ვნების შვიდეული
დიდმარხვის პერიოდი განსაკუთრებული დროა თითოეული მართლმადიდებელი ქრისტიანის
ცხოვრებაში. ეს არის დრო საკუთარი თავის უკეთ შეცნობისა, დრო სინანულისა და
ცოდვებისაგან განწმენდისა, დრო ლოცვისა და მარხვისა, ქველმოქმედებისა თუ სხვა
სათნოებათა აღსრულებისა.
დიდი მარხვა საპასექო წლის მესამე, ბოლო პერიოდს მიეკუთვნება და იგი პირობითად სამ
ქვეპერიოდად იყოფა. I პერიოდი - დიდი მარხვის მოსამზადებელი პერიოდი, ოთხ კვირა
დღეს და სამ შვიდეულს მოიცავს. იგი მეზვერისა და ფარისევლის კვირის მსახურებით
იწყება და ყველიერის კვირით სრულდება. II პერიოდი, ანუ საკუთრივ დიდი მარხვის
(ძირითადი) პერიოდი, ექვს კვირა დღეს მოიცავს და ბზობის კვირით მთავრდება. III
პერიოდი კი ვნების შვიდეული გახლავთ.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის წინა ბოლო შვიდეული, მაცხოვრის ამქვეყნიური
ცხოვრების უკანასკნელი დღეების გახსენებას ეძღვნება: საიდუმლო სერობას, მის
გაცემას, პილატეს სამსჯავროს, ჯვარზე ვნებას, სიკვდილსა და საფლავად დადებას, რის
გამოც ეს შვიდეული ვნების შვიდეულად იწოდება.
ამ შვიდეულის ყოველ დღეს, წმიდა ეკლესია განსაკუთრებული მსახურებების აღსრულებით
ცდილობს მოამზადოს მლოცველები მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის სათანადოდ
შესახვედრად, რათა თითოეული მორწმუნე უფლის დიდების, (ამ დღესასწაულით გამოწვეული)
განუზომელი სიხარულის, ადამიანთა ხსნის საღმრთო განგებულების თანაზიარი
გახდეს. ვნების შვიდეულის პირველ სამ დღეს (ორშაბათს, სამშაბათსა და ოთხშაბათს) ოთხივე
სახარება იკითხება ღვთისმსახურებისას, რათა თითოეული განიმსჭვალოს სახარებისეული
სიბრძნით, რაც გახლავთ კიდეც ერთ-ერთი უცილობელი პირობა სულიერი გამოღვიძებისა,
ფერისცვალების დაწყებისა, ადამიანთა განღმრთობისა. ამ დღეებში პირველშეწირულის
ლიტურგია აღესრულება მორწმუნეთა ზიარებისათვის.
დიდი ორშაბათის ღვთისმსახურებისას
დედა ეკლესია მოუწოდებს ყველა მორწმუნეს, შეუდგეს ქრისტეს, ჯვარს ეცვას მასთან ერთად,
მოაკვდინოს ხორცი ამქვეყნიურ სიამეთათვის, რათა მარადჟამს უფალთან მყოფობდეს.
ცისკრის ჟამნზე მე-3 რიგის კანონის წაკითხვის შემდეგ, წმიდა ეკლესია მორწმუნეთა
ყურადღებას მიაპყრობს წმ. იოანე ოქროპირის (IV ს) სწავლებას - „განხმელისათვის
ლეღვისა" და წმ. იოანე დამასკელის (VIII ს.) სიტყვას „იგავისათვის ვენახისა" (იხ.
მარხვანი, გვ.488).
მორწმუნეთათვის განკუთვნილი ზემოხსენებული სწავლება შეაგონებს თითოეულს, რათა უფალი
გახდეს გამგებელი და მპყრობელი ადამიანთა გულებისა, რათა უფალმა დაივანოს ჩვენს
გულებში და განწმინდოს იგი ყოველგვარი მწიკვლისაგან.
ამ დღეს ყურადღებას იპყრობს სვინაქსარის საკითხავიც, რომელიც საცისკრო კანონთა
სამსაგალობლის I გალობის შემდეგ აღესრულება (იხ. მარხვანი, იქვე). აქ მლოცველთა
გულისხმა მიემართება წმინდა იოსებისაკენ (პატრიარქ იაკობის შვილი რაქელისაგან),
რომლის ცხოვრებაც წარმოჩენილია როგორც წინა სახე იესო ქრისტეს ვნებისა (გაცემისა,
ღალატისა და დამდაბლებისა).
