E 50-ე ფსალმუნის განმარტება - 1 თებერვალში 2010 - წმინდა იონა
ყოველი დღე, ყოველი გათენებული დილა, ეს არის უდიდესი წყალობა ღვთისა, ამიტომ დილიდან მადლობას უნდა ვწირავდეთ უფალს. ილია II

WWW.IONAA.TK & WWW.OTO.UCOZ.RU   http://sibrdzne.com/

შემოსული ხართ Guest| ჯგუფი "Guests" |მთავარი | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | გამოსვლა | შესვლა |სიახლის დამატება
|
საიტის მენიუ
კატეგორიები
გალობები
"ჩვენი ტაძარი"
ქადაგებები
წმინდანთა ცხოვრება
მოახლოებული დღესასწაულები
სხვა..
ვიდეო მასალები
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
ხალხური სიმღერები
აუცილებელი ლიტერატურა
გალობები
Qriste agsdga !



გალობები მომაწოდა LONGUS-მა

შესვლის ფორმა.
ლოგინი:
პაროლი:
ჩანაწერების არქივი
მთავარი » 2010 » თებერვალი » 1 » 50-ე ფსალმუნის განმარტება
12:45
50-ე ფსალმუნის განმარტება
50-ე ფსალმუნის განმარტება

1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა...

შენი უსაზღვრო წყალობით შემიწყალე მე, უფალო, ღაღადებს დავითი, რამეთუ ჩემი ცოდვებიც ასევე უსაზღვროა შენს წინაშე.

...და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი.

უკიდურესი საჭიროების განმცდელთა და შეწევნის მთხოვნელთა მსგავსად, დავითი უკვე თქმულს იმეორებს. უსჯულოებაში იგი გულისხმობს ბერსაბესთან დაცემას და ურიის მკვლელობას, რადგან ერთიც და მეორეც იკრძალებოდა კანონით. ანუ, აცნობიერებს რა თავის უსჯულოებას, მეფსალმუნე თავს უდარებს წარმართებს, რომლებიც სჯულის გარეშე ცხოვრობდნენ.

2. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან...

მიუხედავად იმისა, რომ უფალმა დავითს ნათან წინასწარმეტყველის პირით აუწყა სინანულის კვალობაზე ცოდვათა მიტევება (2 მეფ. 12,13), მეფსალმუნე მაინც განაგრძობდა ლოცვას, რათა უფალს სრულიად განეწმინდა იგი ცოდვათა იმ უწმინდურებისაგან, რითიც აღმოჩნდა „შესვარული".

ეს ლოცვა თანდათან უფრო ძლიერდება.

...და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.

ცოდვაში დავითი იგივეს გულისხმობს, რასაც უკვე უწოდა უსჯულოება, რადგან ცოდვა უსჯულოებაა, სჯულის, ანუ კანონის, დარღვევაა.

3. რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.

შემიწყალე მე, უფალო, ღაღადებს დავითი, გამბანე და გამწმინდე მე ჩადენილი დანაშაულისაგან, რამეთუ ეს ცოდვა მამძიმებს მე და არ შემიძლია დავივიწყო ის და არ მოვიხსენო, რაც არ უნდა ჩემი მეფური ღირსებით ვამაყობდე. და, თუმცა, შესაძლებელია, ეს ცოდვა დავუმალო ხალხს, ყველას წინაშე ვაღიარებ ჩემს უსჯულოებას და ვხედავ მას დღე და ღამე ჩემი სინდისის თვალებით, რომელიც გამუდმებით ტანჯავს ჩემს სულს. ასეთი განწყობა ნათელი ნიშანი და წინაპირობაა ჭეშმარიტი სინანულისა, რასაც მოსდევს ხოლმე ცოდვილთა შეწყალება.

4. შენ მხოლოსა შეგცოდე...

