E წმინდანთა პანტელეიმონის ცხოვრება, კონდაკი და ტროპარი. - 10 ოქტომბერში 2009 - წმინდა იონა
ყოველი დღე, ყოველი გათენებული დილა, ეს არის უდიდესი წყალობა ღვთისა, ამიტომ დილიდან მადლობას უნდა ვწირავდეთ უფალს. ილია II

WWW.IONAA.TK & WWW.OTO.UCOZ.RU   http://sibrdzne.com/

შემოსული ხართ Guest| ჯგუფი "Guests" |მთავარი | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | გამოსვლა | შესვლა |სიახლის დამატება
|
საიტის მენიუ
კატეგორიები
გალობები
"ჩვენი ტაძარი"
ქადაგებები
წმინდანთა ცხოვრება
მოახლოებული დღესასწაულები
სხვა..
ვიდეო მასალები
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
ხალხური სიმღერები
აუცილებელი ლიტერატურა
გალობები
Qriste agsdga !



გალობები მომაწოდა LONGUS-მა

შესვლის ფორმა.
ლოგინი:
პაროლი:
ჩანაწერების არქივი
მთავარი » 2009 » ოქტომბერი » 10 » წმინდანთა პანტელეიმონის ცხოვრება, კონდაკი და ტროპარი.
10:30
წმინდანთა პანტელეიმონის ცხოვრება, კონდაკი და ტროპარი.
წმინდა მკურნალი პანტელეიმონი

უსჯულო მაქსიმიანეს მეფობის წლებში (305-311), რომელიც სასტიკად დევნიდა ქრისტიანებს, რომის იმპერიაში მოწამეობრივი სიკვდილით აღესრულა წმიდა დიდმოწამე პანტელეიმონი.

წამებულთა შორის ტანჯვათა დათმენით განთქმული მოწამე დაიბადა ბითვინიის მხარეში, ქალაქ ნიკომიდიაში, ცნობილსა და მდიდარ ოჯახში. მამას ერქვა ევსტორგიოსი, დედას - ევბულე. მამა წარმართი და კერპთაყვანისმცემლობის მხურვალე მიმდევარი იყო, ხოლო დედა - ქრისტიანი, რომელსაც ქრისტეს სიყვარული და მისი ერთგული სამსახური მშობლებისაგან ჰქონდა ნასწავლი. ასე რომ, ხორციელად შეერთებული მეუღლენი სულიერად გათიშულნი იყვნენ. ქმარი მსხვერპლს ცრუ ღმერთებს სწირავდა, ცოლს კი ქების მსხვერპლი ჭეშმარიტი ღვთისათვის მიჰქონდა. მათ შეეძინათ ვაჟი, რომელსაც პანტელეონი დაარქვეს, რაც ქართულად „ყოვლად ლომს“ ნიშნავს, მაგრამ შემდგომ ჭაბუკს სახელი გადაერქვა და პანტელეიმონი ანუ ყოვლადმოწყალე ეწოდა, რადგანაც უსასყიდლოდ კურნავდა სნეულებს და გლახაკთა და გაჭირვებულთა გულუხვი განმკითხავი იყო.

დედა პატარაობიდანვე უნერგავდა შვილს ქრისტეს სიყვარულს, ყრმაც გულმოდგინედ ისმენდა მის შეგონებებს და რამდენადაც ამის საშუალებას ასაკი აძლევდა, ითვისებდა კიდეც, მაგრამ სამწუხაროდ, მან მალე დაკარგა სათნო და მოსიყვარულე დედა და მამის გავლენის ქვეშ მოექცა. მამა ცდილობდა პატარა პანტელეიმონი მტკიცე კერპთაყვანისმცემლად ჩამოეყალიბებინა და ამიტომ ხშირად დაჰყავდა კერპებისათვის მსხვერპლის შესაწირად.

