერებაზეა დამოკიდებული. ამას, რა თქმა უნდა, სჭირდება წლები, რომ ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ შევიძინოთ ლოცვის გამოცდილება და ღვთის შეწევნით შევძლოთ სიზარმაცის დაძლევა. პავლე მოციქული თესალონიკელთა მიმართ პირველ ეპისტოლეში წერს: „მარადის გიხაროდენ და მოუკლებელად ილოცევდით“. თუ დავაკვირდებით, ჯერ წერია - „მარადის გიხაროდეთ“, ანუ სიხარული თუ არა გვაქვს, ვერც ვილოცებთ. ქრისტიანისთვის დამახასიათებელი თვისება არის სიხარული, ქრისტიანი მუდამ სულიერად ხარობს, იგი ყველგან ხედავს უფალ იესო ქრისტეს. თუ ამ მდგომარეობას მივაღწევთ, უფალიც შეგვეწევა და ლოცვაც აღარ გაგვიჭირდება.

ესაუბრა თამარ ასათიანი
ჟურნალი „დედაეკლესია“, № 19, 2005 წ.

კატეგორია: სხვა.. | ნანახია: 558 | დაამატა: ketevani | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მენიუ
განმარტებანი
ძიება
გამოკითხვა
რამდენი ისწავლე ჩვენი საიტიდან?
სულ პასუხი: 72
Video
სტატისტიკა
MAIMUNI.COM

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

» საიტზე დარეგისტრირებული
სულ: 62
თვის განმავლობაში: 0
კვირის განმავლობაში: 0
გუშინდელი: 0
დღევანდელი: 0
» მათ შორის
საიტის ადმინი: 2
სერვერის ადმინი:
მოდერები: 0
მომხმარებელი: 6
მნახველი: 54
» მათ შორის
კაცი: 12
ქალი: 12
კონტაქტი
===================== o.datuadze@gmail.com =====================
=====================
ლინკები
Copyright ოთო (იონა) დათუაძე © 2016