ამ დღეს მორწმუნეთა გულისხმისყოფისათვის იკითხება კონდაკი:
„იოსების წარწყმედასა იგლოვდა მწარედ იაკობ, ხოლო მას დაედგნეს ახოვნებისა
შარავანდედნი, და მეფობდა ამისთჳს, რამეთუ არა დაამონა გულისთქმა თჳსი მეძვისა
ნებასა, და სამართლად იდიდა იგი გულთ მეცნიერისა ღვთისაგან, და მიეცა გვირგვინი
უხრწნელებისა".
დიდ სამშაბათს (ცისკრის ჟამნზე, რიგის კანონთა წაკითხვის
შემდეგ), იკითხება
წმ.
იოანე ოქროპირის 77-ე სიტყვა მათეს სახარების 24-ე თავის 32 და 33 მუხლების
შესახებ. აქ საუბარია სულიერ ზაფხულზე, ანუ იმ მდგომარეობაზე, რომელიც დადგება
ჭეშმარიტ მორწმუნეთათვის მეორედ მოსვლის შემდეგ, როცა ჩაივლის საწუთრო - „ცოდვის
ზამთარი".
ამ დღესვე იკითხება სვინაქსარი, რომელიც გვახსენებს იგავს ათ ქალწულზე, რათა
ვისწავლოთ სულიერი სიფხიზლე და მზად ვიყოთ იმ მოულოდნელი წამისთვის, როცა - „სიძე
მოვალს შუაღამესა".
III, VIდა IX ჟამნებზე განჩინებული სახარებების კითხვის დასრულების შემდეგ იკითხება
წმ. იოანე ოქროპირის სიტყვა მოწყალებასა და (კვლავ) ათ ქალწულზე.
წმიდა ეკლესია
მორწმუნეთა ყურადღებას განსაკუთრებით ამახვილებს შემდეგ კონდაკზე:
„ჟამსა მას განსვლისასა იხსენებდი შენ, ოი, სულო ჩემო, შეძრწუნდი მოკვეთისა მისგან
ლეღვისა, და მოცემული შენდა ტალანტი, განამრავლე შრომითა და სიყვარულითა,
საწყალობელო, იღვიძებდ და ლმობიერად უღაღადებდ: ქრისტე მრავალმოწყალეო, ნუ
განმაგდებ მე სასძლოსაგან შენისა".
დიდ ოთხშაბათს ეკლესია იხსენებს მაცხოვრის მიერ ბეთანიაში გატარებულ დღეს
(მთ. 26,6-17). აქ სიმონ კეთროვნის სახლში, მაშინ როცა მღვდელმთავართა, მწიგნობართა და
უხუცესთა საბჭოზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება იესო ქრისტეს შეპყრობისა და
მოკვდინებისა, ცოდვილი დედაკაცი თავზე ნელსაცხებელს სცხებს მაცხოვარს, რითაც
ერთგვარად განამზადებს მას დაფლვისათვის.
ამ დღეს მორწმუნეთა განსწავლისათვის წმ. იოანე ოქროპირის მე-80 სიტყვაც
იკითხება მათეს სახარების 26-ე თავის მე-6 მუხლის შესახებ. წმიდა მამა
გვმოძღვრავს განსაკუთრებით მოვერიდოთ სიძვისა და ვერცხლისმოყვარეობის
დამღუპველ ცოდვებს. მისი სწავლებით, ვნების თვისება არ არის, მინავლდეს
შემდგომად ხორციელი დაკმაყოფილებისა, არამედ პირიქით, შემდგომად წადილის
აღსრულებისა იგი უფრო მეტად მოიცავს ცოდვილი ადამიანის სულს.
სვინაქსარში გადმოცემულია აზრი, მარად გვახსოვდეს ცოდვილი დედაკაცის კეთილგონიერი
საქციელი, როგორც ამას მათეს სახარების 26-ე თავის მე- 13 მუხლი გვამცნებს: - „ამენ
გეტყ თქუენ: სადაცა იქადაგოს სახარება ესე ყოველსა სოფელსა, ითქუმოდის რომელიცა-ესე
ყო მაგან სახსენებელად მაგისა".
ამ დღეს ასეთ კონდაკს სთავაზობს მორწმუნეებს დედა ეკლესია:
„ვსცოდე უმეტეს მეძვისა მის, სახიერ, არა მაქუს ცრემლთა ნაკადული შეწირვად შენდა,
არამედ დუმილით შეგივრდები, და სურვილით ამბორს უყოფ ფერხთა შენთა, და გევედრები:
მოტევება ცოდვათა მომანიჭე, ვითარცა მეუფემან, და ბიწთა საქმეთა ჩუნთაგან
განმათავისუფლე, ვითარცა მაცხოვარმან".
