E ტაძარი - 22 ოქტომბერში 2010 - წმინდა იონა
ყოველი დღე, ყოველი გათენებული დილა, ეს არის უდიდესი წყალობა ღვთისა, ამიტომ დილიდან მადლობას უნდა ვწირავდეთ უფალს. ილია II

WWW.IONAA.TK & WWW.OTO.UCOZ.RU   http://sibrdzne.com/

შემოსული ხართ Guest| ჯგუფი "Guests" |მთავარი | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | გამოსვლა | შესვლა |სიახლის დამატება
|
საიტის მენიუ
კატეგორიები
გალობები
"ჩვენი ტაძარი"
ქადაგებები
წმინდანთა ცხოვრება
მოახლოებული დღესასწაულები
სხვა..
ვიდეო მასალები
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
ხალხური სიმღერები
აუცილებელი ლიტერატურა
გალობები
Qriste agsdga !



გალობები მომაწოდა LONGUS-მა

შესვლის ფორმა.
ლოგინი:
პაროლი:
ჩანაწერების არქივი
მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 22 » ტაძარი
12:46
ტაძარი

მარინე ხოსიტაშვილი

ტაძრის სიმბოლიკის შესახებ

„ეკლესია გაცილებით იმაზე დიდია, ვიდრე ჩვენ გვგონია. ეკლესია მისტიური სხეულია უფლისა. 
ეკლესია მასში მყოფი მრევლი კი არ არის მხოლოდ, ან დედამიწაზე მცხოვრები მორწმუნენი, 
არამედ, უწინარეს ყოვლისა, უფალი, ღვთისმშობელი მარიამი, ანგელოსთა დასი და წმიდანთა მთელი 
კრებული შეერთებული მლოცველთა ჯგუფთან; ამიტომაც არის ტაძარი - ცა დედამიწაზე"
ილია II (საშობაო ეპისტოლე 1993)

ტაძრის არსის შესახებ

თბილისის წმ. სამების და წმ. ელია წინასწარმეტყველის 
სახელობის ტაძრები ელიას მთაზე

წმინდა იოანე ოქროპირმა ერთ-ერთ თავის ქადაგებაში გაახსენა მრევლს დავით წინასწარმეტყველის სიტყვები: „ვირჩიე მე მივრდომა სახლსა ღმრთისა ჩემისასა, უფროს ვიდრეღა არა დამკვიდრებად ჩემდა საყოფელსა ცოდვილთასა" (ფს. 83,10) და თქვა: „ყველასათვის საერთოს - ღმერთს, სიყვარული ითავისებს, ამგვარია მისი თვისება, ამიტომაც ამბობს დავით მეფე: „სახლსა ღმრთისა ჩემისასა". შეყვარებულს არა მარტო სატრფოს, არამედ მისი სახლის, კარიბჭის და ქუჩის დანახვაც კი ენატრება. ხოლო თუ მის სამოსელს მოჰკრავს თვალს, ჰგონია, რომ მის წინაშე თავად იმყოფება. ასევე წინასწარმეტყველნიც - თუმცა ვერ ხედავენ ღმერთს, ტაძარს შეჰყურებენ და მასში ჰყავთ იგი წარმოდგენილი" („ქადაგება ეკლესიაში სიარულის შესახებ").

ზოგადი განმარტებით „ტაძრად იწოდება განსაკუთრებული, ღვთისათვის შეწირული შენობა, რომელშიც იკრიბებიან მორწმუნენი სალოცავად და საიდუმლოს აღსასრულებლად. ტაძარი იწოდება აგრეთვე ეკლესიად, იმიტომ რომ მასში იკრიბება ქრისტიანეთა საზოგადოება" (არქიმანდრიტი ნესტორ ყუბანეიშვილი).

სიტყვა „ეკლესია" ბერძნულია და წარმოდგება ზმნისაგან  έκκαλέω - ვეძახი, ვუხმობ. „ეკლესიას ასე ეწოდება იმიტომ, რომ ის ყველას უხმობს და აერთიანებს" (კირილე იერუსალიმელი). ბერძნულში ამ სიტყვით აღინიშნება ქრისტეს მორწმუნეთა ნებისმიერი შეკრება რამდენიმე კაციდან დაწყებული მსოფლიო ეკლესიის ჩათვლით. როგორც ამბობენ, ამ სიტყვის ეტიმოლოგიაში ასახულია ის დრო, როცა ქრისტიანებს ჯერ არ ჰქონდათ ტაძრები. უკვე აშენებულ ტაძრებს კი უწოდებენ - „კირიაკი", „კირიაკონ", რაც უფლის სახლს ნიშნავს.