მამამ ვაჟი ჯერ გრამატიკულ სკოლაში შეიყვანა, ხოლო შემდეგ სამედიცინო სასწავლებელში სახელგანთქმულ ექიმ ეფროსინეს მიაბარა, რათა სამკურნალო ხელოვნებაში დაოსტატებულიყო. ჭაბუკმა საოცარი ნიჭიერება გამოამჟღავნა და არა მხოლოდ თანატოელბს გაუსწრო, არამედ თვით მასწავლებელსაც კი გაუსწორდა. ამასთან ერთად პანტელეონი გამოირჩეოდა საქციელით, მჭევრმეტყველებით, სილამაზით და ყველაზე სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებდა. ჭაბუკი თვით მეფე მაქსიმიანესთვისაც კი ცნობილი გახდა, რომელიც მაშინ ნიკომიდიაში ცხოვრობდა და განსაკუთრებით „ისახელა“ თავი ქრისტიანების დევნით. მეფემ 20000 მორწმუნე ეკლესიაში გამოწვა, ხოლო ქრისტეს შობის დღეს განსაკუთრებული სისასტიკით აწამა ეპისკოპოსი ანთიმოზი. ეფროსინე ხშირად დადიოდა სასახლეში და წამლები მიჰქონდა მეფისა და მისი კარისკაცებისათვის. მას ხშირად თან ახლდა ჭაბუკი პანტელეონიც, რომელიც ყველას აოცებდა სილამაზითა და კეთილგონიერებით. ასე რომ, თვით მაქსიმიანეც კი დაინტერესდა მისი ვინაობით და იკითხა ვისი შვილი იყო იგი; როცა პასუხი მიიღო, მასწავლებელს უბრძანა, რაც შეიძლება სწრაფად და კარგად ესწავლებინა მისთვის მთელი სამკურნალო ხელოვნება, რადგან გადაწყვეტილი ჰქონდა პანტელეონი პირად მკურნალად აეყვანა.

ამ დროს ნიკომიდიაში ცხოვრობდა მოხუცი მღვდელი, სახელად ერმოლაოსი და მასთან ერთად მღვდლები: ერმიპე და ერმოკრატე (ხს. 26 ივლისს), რომელნიც ურჯულოთა შიშით რამდენიმე ქრისტიანთან ერთად ერთ პატარა სახლში იმალებოდნენ. ეს სახლი იმ გზის პირას იდგა, რომლითაც პანტელეონი სამედიცინო სასწავლებელში დადიოდა. ერმოლაოსი ხშირად ხედავდა მას ფანჯრიდან და ჭაბუკის სახითა და გამომეტყველებით ხვდებოდა, რომ იგი კეთილი ზნისა უნდა ყოფილიყო. მოხუცმა მღვდელმა სულით იგრძნო, რომ პანტელეიმონი ღვთის რჩეული ჭურჭელი გახდებოდა. ამიტომ ერთხელაც მის შესახვედრად სახლიდან გამოვიდა და შინ შეიპატიჟა. მოხუცმა გამოჰკითხა ვინ იყვნენ მისი მშობლები და ჭაბუკმაც ყოველივე დაწვრილებით უამბო. მან დედა გაიხსენა, რომელმაც ქრისტე შეაყვარა, მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ მამამ შვილი აიძულა წარმართული ღმერთებისათვის ეცა თაყვანი. მაშინ წმიდა ერმოლაოსმა ჰკითხა, რომელ მოძღვრებას ასწავლიდა მასწავლებელი. პანტელეონმაც უპასუხა, რომ ეფროსინე მას ასკლეპიადეს, ჰიპოკრატესა და გალენის მოძღვრებას ასწავლიდა და ეუბნებოდა, რომ თუ მათ მოძღვრებებს დაეუფლებოდა, ადვილად განკურნავდა დასნეულებულ ადამიანებს. აქ წმიდა ერმოლაოსმა კარგი საბაბი იპოვა სულის მარგებელი საუბრისათვის და ჭაბუკის სულში, ვითარცა კეთილ ნიადაგში, ღვთის სიტყვების ჩათესვა დაიწყო. მან აუხსნა ჭაბუკს, რომ რასაც მეფე მაქსიმიანე და მამამისი სცემდნენ თაყვანს, ის გონებასუსტი ადამიანების მოსატყუებლად გამიზნულ სიცრუეს წარმოადგენდა, ჭეშმარიტი და ყოვლისშემძლე ღმერთი კი ერთი იყო- იესო ქრისტე, რომელსაც ყოველგვარი სნეულების განკურნვა შეეძლო. იგი ბრმებს თვალებს უხელდა, კეთროვნებს წმენდდა, მკვდრებს აღადგენდა, ადამიანებს ბოროტი სულების ტყვეობისაგან ათავისუფლებდა. მისი სამოსის შეხებაც კი საკმარისი იყო, რომ სნეული განკურნებულიყო. სასწაულნი ღვთისა აურაცხელია, ისევე როგორც ქვიშა ზღვისა და წვეთები წყლისა და რაც მთავარია, კაცთმოყვარე ღმერთი სასწაულთა ჩადენის ძალას აძლევს იმათაც, რომელნიც მას შეიყვარებენ. პანტელეონმა დიდი გულისყურით მოუსმინა მოხუცს და ამის შემდეგ ყოველდღე შედიოდა მასთან, რათა სულისათვის სასარგებლო შეგონებებს დასწაფებოდა.