თითქოს ასე ამბობს დავითი: მხოლოდ შენს მსჯავრს ვექვემდებარები, უფალო, რათა მე, მეფე, შენს მიერ ბოძებულთა ხელმწიფედ დადგინებული, რომელსაც ძალუძს მოიქცეს ისე, როგორც ინებებს, არ დავექვემდებარო ადამიანურ სამსჯავროს, არამედ მხოლოდ - შენსას, რამეთუ ყოველ საქმეში შენ მყავხარ მხოლოდ ერთადერთი უზენაესი მსაჯული. და, რადგან მე დამნაშავე ვარ და შენი კანონის დამრღვევი, ამიტომაც ვარ მხოლოდ შენს წინაშე შემცოდე.

და ბოროტი შენს წინაშე ვყავ.

შენ ყოველივეს ხედავ, უფალო. ხედავ არა მხოლოდ წარსულსა და აწმყოს, არამედ - მომავალსაც. ამ სიტყვებით თითქოს რცხვენია დავითს, რომ არ შეეშინდა ღვთისა, რომელიც ხედავდა მის შეცოდებას. უნდა აღვნიშნოთ, რომ დავითი აქაც იგივე ცოდვის შესახებ გვესიტყვება. თუმცა ერთი ცოდვა მეორე ცოდვას შობს, რამეთუ მრუშობას მკვლეობა მოჰყვა.

...რაითა განმართლდე სიტყვათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა.

ვაღიარებ, რომ ჩავიდინე დანაშაული შენს წინაშე. შენ კი, უფალო, ჩემს მომართ შენმიერი სიმართლითა და სამართლით განმართლებული ხარ, რამეთუ არარაობისაგან მეფობად აღმომიწოდე. მე კი, შენი მცნებების უარმყოფელი, განსჯილი ვარ შენ მიმართ, როგორც უმადური თავისი კეთილისმყოფელისა. ისე ძლიერი იყო ზეწოლა ბოროტი სულისა, რომ მაცთუნებდა მთელი თავისი ძალით მანამ, სანამ არ დამცა, რათა თვით ვყოფილიყავი დამნაშავე გასამართლებისას. შესაძლებელია ითქვას, რომ უფალი თითქოსდა იცავდა თავის უფლებებს დავითის მიმართ, სამართლდებოდა დავითთან ერთად, როცა ნათან წინასწარმეტყველის პირით ამხელდა მას, რომ დავითმა, უფლისეულ წყალობათა საწინააღმდეგოდ, კეთილისმყოფელს სიკეთის წილ ბოროტი მიაგო. ამგვარ განმართლებათა შემდგომ ნათან წინასწარმეტყველი დამნაშავესაც განუჩინებს უფლისეულ მსჯავს. „ასე თქვა უფალმა", - ეუბნება ნათანი დავითს, - „აჰა უბედურებას დაგათევ შენივე სახლიდან", და ა.შ. როგორც ეს სრულად მოთხრობილია მეფეთა წიგნებში.

5. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.

უფალს უფრო მეტად რომ მოუხმოს წყალობისა და თანაგრძნობისაკენ, დავითი თავის დაბადებას მიმართავს, რამეთუ, რომ არ შეეცოდა ადამს, მას არ ექნებოდა საჭიროება ევასთან ხორციელი თანაცხოვრებისა. ასე რომ, ცოდვამ შვა გარკვეული კანონზომიერება, ამ კანონზომიერებამ კი, თავის მხრივ, განგრძობა შობადობისა ადამ და ევადან, ამ შემთხვევაში, საკუთრივ, დავითამდე. და, თუმცა ქორწინება უფლისათვის შეწყნარებული გახდა შვილიერების გამო, არსებითად იგი მაინც ცოდვის ნაყოფია. ამგვარი გაგებით ამბობს სწორედ დავითი, რომ ის ცოდვით ჩაისახა და დაიბადა. ამგვარად, არც არის გასაკვირი, რომ დავითსაც ხვდა წილად უბედურება - შეეცოდა და ამით დაქვემდებარებოდა ბუნებით აუცილებლობას.