ტაძარი რომ უფლის სახლია, თვით მაცხოვარი მოწმობს სახარებაში. როცა 12 წლის იესო სამი დღის ძებნის შემდეგ იერუსალიმის ტაძარში იპოვეს, ასე მიმართა დედას: „რასა მეძიებთ მე? არა უწყითა, რამეთუ მამისა ჩემისა თანა ჯერ-არს ჩემი ყოფა?" (ლუკა 2,49). ხოლო როცა მოვაჭრეები შოლტით განდევნა ტაძრიდან, ბრძანა: „სახლსა ჩემსა სახლ სალოცველ ეწოდოს ყოველთა მიერ წარმართთა" (მარკ. 11,17). ამ სიტყვებით უფალი პირდაპირ გვამცნობს, რომ ტაძარი მისი სახლია, ე.ი. სახლი ღვთისა, და ამავე დროს, სახლი სალოცავი. „ის, რომ ღმერთი - უსაზღვრო და ყველგან მყოფი - ტაძარს თავის სახლს უწოდებს, მეტყველებს ამ შენობის განსაკუთრებულ სიწმინდესა და მნიშვნელობაზე. და , მაინც, რა ხდება ტაძარში ისეთი, რაც სხვაგან არ შეიძლება მოხდეს? ჩვენ ზომ ვიცით, რომ ლოცვა ყველგანაა შესაძლებელი და ადამიანი უპირველესად თავის გულში მიმართავს უფალს? რატომ აქვს ლოცვას ტაძარში განსაკუთრებული მნიშვნელობა?

ყველა ადამიანში არის ხატება ღვთისა, მაგრამ არის ადამის ცოდვით დაცემის შედეგად შეძენილი მიდრეკილება ცოდვისადმი. ადამიანის სული მიილტვის სიწმინდისკენ, მაგრამ ის ვერ თავისუფლდება ცოდვითი მიდრეკილებებისაგან. მას არ შეუძლია საკუთარი ძალებით განიწმინდოს გონება და გული. ამიტომ უფალი მოვიდა ამ ქვეყნად, რათა თავისი სისხლით გამოესყიდა იგი და თითოეული ადამიანისთვის, ვინც მის სისხლსა და ხორცს რწმენით ეზიარებოდა, მიეცა გზა ხსნისა. ზიარების საიდუმლო წირვა-ლოცვის დროს სრულდება ტაძარში. ამრიგად, ტაძარი არის ღვთით დადგენილი ადგილი კერძო და საზოგადო ეკლესიური მსახურებისა, სადაც მაცხოვნებელი მადლის მომნიჭებელი საიდუმლოებები სრულდება. ისაა „იარაღი მღვდელმსახურებისა, ისევე როგორც მღვდელი" (სვიმონ თესალონიკელი).

სიმბოლური აზრით, ტაძარი სახეა ეკლესიისა. ტაძრის კურთხევის ლოცვებში წერია: „...რომელნი ვდღესასწაულობთ განახლებასა პატიოსნისა ტაძრისა შენისასა... სასწაულად წმიდისა ეკლესიისა შენისა".

თვითონ მაცხოვარი საკუთარ სხეულს უწოდებს ტაძარს: „დაჰხსენით ტაძარი ესე და მესამესა დღესა აღვადგინო ეგე. ჰრქუეს მას ურიათა: ორმოცდა-ექუსსა წელსა აღეშენა ესე, და შენ სამთა დღეთა აღადგინო იგი? ხოლო იტყოდა ტაძრისათვის გუამისა თვისასა" ( იოანე 2, 19-21). ეკლესიასაც ასევე ქრისტეს საიდუმლო სხეულს უწოდებს პავლე მოციქული. ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში ის წერს, რომ ეკლესია „არს გუამი მისი, აღსავსებაი იგი, რომელმან ყოველივე ყოველსა შინა აღავსო" (1, 23). და კვლავ, ქრისტე „არს თავი გუამისა მის ეკკლესიისა" (კოლას. 1,18), ხოლო მორწმუნენი „ასონი ვართ გუამისა მისისანი, ხორცთა მისთაგანნი და ძუალთა მისთაგანნი" (ეფეს. 5,30). მისივე თქმით, ეკლესია არის სახლი ღვთისა, სადაც იესო ქრისტე სუფევს, როგორ ძე: „ხოლო ქრისტე, ვითარცა ძე, სახლსა ზედა მისსა, რომლისა სახლ ვართ ჩუენ" (ებრ. 3,6).

აქედან გამომდინარე (რადგანაც ტაძარი სახეა ეკლესიისა), ჩვენი შემდგომი მსჯელობა შეეხება ერთდროულად როგორც ტაძარს, ასევე ეკლესიას.