დიდი ხუთშაბათის მსახურებაში, მოთხრობილია იმ მოვლენებზე, რომლებიც წინ უსწრებდა
მაცხოვრის ვნებას. კონკრეტულად: მოწაფეებთან ერთად ბოლო პასექის აღსრულება,
ფეხთბანვა, ევქარისტიის საიდუმლოს დაწესება და იუდას მიერ მაცხოვრის გაცემა.
წმიდა ეკლესია ამ დღეს გვთავაზობს საგალობლებს, რომელთა მეშვეობითაც ვჭვრეტთ
მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელ დღეებს, რათა განვიმსჭვალოთ იმ
განცდებითა და ტკივილებით, რაც მაცხოვრის ვნებასთან არის დაკავშირებული. ამასთან,
ვიცით რა, რომ ყოველივე კაცთა ცხონებისათვის აღესრულა, უფლისადმი განუზომელი
სიყვარულით აღივსოს ჩვენი გულები.
ცისკრის ჟამნზე საცისკრო კანონთა III გალობის შემდეგ წმიდა იოანე ოქროპირის სიტყვა
იკითხება იუდას გამცემლობაზე, რათა ყოვლითურთ განვეშოროთ იუდას საქციელს და
იუდეველთა ბორგნეულ განზრახვებსა და ქმედებებს.
დიდ ხუთშაბათს საიდუმლო სერობის გასახსენებლად წმ. ბასილი დიდის ლიტურგია
აღესრულება. ეკლესიური სწავლებით ამ დღეს ყველა მორწმუნე უნდა
ცდილობდეს ეზიაროს მაცხოვრის წმიდა ხორცსა და სისხლს, რათა მარადიული ცხოვრება
დაიმკვიდროს ცათა სასუფეველში, როგორც ამას თვით უფალი გვამცნებს: „და რომელი
ჭამდეს ხორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემთანა დადგრომილ არს, და მე
მის თანა" (ინ. 6,56).
მლოცველთა გულისხმისყოფისათვის ამ დღეს მსახურებისას
შემდეგი ტროპარ-კონდაკიც
იკთხება:
ტროპარი: „რაჟამს დიდებულნი მოწაფენი საბანელსა მას სერობისასა განათლდებოდეს,
მაშინ უსჯულო იუდა ვეცხლის მოყვარებისა სენითა დაბნელდებოდა, და უსჯულოთა მსაჯულთა
შენ, მართალსა მსაჯულსა, მიგცემდა. იხილეთ, მორწმუნენო, ტრფიალი იგი ვეცხლისა,
რომელმან მისთვის შიშთვილიბა, ივლტოდე უძღებისა მისგან სულისა, რომელმან მოძღვარსა
თვისსა ზედა ესე ვითარი იკადრა, არამედ რომელმან ყოველივე სიბრძნით განაგე,
კაცთმოყვარე, დიდება შენდა".
კონდაკი: „მიიღო პური ხელთა შინა განმცემელმან იუდა ხელთაგან დამბადებელისათა,
რომელმან ხელითა შექმნა ადამი, და მერმე მანმარტნა, და მოიღო ფასი მოძღვრისა და
ღვთისა მზაკვარმან, და არა შეიგონა, არამედ ეგო უკურნებელად".
დიდი პარასკევის
მთელი მსახურება მაცხოვრის ჯვარზე ვნების გახსენებას ეძღვნება და
უდიდესი მწუხარებით არის განმსჭვალული.
ცისკრის ჟამნზე თორმეტი ვნების სახარება იკითხება. ამასთან, დღის მსახურების
თითოეული ჟამნი ნათლად წარმოაჩენს მაცხოვრის ვნების სხვადასხვა სახეს, გეთსამანიის
ბაღში სისხლით განზავებული ოფლით დაწყებული, გოლგოთაზე მისი ჯვარზე აღსრულებით
დამთავრებული. თითოეული საგალობელი თუ საკითხავი სინანულის ცრემლითაა აღსავსე,
გულის შემძვრელია და ცოდვის შემმუსვრელი, ამავე დროს იმედის ჩამსახველიც.