6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.

ამ მუხლის პირველი ნახევარი („რამეთუ ესერა ჭეშმარიტება შეიყვარე") განეკუთვნება იმ ცნობიერებას, იმ აღსარებასა და სინანულს დავითისას, რასაც ზემოთ აღვნიშნავდით. მეფსალმუნე ამბობს: მე ვაღიარებ და არ უარვყოფ, რომ შენ, უფალო, გიყვარს ჭეშმარიტება და გძაგს სიცრუე. ამიტომაც ვაღიარე შეცოდება ჩემი შენს წინაშე. წინამდებარე მუხლის მეორე ნახევარი კი („უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე") დავითის მიერ საკუთარი თავის განკითხვაა. თითქოსდა ამბობს: ისე შემიყვარე შენ, უფალო, რომ შენს გამოუთქმელ განგებულებას მიცხადებ წინასწარმეტყველური სულით. მე კი უმადური აღმოვჩნდი შენს წინაშე.

7. მასხურო მე უსუპითა და განვსწმინდე მე.

ამ მუხლთან დაკავშირებით არსებობს უამრავი განსხვავებული მოსაზრება. საფიქრებელია, რომ ამით აქ დავითი წინასწარმეტყველებს თავის თავზე, იმედოვნებს რა, რომ იგი სრულიად განიწმინდება ცოდვებისაგან და აღივსება სიხარულით. უსუპის ნაყენის სხურება მრავალ კეთროვანს განწმენდდა (უსუპი - ერთ-ერთი სახეობაა არომატული მწარე ბალახისა, რომელიც კეთრისგან კურნავდა ადამიანს). მეფსალმუნე უსუპის სახეს აქ მეტაფორულად იყენებს: უსუპით მასხურე, რათა სრულიად განვიწმინდო ცოდვათა უკეთურებისაგან, რაც შესაძლებელია მხოლოდ შენ მიერი ყოვლისშემძლე სიტყვითა და მიტევებით, ანუ სინანულის ცრემლებით, თუმცა ეს ცრემლებიც, როგორც შენმიერი ძღვენი, ისევ და ისევ შენგან მომდინარეობს.

განმბანო მე და უფროს თოვლისა განვსპეტაკნე.

მეფსალმუნე უკვე თქმულს სიხარულით იმეორებს იგივე გრძნობით.

8. მასმინო მე გალობაი და სიხარული...

ახარე ჩემი სულის სასმენელს, უფალო, რომ შენ შემიწყალე და მომეც მე სიხარული.

და იხარებდნენ ძვალნი დამდაბლებულნი.

ცოდვით დამძიმებული ჩემი ძვლები, მოიხსნიან რა სიმძიმეს შენმიერი მიტევებით, გაიხარებენ. ძვლებში როგორც მთელი სხეულის ნაწილში, მეფსალმუნე მთლიანად თავის თავს გულისხმობს. ზოგიერთი განმმარტებელი სიტყვებს: „მასმინო მე სიხარული" - მაცხოვრის განკაცებას უკავშირებს და ამგვარად ხსნის: მაუწყე მე, უფალო, შენი მადლის ანუ შენი განკაცების, საყოველთაო სიხარული, და მეყსეულად აღივსებიან გამოუთქმელი სიხარულით ჩემი ძვლები.

9. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემი აღხოცენ.

ყოველი ჩემი ცოდვა, ამბობს მეფსალმუნე, შენი ყოვლისმხილველი თვალის წინაშე განშიშვლებულია, უფალო. მაგრამ შენ ისინი განაგდე და ყოველი ჩემი უსჯულოება მოსპე ცხოვრების წიგნიდან და გაანადგურე.

10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემთანა, ღმერთო...

