ბევრს, სამწუხაროდ, არ ესმის, თუ რა არის ამქვეყნად ადამიანის მოვლინების უმთავრესი მიზანი, რა დანიშნულება აქვს მის არსებობას. როგორც წესი, ამ თემაზე იშვიათად ფიქრობენ, ისე არიან ამქვეყნიურ ორომტრიალში ჩართულნი, მიწიერი პრობლემებით დაკავებულნი, რომ რატომღაც არ სურთ სერიოზულად იმსჯელონ: მაინც რა აზრი აქვს ჩვენს ყოფას? როდესღაც, ცხოვრების რაღაც წუთებში ალბათ ყველას გაჰკრავს გულში ამაზე ფიქრი, მაგრამ ეს იმდენად იშვიათად ხდება, ეპიზოდურ ხასიათს ატარებს, რომ არც არის სათვალავში მისაღები. ასეთ მოკლე ხანში პასუხსაც ვერ იპოვნი და თან ვინ ინტერესდება გაიგოს, თუ რა შეხედულებები არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით. რა დროს ეს არის! მისთვის თავის შეწუხება, როცა ამდენი პრობლემაა მოსაგვარებელი, ზედმეტად დროის ხარჯვად, რაღაც აბსტრაქტულ, განყენებულ კითხვაზე უნაყოფო ფიქრად, ერთგვარ არანორმალურ გადახვევადაც კი შეიძლება მოჩანდეს ამგვარი წიაღსვლები. არადა ამაზე მნიშვნელოვანი კითხვა ჩვენთვის არ არსებობს: რისთვის შვა უფალმა ადამიანი? ცნობილი მართლმადიდებელი მკვლევარი ნ.ე. პესტოვი წერს: „ათასწლოვანი კულტურული ცხოვრების შემდეგ იციან კი ბოლოს და ბოლოს, თუ რისთვის ცხოვრობენ? რა მიზანი აქვს მათ არსებობას და რა წარმოადგენს სულიერი კულტურის იდეალს? მტკიცედ შეიძლება ითქვას, რომ ადამიანთა დიდი უმრავლესობა ამ კითხვებზე პასუხს ვერ სცემს და უმთავრესად არც სვამენ მას. ისინი იმგვარად ცხოვრობენ, როგორც ეს მათ ყოფას მოაქვს, აქვთ რა საკუთარი არსებობის ქვეცნობიერი და არაცნობიერი მიზნები. ეს მიზნები კი უმრავლესობასთან იმის იქით არ ვრცელდება, გამოკვებონ, ჩააცვან და გაათბონ საკუთარი სხეული, დააკმაყოფილონ ცხოველური მოთხოვნილებები“. მაინც რა არის ადამიანის ამქვეყნად არსებობს უმთავრესი მიზანი? რა შეხედულებებსაც არ უნდა გაეცნო ამ თემასთან დაკავშირებით, მოცემულ კითხვაზე მართლმადიდებლურ პასუხზე უფრო სწორს, გამართულს ვერ შეხვდები. კატეხიზმოში - მართლმადიდებლურ სახელმძღვანელოში ვკითხულობთ „თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფრო და უფრო სრულყოფილი გახდეს და დაემსგავსოს შემქმნელს თავისას, რომლის მსგავსადაც იგი შეიქმნა“. სულიერი, პიროვნული სრულყოფაა ადამიანის არსებობის უმთავრესი მიზანი და სამწუხაროდ ეს ბევრმა არ იცის, სათანადოდ არ ესმის მრევლის მნიშვნელოვან ნაწილსაც. ეკლესიურ ხალხთან ეს ერთი მხრივ, გასაგებია. იმდენად მრავალფეროვანი, რთულია მართლმადიდებლური ლიტერატურა, სიბრძნენი, დოგმები, რომ ძნელია ყველას სათანადო ყურადღება მიაქციო. ზოგი ერთით დაინტერესდება, დაიმახსოვრებს, შეეცდება გაიაზროს, სხვა მეორეთი, ნაწილი მესამით. კატეხიზმოს ზემოთ მოყვანილი სიტყვებიც ალბათ მრევლის მრავალ წევრს აქვს წაკითხული, მაგრამ სათანადო ყურადღება არ მიუქცევია, ვერ ჩამწვდარა მის არსს, მნიშვნელობას. კიდევ სხვა ნიუანსების აღნიშვნაც შეიძლება ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ ახლა სხვა რამ არის ჩვენთვის მთავარი: ის, რომ დადგა დრო განსაკუთრებით წამოიწიოს იმ სიბრძნემ, რომ ქრისტიანული ცხოვრების არსი ეს არის სულიერი, პიროვნული სრულყოფისკენ სწრაფვა და თანდათანობით ამ მიზნის განხორციელება ეკლესიური წესების დაცვით მოტანილი ღვთიური მადლით. ერთ-ერთი პირველი და მეტად მნიშვნელოვანი, რასაც უნდა ეცნობოდეს ადამიანი ცხოვრებაში და კარგად იბეჭდავდეს გონებაში , სწორედ ეს არის ის, რომ უფლისკენ სავალი გზა წარმოუდგენელია პიროვნეული სრულყოფის გარეშე. იღუმენ ნიკონის (ვორობიოვის) მიხედვით: „ქრისტიანის სულიერ ცხოვრებაში ორი პერიოდი გამოიყოფა, 1) საკუთარი ბუნების დაცემის, ცოდვილობის, გადაგვარების და 2) სულიერი იარების თანდათანობით გამოსწორებისა. მისთვის რომ სულიერ, პიროვნულ სრულყოფას მიუახლოვდე, ჯერ საკუთარი თავი უნდა შეიმეცნო, ხოლო შემდეგ კი უნდა ისწრაფვო ნაკლოვანი მხარეების გამოსწორებისათვის. როგორ მიიღწევა ეს და თუ არის საერთოდ შესაძლებელი? ადამიანთა უმრავლესობის ცხოვრებაზე დაკვირვება საკმაოდ უიმედო განწყობას ქმნის ამ მიმართულებით. უცოდველი, უნაკლო არავინ არის და ხშირად უარყოფითი თვისებები მთელი ცხოვრების მანძილზე მიყვებათ. ზრდასრული პიროვნების შეცვლა ძალიან ძნელია, შეუძლებელი თუ არა. საკმარისად არის ეს აზრი გავრცელებული და მას რეალური საფუძველი აქვს. ერთი ფიცხია, ადვილად გამოდის წყობიდან, მეორეს სუსტი ნებისყოფა აქვს, მესამე ალკოჰოლს ეტანება ზედმეტად, რამდენი ნაკლის ჩამოთვლა შეიძლება და როგორც წესი, მთელი ცხოვრების მანძილზე მიჰყვებათ ხოლმე ისინი. ზოგჯერ არის სურვილი, მცდელობა მათი გამოსწორებისა, ვის არ უფიქრია, უთქვამს თავისთვის, ხვალიდან სხვაგვარად მოვიქცევი, უფრო თავშეკავებული გავხდები, მეტ ხასიათის სიმტკიცეს გამოვიჩენ, სიგარეტს თავს დავანებებ, აღარ დავლევ და ა.შ. დასაწყისში თითქოს არა უშავს, ინდომებენ, ცდილობენ გადააგდონ მავნე ჩვევა, მაგრამ გადის მცირე ხანი და ყველაფერი ისევ ძველ კალაპოტს უბრუნდება. ფსიქიკურ განცდათა ანალიზი რომ გაკეთდეს ამ დროს, შეგრძნებაა საკუთარი უძლურების, ხასიათის, ნებისყოფის სისუსტის, პირველი მონდომება, ენთუზიაზმი ქრება და მორჩა, ძალას ვეღარ ნახულობ სურვილის შესასრულებლად. უყურებ შენთვის ნაცნობ ადამიანებს და იგივე ნაკლოვანებებს, სუსტ მხარეებს ხედავ, რასაც ათწლეულობით ადრე ამჩნევდი, როგორ უნდა გაარღვიო ეს მოჯადოებული წრე და მიიღო რაღაც შედეგი. სურათი იცვლება, როცა უკვე არა თავის მწირი, ადამიანური შესაძლებლობებებით ცდილობენ საკუთარი ბუნების გარდაქნას, არამედ დახმარებისთვის ეკლესიას