E მამა პაისი მთაწმინდელი-ბავშვების შობა - 15 დეკემბერში 2009 - წმინდა იონა
ყოველი დღე, ყოველი გათენებული დილა, ეს არის უდიდესი წყალობა ღვთისა, ამიტომ დილიდან მადლობას უნდა ვწირავდეთ უფალს. ილია II

WWW.IONAA.TK & WWW.OTO.UCOZ.RU   http://sibrdzne.com/

შემოსული ხართ Guest| ჯგუფი "Guests" |მთავარი | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | გამოსვლა | შესვლა |სიახლის დამატება
|
საიტის მენიუ
კატეგორიები
გალობები
"ჩვენი ტაძარი"
ქადაგებები
წმინდანთა ცხოვრება
მოახლოებული დღესასწაულები
სხვა..
ვიდეო მასალები
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
ხალხური სიმღერები
აუცილებელი ლიტერატურა
გალობები
Qriste agsdga !



გალობები მომაწოდა LONGUS-მა

შესვლის ფორმა.
ლოგინი:
პაროლი:
ჩანაწერების არქივი
მთავარი » 2009 » დეკემბერი » 15 » მამა პაისი მთაწმინდელი-ბავშვების შობა
11:13
მამა პაისი მთაწმინდელი-ბავშვების შობა

წმიდა იოაკიმე და ანა - ყველაზე უვნებელი მეუღლეების წყვილი

- წმიდაო მამაო, ცოტაოდენი რამ წმიდა იოაკიმესა და ანას, ღვთისმშობლის მშობლების შესახებ გვიამბეთ. ერთხელ თითქოს აპირებდით, რომ ამაზე გესაუბრათ.

- ბავშვობის წლებიდან ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მშობლებისადმი განსაკუთრებულ მოწიწებას ვგრძნობდი. იმასაც კი ვითხოვდი, - რომ ბერად აღკვეცის შემდეგ ჩემთვის იოაკიმე დაერქმიათ. როგორ დავალებულები ვართ მათგან! წმიდა იოაკიმე და ანა ამ ქვეყნად ოდესმე არსებულ ცოლ-ქმარს შორის ყველაზე უვნებელი წყვილი იყო. მათში საერთოდ არ არსებობდა სიბრძნე ამა სოფლისა.

სწორედ ამგვარად შექმნა ღმერთმა ადამიანი და მას სურდა, რომ ადამიანები სწორედ ამგვარადვე - უვნებლად დაბადებულიყვნენ. მაგრამ ცოდვით დაცემის შემდეგ მამაკაცისა და ქალის ურთიერთობაში ვნება გაჩნდა. და ამის შემდეგ მხოლოდ იოაკიმე და ანა იყო უვნებელი ცოლ-ქმარი, რომელთაგანაც იშვა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, ეს უწმიდესი ქმნილება, რომელშიც შემდეგ თავად ქრისტე განხორციელდა. ზრახვა მეუბნება, რომ ქრისტე უფრო ადრეც მოევლინებოდა ქვეყნიერებას, თუკი ისეთი წმიდა წყვილი, როგორებიც იყვნენ იოაკიმე და ანა, უფრო ადრე იარსებებდა დედამიწაზე. რომის კათოლიკები ცდუნებულნი არიან, თითქოსდა ღვთისმოსაობიდან გამომდინარე მათ სწამთ, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი დაიბადა პირველქმნილი ცოდვის გარეშე. მაშინ, როდესაც ის სწორედაც რომ არ იყო გათავისუფლებული პირველქმნილი ცოდვისაგან, მაგრამ, მიუხედავად ამისა, დაიბადა იგი სწორედ ისევე, როგორც ღმერთს სურდა, რომ შობილიყვნენ ადამიანები - პირველი ადამიანის შექმნისთანავე. იგი იყო ყოვლაფწმიდა იმიტომ, რომ უვნებელად ჩაისახა. ყოვლადწმიდა ღვთისმმობლის წმიდა მშობლები მხურვალედ ევედრებოდნენ ღმერთს, რომ მათთვის შვილი ებოძებინა, ხოლო ამ ვედრების შემდეგ ისინი შეერთდნენ არა ხორციელი ვნებით, არამედ - ღვთის მორჩილებიდან გამომდინარე. სინაზე ცხოვრების დროს ამ ამბავში ერთმა სასწაულებრივმა მოვლენამ დამარწმუნა.

თავშეკავება ცოლ-ქმრულ ცხოვრებაში

ღმერთმა ყოველივე კეთილად შექმნა. მამაკაცი ბუნებრივად გრძნობს ქალისადმი ლტოლვას, ქალი კი - მამაკაცისადმი. ეს ლტოლვა რომ არ არსებობდეს, ოჯახის შექმნაზე არავინ იფიქრებდა. ადამიანები აუცილებლად იფიქრებდნენ იმ სირთულეების შესახებ, რომლებიც მოსდევს ხოლმე შედეგად ოჯახურ ცხოვრებას და რომლებიც ბავშვების აღზრდასა და სხვა ოჯახურ პრობლემებთან არის დაკავშირებული. ამიტომ ალბათ დაქორწინებას ვერავინ გაბედავდა.