 

როდესაც მაქსიმე აღმსარებელი ეკლესიის მისტიკურ მნიშვნელობას განმარტავს თავის თხზულებაში „მესაიდუმლოება", უპირველესად აღნიშნავს, რომ ეკლესია სახეა ღვთისა. „წმიდა ეკლესია როგორც უკვე ითქვა, ნამდვილად არის სახე ღვთისა, რადგანაც იგი ღვთის მსგავსად ახორციელებს ერთობას მორწმუნეთა შორის. მაშინაც კი, როცა ისინი განსხვავდებიან თავისი განსაკუთრებული თვიბებით, ადგილსამყოფელით, ცხოვრების წესით, მაინც რწმენის გამო ერთობას იძენენ ეკლესიაში. ამ ერთობას არსთა, რომლებიც ბუნებრივად შეურევნელად არსებობენ, ახორციელებს თვით ღმვრთი, რომელიც, როგორც ნაჩვენები იყო, ათანაბრებს და იგივეობამდე მიჰყავს მათი განხვავებები აღმოყვანით და შეერთებით თავის თავთან - მიზეზთან, საწყისთან და დასასრულთან".

ეკელსია/ტაძარი ამავე დროს სახეა ხილული და უხილავი ქვეყნისა.

ღმერთმა შექმნა „გონებით საწვდომი სამყარო სავსე გონიერი და უხორცო ძალებით და ეს (ჩვენი) ქვეყანა გრძნობადი და ხორციელი, რომელიც დიდებულადაა ნაქსოვი მრავალ სახეობათა და ბუნებათა მიერ" (მაქსიმე აღმსარებელი „მესაიდუმლოება"). ეკლესია აერთიანებს ორივეს, ოღონდ ამ ქვეყანაში იგულისხმება სოფელი განწმენდილი ხრწნილებისაგან, იმგვარი სოფელი, რომელშიც ყოველივე „კეთილ არს". და არქიტექტურულადაც, ტაძარი თუმცა ერთიანი შენობაა, როგორც ერთიანია ქვეყნიერება, მაგრამ დანიშნულების მიხედვით იყოფა ნაწილებად. საკურთხევლად, რომელიც უხილავ ზეცას გამოხატავს, უმაღლესი ძალებისადმია მიძღვნილი და სადაც მღედელმსახურება აღესრულება, და შუა ტაძრად, რომელიც ქვეყანას გამოხატავს და სადაც ერისკაცნი დაიშვებიან.

მესამე, მჭვრეტელობითი თვალთახედვით ეკლესია/ტაძარი სახეა ადამიანისა, სადაც საკურთხეველი შეესაბამება სამშვინველს, ტრაპეზი - გონს, შუა ტაძარი კი - სხეულს (Преподобный Максим Исповедник „Тайноводство" ЖМП, 1987 №5, стр. 70). როგორც ვხედავთ, ეს სამივე სიმბოლო ურთიერთდაკავშირებულია ერთმანეთთან. და ეს ბუნებრივიცაა, რადგან ეკლესიის მიზანია, აღადგინოს ღვთის მეუფება ქმნილებაში - ე.ი. ადამიანში და ხილულ სამყაროში, რომელიც ღმერთმა საპატრონოდ ჩააბარა ადამიანს, და რომელიც ამის გამო ადამიანის დაცემის თანაზიარი გახდა. ხოლო ადამიანის დანიშნულებაა, აზიაროს სასრული და დროებითი უსასრულოს და მარადიულს, გააერთიანოს ცა და ქვეყანა. ეკლესია ამისთვის უხმობს ყველას, რომ აამაღლოს ღვთის მიერ მონიჭებულ პატივში. ეს ნამდვილად ხელეწიფება ეკლესიას, რადგან მისი თავი იესო ქრისტეა.

ამიტომ უწოდებენ ტაძარს მარადისობას, განცხადებულს წუთისოფლის წარმავლობაში. ხომალდს, რომელსაც მორწმუნენი ცხოვრების მორევიდან მშვიდ ნავსაყუდელში მიჰყავს. ცას ქვეყანასა ზედა, უფლის სახლს, რომელიც მოიცავს მთელს გადარჩენილ და გადარჩენის მნებებელ ქვეყნიერებას.

 

 

ორიოდე სიტყვა თვითონ საეკლესიო სიმბოლოზე.