წმიდა წერილში გული სხვადასხვაგვარი მნიშვნელობით გვხვდება: ზოგჯერ იგი გულისხმობს სხეულის ერთ-ერთ ასოს, ზოგჯერ გონებისა და აზრის, როგორც ჩვენი წარმმართველი საწყისის, სულიერ ძალთა შინაგან სიღრმეს, როგორც წარმოჩენილია მაცხოვრის შემდგომ სიტყვებში: „...რასა-ეგე ჰზრახავთ გულთა თქუენთა?" (ლკ. 5,22. შდრ., იქ. 24,38). აქ გულისადმი აზროვნების ძალაა მიკუთვნებული. ზოგჯერ გული ნიშნავს ნებას. მაგ.: „...ერი ესე ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორად განშორებულ არიან ჩემგან" მარკ. 7,6. შდრ.: ეს. 29,13); ზოგჯერ კი გულისხმობს, წყალობას და სულიერ განწყობას, სიყვარულს, როგორც ეს დავითის შესახებაა ნათქვამი: „ვპოვე დავით... კაცი გულითადი ჩემი" (საქ, 13,22, შდრ. 1 მეფ. 13,14). გული წმინდა წერილში საკუთრივ სულსაც კი ნიშნავს, როგორც ფსალმუნის წინამდებარე მუხლში: გული წმიდაი დაჰბადე. იმას კი არ გთხოვ, უფალო, ამბობს დავითი, რომ გულის არსება სხვად გარდაქმნა, არამედ იმას, რომ მისი რეალური დაცემული მდგომარეობა აღადგინო პირვანდელ მშვენიერებაში, როგორიც დაჰბადე იგი. და, თუ შენ განწმენდ მას პირველქმნილი ცოდვის უწმინდურებათაგან, შენ დაბადებ ჩემში გულს ანუ სუფთა სულს. ამიტომაც არის, რომ ფსალმუნის ამ მუხლში დაჰბადე ნათქვამია აღადგინეს ნაცვლად, ასევე „გული" ცვლის სიტყვა „სულს".

და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა.

განმიახლე ანუ აღმიდგინე ნათქვამია შთამბერეს ნაცვლად. დავითი ამბობს, შთამბერე, უფალო, სული სიწრფელისა, ანუ მომანიჭე სიმართლის მადლი, რომელიც წინ წარმიძღვება ბოროტი სულის უსამართლო ზვაობის წინააღმდეგ. გვამსა ჩემსა გულისხმობს სულის უშინაგანეს, საიდუმლო და უხილავ სიღრმეს. ამის მსგავსად ესიტყვება უფალი ეზეკიელ წინასწარმეტყველის პირით ბაბილონელთა ტყვეობაში მყოფ იუდეველებს: „და მივცემ მათ ახალ გულს და ახალ სულს ჩაგიდებთ თქვენ..." (ეზეკ. 11,19). ეს კი ნიშნავს - აღვადგენ თქვენს ახლანდელ უძლურ გულს და თქვენს დაძაბუნებულ სულს პირვანდელ მდგომარეობას დავუბრუნებ.

11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან...

ნუ განმაგდებ მე, როგორც შენმიერი მზრუნველობის უღირსს.

...და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.

ნუ წამართმევ, უფალო, წინასწარმეტყველების მადლს ჩემი უსჯულოების გამო.

12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისა...

ეს ის სიხარულია, უფალო, რომლითაც ვტკბებოდი, როცა შენით ვიყავი გარეშეცული. დავაკვირდეთ ზემორე მუხლებში როგორ ლოცულობს დავითი, რომ არ წაერთვას ის, რაც ჯერ კიდევ შერჩენილი აქვს, და დაუბრუნდეს ის, რაც უკვე დაკარგა, რამეთუ ცოდვით დაცემამდე იგი ტკბებოდა უმაღლესი სიხარულით იმ მაცხოვრის საფარველს ქვეშ, რომლის ერთგულიც იყო.

და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე.