ერთხელაც, როცა იგი სასწავლებლიდან ბრუნდებოდა, წააწყდა მკვდარ ბავშვს, რომელიც ასპიტს დაეგესლა და თვითონაც იქვე გაწოლილიყო.

ჭაბუკმა იფიქრა, რომ დადგა დრო გამოეცადა საკუთარი თავი და დარწმუნებულიყო, მართალი იყო თუ არა ის, რასაც მოხუცი ერმოლაოსი ეუბნებოდა. მან თვალები ზეცისაკენ აღაპყრო და წარმოთქვა: „უფალო, იესო ქრისტე, თუმცა უღირსი ვარ იმისათვის, რომ შენ მოგიწოდო, მაგრამ უკეთუ გსურს შენი მონა გავხდე, გამოაჩინე ძალა შენი და შენი სახელისათვის ეს ბავშვი გააცოცხლე, ხოლო ასპიტი მოკალი“. მყისვე, თითქოს ძილისაგან გამოფხიზლდაო, ბავშვი ფეხზე წამოდგა, ხოლო ასპიტი შუაზე გაწყდა. მაშინ პანტელეონმა ზეცისაკენ არა მხოლოდ ხორციელი, არამედ სულიერი თვალნიც აღაპყრო და სიხარულით ჰმადლობდა ღმერთს, რომ სიბნელიდან გამოიყვანა. იგი მაშინვე წმიდა ერმოლაოსთან გაემართა, მის წინაშე მუხლებზე დაეცა და სთხოვა მოენათლა. ერმოლაოსმა ჭაბუკი წმიდა სამების სახელით მონათლა, ლიტურგია აღასრულა და ახლად მონათლული ქრისტეს წმიდა ხორცსა და სისხლს აზიარა. მონათვლის შემდეგ მან მოხუც მოძღვართან შვიდი დღე დაჰყო და სწავლობდა ღვთის სიტყვებს, რომელმაც სული მისი, ვითარცა ცხოველმა წყარომ, გააპოხიერა და ნაყოფი უხვად გამოაღებინა. მერვე დღეს პანტელეონი მამასთან დაბრუნდა. როცა ევსტორგიოსმა ჰკითხა სად იყო ამდენ ხანს, წმიდანმა უპასუხა: „მასწავლებელთან ერთად მეფის სასახლეში ვიყავი, ვმკურნალობდით სნეულს, რომელიც მეფეს ძლიერ უყვარს და არ მოვცილებივართ მანამ, სანამ ჯანმრთელობა არ დავუბრუნეთ“. მან მამას სიმართლე უთხრა, ოღონდ იგავურად, რადგან მეფის სასახლეში ის სახლი იგულისხმა, სადაც მოინათლა, მასწავლებელი წმიდა ერმოლაოსს უწოდა, სნეული კი თავის თავს, რომელიც ზეციურმა მეუფემ შეიყვარა და რომელიც შვიდი დღე მკურნალობდა. როცა მეორე დილით ეფროსინემ იგივე ჰკითხა, მან უპასუხა: „მამაჩემმა მამული იყიდა და მის ჩასაბარებლად გამგზავნა, მეც დამაგვიანდა, რადგან ყურადღებით დავათვალიერე ყოველივე, რაც იქ არის, იგი ხომ დიდი ფასითაა შეძენილი“. სინამდვილეში ჭაბუკი ლაპარაკობდა წმიდა ნათლისღებასა და ქრისტიანული რწმენის სხვა საიდუმლოებებზე, რომელნიც მან შეიცნო და რომელიც ყველა სიმდიდრეს აღემატება, რადგან ქრისტეს სისხლითაა შეძენილი. ატარებდა რა თავის თავში წმიდა რწმენის საგანძურს, ნეტარი პანტელეონი ღვთის მადლით იყო აღსავსე. მან დიდად იზრუნა მამაზე და ყოველდღე ესაუბრებოდა, რათა კერპთაყვანისმცემლობის ტყვეობიდან ეხსნა. იგი ცდილობდა დაერწმუნებინა ევსტორგიოსი, რომ მისი ღმერთები ცრუ იყო და ამიტომ ისეთ კითხვებს უსვამდა, რომელიც მის სიყალბეს ააშკარავებდა. მაგალითად, რატომ ვერ სხდებოდნენ ვერასდროს კერპები, რომელნიც ფეხზე იდგნენ და ვერასდროს ვერ დგებოდნენ ისინი, რომელნიც ისხდნენ. ამგვარ კითხვებზე ევსტორგიოსს პასუხი არ ჰქონდა, ამიტომ დღითიდღე უძლიერდებოდა ეჭვი იმის თაობაზე, ჭეშმარტიად არსებობენ თუ არა მისი ღმერთები, ასე რომ, ბოლოს მათთვის მსხვერპლის შეწირვაც შეწყვიტა. პანტელეონს აწვალებდა სურვილი დაემსხვრია მამის კერპები, მაგრამ თავს იკავებდა, ნაწილობრივ იმის შიშით, რომ განარიხსებდა მამას, რომელისთვისაც ღვთის მცნებით პატივი უნდა ეცა, ნაწილობრივ კი იმიტომ, რომ უცდიდა იმ დროს, როცა მამამისი ჭეშმარიტ ღმერთს შეიცნობდა და საკუთარი ხელით დაამსხვრევდა მათ.