პირველქმნილი ადამიანების ცოდვით დაცემის შემდეგ კაცთაგან ნაწილს შეუძლია ფლობდეს ერული სიბრძნის ხუთ პროცენტს, სხვებს - ათ პროცენტს, კვლავ სხვებს - ოცდაათ პროცენტს და ასე შემდეგ. მაგრამ დღეს სად იპოვი ისეთ ადამიანებს, რომელთაც ერული სიბრძნის მხრლოდ ხუთი პროცენტი აქვთ, ანუ ადამიანებს - წმიდა ქალწულებრივი სიბრძნით?! თუმცა, რაც უნდა იყოს, ყველა ადამიანს ღვთისაგან უვნებელობის მიწვდომის შესაძლებლობა აქვს მიცემული - თუკი ის საკუთარ თავზე ღვთისმოსაურ ღვაწლს იტვირთავს.

ის ფაქტი, რომ ადამიანმა ოჯახური ცხოვრების გზა აირჩია, ვერ გაამართლებს მას, თუკი დაავიწყდება, რომ კაცი მხოლოდ ხორცი კი არ არის არამედ - სულიც. ამის დავიწყება და საკუთარი თავის და საკუთარი ვნებების აულაგმავად მიშვება არ შეიძლება. მეუღლეებმა უნდა აიღონ ღვაწლი, რომ ხორცი სულს დაუმორჩრლონ. თუკი მოძღვრის ხელმძღვანელობით მეუღლეები სულიერად ცხოვრებას ცდილობენ, თანდათანობით ისინი გემოს გაუგებენ იმ სიხარულს, რომელიც სულიერია, ზეციურია. ამის შემდეგ ხორციელი სიხარულისაკენ ლტოლვა მათში განელდება. მეუღლეებმა თავშეკავება უნდა ისწავლონ, რომ ხორციელი ვნება საკუთარ შვილებსაც არ გადასცენ. თუკი მშობლები მთლიანად ხორციელ ვნებებს არიან მიცემულნი, მათი შვილიც მსგავსი მიდრეკილებებით გამოირჩევა. ეს იმის გამო ხდება, რომ მან ხორციელი აზროვნება მშობლებისაგან მემკვიდრეობით მიიღო. თავდაპირველად, როგორც ნებისმიერი სხვა მემკვიდრული თვისება, ხორციელი აზროვნება რბილი და ნაზია, ის ნედლ ჭინჭარს ჰგავს, რომელიც არ სუსხავს და მის ფოთლებთან შეხება შესაძლებელია. მაგრამ, როდესაც გაიზრდება, ფოთლებიც მსუსხავი გახდება. ასევეა ერული სიბრძნეც, თუკი მას ადრეულ ასაკში არ მოიკვეთ, როდესაც გაიზრდები, ამისთვის მცირეოდნი ღვაწლის ტვირთვა როდი იკმარებს.

ადამიანური ლოგიკა ღვთის ნებასთან და შვილების შობასთან მიმართებაში

ხშირად მომმართავენ მეუღლეები, რომლებიც შეშფოთებას გამოთქვამენ ხოლმე შვილების შობასთან დაკავშირებით და მეკითხებიან, როგორ უნდა მოიქცნენ. ზოგიერთ წყვილს სურს, რომ ერთი ან ორი შვილი ჰყავდეს, სხვებს კი მრავალშვილიანობა უნდათ. ყველაფერს კი ის აჯობებს, თუკი ისინი შვილების შობის საკითხს ღმერთს მიანდობენ. მეუღლეებმა საკუთარი ცხოვრება ღვთის განგებულებას უნდა მიანდონ და გეგმები თავისით არ დასახონ. მათ უნდა სწამდეთ, რომ ღმერთი, რომელიც ცაში მფრინავ ფრინველებზეც კი ზრუნავს, მათი შვილების მიმართ გაცილებით მეტ მზრუნველობას გამოავლენს. მახსენდება ერთი მეზღვაური, რომელიც თვრამეტი წლის ასაკშა დაქორწინდა. თვითონაც ღარიბი იყო და ცოლადაც ღარიბი ოჯახის ქალიშვილი მოიყვანა. რაღაც სარდაფი დაიქირავეს და იქ მოეწყნენ. ცოლსაც დაბალხელფასიანი სამუშაო ჰქონდა და ძალიან ღარიბად ცხოვრობდნენ. წარმოიდგინეთ, რომ მაგიდის ნაცვლად ყუთი ედგათ, რომელიც ოდესღაც ნაყიდი ფორთოხლებისაგან დარჩენოდათ. შემდეგ შვილები შეეძინათ. მათ გასაზრდელად თავად პურსა და წყალზე გადადიოდნენ. თუმცა შემდეგ თანდათანობით გამდიდრდნენ და კარგად ცხოვრობდნენ.

არიან მეუღლეები, რომლებიც ცდილობენ, ჯერ სხვა პრობლემები მოაწესრიგონ და მხოლოდ ამის შემდეგ ფიქრობენ შვილების ყოლას. ასეთი ადამიანები საერთოდ არ ითვალისწინებენ ღმერთს. სხვა წყვილები კი ამბობენ: „თანამედროვე ცხოვრება ადვილი არ არის. ერთი ბავშვი გვეყოლება, ესეც გვეყოფაა ახლა ხომ ამ ერთის გაზრდაც ძნელია“. და ერთზე მეტ შვილს არ აჩენენ. ეს ადამიანები ვერც კი ხვდებიან, თუ რამდენად დიდი ცოდვაა მსგავსი ფიქრები და მოქმედება, როდესაც ღვთისადმი არანაირ ნდობას არ ავლენენ, ღმერთი „გულმტკივნეულია“, ის თავად აღარ მისცემს მეუღლეებს შვილებს, თუკი დაინახა, რომ მათი გაზრდა აღარ შეუძლიათ.