მიმართავენ. მართლმადიდებლური წესების დაცვით მოტანილი ღვთიური მადლით პიროვნება თანდათან იცვლება. ლოცვით, მარხვით, საკუთარი ცოდვების, ნაკლოვანებების მრავალჯერ აღსარებაში აღნიშვნით, თანდათანობით თავის ბუნების ისეთ სუსტ მხარეებს ასწორებენ, ადრე რომ ვერც წამოიდგენდნენ. მორწმუნე, ეკლესიურად მოღვაწე ადამიანთა ცხოვრება ამის მკაფიო, ნათელი დადასტურებაა. ამ დროს უკვე არა მეტად ნაკლული ადამიანური შესაძლებლობებით ხდება მიზნისთვის ბრძლა, არამედ უფლის დახმარებით და აქ ნათლად მჟღავნდება, რომ შეუძლებელ კაცთათვის შესაძლებელია ღვთისათვის. ერთ-ერთი სასულიერო პირი წერს: „უფალი ადამიანს მიუტევებს თუ ის ითხოვს ამის შესახებ, აღიარებს მღვდელთან აღსარებაში თავის ცოდვას, თუ მტკიცედ მოინდომებს ებრძოლოს შემდეგში თავის წარსულ ცოდვებს და მთელი ძალით შეეცდება აღარ დაუშვას ეს. რა თქმა უნდა, არ შეიძლება ადამიანი უცებ გამოსწორდეს, უეცრად მოიშოროს ყველა თავისი ცოდვილი ჩვევა, არასწორი შეხედულებები, მცდარი მსოფლმხედველობა. კაცს არ ძალუძს უცებ გახდეს წმინდანი. ცოდვებისგან, მავნე ჩვევებისგან განთავისუფლება - რთული და ხანგრძლივი საქმეა. ეს ის ამოცანაა, რომლის შესრულებისთვისაც ყველა ადამიანია უფლისაგან მოწოდებული (ვინაიდან მოწოდებული ბევრია... მათე 22,14). მის შესასრულებლად დრო გვაქვს გამოყოფილი - ეს ჩვენი სიცოცხლეა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ თავად ადამიანი ვერ შეძლებს გადაჭრას ეს ამოცანა მხოლოდ საკუთარი ძალებით - მეტად ძლიერია დემონთა და საკუთარ ცოდვილ ჩვევათა წინააღმდეგობა, ხოლო ჩვენი თავისუფალი ნება კი პირიქით, მეტად სუსტი მხოლოდ უფლის შემწეობით, მისი ღვთაებრივი ძალის (მადლის) ხელშეწყობით, რომელიც მართლმადიდებლური ეკლესიის საიდუმლოებებში მოქმედებს, შეუძლია ადამიანს შეასრულოს ის, რასაც მოელის მისგან ღმერთი“. სრულყოფის გზა ცოდვათა მონანიებას, ნაკლოვანებათა აღსარებაში ხშირად აღნიშვნას, მათი გამოსწორების სურვილს, მცდელობას გულისხმობს. სხვა საშუალება ამ მიზნის მისაღწევად არ არსებობს. განა შეიძლება სამყაროს შემოქმედმა დაუშვას, რომ უსუსურმა ადამიანმა მარტოოდენ თავის უბადრუკი შესაძლებლობებით მიაღწიოს მართალია ბევრისთვის უცნობ, გაუცნობიერებელ, მაგრამ უმთვრეს მიზანს. მაშინ უფლის არსებობა რა საჭიროა! ამიტომაც არის, რომ მხოლოდ მისი დახმარებით, ღვთიური მადლის შეწევნითაა შესაძლებელი იგი. ეს მეტად ხანგრძლივი, რთული პროცესია, რომელშიც მრავალი მომენტი გამოიყოფა, მაგრამ სხვა გზა არ არსებობს. ერთ-ერთი უმთავრესი ამ დროს აღსარებაში საკუთარი ცოდვების მონანიება, ნაკლოვანებების მრავალჯერ აღნიშვნაა. ის, რომ მღვდლის მიერ წაკითხული ლოცვით ცოდვების მიტევება ხდება, ცნობილია, მაგრამ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ნაკლოვანებების