ამასობაში მას მიუყვანეს ბრმა, რომელსაც ამ ქალაქის ექიმებმა ქონებასთან ერთად ის მცირეოდენი სინათლეც დააკარგვინეს, რაც ჰქონდა. ევსტორგიოსი შეეცადა დაერწმუნებინა შვილი, ნუ მოჰკიდებდა ხელს ამ საქმეს, რადგან როგორც სმენოდა, საცოდავ ბრმას თვით სახელგანთქმულმა ეფროსინემაც კი ვერ უშველა. ჭაბუკმა მკურნალმა დაამშვიდა მამა, თითებით შეეხო ბრმას და წარმოთქვა: „სახელითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა ჰხედვიდე“. ბრმას თვალები მყისვე აეხილა. ევსტორგიოსი განკრნებულ სნეულთან ერთად მაშინვე მოინათლა წმიდა ერმოლაოსის მიერ და ყველა კერპი, რომელიც კი სახლში ედგა, შვილის დახმარებით დაამსხვრია. ამის შემდეგ ევსტორგიოსს დიდხანს აღარ უცოცხლია. მიიღო თუ არა მემკვიდრეობით მამის ქონება, პანტელეონმა მყისვე გაათავისუფლა მონები და მთელი სიმდიდრე ღატაკებსა და ქვრივ-ობლებს დაურიგა, წმიდანმა საპყრობილეები შემოიარა, ყველას კურნავდა და ვისაც რა უჭირდა, აძლევდა. ასე რომ, იგი სიღატაკის მკურნალიც იყო. ნიჭი კურნებისა მას მაღლიდან ჰქონდა მიცემული და ისიც ყოველგვარ სნეულებას უსასყიდლოდ კურნავდა არა იმდენად სააფთიაქო საშუალებით, რამდენადაც იესო ქრისტეს სახელით. მაშინ პანტელეონი ჭეშმარიტად იქცა პანტელეიმონად ანუ ყოვლადმოწყალედ. მალე ყოვლადმოწყალე და უსასყიდლო მკურნალის სახელი ყველასათვის ცნობილი გახდა, ხალხი სხვა ექიმებს უკვე დასცინოდა, რის გამოც ექიმები წმიდანის მიმართ შურითა და მტრობით აღივსნენ. როცა მათ შეიტყვეს, რომ პანტელეიმონმა ბრმა განკურნა, იცოდნენ რა, რომ იგი ეფროსინეს მოწაფე იყო, თქვეს: დიდი მასწავლებლის დიდი მოწაფე! თავისდაუნებურად მათ სიმართლე თქვეს, რადგან პანტელეიმონი მართლად იყო დიდი მოწაფე დიდი მოძღვრის - იესო ქრისტესი, მაგრამ ეს მხოლოდ ბაგეებით წარმოთქმული ქება იყო, რომელიც გულიდან არ მოდიოდა. სინამდვილეში შურისაგან მათ მოსვენება ჰქონდათ დაკარგული, ამიტომაც წმიდანი მეფესთან დაასმინეს, რომ იგი სნეულებს არა ასკლეპიოსის, არამედ ქრისტეს სახელით კურნავდა, რისი წყალობითაც მრავალ ადამიანს ააღებინა ხელი კერპების თაყვანისცემაზე.