ზოგიერთი დაქორწინებისას არ ფიქრობს იმაზე, რომ ცოლქმრული ცხოვრების მიზანი სწორედ შვილების შობასა და მათ ქრისტიანულ აღზრდაში მდგომარეობს. ადამიანებს შვილები იმიტომ არ უნდათ, რომ ცხოვრება ზედმეტი საზრუნავით არ დაიმძიმონ, მერე კი ოჯახებში კატებსა და ძაღლებს ინახავენ. მიამბობდნენ, რომ ამერიკაში ძაღლების ნაცვლად ზოგიერთ ოჯახში ძალიან ძვირფასი ჯიშის ღორები ჰყავთ. ეს ღორები პატარები რჩებიან, არ იზრდებიან. ისინი სწორედ იმისთვისაა გამოყვანილი, რომ ოჯახებში იყოლიონ. ადამიანები შვილებს არ აჩენენ, იმიტომ რომ მათი მოვლა და დაბანა არ დასჭირდეთ. გოჭებს კი რა - არ ბანენ? ძაღლი - კიდევ ჰო, ბოლოს და ბოლოს დარაჯია. მაგრამ ოთახში ღორის ყოლა?! საშინელებაა!ავსტრალიაში რომ ვიყგვი, დაბერებული ძაღლებისა და კატების თავშესაფარი ვნახე. იქ სასაფლაოც კი იყო ცხოველებისათვის. ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ადამიანები თაგვებს დაიჭერენ და კატების გამოსაკვებად კონსერვებს დაამზადებენ, ხოლო კურდღლებსა და ბოცვრებს ძაღლების საჭმელად დააკონსერვებენ. სწორედ ამ დროს კი სხვა ადამიანები შიმშილით დაიხოცებიან. და აბა შეხედე, ვინმემ ძაღლი რომ მოკლას, გამორიცხული არაა ამისთვის მეტი ფულის გადახდა მოუწიოს, ვიდრე მაშინ მოუწევდა, ადამიანი რომ მოეკლა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იმაზეცაა დამოკიდებული, თუ ვის ეკუთვნოდა ეს ძაღლი. სადამდე დავეცით!.. ჩვენს დროში ადამიანი ძაღლზე იაფად ფასობს.

ძალინ მაოცებს ისიც, რასაც ზოგიერთი ღვთისმსახური ამბობს. ერთხელ ჩემთან სენაკში მომლოცველები მოვიდნენ და მკითხეს: „წმიდაო მამაო, განა წმიდა იოანე ოქროპირი სადმე წერს, რომ მეუღლეებმა შვილები არ უნდა შობონ?“ მე გამიკვირდა: „რას ამბობთ, სად მოისმინეთ ასეთი რამ?“ „აი, ამა და ამ მოძღვარმა გვითხრა!“ მიპასუხეს მათ. როდესაც ამ სასულიერო პირს შევხვდი, ვკითხე: „ასეთი რამ მართლა თქვი?“ „ვთქვი“, - მომიგო. „კი მაგრამ, სად წაიკითხე?“ გამიკვირდა მე. „წმიდა იოანე ოქროპირი ამას ამბობს ნაშრომში ქალწულების შესახებ“, - მარწმუნებდა ის. მაშინ ვუთხარი: „აბა, ყური მიგდე, მე წმიდა იოანე ოქროპირის ეს ნაშრომი არ წამიკითხავს, მაგრამ წმიდანი ასეთ რამეს არ იტყოდა. მას რაღაც სხვა ექნებოდა მხედველობაში. მომიტანე წიგნი, რომ ვნახო, სინამდვილეში რა წერია იქ“. მომიტანა წიგნი და ის ადგილიც მაჩვენა. დავიწყე კითხვა და ვხედავ, რომ წმიდა მამა ასეთ რამეს წერს: „ახლა ადამიანები გამრავლდნენ და ქალწულებაში ცხოვრება თქვენთვის გაცილებით ადვილია: ძველ დროში რომ იყო, ისე აღარ არის, მაშინ ადამიანებს შთამომავლობა აუცილებლად უნდა დაეტოვებინათ“. ანუ, წმიდანი არ ამბობს: „ნუ შობთ შვილებს“, მაგრამ ეს მოძღვარი თავისაზე იდგა. მღვდელია, საღვთისმეტყველო განათლება აქვს მიღებული და ასეთ სისულელეს კი ლაპარაკობს! მას უნდა, რომ ნაკითხად გამოჩნდეს, - წმიდა იოანე ოქროპირის საღვთისმეტყველო მემკვიდრეობის მკვლევარად და მიმდევრად, რომ მას ადამიანები კარგ მოძღვრად თვლიდნენ! იცით კი რაოდენ დიდი ბოროტება მოაქვს ასეთ მცდარ განმარტებებს ადამიანებისათვის, რომელთაც სურთ, რომ საკუთარი ბოროტი ზრახვები დაიკმაყოფილონ?!

დღეს ერულად მცხოვრები მრავალი ადამიანისათვის ოჯახის ქონა სრული უაზრობაა. ამიტომ ასეთი ადამიანები დღეს არ ქორწინდებიან, ანდა - ქორწინდებიან და თავს არიდებენ შვილების შობას, ისინი აბორტების საშუალებით კლავენ საკუთარ შვილებს და ამით თვითონვე ანადგურებენ საკუთარ მოდგმას. ანუ - ღმერთი კი არ ანადგურებს ადამიანებს, ისინი თავად ინადგურებენ თავს. მაშინ, როდესაც მორწმუნე და ღვთის მცნებათა აღმასრულებელი ადამიანები საღვთო მადლს მიიღებენ, იმიტომ, რომ ღმერთი მოვალეა, - თუ შეიძლება, რომ ეს ასე ითქვას, - დაგვეხმაროს იმ მძიმე წლებში, წინ რომ გვიდევს. ვხედავთ ქრისტიანებს, რომელთაც ოჯახები აქვთ და ღვთის შიშით ზრდიან ბავშვებს, რამდენი შვილიც არ უნდა მიეცეთ მათ ღვთისაგან. ამგვარი ოჯახიდან გამოსული ყველა ბავშვი გაწონასწორებული და ბედნიერია. ეს ბავშვები ღვთისგან არიან დალოცვილნი. ისინი კარგი, თანაგრძნობის შემძლე ადამიანები იზრდებიან. აი, ჩვენ ყოველთვის ვკითხულობთ: „რა ელის ქვეყნიერებას?“ მაგრამ ამავდროულად ვხედავთ, როგორ იკრებს ძალას დღეს საღვთო მადლი და ზრდის კეთილ თაობებს. ეშმაკი ყველაფრის დანგრევას ეცადა, მაგრამ სახიერი ღმერთიც ხომ ცდილობს! იგი არ დაუშვებს, რომ ჩვენი ხალხი აღიგავოს პირისაგან მიწისა.

სირთულეები შვილების შობასთან დაკავშირებით

- წმიდაო მამაო, თუკი მართლმადიდებლი ქალი უშვილოა, შეიძლება, რომ კურთხევის ნიშნად მივცეთ მას ის სარტყელი, წმიდა არსენი კაპადოკიელის წმიდა ნაწილებზე ჯვრის სახედ რომ ვაწყობთ ხოლმე, რა თქმა უნდა, თუკი მას ამის სურვილი ექნება?

- მას წმიდანის ძალისა სჯერა, თუ დახმარვბის მიღება რაიმე მაგნიტური საშუალებით სურს? თუკი სარწმუნოება აქვს, მისთვის ასეთი სარტყელის ტარება შეიძლება.

ზოგიერთი უნაყოფო ქალი არ დაქორწინდა მაშინ, როდესაც ეს საჭირო იყო და ამიტომ ახლა მათთან მიმართებაში საღვთო კანონები ამოქმედდა. ზოგიერთი წუნია ქალიშვილი იწყებს საქმროს რჩევას: „არა, ეს არ მომწონს, ის კი ჩემი გემოვნებისა არ არის“. ასეთი ქალიშვილი ერთ ყმაწვილს ცოლობაზე თანხმობას აძლევს და თან თვალი მეორეზე უჭირავს, ამიტომ პირველს არას ეუბნება, ის კი თვითმკვლელობამდე მიდის, იმის ნაცვლად, რომ ღვთისმოსაობით მიუდგეს საკითხს და მადლიერი იყოს, რომ ამ ქალმა თავიდანვე მოატყუა ანუ, ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე დაქორწინდებოდნენ და არა - მას შემდეგ. აბა, როგორ ოჯახს შექმნიდა ასეთი ქალიშვილი? არიან ისეთი ქალებიც, რომელთა უნაყოფობის მიზეზი ახალგაზრდობის წლებში მათი უწესო ცხოვრებაა. უნაყოფობის მიზეზი შეიძლება გახდეს უაზრო კვება, რადგანაც არის ისეთი საკვები პროდუქტები, რომლებიც უამრავ ქიმიკატსა და ჰორმონს შეიცავს.

არიან ისეთი ცოლ-ქმრული წყვილები, რომელთაც სურთ, რომ სასწრაფოდ ჰყავდეთ შვილი, - მაშინათვე, როგორც კი დაქორწინდებიან. მაგრამ, თუკი ბავშვის გაჩენა ყოვნდება, ეს უდიდესი შეშფოთებისა და მღელვარების მიზეზი ხდება. შვილს როგორ გააჩენენ, როდესაც თავად ისინი მღელვარებითა და სულიერი შფოთით არიან აღსავსენი?! ისინი მაშინ შეძლებენ შვილის ყოლას, როდესაც ამ შფოთსა და სულიერ მღელვარებას განდევნიან და საკუთარ ცხოვრებას სწორ სულიერ კალაპოტში წარმათავენ.

ზოგჯერ ღმერთი განგებ აყოვნებს და რომელიმე ცოლქმრულ წყვილს შვილს ქორწინებისთანავე არ აძლევს. აბა უყურეთ, განა მან ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მშობლებს წმიდა იოაკიმესა და ანას და წმიდა ზაქარიასა და ელისაბედს შვილები სიბერეში არ მისცა? რათა ამით კაცთა მოდგმის ცხონების უდიდესი საქმე აღესრულებინა.

მეუღლეები ყოველთვის მზად უნდა იყვნენ, რომ თავიანთ ცხოვრებაში ღვთის ნების მიღება შეძლონ. ღმერთი არ ტოვებს იმ ადამიანს, ვინც საკუთარ თავს სრული მინდობით გადასცემს მის ხელს. ჩვენ არაფერს არ ვაკეთებთ, მაგრამ რამდენ რამეს აკეთებს ჩვენთვის ღმერთი! რაოდენი სიყვარულითა და სიუხვით გვანიჭებს იგი ყველაფერს! განა არსებობს ისეთი რამ, რისი გაკეთებაც ღმერთს არ შეუძლია? ერთ ცოლ-ქმარს ხუთი შვალი ჰყავდა, მაგრამ შვილებმა ოჯახები შექმნეს და მშობლების სახლი დატოვეს, დედა და მამა მარტონი დარჩნენ. მაშინ მათ გადაწყვიტეს, კიდევ ერთი შვილი ჰყოლოდათ, რომ ის სიბერეში მათ გვერდით ყოფილიყო. ქალი უკვე იმ ასაკში იყო, როდესაც დაორსულება შეუძლებელია და ადამიანური თვალსაზრისით მათ სურვილს აღსრულება არ ეწერა. მაგრამ, ამისდა მიუხედავად მეუღლეებს ღვთის უდიდესი იმედი ჰქონდათ. და მართლაც შეეძინათ ვაჟი, რომელიც მათი სიბერის ნუგეშინისმცემელი გახდა. მათ ისიც ფეხზე დააყენეს და საზოგადოებაში გამოიყვანეს.

ბავშვების შობა მხოლოდ ადამიანზე როდია დამოკიდებული. ამას ღმერთი განაგებს. როდესაც დაინახავს, რომ ცოლ-ქმარმა, რომელსაც ბავშვების გაჩენასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს, უდიდესი სიმდაბლე მოიპოვა, არა მარტო შვილს მისცემს ამ ადამიანებს, არამედ, მრავალშვილიანობითაც დააჯილდოებს მათ. მაგრამ, თუკი იგი ცოლ-ქმარში გულცივობასა და ეგოიზმს ხედავს, მათ სურვილს არ აღასრულებს, რადგანაც თუკი შეიბრალებს და შვილებს მისცემს, ისინი მათაც იმავე გულცივობასა და ეგოიზმს ჩაუნერგავენ. მეუღლეებმა სრულად უნდა მიანდონ ღმერთს საკუთარი თავი. მათ უნდა თქვან: „ღმერთო ჩემო, შენ ჩვენს სასიკეთოდ ზრუნავ, იყავნ ნება შენი“ [10]. მათ ვედრებას მხოლოდ ამ შემთხვევაში აღასრულებს ღმერთი. ღვთის ნება ხომ მხოლოდ იმ შემთხვევაში სრულდება, როდესაც ვამბობთ: „იყავნ ნება შენი“. და სრული მინდობით საკუთარ თავს ღვთის ხელს გადავცემთ. მაგრამ, თუმცა ჩვენ ვამბობთ „იყავნ ნება შენი“, ამავდროულად ჩვენს საკუთარ ნებაზე ვდგავართ. აბა ასეთ ვითარებაში რის გაკეთებას შეძლებს ღმერთი ჩვენთვის?!

ცოლ-ქმრის უნაყოფობა

- წმიდაო მამაო, ერთმა ცოლ-ქმრულმა წყვილმა მოგვმართა. ერთსაც და მეორესაც თალასემიის ფარული სიმპტომები აქვთ. მათ გვკითხეს, უნდა იყოლიონ თუ არა შვილები. ჩვენ კი შევთავაზეთ, რომ რჩევა მათი მოძღვრისგან მიიღონ.

- მოძღვარს ასეთი ცოლ-ქმრისათვის შვილების ყოლის აკრძალვის ნება არ აქვს. სულიერმა მოძღვრებმა ასეთ ადამიანებში ღვთისმოსაობა . უნდა აღძრან და მათ თავშეკავებისკენ მოუწოდონ. მოძღვარს ასეთი წყვილების მიმართ დიდი განსჯით გამომუშავებული შემწყნარებლობა მართებს.

- წმიდაო მამაო არიან ისეთი წყვილები, რომლებიც ძალიან სულიერად ცხოვრობენ და ბავშვის ყოლა სურთ, მაგრამ მათი ეს სურვილი არ სრულდება.

- ბევრ ადამიანს ღმერთი შვილებს იმიტომ არ აძლევს, რომ მთელი ქვეყნის ბავშვები საკუთარი შვილებივით შეიყვარონ და ამ ბავშვების სულიერ განახლებასა და აღორძინებას შეუწყონ ხელი. ერთ კაცს შვილები არ ჰყავს, მაგრამ როდესაც ის სახლიდან გამოდიოდა, მეზობელი სახლებიდან ბავშვები გამოცვივდნენ და უდიდესი სიყვარულით გარს შემოერტყნენ. სამსახურში წასვლის საშუალებას არ აძლევდნენ. ხედავთ? ღმერთმა ამ ადამიანს არ მისცა საკუთარი შვილები, მაგრამ მისცა კურთხევა და მეზობლის ბავშვებს ის საკუთარი მამასავით უყვართ, ის კი მათ თავისებურად - სულიერად ეხმარება. ღვთის სამართალი ხომ უფსკრულია!