იოანე დამასკელი ამბობს: „ჩვენ არ ძალგვიძს აღვიწიოთ მის მიმართ, რაც სულიერად სახილველ-არს და არცა გვაქვს საამისოდ საკუთარი და ბუნებითი ძალები" („წმიდათა ხატთათვის" III სიტყვა). ტაძარში ყველაფერს ორგვარი ბუნება აქვს - მატერიალური და სულიერი. მატერიალურს, რასაკვირველია, უშუალოდ აღვიქვამთ, ხოლო სულიერი სიმბოლოს სახით მოგვეწოდება. არა მარტო ტაძარი, არამედ მთელი ღვთისმსახურება სიმბოლიკითაა განმსჭვალული; ისაა სიტყვაში, ჟესტში, სამოსში. აღსანიშნავია, რომ საეკლესიო სიმბოლო მხოლოდ პირობითი ნიშანი კი არაა იმისა, რასაც გამოხატავს, არამედ საიდუმლოდ შეიცავს კიდევაც თავის თავში იმას, რის გამოხატულებასაც წარმოადგენს. ამ კავშირს რეალური საფუძველი აქვს. როცა წმ. მაქსიმე აღმსარებელი ხილულ და უხილავ სამყაროზე - ცასა და ქვეყანაზე - ლაპარკკობს, მათ ერთიანობას უსვამს ხაზს და ამბობს: „სულიერი განცდის მქონე ადამიანებისთვის მთელი გონებით საწვდომი სამყარო წარმოდგება საიდუმლოდ აღბეჭდილი გრძნობად სამყაროში სიმბოლური სახეების საშუალებით, მთელი გრძნობადი სამყარო კი სულიერი ჭვრეტის შედეგად წარმოგვიდგება მთელს გონებით საწვდომ სამყაროში არსებულად და ლოგოსების საშუალებით შეიმეცნება". საეკლესიო სიმბოლო სულიერი სამყაროს გახსნაა. ისაა სულიერი კიბე, რომელიც შინაგანად აკავშირებს ადამიანს იმასთან, რის სიმბოლოსაც წარმოადგენს. მასში უზარმაზარი ინფორმაციაა ჩადებული. ისაა არსი, რომლის გზითაც ღვთიური მადლი აღწევს ადამიანის სულში.

 

ტაძარი ისტორიული თვალსაზრისით

პირველი ტაძრის აგება უფალმა დაავალა წინასწარმეტყველ მოსეს 
სინას მთაზე, სადაც უჩვენა მომავალი ტაძრის ფორმა მისი 
ყოველი დეტალის ჩათვლით. ეს მოძრავი ტაძარი იყო.

ღვთისმეტყველება არის ღვთის შემეცნება, რამდენადაც ღმერთი უცხადებს ადამიანს თავის თავს და, ამავე დროს, ისაა უფლისადმი კაცის შინაგანი თაყვანისცემის გამოხატულება. სამოთხეში ეს ღმერთთან პირად ურთიერთობაში ვლინდებოდა. ცოდვით დაცემისა და სამოთხიდან გამოდევნის შემდეგ კი ეს კავშირი სხვაგვარად ხორციელდებოდა. ადამიანი განიცდიდა დაშორებას ღვთისაგან, ითხოვდა ცოდვათა მოტევებას და ელოდა ხსნას. მაგრამ რაკი კაცი სულისა და ხორცისაგან შედგება, ეს სულიერი მიმართება ხილული ნიშნებითაც უნდა გამჟღავნებულიყო. ხილული ნიშნებიდან ყველაზე გავრცელებული და ღვთისგან დადგენილი ფორმა თაყვანისცემისა იყო მსხვერპლშეწირვა. პირველად მსხვერპლს ღია ცის ქვეშ, შემდეგ კი საგანგებოდ აშენებულ ნაგებობებში სწირავდნენ (აბელი და კაენი, ნოე, აბრაამი).

როგორც „გამოსლვათა" წიგნი გვამცნობს, პირველი ტაძრის აგება უფალმა დაავალა წინასწარმეტყველ მოსეს სინას მთაზე, სადაც უჩვენა მომავალი ტაძრის ფორმა მისი ყოველი დეტალის ჩათვლით. ეს მოძრავი ტაძარი („კარავი საწამებელისა") სამი ნაწილისგან შედგებოდა: წმიდათა წმიდა („წმიდა წმიდათა"), წმიდათა და ეზო. წმიდათა წმიდაში, რომელიც ფარდით იყო გამოყოფილი, იდგა აღთქმის კიდობანი. აღთქმის კიდობნის სახურავზე ქერუბინთა ორი ოქროს ქანდაკება იყო. კიდობანში იდო ორი ქვის ფიცარი ათი მცნებით, ტაკუკი და მანანა, რომლითაც უფალი უდაბნოში ასაზრდოებდა ებრაელებს; და აარონის კვერთხი, რომელიც უფლის ნებით განედლდა აარონის სამღვდელო ღირსების დასამოწმებლად. წმიდათა წმიდაში მღვდელმთავარი წელიწადში ერთხელ შედიოდა და სამსხვერპლო სისხლს აპკურებდა იმის ნიშნად, რომ ადამიანის ხსნა ერთხელ - იესო ქრისტეს მოსვლით აღესრულებოდა. მეორე ნაწილშიც მარტო მღვდლებს შეეძლოთ შესვლა. აქ იყო ამაღლებული სამსხვერპლო საკმევლისთვის, ტაბლა - 12 პურით და შვიდტოტა შანდალი. მესამე ნაწილში, ეზოში, ხალხი ლოცულობდა და მსხვერპლს სწირავდა.