მეფემ პანტელეიმონი იხმო და სთხოვა გაეფანტა ის ხმები, რომელიც მის შესახებ დადიოდა და საჯაროდ შეეწირა მსხვერპლი ღმერთებისათვის. პასუხად წმიდანმა შესთავაზა მოეყვანად ყველაზე მძიმე ავადმყოფი, რათა თავისი თვალით ენახა, ვინ შეძლებდა მის განკურნებას - მისი ქურუმები თავიანით ღმერთების მოხმობით, თუ პანტელეიმონი იესო ქრისტეს სახელით. მეფეს მოეწონა ეს წინადადება და სნეულის მოყვანა ბრძანა. საწოლით მოიყვანეს კაცი, რომელსაც მთელი სხეული დადამბლავებული ჰქონდა და არცერთი ნაწილი ამოძრავება არ შეეძლო. ქურუმთაგან ზოგმა ასკლეპიოსს მოუწოდა, ზოგმაც ზევსს, სხვებმა კიდევ სხვებს, მაგრამ ამაოდ.

ხედავდა რა მათ ამაო მცდელობას, წმიდანს გაეცინა. როცა მისი ჯერი დადგა, ჭაბუკი მკურნალი საწოლთან მივიდა, თვალების ზეცისკენ აღაპყრო და შემდეგი ლოცვა წარმოთქვა: უფალო, ისმინე ლოცვისა ჩემისა და ღაღადებაჲ ჩემი შენდა შევედინ. ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან. რომელსა დღესა მჭირდეს მე, მსწრაფლ შეგესემინ ჩემი (ფსალმ. 101, 1-2). ამის შემდეგ წმიდანმა სნეულს ხელში ხელი მოჰკიდა და უთხრა: „სახელითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა აღდექ და განიკურნე“. დადამბლავებული მაშინვე წამოდგა, გახარებულმა თავისი საწოლი აიღო და შინ წავიდა. იმათგან, ვინც ეს სურათი იხილა, მრავალმა ირწმუნა ქრისტე. ქურუმებმა მეფეს შეაგონეს, რომ თუ პანტელეიმონს არ დაღუპავდა, მალე წარმართები ქრისტიანების დასაცინი შეიქმნებოდნენ. მაქსიმიანემ იგივე გაუმეორა პანტელეიმონს, მსხვერპლი შეეწირა ღმერთებისათვის და შეახსენა როგორ სასტიკად აწამა ანთიმოზი, რაზედაც ჭაბუკმა უპასუხა, რომ უკეთუ მოხუცმა და ფიზიკურად დაუძლურებულმა ეპისკოპოსმა გაუძლო წამებას, მით უმეტეს უნდა გაეძლო მას, ახალგაზრდასა და სხეულით ძლიერს. მაშინ მეფის ბრძანებით წმიდა პანტელეიმონი გააშიშვლეს და ძელზე გაკრულს გახურებული შანთები დაადეს. წმიდანმა უფალს სთხოვა, მოთმინება მიეცა წამების ბოლომდე დასათმენად. უფალი მას მოძღვარი ერმოლაოსის სახით გამოეცხადა და უთხრა: ნუ გეშინინ, მე შენთან ვარ. მეყვსეულად ჯალათებს ხელები ჩამოუვარდათ და საწამებელი იარაღები ძირს დაუცვივდათ. მაშინ მაქსიმიანემ ბრძანა ადუღებული კუპრის ქვაბში ჩაეგდოთ იგი. როცა ქვაბთან მიიყვანეს, წმიდანი ასე ლოცულობდა: შეისმინე, ღმერთო ხმისა ჩემისაჲ გევედრებოდი რაჲ მე შენდამი, შიშისაგან მტერისა ისხენ სული ჩემი, დამიფარე მე ამბოხისაგან უკეთურთასა და სიმრავლისაგან მოქმედთა სიცრუვისათა (ფსალმ. 63, 1-2). - უფალი მას ისევ ერმოლაოსის სახით გამოუჩნდა, ხელი მოჰკიდა და ქვაბში მასთან ერთად ჩავიდა. ცეცხლი მაშინვე ჩაქრა, კუპრი გაცივდა, წამებული კი გალობდა: მე ღმრთისა მიმართ ღაღად-ვყავ და უფალმან ისმინა ჩემი. მწუხრი, დილეულ და სამხრად მიუთხრობდე და ვიტყოდი და ესმეს ხმისა ჩემისა (ფსალმ. 54, 17-18). მაშინ მეფეს ურჩიეს წმიდანი ზღვაში გადაეგდო, რადგან იგი მთელი ზღვის მოჯადოებას ვეღარ შესძლებდა და დაიღუპებოდა. მსახურებმა წამებული ზღვასთან მიიყვანეს, ნავში ჩასვეს, ყელზე დიდი ქვა შეაბეს და როცა ნაპირს საკმაოდ დაშორდნენ, ზღვაში გადააგდეს. წმიდანს ისევ გამოეცხადა უფალი, ამჯერადაც ერმოლაოსის სახით და ყელზე ჩამოკიდებული ქვა ფოთოლივით შემსუბუქდა, ასე რომ პანტელეიმონი ზღვის ზედაპირზე, ვითარცა მშრალზე მიდიოდა, როგორც ოდესღაც პეტრე მოციქული. როცა წმიდანი ნაპირზე გავიდა და მეფეს წარუდგა, მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. კითხვაზე - შენ ზღვასაც ფლობო? მან უპასუხა: „არა მე, არამედ ქრისტე, შემოქმედი ჩემი და მეუფე ყველა ხილული და უხილავი ქმნილებისა. იგი მეუფებს როგორც ცასა და დედამიწაზე, ასევე ზღვაზეც“. ზღვასა ზედა არიან გზანი შენნი და ალაგნი შენნი წყალთა ზედა მრავალთა (ფსალმ. 76, 19).