სხვა შემთხვევაში ღმერთი მეუღლეებს შვილს იმისთვის არ აძლევს, რომ მათ ობოლი იშვილონ. მე ვიცნობდი ერთ კეთილ ქრისტიანს - ადვოკატს. ერთხელ, როდესაც იმ ქალაქში მოვხვდი, სადაც ის ცხოვრობდა, მის სახლში მივედი. ძალიან გულთბილად მიმიღო და მთელი დღის განმავლობაში მასთან სტუმრად დავრჩი. მისი მეუღლეც გავიცანი. ისიც ქმრის მსგავსად სათნოებებით იყო შემკული. მისგან შევიტყვე, თუ რაგვარ სულიერ ცხოვრებას მისდევდა მისი ქმარი. ხოლო კაცმა კი მიამბო თავისი ცოლის სულიერი ცხოვრების შესახებ.

შემდეგ კი ამ ადამიანების შესახებ მე სხვა ქრისტიანებისაგან შევიტყვე. მათგან, ვინც ამ წყვილისაგან სხვადასხვაგვარი შემწეობა მიიღო. ეს ადამიანი ხშირად ეწეოდა ადვოკატის პრაქტიკას. როდესაც ნახავდა, რომ მსჯავრდებული მართლაც არამზადაა, არა მარტო უარს ამბობდა მის დაცვაზე, არამედ მკაცრადაც ამხელდა, რათა იგი გონს მოეყვანა. მაგრამ, როდესაც ხედავდა, რომ მსჯავრდებული დამნაშავეა, მაგრამ სინანულს განიცდის, ის მისი საქმის კეთილად მოგვარგბას ცდილობდა და ყველაფერს აკეთებდა, რომ მსჯავრი რაც შეიძლება, მსუბუქი ყოფილიყო. თუ დარწმუნდებოდა, რომ რომელიმე საბრალო ადამიანს ტყუილ-უბრალოდ სდებდნენ ბრალს, სრულიად უანგაროდ იწყებდა მის დაცვას და საწყალი ადამიანის გამართლებას სასამართლოზე მთელი მონდომებით ცდილობდა. ეს ადამიანი უაღრესად უბრალოდ ცხოვრობდა. ამიტომ ის მცირეოდენი ფული, რომელსაც იგი გამოიმუშავებდა, მისი ცხოვრებისათვის სრულიად საკმარისი იყო. ასევე იმისათვისაც, რომ ღარიბ ოჯახებს დახმარებოდა. ამ მორწმუნე ადვოკატის სახლი იყო ოაზისი იმ ქალაქის სულიერ საჰარაში, სადაც იგი ცხოვრობდა. აქ თავს იყრიდნენ ტანჯული, ღატაკი, უმუშევარი ადამიანები. მოდიოდნენ ასევე ისინიც, ვისაც ოჯახურ ცხოვრებაში უსიამოვნებები ჰქონდა. და ყველა ამ საბრალო ადამიანის დასახმარებლად მიდიოდა იგი, მშობელ მამასავით მხარში ედგა მათ. ამ ადამიანს ჰყავდა ნაცნობები - თანამდებობის პირები. მათ ის უყვარდათ და უაღრესად აფასებდნენ. ამიტომ, როდესაც იგი თავის მაღალღირსეულ ნაცნობს ურეკავდა და რომელიმე საბრალო ადამიანზე თხოვდა, რომ მას რაიმე საქმეში ან ავადმყოფობაში დახმარებოდა, მას უარს არავინ ეუბნებოდა. სწორედ ამგვარადვე იღწვოდა მისი ცოლიც. იგი ეხმარებოდა ღარიბ ბავშვებსა და ახალგაზრდებს, რომელთაც განათლების მიღების საშუალება არ ჰქონდათ. ის მათთვის მშობელ დედასავით იყო. თუმცა ჩემთან საუბარში ამ ქალს შემთხვევით ერთხელ მაინც წამოსცდა: „მამაო, ქორწინებამდე უფროსი კლასების მასწავლებელი ვიყავი. მაგრამ, გათხოვებისთანავე მივატოვე სამსახური, რადგანაც გადავწყვიტე, რომ კარგი დედა გავმხდარიყავი. ღმერთს ვთხოვდი, რომ ჩემთვის ბალიან ბევრი, თუნდაც ოცი შვილი მოეცა, მაგრამ საუბედუროდ, ერთიც კი არ მომცა“. მაშინ მე მივუგე: „შენ, დაო, ხუთასზე მეტი შვილი გყავს, და მაინც ჩივი? ქრისტემ დაინახა შენი კეთილი ნება და ამისათვის სამაგიეროს მოგაგებს. დღეს, როდესაც ამდენი ბავშვის ხელახლა შობას უწყობ ხელს, შენ მათთვის უკეთეს დედად ითვლები, ვიდრე სხვები. შენ თვით მრავალშვილიანი დედებიც კი უკან ჩამოიტოვე და ის სამაგიეროც, რომელსაც მიიღებ, ასევე გაცილებით დიდი იქნება, რადგანაც სულიერი ხელახლაშობისას ბავშვები საკუთარ სულიერ მომავალს მარადიულ ცხოვრებაში უზრუნველყოფენ“. ყველაფერთან ერთად ამ ადამიანებმა იშვილეს გოგონა, რომლის სახელზედაც ჩაწერეს მთელი ქონება. ნაშვილები ქალიშვილი უვლიდა მათ სიბერეში, დამარხა ისინი და ამის შემდეგ მონასტერს მიაშურა. მაგრამ ამ ადამიანების თვით სახლიც ხომ ნამდვილი მონასტერი იყო! იქ საეკლესიო მსახურებები აღესრულებოდა. მწუხრსა და სერობაზე მათთან ერთად სხვა ქრისტესმიერი დები და ძმებიც ლოცულობდნენ. ხოლო შუაღამიანსა და ცისკარს ისინი სამნი კითხულობდნენ. ეს კურთხეული ადამიანები მრავალ ტანჯულს დაეხმარნენ. დაე, უფალმა განუსვენოს მათ სულებს.