ტაძრებს წარმართებიც აშენებდნენ, ოღონდ მათთვის ტაძარი იმ ღვთაების ადგილსამყოფელი იყო, რომელსაც ის ეძღვნებოდა. ამის ნიშნად ტაძარში ღვთაების ქანდაკება იდგა.

მოსეს შემდეგ სოლომონ მეფემ ააგო 
დიდებული ტაძარი იერუსალიმში

მოსეს შემდეგ სოლომონ მეფემ ააგო დიდებული ტაძარი იერუსალიმში სკინიის მსგავსად. ნაბუქოდონოსორის შემოჭრისას ის დაიქცა. ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნებულმა ებრაელებმა კვლავ ააშენეს ტაძარი იერუსალიმში. (ეს ტაძარი ქრისტეშობიდან 70-ე წელს რომაელებმა დაანგრიეს.)

„საქმე მოციქულთა" მოგვითხრობს, რომ პირველი ქრისტიანები იერუსალიმის ტაძარში დადიოდნენ, ზიარების საიდუმლოს შესასრულებლად კი ცალკე იკრიბებოდნენ ჩვეულებრივ სახლებში.

ქრისტიანთა დევნის დროს რომის იმპერიაში მორწმუნეები სასაფლაოებზე და კატაკომბებში ხვდებოდნენ ერთმანეთს, რადგან რომის კანონით ეს ადგილები ხელშეუხებელი იყო. კატაკომბების დერეფნის კედლებში იყო მეტნაკლებად დიდი ოთახები. მოწამეთა საფვლავები მდებარეობდა ნახევრად წრიული კამარების ქვეშ. ფილა, რომელიც საფლავს ეხურა, შეიძლებოდა ტრაპეზად გამოყენებულიყო. ხანდახან ტრაპეზს საგანგებოდ აწყობდნენ განსაკუთრებული ნიშის წინ, სადაც იდგმებოდა დასაჯდომელი ეპისკოპოსისთვის და ადგილები მღვდელმსახურთათვის. სწორედ კატაკომბებში ჩაისახა პირველი ქრისტიანული ხელოვნება. აქ ყველაფერი, რაც წმინდა იყო ქრისტიანისთვის, სიმბოლოებით გამოისახებოდა (მაგ., ღუზა იყო სიმბოლო იმედისა, მტრედი - სულიწმიდისა, კრავი - იესო ქრისტესი, ვაზი - ევქარისტიის საიდუმლოსი და სხვ.).

 

ცნობილია, რომ პირველ საუკუნეებში ქრისტიანები ტაძრებსაც აშენებდნენ. 303 წ. მარტო რომში იყო 40-ზე მეტი ეკლესია (Е.Несторовский „Литургика").

IV საუკუნის დასაწყისში იმპერატორ კონსტანტინეს დროს ქრისტიანობა ნებადართული გახდა და მან სამოქალაქო უფლებები მოიპოვა. IV საუკუნის ცნობილი ისტორიკოსი, ევსევი კესარიელი, გატაცებით მოგვითხრობს: „ნათელმა და უღრუბლო დღემ გაანათა ღვთიური ნათლის სხივებით ქრისტეს ეკლებიები მთელ ქვეყანაზე... ტაძრები ბევრად უკეთეს სახეს იძენენ, ვიდრე ძველნი, დანგრეულნი. ქალაქებში დაიწყო ზეიმი ტაძრების განახლებისა და კურთხევისა (Ecclesiastic History). იქმნება ერთიანი ღვთისმსახურება, ყალიბდება ტაძრის სახე.