მაშინ მეფემ ბრძანა ქალაქგარეთ საცირკო სანახაობა მოეწყოთ და წამებული მხეცებისათვის მიეგდოთ შესაჭმელად. როცა ჭაბუკი მხეცებთან შეაგდეს, უფალი ისევ გაჩნდა მასთან ერმოლაოსის სახით და მხეცები, ვითარცა ცხვარნი, მშვიდნი და თვინიერნი გახდნენ. ისინი წმიდანს ფეხებს ულოკავდნენ, ხოლო პანტელეიმონი თავზე ხელს უსვამდა. ყოველი მხეცი ცდილობდა, წმიდანის ხელს შეხებოდა. ხალხმა რომ ეს უმშვენიერესი სურათი იხილა, დაიხუვლა: დიდია ქრისტიანთა ღმერთი, დაე უდანაშაულო და მართალი ჭაბუკი განთავისუფლდეს! მაშინ განრისხებულმა მაქსიმიანემ ხალხს შეიარაღებული მეომრები მიუსია და მრავალი ვინც ქრისტეს ადიდებდა, მათი მახვილებით მოიკლა.

მაქსიმიანეს ბრძანებით მხეცებიც ამოხოცეს, რამაც წმიდანს შემდეგი სიტყვები ათქმევინა: „დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, ვისთვისაც არა მხოლოდ ადამიანები, არამედ მხეცებიც კი კვდებიან“. მეფემ ბრძანა პანტელეიმონი საპყრობილეში ჩაეგდოთ და თვითონ იქაურობას გაეცალა. მოკლული ადამიანები დაასაფლავეს, ხოლო მხეცები ძაღლებისა და ფრინველების საჯიჯგნად დატოვეს. მაგრამ ამჯერადაც სასწაული მოხდა: არც ერთი ძაღლი და ცხოველი არ გაკარებია მათ, უფრო მეტიც, ლეშებს სუნიც კი არ გამოუციათ.

მაქსიმიანემ ბრძანა, წამებული დაკბილულ ბორბალზე გაეკრათ, მაგრამ დაიწყო თუ არა ტრიალი, ბორბალი ნაწილებად დაიშალა და იქვე მდგომთაგან მრავალი სასიკვდილოდ დაიჭრა, თვითონ წმიდანი კი უვნებელი გადარჩა. როცა მაქსიმიანემ ჰკითხა, ვინ ასწავლა ჯადოქრობის ხელოვნება, ჭაბუკმა უპასუხა, რომ ჯადოქრობა არა, მაგრამ ჭეშმარიტი ქრისტიანული ღვთისმოსაობა კი ერმოალოსისაგან ჰქონდა შესწავლილი. მეფემ ერმოლაოსიც სიკვდილით დასაჯა, პანტელეონს კი უთხრა, რომ მისმა მოძღვრებმა კერპებს სცეს თაყვანი და ახლა სასახლეში პატივით იმყოფებიანო. ქრისტეს მოწამემ მიუგო: კარგად ვუწყი, რომ „წმიდანი იგი ზეცას არიან მკუიდრ ქალაქსა ქრისტესსა“.