ამიტომაც ვამბობ, რომ ყველაზე საუკეთესო და ყველაზე მრავაშვილიანი მამა ეს ის ადამიანია, რომელის სულიერად ხელახლა იშობა და მთელი ქვეყნიერების ბავშვების სულიერ ხეალახალ შობას შეეწევა. რათა მათ საკუთარი სულების სამოთხეში დამკვიდრება უზრუნველყონ.

- წმიდაო მამაო, ზოგიერთი ცოლ-ქმარი, რომელიც უშვილობით იტანჯება, გადაწყვეტს ხოლმე, რომ ჩვილი იშვილოს.

- დიახ, ასეთი ადამიანები კარგს იზამენ, თუ ბავშვს იშვილებენ, სულაც არ არის საჭირო, რომ საკუთარი შვილის ყოლის სურვილი ეგოისტურ ახირებად ექცეთ. ადამიანის სურვილი და ღვთის ნება ყოველთვის როდი ემთხვევა ერთმანეთს.

- წმიდაო მამაო, უნდა უთხრას თუ არა მშობლებმა ნაშვილებ ბავშვს, რომ ის მათი ნამდვილი შვილი არ არის, როდესაც იგი გარკვეულ ასაკს მიაღწევს?

- უკეთესია, თუ ბავშვის გაზრდის შემდეგ ისინი ამას ეტყვიან, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ასეთ მშობლებს შვილი ძლიერად და სწორად უყვარდეთ. არიან ბავშვები, რომელთაც სხვა, უცხო ადამიანები საკუთარ მშობლებზე მეტად უყვართ, იმიტომ, რომ მათ მშობლებში სიყვარული არ არის.

აბორტის საშინელი ცოდვა

- წმიდაო მამაო, ერთი ორმოცი წლის ქალბატონი - უკვე მოზრდილი შვილები დედა, დაორსულდა და ახლა მესამე თვეშია. ქმარი მოითხოვს, რომ აბორტი გაიკეთოს, თუ არა და - გაყრით ემუქრება.

- თუკი აბორტს მართლაც გაიკეთებს, მისი სხვა შვილები ამას მათზე მოწევნული ავადმყოფობებითა და უბედური შემთხვევებით ზღავენ. დღეს მშობლები საკუთარ შვილებს აბორტებით კლავენ და ამით ღვთის კურთხევას აკლდებიან. ძველ დროში, თუ ავადმყოფი ბავშვი დაიბადებოდა, მაშინათვე ნათლავდნენ და ის ანგელოზად კვდებოდა. მისი იმქვეყნიური ხვედრი უკვე აღარანაირ ეჭვს და შეშფოთებას აღარ იწვევდა. მშობლებს სხვა, ჯანმრთელი შვილები რჩებოდათ და ამასთან მათზე იყო კურთხევა ღვთისა. დღეს კი სრულიად ჯანმრთელ ბავშვებს მშობლები აბორტებით კლავენ.

- წმიდაო მამაო, სადღაც წავიკითხე, რომ მთელს მსოფლიოში ყოველწლიურად ორმოცდაათი მილიონი აბორტი კეთდება და ამას ორასი ათასი ქალი ეწირება.

- ბავშვებს ვითომდა იმიტომ კლავენ, რომ თუკი მოსახლეობა გაიზრდება, როგორც ამბობენ, მისი გამოკვება შეუძლებელი გახდება. ადამიანებისათვის ყველაზე აუცილებელი რაღაცეებიც კი აღარ იქნება საკმარისი. მაგრამ ამდენი მინდორი და ტყე რომ ცარიელდება! თანამედროვე ტექნიკის საშუალებით ხომ შესაძლებელია, ისინი სწრაფად გადაიქცეს ვთქვათ, - ზეთისხილის კორომებად, რომლებსაც შემდეგ გაჭირვებულებს მისცემენ. ამასთან უკვე იმის საშიშროებაც აღარ იქნება, რომ ჟანგბადის ნაკლებობა შეიქმნება, იმიტომ, რომ ველური ხეების ადგილს კულტურული ნარგავები დაიკავებენ. ამერიკაში მარცვლეულს წვავენ, ჩვენთან კი - საბერძნეთში ხილსა და სხვა ნაყოფს მიწაში მარხავენ, რომ მათი ფასი არ დაეცეს. ამავე დროს აფრიკაში ხალხი შიმშილით წყდება. როდესაც აბისინიაში საშინელი გვალვა იდგა და ხალხს უწყლობა ანადგურებდა, ერთ ნაცნობ გემთმეპატრონეს, რომელიც მსგავს შემთხვევაში ხალხს ეხმარება, ვთხოვე, რომ შესაბამის პირებთან შეეტანა თხოვნა: ნუღარ დამარხავდნენ მოჭარბებულ ბოსტნეულსა და ხილს, არამედ, ეს პროდუქტი უფასოდ გაეღოთ, დაეტვირთათ მისი ხომალდი და მოშიმშილე ხალხისთვის გაეგზავნათ. მაგრამ მიუხედავად ამ ადამიანის მრავალგზისი თხოვნისა, იგი საბოლოოდ უარით გამოისტუმრეს.