თავისი შინაარსით ქრისტიანული ტაძარი მემკვიდრეა ძველი აღთქმის ტაძრისა. ისიც სამ ნაწილად იყოფა. საკურთხეველი, შუა ტაძარი და კარიბჭე. მაგრამ თუ ძველში ხალხი მხოლოდ ეზოში დაიშვებოდა, ახლა ის შუა ტაძარში ლოცულობს, რადგან უფალმა თავისი ჯვარცმით გამოისყიდა ადამიანი და გაუღო კარი სასუფეველისა. გრძელდება მსხვერპლშეწირვაც, მაგრამ ახალი „მსხვერპლი და ძღვენი" არის თვითონ მაცხოვარი, თავისი ნებით შეწირული ჩვენთვის და თვითონვე აღმასრულებელი ღვთისმსახურებისა, რადგან იგია „მღდელ უკუნისამდე წესსა მას ზედა მელქისედეკისსა" (ფს. 109,4). საკურთხევლის წინასახე ძველი აღთქმის ტაძარში იყო წმიდათა წმიდა. საკურთხევლისაგან განსხვავებით (რომელიც აღმოსავლეთითაა) წმიდათა წმიდა დასავლეთით მდებარეობდა, რაც სიმბოლურად ადამიანის მიერ სამოთხის დაკარგვას და ღმერთთან დაშორებას ნიშნავს. საოცარი სულიერი მემკვიდრეობა აკავშირებს ძველი და ახალი ტაძრების წმინდა ნივთებსაც (ტაკუკი - ღვთისმშობლის ხატი, შვიდტოტა შანდალი და სხვ.). ეს ასეც უნდა იყოს, რადგან როგორც პავლე მოციქული ამბობს, „აჩრდილი აქუნდა ჰსჯულსა მერმეთა მათ კეთილთა" (ებრ. 10,1), ე.ი. სჯული ძველი აღთქმისა მხოლოდ აჩრდილი იყო იმისა, რასაც თავისი განკაცების შემდეგ ნათელი მოჰფინა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, რომელიც „არცა სისხლითა კაცთა და ზუარაკთაითა, არამედ თვისითა სისხლითა შევიდა ერთ-გზის სიწმიდესა მას, და საუკუნოი გამოჰჴსნაჲ ჰპოვა" (ებრ. 9,12).

ქრისტიანთა დევნის დროს რომის იმპერიაში მორწმუნეები სასაფლაოებზე და კატაკომბებში 
ხვდებოდნენ ერთმანეთს, რადგან რომის კანონით ეს ადგილები ხელშეუხებელი იყო.

 

ქრისტიანული ტაძრის არქიტექტურული ფორმების სიმბოლიკა

ანჩისხატის ტაძარი

ზოგადი ცნობები ტაძრის ხუროთმოძღვრული ფორმების შესახებ გვხვდება ჯერ კიდევ III-IV საუკუნის თხზულებებში, რომელიც, თავის მხრივ, კიდევ უფრო ძველ წყაროებს ეყრდნობა. ამ პერიოდის ძეგლია „მოციქულთა ხელდასხმანი", სადაც ვკითხულობთ: „იყოს ტაძარი მსგავსი ხომალდისა, წაგრძელებული ფორმის, აღმოსავლეთით მიმართული, ორივე მხარეს აღმოსავლეთით ჰქონდეს მინაშენი". როგორც უკვე ითქვა, ტაძარი აღიქმებოდა ხომალდად, რომელსაც მორწმუნენი ცხოვრების მორევიდან მშვიდ ნავსაყუდელში მიჰყავს. ტაძრის ამგვარი აღქმა მომდინარეობს ნოეს კიდობნიდან, რომელიც ღვთის კურთხევით შეიქმნა და მასში მყოფნი წარღვნას გადაარჩინა. III საუკუნის მღვდელმთავარი კვიპრიანე კართაგენელი წერს: „ეკლესიის გარეშე მდგომი კაცის ცხოვნება მხოლოდ მაშინ იქნებოდა შესაძლებელი, ვინმე რომ გადარჩენილიყო წარღვნის დროს ისეთი, ვინც ნოეს კიდობანში არ მჯდარა" („ეკლესიის ერთიანობის შესახებ"). ქრისტიანული ტაძრის მეორე აუცილებელი პირობა, ზემოთ მოყვანილი ციტატის მიხედვით, არის აღმოსავლეთით მიმართება. ეს ნიშნავს, რომ საკურთხეველი, რომელიც ტაძრის ყველაზე მნიშვნელოვანი და წმიდა ადგილია, მდებარეობს აღმოსავლეთით. როგორც III საუკუნის წმ. მამა გერმანე კონსტანინოპოლელი განმარტავს, ლოცვის დროს აღმოსავლეთით დგომა ან აღმოსავლეთით თაყვანისცემა დაკავშირებულია უფალთან, რადგან იგია „მზე იგი სიმართლისა" და მასაც „აღმოსავალ ეწოდა, რამეთუ ნათელ არიან ბრძანებანი მისნი".