განმამტკიცე და დამამტკიცე მე, ამბობს დავითი, მეუფებრივი სულის მადლით, რომელიც ხელმწიფებს ადამიანურ ვნებებზე, წარმართავს ადამიანს მართებული გზით და მიუძღვის უკეთესისკენ. მადლში იგულისხმება სხვადასხვაგვარი მადლი, რომელთაც გვანიჭებს სულიწმიდა.

13. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმერთონი შენდა მოიქცენ.

ეს სიტყვები წინასწარმეტყველებენ მომავალს, რომელიც დღემდე სრულდება და, მართლაც, როცა მაცხოვრის განკაცების შემდგომ სახარებამ იწყო გავრცელება უსჯულოებს ანუ წარმართებს შორის, ძველი აღთქმის წიგნებიდან ფსალმუნთა წიგნი, ანუ დავითნი, იქცა წარმართთათვის ქრისტიანული მაღალი სათნოებების ყველაზე აღმატებულ მოძღვრებით და სამაგიდო მიღწევად.

14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო.

ისტორიული თვალსაზრისით, დავითი სისხლისღვრაში გულისხმობს მის მიერ აღსრულებულ უსამართლო მკვლელობას ურია ხეთელისას. წმინდა წერილის საიდუმლო აზრით კი, აქ შეიძლება ვიგულისხმოთ ბოროტი სულებიც, რომლებიც ხარობენ ადამიანთა დაღვრილი სისხლით და სამსხვერპლოზე ცხოველთა შეწირვით. ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო, იგივეა, რაც ღმერთო, მაცხოვრებელო ჩემო. სიტყვათა გამეორებით: ღმერთო, ღმერთო მეფსალმუნე გამოხატავს მვედრებელი, მლოცველი სულის დაძაბულ მდგომარეობას.

იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა.

შენი სიმართლის გამობრწყინვებით, უფალო, ჩემი ენაც აღფრთოვანდება სიხარულით. სიმართლეში მეფსალმუნე გულისხმობს იმ განმართლებას, რაც უფალმა უწყალობა მას, ანუ ცოდვისაგან გათავისუფლებას, რამეთუ ცოდვის შენდობა და მისგან გამოთავისუფლება უკვე განმართლებაა. ასე რომ, ენა, ცოდვათაგან ჩემი განმართლების შემდგომ, გაიხარებს, შეგაქებს და განგადიდებს შენ, ღმერთო.

15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.

სულიწმიდისეული წინასწარმეტყველებით მივხვდი, ამბობს დავითი, რომ შენ კვლავ გახსნი ჩემს ბაგეებს შენს საქებრად, უფალო, ზუსტად ისე, როგორც ეს ჩემს დაცემამდე იყო...

16. რამეთუ უკეთუმცა გენება მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.

ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ უსიტვ ცხოველთა შეწირვა, რაც სჯულით მიღებული იყო ერთ დროს, საბოლოოდ უარყოფილია. შენთვის რომ ასეთი მსხვერპლი (იგულისხმება „ყოვლადდასაწველი") მისაღები იყოს, მოგართმევდი, უფალო, მაგრამ შენ ამას არ შეიწირავ. ყოველ შემთხვევაში ასეთი მსხვერპლი შენთვის იმგვარად სათნო არ არის (მიუხედავად იმისა, რომ ყოვლადდასაწველი მსხვერპლი აღემატებოდა ყველა დანარჩენი სახის მსხვერპლშეწირვას). და, თუ დავითი ამის შემდგომაც განაგრძობდა ამგვარი მსხვერპლის შეწირვას, ეს ხდებოდა უფრო სჯულის პატივისცემისა და მისდამი მოკრძალების და არა შინაგანი დაჯერების გამო, იმიტომ რომ ჯერ კიდევ არ იყო დამდგარი დრო ახალაღთქმისეული მსხვერპლისა.

17. მსხვერპლი ღმრთისა არს სული შემუსვრილი...

სული, სიმდაბლითა და მორჩილებით ნებსით შემუსვრილი - ეს არის სწორედ ღვთივსათნო მსხვერპლი.

...გული შემუსვრილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს.