გამოსწორებისას მათი ხშირად აღსარებაში აღნიშვნა, ეს შეიძლება ბევრს არ ესმოდეს. როდესაც ერთი და იგივე ნაკლს მრავალჯერ ეუბნებიან მღვდელს და თან ამავე დროს თვითონაც ცდილობენ მის გამოსწორებას, შედეგი შთამბეჭდავია. დროთა განმავლობაში ისეთი სუსტი მხარეების გამოსწორებას ახერხებენ, ადრე რომ ვერც წარმოიდგენდნენ და ეკლესიური ცხოვრების დაწყებამდე ამაოდ შეეცდებოდნენ მათ შეცვლას. ამ დროს ორი პირობის დაცვაა მეტად მნიშვნელოვანი: ერთი - აღსარებაში ნაკლოვანებების ხშირი აღნიშვნა და მეორე - ძლისხმევის გამოჩენა მათ გამოსასწორებლად. თუ მხოლოდ სიტყვიერად ხდება ნაკლის აღმოფხვრა და არაფერი კეთდება მისი გამოსწორებისთვის, მარტო სინანული რას გიშველის! სამწუხაროდ, აღნიშნული ორი პირობის დაცვის მნიშვნელობა სათანადოდ არ არის შემჩნეული, გაცნობიერებული. ამიტომაც არის, რომ ხშირად წლების განმავლობაში იმეორებენ სასულიერო პირთან ერთი და იგივე სათქმელს, მაგრამ შეცვლით კი არ იცვლება. ეს რამდენიმე მიზეზით შეიძლება აიხსნას: იმით, რომ კარგად არ ესმით, თუ რა არის ადამიანის არსებობის უმთავრესი მიზანი, არ იჩენენ სათანადო ძალისხმევას საკუთარი ნაკლოვანებების გამოსასწორებლად და რომ ვერ იგებენ თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს სულიერი სრულყოფისთვის აღსარებაში ნაკლის აღნიშვნასა და მისი გამოსწორების მცდელობას. მართლმადიდებლობისთვის მეტად არსებითი მნიშვნელობა აქვს სულიერ ზრდას, რომლის ერთ-ერთი მხარეც სუსტი, ცოდვილი პიროვნული მხარეების ნელ-ნელა გამოსწორებას გულისხმობს. წმინდა მამათა მიხედვით, ადამიანი სულ უფრო და უფრო წინ უნდა მიდიოდეს სულიერი, სარწმუნოებრივი სრულყოფის გზაზე და თუ უკან დახევას ან ერთ დონეზე გაჩერებას აქვს ადგილი, მდგომარეობა საგანგაშოა. მართალია, არც თუ ისე იშვიათად, ესა თუ ის ნაკლოვანება უცებ არ სწორდება, ხშირად თვეები, წლებიც კია საჭირო, ისე ღრმად არის ჩვენს არსებში მავნე ჩვევა გამჯდარი, მის აღმოსაფხვრელად, მაგრამ ამან არ უნდა შეგვაშინოს. მთავარია, შეიმჩნეოდეს ზრდა ამა თუ იმ სუსტი მხარის გამოსწორების საქმეში. ეს მეტად მნიშვნელოვანია, რამეთუ იგია მაჩვენებელი იმისა, რომ ქრისტიანი თავის სარწმუნოებრივ გზაზე სწორად მიდის. ზემოთქმულის ნათლად წარმოსაჩენად შეიძლება ერთი კონკრეტული ცხოვრებისეული შემთხვევა იქნას მოყვანილი. დავუშვათ, ადამიანი ფიცხია, ადვილად ღიზიანდება, ვარდება მრისხანებაში. იწყებს ეკლესიურ ცხოვრებას და ხშირად იმეორებს ამ თავის ნაკლს მოძღვართან აღსარებაში, თან თვითონაც ესწრაფვის მის გამოსწორებას. აღსარებაში ერთხელ აღნიშვნით მდგომარეობა, რა თქმა უნდა, უცბად ვერ შეიცვლება, მაგრამ სინანულის დიდი საიდუმლო მას ძალას შემატებს, უფრო და უფრო წარმატებით ებრძოლოს ამ ვნებას. წინ ერთი ნაბიჯი გადაიდგმება მიზნის მიღწევის მიმართულებით. თანდათანობით სულ უფრო და უფრო მეტად დაიმორჩილებს იგი საკუთარ თავს, კონტროლს გაუწევს მას და ან არ გამოვა, ან ადრინდელთან შედარებით ნაკლებად გამოვა წყობილებიდან. ამ დროს იქნება ჩავარდნებიც, მრისხანების ვნებას აყოლის შემთხვევები, მაგრამ თუ ქრისტიანი სწორ გზას ადგას, ისინი თანდათანობით შემცირდება. ის უფრო მეტად დაიმორჩილებს თავს და შეეცდება, მისთვის გამაღიზიანებელ სიტუაციებში შეინარჩუნოს სიმშვიდე. დასახელებული შემთხვევა მხოლოდ ერთ-ერთი შემთხვევაა ეკლესიური წესების დაცვით მოტანილი ღვთიური მადლით, ადამიანის ბუნების გარდაქმნის სქემის გამოვლინებისა. ეს სქემა ზოგადია და პიროვნების ყველა მხარეს მოიცავს. არ არსებობს ნაკლოვანება, რომლის გამოსწორებაც არ შეიძლებოდეს მისი მეშვეობით. მხოლოდ, როგორც ითქვა, რამდენიმე მომენტია ამ დროს წინ წამოსაწევი: ხშირი სინანული, ნაკლოვანებათა გამოსწორებისთვის საკუთარ თავზე მუშაობა და ზრდის მაჩვენებელი, რომ თანდათანობით რომელიღაც პიროვნული სუსტი მხარე უფრო და უფრო სწორდება. ადამიანის ბუნების ჭეშმარიტი სრულყოფა წარმოუდგენელია ღვთიური მადლის შემწეობის გარეშე. ეს კი ეკლესიური წესების: ლოცვის, მარხვის, მოწყალების გაღების და ა.შ. დაცვით მოდის. როგორც მამა ნიკოდიმოს მთაწმინდელი აღნიშნავს: „ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც კი შეუძლია ადამიანმა მიაღწიოს, ეს ღმერთთან მისვლა და მასთან ერთად ყოფნაა. ბევრს არასწორად ესმის, ამბობს იგი, რომ მართლმადიდებლური სრულყოფა ისეთი ქრისტიანობის სათნოებების ქმნაშია, როგორიცაა მარხვა, ღვთისმსახურებით ლიტურგიაზე დასწრება, ლოცვა და ა.შ. სინამდვილეში ამ ეკლესიური წესების შესრულება მისთვის არის გამიზნული, რომ მათი მეშვეობით მოგვეცეს ძალა, რათა ცდუნებათა დაძლევა, მათთან დაპირისპირება, საკუთარ ცოდვილ ბუნებასთან ბრძოლა შევძლოთ“. იგივე მამა აღნიშნავს: „თუ შეძლებ საკუთარ მავნე ვნებებთნ, სურვილებთან, ნებასთან ბრძოლას და მათ დაძლევას, ეს უფრო მეტად სათნო იქნება უფლისთვის, ვიდრე თუნდაც ადრე უდაბნოში მოღვაწე ყველა მამასთან შედარებით მკაცრი მარხვის დაცვა და ხორცის დათრგუნვა. ასობით მონა-ქრისტიანიც რომ გყავდეს გამოხსნილი, განთავისუფლებული არაკეთილისმყოფელის ხელიდან, ეს მაინც არ გიხსნის, თუ ამასთან საკუთარი ვნებების ტყვეობაში იმყოფები“. მორწმუნე ადამიანთა ცხოვრებაში, მოღვაწეობაზე დაკვირვება ნათლად მიუთითებს, თუ რა დიდ ძალას მატებს მათ ეკლესიური წესების დაცვა. სასწარკვეთის, უიმედობის წუთებში, დეპრესიის დროს, როცა ხშირად ყოველგვარ ხალისს კარგავენ ცხოვრებისა, ეჩვენებათ, რომ აზრი არა აქვს თავის არსებობას, მეტად გაუსაძლისად მიიჩნევენ მიწიერ ყოფას, თვლიან, რომ მრავალი პრობლემაა