როგორც ითქვა, წაგრძელებული ოთხკუთხედის ფორმა აღმოსავლეთის აფსიდით განასახიერებს ხომალდს და თუმცა საუკუნეების განმავლობაში ტაძარი სხვადასხვა ფორმისა შენდებოდა, მაგრამ სულიერი მნიშვნელობა ხსნის კიდობნისა ყოველ მათგანშია შენარჩუნებული.

სვეტიცხოველი

ქრისტიანული ტაძრის ასევე გავრცელებული ტიპია ჯვრის ტიპი. თვითონ ფორმა ჯვრისა კოსმოსს, მატერიალურ სამყაროს ნიშნავს, რადგან ყველაფრის აგებულებაში არის ჯვარი. გოლგოთის მერე ჯვარი ღვთიური სიყვარულის სიმბოლო გახდა. ორი გადამკვეთი ხაზი არის ჭეშმარიტება და სიყვარული, სამართლიანობა და მოწყალება. ვერტიკალური ხაზი განასახიერებს ქვეყნის შეერთებას ზეცასთან, ღმერთის შერიგებას ადამიანთან, გახსნილ ედემს. ქვევით მიმართული ხაზი აღნიშნავს ღვთის გამარჯვებას ბოროტ ძალებზე. ჰორიზონტალური ხაზი კოსმოსის სიმბოლოა. მას ადარებენ ორ ხელს, რომლითაც უფალი თითქოს ხელს ხვევს, მოიცავს მთელს კაცობრიობას. ამავე დროს, ჯვრის ვერტიკალური ხაზი აღნიშნავს ადამიანის ურთიერთობას ღმერთთან, ჰორიზონტალური კი - ურთიერთობას მოყვასთან.

არებობს წრიული ფორმის ტაძრებიც. წრე მარადისობას ნიშნავს, მას არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული. ეკლესიაც ხომ მარადისობისკენაა მიმართული და მარადისობის გამჟღავნებაა დედამიწაზე. წრე ერთგულებასაც ნიშნავს, იგულისხმება საიდუმლო დაწინდვა ეკლესიისა ქრისტესთან. ტაძარი-რვაკუთხედი ბეთლემის ვარსკვლავს მოგვაგონებს და აქედან გამომდინარე, ეკლესია გვესახება გზის მაჩვენებელ ვარსკვლავად მომავალი ცხოვრებისაკენ. ის ასევე აღნიშნავს მერვე დღეს. ქვეყნიერების ცხოვრება აღირიცხება შვიდი დღით, მერვე კი მარადისობაა ღვთის სასუფეველში, ესაა ცხოვრება მერმისა მის საუკუნისა.

„იყოს ტაძარი მსგავსი ხომალდისა"

არსებობს შერეული ტიპის ტაძრებიც.

ტაძრები ხშირად მთავრდება გუმბათით, რაც ცას გამოსახავს. გუმბათის თავზე ჯვარია, ეკლესიის თავის, იესო ქრისტეს, სადიდებლად: „თავს იდევ რა ნებსით ჯუარცმა, მაცხოვარ, თავ ექმენ ეკლესიასა, რომელი მოიგე სისხლითა შენითა ყოვლადწმიდითა" (ჯვრის პარაკლისი). ორი გუმბათი (მაგ. გურჯაანის ყოვლადწმდა) აღნიშნავს მაცხოვრის ორ ბუნებას, სამი - სამების სამ იპიოსტასს, ხუთი - იესო ქრისტესა და ოთხ მახარებელს, შვიდი შვიდ საეკლესიო საიდუმლოს და შვიდ მსოფლიო კრებას.

ეკლესიის ეზოში ან შესასვლელში დგას სამრეკლო, რომელიც ადრეულ საუკუნეებში არ არსებობდა და მხოლოდ მოგვიანებით ჩნდება.

უნდა აღვნიშნოთ ტაძრის გალავანი და კარიბჭეც, მით უმეტეს, რომ ჩვენს ხელთ არსებული ყველაზე ადრეული ტაძრის აღწერა სწორედ აქედან იწყება. ევსევი კესარიელი (IV ს.) ტვიროსის ტაძრის გალავნის კედელს „ყველაზე საიმედო დამცველს" უწოდებს, „დიდ და ზეაღმართულ" კარიბჭეზე კი ამბობს, რომ იგი შორს მდგომთათაც უქმნის წარმოდგენას იმის შესახებ, რაც შიგნითაა. ეზო „წმიდა მიდამოდ" მას რამდენჯერმე აქვს მოხსენებული.