დიდ პარასკევს, მაცხოვრის ვნებასთან დაკავშირებით, უსისხლო მსხვერპლშეწირვა - წმიდა
წირვა არ აღესრულება, ნიშნად იმისა, რომ თვით უფალი იყო უკანასკნელი სისხლიანი
მსხვერპლი ადამიანთა ხსნის საღმრთო განგებულების აღსრულებისას.
მწუხრის ჟამნის ბოლოს საკურთხევლიდან შუა ტაძარში წმიდა გარდამოხსნას გამოაბრძანებენ,
რომელსაც წინდაწინ გამზადებულ
ლუსკუმაზე დაასვენებენ.
ამ დღეს მთელი გულის შემუსვრილებით ასე უნდა ვლოცულობდეთ:
ტროპარი: „მომიყიდენ ჩუენ წყევისა მისგან ჰსჯულისა პატიოსნითა სისხლითა შენითა,
ჯვარსა ზედა რა დაემსჭვალე, და ლახვრითა განიგმირე, და უკუდავება აღმოუცენე კაცთა,
მაცხოვარო ჩუენო, დიდება შენდა".
კონდაკი: „რომელი ჯუარს-ეცვა ჩუენთვის, მოვედით ერნო, უგალობდეთ მას, იხილა იგი
მარიამ ჯვარსა ზედა და სთქვა: დაღაცა თუ ჯვარსა ზედა გიხილე, შენ ხარ ძე
ჩემი და ღმერთი ჩემი, ყოვლად ძლიერი, კაცთმოყვარე და მაცხოვარი".
დიდ შაბათს წმიდა ეკლესია იხსენებს მაცხოვრის საფლავად დადებას, ხორციელად საფლავში
ყოფნას, ხოლო განღმრთობილი სულით კი ჯოჯოხეთში ჩასვლას და მართალთა სულების
გამოხსნას, და მამასა და სულიწმიდასთან განუშორებლად თანამყოფობას, ასევე
გვაზიარებს საოცარ მოლოდინს უდიდესი მოვლენისა - მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომისა.
ამ დღეს საზეიმოდ ინათლებიან „ნათვლადგანმზადებულნი", რომლებიც წმიდა ბასილი დიდის წირვაზე ეზიარებიან კიდეც.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ
დიდი შაბათის მსახურება გამშვენებულია ურთიერთსაპირისპირო სულიერ განცდათა
საოცარი გამით:
მწუხარებითა და სიხარულით, ცრემლითა და სულიერი აღმაფრენით, გულისტკივილითა და
სულიერი გაცისკროვნებით.
მსახურებაზე მორწმუნენი მთელ
გულისყურს შემდეგი ტროპარებისკენაც მიმართავენ: „შვენიერმან იოსებ
ძელისაგან გარდამოხსნა უხრწნელი გვამი შენი ქრისტე, და არმენაკითა წმიდითა
წარგრაგნა, სუნნელებითა შემურვილი, ახალსა საფლავსა დაგდვა".
„რაჟამს შთახედ საფლავად ცხოვრება ეგე უკუდავი, მაშინ ჯოჯოხეთი შეაძრწუნე ელვითა
მით ღუთაებისა შენისათა, ხოლო რაჟამს მკუდარნი ქუესკნელით აღმოიყვანენ, მაშინ
ყოველნი ძალნი ცათანი ღაღადებდნენ: ცხოვრების მომცემელო ქრისტე ღმერთო, დიდება
შენდა".
დიდი შაბათის მსახურების დასრულების შემდეგ, თითქოს მთელი სამყარო გაირინდაო,
უდიდესი დღის - მაცხოვრის აღდგომის მოლოდინში, მლოცველები მდუმარებით, მარხვითა და
აღსარებით ემზადებიან ზეიმისათვის.
და ბოლოს, რათა აქაც და მარადიულ ცხოვრებაშიც თანაზიარნი გავხდეთ მაცხოვრის
დიდებისა, სულის სარგო ჩვენთვის ერთი ტროპრის დასწავლაც იქნება:
„აჰა ესერა სიძე მოვალს შუაღამესა, და ნეტარ არს მონა იგი, რომელი იპოვოს
მღვიძარედ, ხოლო ვაი-არს მონისა მის, რომელი იპოვოს უდებებით, იხილე სულო ჩემო, და
ნუ გრულის ძილისათვის, რათა არა გამოვარდე სასუფეველისაგან, არამედ აღიმსთვე
შუა-ღამესა და ხმობდი: წმიდა-ხარ, წმიდა-ხარ, წმიდა-ხარ, შენ ღმერთო ჩუენო,
ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩუენ".
დეკანოზი ბიძინა გუნია
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი", № 14 , 2008 წ.