მოსაგვარებელი, რის ძალაც არ გააჩნიათ, ლოცვის დაწყება ამსუბუქებს მდგომარეობას. ამ დროს კარგად ჩანს, თუ თანდათან როგორ მშვიდდება ადამიანი, იდევნება მისგან შავი ფიქრები, უბრუნდება გაფერმკრთალებული რწმენა. არადა თითქოს რა შეიცვალა? მწარე სინამდვილე ხომ იგივე დარჩა, მაგრამ ლოცვამ ხალისი შემოიტანა კაცის არსებაში, დაუბრუნა დაკარგული იმედი, რწმენა, რომ ცხოვრება ისევ გრძელდება და უფალი არ დატოვებს მას. საეკლესიო პრატქიკა ნათლად მიუთითებს, რომ თუ არა აღსარებაში მრუშულ ვნებასთან დაკავშირებულ შემოტევათა აღნიშვნა, ისე მორწმუნე ადამიანი უძლურია, წარმატებით ებრძოლოს მას. წმინდა მამათა მიხედვით, ბოროტი ძალა, განსაკუთრებით კი სიძვის დემონი, მხილებას ვერ იტანს და მრავალი შემთხვევა მიუთითებს, თუ როგორ სუსტდება მღვდელთან მისი აღნიშვნისას ამ სახის შემოტევები. ხშირად მხოლოდ აღსარების შემდგომ გრძნობს ადამიანი, რომ განთავისუფლდა ამ ვნების გახელებისგან, განიცდის სიმშვიდეს, რომელიც დაკარგული ჰქონდა. საერთოდ მორწმუნეობრივი ცხოვრება იმის მკაფიო მაგალითია, რომ მხოლოდ ეკლესიური საშუალებითაა საკუთარ თავთან წარმატებით ბრძოლა შესაძლებელი. ადამიანური ცოდვილი ბუნების გარდაქმნამდე ჯერ მისი შემეცნებაა საჭირო, გაგება, თუ რას წარმოადგენს იგი სინამდვილეში. თითქოს საკუთარ თავს ყველა იცნობს. წლების, ათწლეულების განმავლობაში უყურებდე მას და რატომღაც არ იცნობდე, ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. ადამიანური ბუნების ჭეშმარიტი შემეცნება მხოლოდ ეკლესიის წიაღშია შესაძლებელი. კი ამჩნევენ თავის ნაკლოვანებებს, ღირსებებს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ შორს დგას საკუთარი მეს ნამდვილი გაგებისგან, მისთვის რომ შენი ადამიანური ბუნების შემეცნება შეძლო, ზემოდან უნდა დაიშვას, უფლის წყალობით უნდა გაგეხსნას სულიერი თვალი. თუ ეს არ დაიმსახურე, რატომ მოხდება იგი. უწესოდ მოქცევის, არასწორად ცხოვრების შემთხვევაში უფალი არ დაუშვებს, გაიგო, თუ რას წარმოადგენ სინამდვილეში. აქ არ არის საუბარი პიროვნულ თვისებებზე, რომელსაც ხშირად ყველა ამჩნევს, არამედ იმ მრავალ ნაკლზე, ცოდვილ მიდრეკილებებზე, რომელსაც მხოლოდ უფლისმიერი მადლი ამზეურებს. სამწუხაროდ, ბევრს არ ესმის, რომ ხშირად ჩვენს გონებაში გაჩენილი აზრობრივი შინაარსები გარეშე ძალთა ზემოქმედების შედეგია. წმინდა ნიკოფორე აღნიშნავს: „ეშმაკს თავისი დემონებით, მას შემდეგ, რაც ღვთისადმი ურჩობისკენ წაქეზებით ადამიანის სამოთხიდან გამოდევნის მიზეზი გახდა, მიეცა საშუალება აზრობრივად შეარყიოს მისი გონება. „პრიმიტივიზმია ჩვენს გონებაში გაჩენილ ფსიქიკურ შინაარსთა მხოლოდ ლოგიკური, ფსიქოლოგიური კანონებით ახსნა, ადამიანურ ჩარჩოებს გაუსვლელად. მართლმადიდებლური თვალსაზრისით გვხვდება