და კვლავ ტაძრის მთავარი დანიშნულება გავიხსენოთ. წმ. სვიმონ თესალონიკელი ამბობს, რომ მართალია ტაძარი ხელშესახები მასალით აიგება, „მაგრამ ზეციური ძღვენითაა მორთული, მღვდელმთავრის საიდუმლო ლოცვით ნაკურთხი, ღვთიური მირონით ცხებული და მთლიანად უმაღლესი არსებისადმი მიძღვნილი საბრძანებლად".

 

ტაძრის ინტერიერის სიმბოლიკა

კაცხის ტაძარი

ჩვეულებრივ, ტაძარი იყოფა ორ ნაწილად: საკურთხევლად და შუა ტაძრად, ხანაც სამ ნაწილად საკურთხეველი, შუა ტაძარი და სტოვა ან კარიბჭე. საკურთხეველში მხოლოდ ღვთისმსახურნი დაიშვებიან და აღესრულება წირვა-ლოცვის ყველაზე იდუმალი ნაწილი. შუა ტაძარში ერისკაცები ლოცულობენ, სტოვა კი განკუთვნილია კათაკმევლებისა და მონანულებისთვის. წმ. მამათა აზრით, ტაძრის ორნაწილიანი დაყოფა მიუთითებს: 1) ქრისტეს ორ ბუნებაზე, რომელშიც ღვთიური უხილავია, ადამიანური კი -ხილული; 2) ადამიანზე, რომელიც სულისა და ხორცისაგან შედგება; 3) სამების საიდუმლოზე, რომელიც არსით მიუწვდომელია, მაგრამ ამქვეყნად განცხადებული განგებულებით და სხვა სასწაულებით შეიმეცნება; 4) ხილულ და უხილავ ქვეყანაზე, სადაც საკურთხეველი ცაა, ტაძარი კი - მიწა.

ტაძრის სამნაწილიანი დაყოფა კი შეესაბამება: 1) წმ. სამებას; 2) ციურ დასთა სამ იერარქიას; 3) ადამიანთა საზოგადოებას, რომელიც სამ ნაწილად იყოფა - ღვთისმსახურნი, მართალნი და მონანულნი. კიდევ სხვა თვალთახედვით, საკურთხეველი განასახიერებს ხელთუქმნელ ზესთასოფელს, შუა ტაძარი - ცას, სტოვა კი - მიწას. გარდა ამისა, სამნაწილიანი დაყოფა იმეორებს მოსეს ტაძრის სამნაწილიანობას. ამიტომ წმიდა მამები საკურთხეველს წმიდათა წმიდას უწოდებენ.

ამავე დროს საყურადღებოა, რომ ეს დაყოფა არ არის ურთიერთგამომრიცხავი. ღირსი მაქსიმე აღმსარებელი ამბობს, ხუროთმოძღვრული თვალსაზრისით ტაძარი ხომ ერთი შენობაა. და ტაძარი ერთი რჩება არსებითადაც, მის ნაწილებს შორის არსებული განსხვავების მიუხედავად, სადაც „თითოეული ნაწილი ურთიერთკავშირის წყალობით, თავისი დანიშნულებისამებრ მოწყობილი, მეორისათვის არსებობს. რადგან ტაძარი (შუა ტაძარი - მთარგ.) არის საკურთხეველი შესაძლებლობაში, რამდენადაც მასზეც ვრცელდება მღვდელმოქმედება, როცა საიდუმლოდმოქმედება თავის მწვერვალს აღწევს. და პირიქით, საკურთხეველი არის ტაძარი (შუა ტაძარი - მთარგ.), რადგან ჭეშმარიტად ის არის საწყისი მისი საიდუმლოდმოქმედებისა. ეკლესია კი საკურთხეველშიც და ტაძარშიც რჩება ერთი და უცვლელი".

გურჯაანის ყველაწმინდა

კატეგორია: აუცილებელი ლიტერატურა | ნანახია: 548 | დაამატა: იონა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მენიუ
განმარტებანი
ძიება
გამოკითხვა
რამდენი ისწავლე ჩვენი საიტიდან?
სულ პასუხი: 72
Video
სტატისტიკა
MAIMUNI.COM

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

» საიტზე დარეგისტრირებული
სულ: 62
თვის განმავლობაში: 0
კვირის განმავლობაში: 0
გუშინდელი: 0
დღევანდელი: 0
» მათ შორის
საიტის ადმინი: 2
სერვერის ადმინი:
მოდერები: 0
მომხმარებელი: 6
მნახველი: 54
» მათ შორის
კაცი: 12
ქალი: 12
კონტაქტი
===================== o.datuadze@gmail.com =====================
=====================
ლინკები
Copyright ოთო (იონა) დათუაძე © 2016