განრისხებულმა მაქსიმაინემ ბრძანა წმიდა პანტელეიმონისათვის თავი მოეკვეთათ, ხოლო ტანი ცეცხლი დაეწვათ. მეომრებმა იგი ქალაქგარეთ გაიყვანეს. ჭაბუკი ამჯერადაც დავითის ფსალმუნებს გალობდა: მრავალ გზის მბრძოდეს მე სიყრმით ჩემითგან და მე ვერა მერეოდეს. ბეჭთა ჩემთა მცემდეს მე ცოდვილნი და განაგძვეს უსჯულოებაჲ მათი (ფსალმ. 128, 2-3). წმიდა პანტელეიმონი ზეთისხილის ხეზე მიაბეს. ჯალათმა მას მახვილი დაჰკრა ქედზე, მაგრამ რკინა ცვილივით გაიღუნა, რადგან ლოცვა ჯერ კიდევ არ ჰქონდა დამთავრებული. შეშინებულმა მეომრებმა წამოიყვირეს: დიდია ღმერთი ქრისტიანთა! მუხლებში ჩაუვარდნენ წმიდანს და სთხოვდნენ ეპატიებინა, რაც მეფის ბრძანებით ტანჯვა მიაყენეს.

როცა წმიდა ჭაბუკი ლოცულობდა, ზეციდან გაისმა ხმა: „ამიერითგან არღარა გეწოდოს შენ სახელი პანტელეონ, არამედ პანტელეიმონ იყოს სახელი შენი, რომელ არს: ყოველთა მოწყალეჲ, რამეთუ იყავ ყოველთა კაცთა მოწყალე, და შენ იყავ ნავთ-საყუდელ მყუდრო, რომელნი მოივლტოდიან შენდა, და ჭირვეულთა შემწე და განწირულთა ჴელის ამპყრობელ და ბოროტთა სულთა განმდევნელ“ ე.ი. უფალმა დაადასტურა მისთვის სახელის გადარქმევა და ზეცაში მოუწოდა. მეომრებს არ უნდოდათ მისთვის თავის მოკვეთა, მაგრამ წმიდა პანტელეიმონმა უთხრა: „უკუეთუ თქუენ არა ჰყოთ ესე, არა გაქუს ჩემ თანა ნაწილი“. მაშინ მეომრებმა ჯერ მთელი სხეული დაუკოცნეს და შემდეგ ერთ-ერთმა თავს იდო მისთვის თავის მოკვეთა. როცა მას წმიდანს მახვილი დაჰკრა, სისხლის ნაცვლად რძე წამოვიდა, ხოლო ზეთის ხილის ხე ძირიდან წვერომდე ნაყოფით დაიხუნძლა. იმათგან, ვინც ეს სასწაული იხილა, მრავალმა ირწმუნა ქრისტე, მეფემ კი შეიტყო თუ არა ამ სასწაულის შესახებ, ბრძანა, ზეთისხილის ხე ნაკუწებად ექციათ და ჭაბუკის ტანთან ერთად დაეწვათ. როცა ცეცხლი ჩაქრა, მორწმუნეებმა ფერფლიდან წმიდა პანტელეიმონის ცხედარი უვნებლად გამოიტანეს და პატივით დაკრძალეს. უფლის რჩეულის სიკვდილით დასჯას ესწრებოდნენ მისი მსახურები: ლავრენტი, ვასოჲ და პროვიანე. სწორედ მათ შემოგვინახეს პანტელეიმონის ცხოვრებისა და მოწამეობრივი ღვაწლის აღწერა.

დიდმოწამის უხრწნელი ნაწილები მთელ ქრისტიანულ სამყაროშია მიმოფანტული. მისი პატიოსანი თავი ათონზე, წმიდა პანტელეიმონის სახელობის რუსულ მონასტერში ინახება.
წმიდა პანტელეიმონის ტროპარი:

ღვაწლით შემოსილო, წმიდაო მკურნალო პანტელეიმონ, ევედრე მოწყალესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობა მოგვანიჭოს და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა.
კონდაკი:

მიმსგავსებულ იქმენ ყოვლად მოწყალისა, და მოიღე მადლი კურნებათა, ღვაწლით შემოსილო მოწამეო ქრისტეს ღვთისაო, ლოცვითა შენითა სულთა ჩვენთა სენნი განკურნენ და განსდევნენ ეშმაკისა საცდურნი ჩვენგან, რომელნი ვღაღადებთ: გვაცხოვნენ ჩვენ უფალო.
ლოცვა წმიდისა პანტელეიმონისი

ყოვლად დიდებულო ღმრთივ-გჳრგჳნოსანო დიდო მოწამეო მკურნალო პანტელეიმონ, ანგელოსთა თანა შეერთებულო, მოციქულთა თანა პატივცემულო, მოწამეთა სრულებაო, მამათა დიდებაო, ქალწულთა შუენიერებაო, მვედრებელთა შენთა მსწრაფლ შემწეო, თხოვათა აღმსასრულებელო, და წყალობისა მომნიჭებელო.

ყოვლად ბრწყინვალეო ქრისტეს დიდო მოწამეო, უქრთამო მკურნალო პანტელეიმონ. ბრწყინვალებითა ელვარებისა სიწმიდისა შენისაჲთა განაბრწყინვე ღმრთივ-დაცული ერი ჩუენი, ყოვლად განათლებულითა ლოცვითა შენითა განანათლე უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი დიდი მეუფე მამაჲ ჩუენი ილია, ყოვლად სამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღდელონი და სამონაზნონი წესნი, მჴედართ მთავარნი, და ქალაქთ მთავარნი, მრავალშემძლებელითა ძალითა შენითა განაძლიერე ქრისტეს მოყუარე მჴედარნი, და კეთილის მყოფელნი ჩუენნი, და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი, მოსახელენი და მვედრებელნი შენნი ადიდენ. ევედრე წმიდაო დიდო მოწამეო ქრისტესო შენგან შეყუარებულსა იესუს, რაჲთა მოგუანიჭოს მადლი და წყალობაჲ თჳსი აურაცხელი.

ყოვლად ქებულო და პატივცემულო, წმიდაო დიდო მოწამეო, უვეცხლოო მკურნალო პანტელეიმონ, ღმრთივ-დიდებულითა საკჳრველებლითა და ნიშებ-სასწაულითა შენითა, განათავისუფლენ ტყუენი, განჰკურნენ უძლურნი, გამოუჴსნენ განსაცდელსა შინა მყოფნი, განაძლიერენ ზღვათა შინა მავალნი, მოაქციენ ცოდვილნი და შეაწყნარენ ქრისტესა ღმერთსა ყოველთა შემწყნარებელსა და ყოველნი მადიდებელნი წმიდისა სახელისა შენისანი ადიდენ და აღამაღლენ სულით და ჴორცით, რაჲთა სასუფეველსა დიდებასა და დიდად შუენიერსა ბრწყინვალებასა ღმრთისასა ღირს-ვიქმნნეთ ყოველნი. ანგელოსთა თანა უგალობდეთ, წმიდათა თანა ვადიდებდეთ, და შენთანა გჳრგჳნოსანნი ვაკურთხევდეთ შენსა გჳრგჳნოსან-მყოფელსა მამასა, შენსა განმაძლიერებელსა ძესა, და შენ შორის მეტყუელსა სულსა წმიდასა, რომელსა შუენის ყოველი დიდებაჲ, პატივი და თაყუანისცემაჲ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

კატეგორია: წმინდანთა ცხოვრება | ნანახია: 2953 | დაამატა: იონა | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 2
2 dato  
0
ძალიან ვრცლად წერია. ეს კარგია მაგრამ, უმჯობესია უფრო შემოკლებით და შინაარსით დაწეროთ.

1 lika  
0
dzaan lamazia :*

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მენიუ
განმარტებანი
ძიება
გამოკითხვა
რამდენი ისწავლე ჩვენი საიტიდან?
სულ პასუხი: 72
Video
სტატისტიკა
MAIMUNI.COM

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

» საიტზე დარეგისტრირებული
სულ: 62
თვის განმავლობაში: 0
კვირის განმავლობაში: 0
გუშინდელი: 0
დღევანდელი: 0
» მათ შორის
საიტის ადმინი: 2
სერვერის ადმინი:
მოდერები: 0
მომხმარებელი: 6
მნახველი: 54
» მათ შორის
კაცი: 12
ქალი: 12
კონტაქტი
===================== o.datuadze@gmail.com =====================
=====================
ლინკები
Copyright ოთო (იონა) დათუაძე © 2024