რამდენჯერ ჯერ დაუბადებელ ადამიანს კლავენ ყოველდღიურად! აბორტი - ეს საშინელი ცოდვაა! აბორტი მკვლელობაა და თანაც - განსაკუთრებულად მძიმე მკვლელობა, რამდენადაც მოუნათლავ ბავშვებს ხოცავენ. მშობლებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ადამიანის ცხოვრება მისი ჩასახვის წუთიდან იწყება.

ერთხელ, ღამით, ღვთის განგებულებით საშინელი გამოცხადება ვიხილე: სწორედ ამის შემდეგ მივხვდი, რა არის აბორტი. ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათის ღამე იყო. როგორც წესი, ორი სანთელი დავანთე და ისინი ორ კონსერვთს ქილაზე დავამაგრე. ჩვეულებრივ ეს სანთლები მაშინაც ანთია, როდესაც მე მძინავს. მათ იმ ადამიანებისთვის ვანთებ, ვინც ხორციელად და სულიერად იტანჯებიან. - მათში ვგულისხმობ როგორც ცოცხლებს, ასევე - გარდაცვლილებს. და აი, ღამის თორმეტ საათზე, როდესაც იესოს ლოცვას ვასრულებდი, მე ვიხილე ვრცელი ქვის გალავნით შემოვლებული მინდორი. მინდორი ახლადამოწვერილი მარცვლეულის თავთავებით იყო სავსე. მე გალავნს გარეთ ვიდექი, სანთლებს ვანთებდი და ქვის გალავანზე ვამაგრებდი. მარცხნივ მოჩანდა უნაყოფო ადგილი, რომელზეც მხოლოდ კლდეები და ქვის გროვები ამოშვერილიყო. ამ ადგილს გაუჩერებლად არყევდა საშინელი გუგუნი, რომელსაც ქმნიდა ათასობით სულისშემძვრელი, გულისგამგმირავი კივილი. ამ ხმების მოსმენა თვით ყველაზე უგრძნობ ადამიანსაც კი ვერ დატოვებდა გულგრილს. ეს ყვირილი მტანჯავდა და ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა, ვიდრე არ გავიგონე ხმა, რომელიც მე მომმართავდა: „მინდორი, რომელიც შემოუსვლელი თავთავითაა მოფენილი, ეს იმ ადამიანთა სულების სამყოფეღოა, რომლებიც უნდა აღდგნენ; ის ადგილი, რომელსაც მოქვითინე სულისშემძვრელი ხმები არყევს, იმ ბავშვების სულთა სამყოფელი, - აბორტების დროს რომ დახოცეს“. ამ ყველაფრის ხილვის შემდეგ ისეთი ტკივილი ვიგრძენი ამ ბავშვების სულთა ხვედრის გამო, რომ გონს ვეღარ მოვდიოდი. მაგრამ აღარც დასასვენებლად დაწოლა შემეძლო, - მიუხედავად საშინელი დაღლილობისა.

- წმიდაო მამაო, განა არ შეიძლება რაიმე ვიღონოთ იმისათვის, რომ გაუქმდეს აბორტების ლეგალიზების კანონი?

- შესაძლებელია, მაგრამ ამისათვის აუცილებლია, რომ ეკლესია და სახელმწიფო შეწუხდეს, რათა ადამიანებმა გააცნობიერონ შედეგი, შობადობის ნაკლებობას რომ მოსდევს. სასულიერო პირებმა ადამიანებს უნდა აუხსნან, რომ კანონი აბორტის შესახცბ სახარებისეულ მცნებებს უპირისპირდება. ექიმებმა - თავის მხრივ - პაციენტებს უნდა უთხრან იმ საფრთხის შესახებ, რომლის წინაშეც დგება ქალი, აბორტს რომ იკეთებს. შეხედე, ევროპელებმა თავიანთი აღზრდა მემკვიდრეობით გადასცეს შთამომავლობას. ჩვენ კი, ღვთის შიში გვქონდა, მაგრაშ ის დავკარგეთ და შვილებს მემკვიდრეობად ვერაფერი დავუტოვეთ. ამიტომაა, რომ ახლა აბორტების ნებას ვრთავთ და სამოქალაქო ქორწინებას ვაკანონებთ.

თუკი სახარებისეულ მცნებას ერთი ადამიანი დაარღვევს, პასუხისმგებლობა მხოლოდ და მხოლოდ მას ეკისრება. თუმცა, თუკი სახარებისეულ მცნებათა საპირისპირო რამ სახელმწიფოს კანონი ხდება, ღვთის რისხვა მთელ ხალხს დაატყდება თავს, რათა ამით გონს მოიყვანოს ის.

ნანახია: 1098 | დაამატა: ketevani | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მენიუ
განმარტებანი
ძიება
გამოკითხვა
რამდენი ისწავლე ჩვენი საიტიდან?
სულ პასუხი: 72
Video
სტატისტიკა
MAIMUNI.COM

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

» საიტზე დარეგისტრირებული
სულ: 62
თვის განმავლობაში: 0
კვირის განმავლობაში: 0
გუშინდელი: 0
დღევანდელი: 0
» მათ შორის
საიტის ადმინი: 2
სერვერის ადმინი:
მოდერები: 0
მომხმარებელი: 6
მნახველი: 54
» მათ შორის
კაცი: 12
ქალი: 12
კონტაქტი
===================== o.datuadze@gmail.com =====================
=====================
ლინკები
Copyright ოთო (იონა) დათუაძე © 2024