ღვთაებერივი, ადამიანური და დემონური წარმოშობის ფიქრები, წარმოდგენები, დასკვნები. კაცის გონება არენას მოგვაგონებს, სადაც ამ სამი სახის აზრობრივი შინაარსები ენაცვლებიან ერთმანეთს. რაც უფრო არაეკლესიურად, არასწორად ცხოვრობს ადამიანი, ხშირად ცოდავს, მით უფრო მეტად მოქმედებს ბოროტი ძალა მის ფსიქიკაზე და პირიქით რაც უფრო განწმენდილია, მაღალი სულიერების არის იგი, მით უფრო ჩნდება მასთან ღვთიური იდეები, აზრები, წარმოდგენები, კეთდება შესაბამისი დასკვნები. ამ დროს სულიწმიდის მადლი ხსნის, წმენდს ადამიანის გონებას, საღს ხდის მის აზროვნებას და განა შეიძლება, რომ ღვთაებრივმა ძალამ სულიერად დაბინძურებულ კაცთან დაივანოს. ეს მადლი გვამეცნებინებს სამყაროს ისეთ მოვლენებს, კანონზომიერებებს, ეკლესიისგან განზე მდგომი რომ ვერაფრით ჩასწვდებოდა. საკუთარი თავის სრულფასოვანი, ჭეშმარიტი გაგებაც მისი მოქმედების გარეშე შეუძლებელია. რატომ დაუშვებს უფალი მას, რომ ადამიანმა თავისი მწირი შესაძლებლობებით შეძლოს მისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანის, საკუთარი თავის შემეცნების, გადაწყვეტა. ადამიანური ბუნების შემეცნების გზაზე მრავალი საინტერესო მომენტი გამოიყოფა. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებოა ის, რომ უფალი უცბად არ უჩვენებს კაცს ყველა თავის ცოდვილ მხარეს, არამედ თანდათანობით, ჯერ ერთ ნაკლოვანებაზე მიანიშნებს, მერე მეორეზე. მათი გამოსწორების შემთხვევაში საკუთარი ცოდვილი ბუნების სხვა მხარეებს ამოუტივტივებს. სულიერების ზრდასთან ერთად სულ ახალ-ახალ ბნელ ლაქებს შეამჩნევინებს. უცბად, ერთბაშად რომ აღვიქვათ ადამიანური ბუნების ყველა ნაკლი, ცოდვილი მხარე მეტად დამაბრკოლებელი იქნება ჩვენთვის და თანაც რა ძნელი იქნება ყველა მიმართულებით შეტევა. ამიტომაც საკუთარ მესთან ბრძოლას ეტაპობრივი ხასიათი აქვს. ჯერ უკეთეს შემთხვევაში ზოგიერთი სახის ნაკლოვანება სწორდება, შემდეგ უკვე სხვა და ასე თანდათანობით უახლოვდება მართლმორწმუნე მართლმადიდებელი თავის უმთავრეს მიზანს. მართლმადიდებლობა სულიერი, პიროვნული სრულყოფის რელიგიაა. სამწუხაროდ, ეს ბევრმა არ იცის, კარგად არა აქვს გაცნობიერებული მრევლის მნიშვნელოვან ნაწილსაც. თითქოს ცხოვრობენ ეკლესიურად: მარხულობენ, ლოცულობენ, ეზიარებიან, მაგრამ უკეთესობისკენ ცვლილება, სულიერი ზრდა არ ჩანს. სულ ერთი და იგივე ნაკლოვანებები, პიროვნული სუსტი მხარეებია თვალში საცემი, შთაბეჭდილება ისეთია, რომ არაფერი იცვლება ამ მხრივ. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი სწორედ ის არის, რომ სათანადოდ არ ესმით, თუ რა წარმოადგენს მართლმადიდებლის მთავარ მიზანს. დავით ციცქიშვილი თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგი „მართლმადიდებლური ფსიქოლოგია“
|