წმინდა წერილი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ხშირად გულში გულისხმობს სულს, რადგან გული და სული მჭიდრო ურთერთკავშირშია. ამიტომაც არის, რომ, როცა გული სასიკვდინე სენით არის შეპყრობილი, სულიც გამოდის სხეულიდან. ამგვარად, შემუსვრილ და დამდაბლებულ გულს ღმერთი არ ანადგურებს, ანუ არ უარყოფს (წმ. ბასილი დიდი ამბობს: გულის შემუსვრილება გულისხმობს ადამიანურ ზრახვათა განადგურებას, რამეთუ, ვინც ერიდება მიწიერს და მორჩილებს ღვთის სიტყვას... მას ძალუძს, შესწიროს უფალს სხვაგვარი, ღვთივსათნო მსხვერპლი. უფალი მათში, ვისაც სწყალობს და სურს, რომ ისინი განახლებული ცხოვრებით მყოფობდნენ, შემუსრავს ძველ კაცს. ამიტომაც ღვთისათვის სათნო შემუსვრილი სულია, რამეთუ აქ იმუსრება ამქვეყნიური სული, ცოდვის წარმომქმნელი, რათა ადამიანის შინაგან სამყაროში განახლდეს სიმართლის სული, რომლითაც შეიმუსრება გული და ეს იქნება ჭეშმარიტი მსხვერპლი ღვთისადმი შეწირული. ღირსი მარკოზი კი ამბობს: გულის შემუსრვის გარეშე შეუძლებელია ბოროტისაგან გათავისუფლება. გულს კი შემუსრავს სამგზისი დათმენა: ანუ თავშეკავება ძილისაგან, სტომაქისაგან და სხეულებრივი განლაღებისაგან. თეოდორიტე განმარტავს: ღვთაებრივი დავითი, ისმენს რა ღვთის ხმას, რომ არ მიიღებს უფალი დავითის სახლიდან ცხვრებსა თუ თიკნებს, ამბობს: შენთვის უფალო, მსხვერპლთაგან საუკეთესოა შემუსვრილი გული, ამიტომ, რადგანაც შემუსრე ჩემი გული, მე მოგართმევ საუკეთესო მსხვერპლს. ეს სიტყვები წარმოთქვეს ღვთაებრივმა ყრმებმაც სახმილში: გულით შემუსრვილები და სულით გლახაკნი, დაე, მიგვიღე, როგორც ყოვლადდასაწველი ტარიგი და მსუქანი ზვარაკი. წმინდა მამათა მსგავსად განმარტავს წმინდა ისიხიც: ფსალმუნის ამ მუხლში ნათქვამია, რომ ღვთივსათნო მსხვერპლი სიმდაბლეა, რამეთუ ნეტარ არიან სულით გლახაკნი, რომელთათვის არის სწორედ სასუფეველი ცათა. როგორ უნდა შევძლოთ სიმდაბლით სულის შემუსრვა? როცა, აღვასრულებთ რა სიკეთეს, კი არ ვიამაყებთ, არამედ მარად ჩვენს ცოდვებს გავიხსენებთ. რაც შეეხება სიტყვებს: მიწყალე მე, ღმერთო, შესაძლოა, ასე განიმარტოს: მიუხედავად იმისა, რომ შემუსვრილი სული და დამდაბლებული გული ერთმანეთისაგან ცალ-ცალკე დგას, ჭეშმარიტად მონანულ ადამიანში ისინი ერთდებიან, როგორც ცოდვილ ადამიანში არის ურთიერთკავშირში ამაყი სული და შეუბრალებელი გული, რამეთუ, ვინც სცოდავს თავისი სულის ქედმაღლობით, ის სცოდავს ასევე გულქვაობითაც. ნეტარი აგვუსტინე ცრემლებს გულის ოფლს და სულის სისხლს უწოდებს. რადგან, ვინც დასტირის თავის ცოდვებს, ის ცრემლებით სწირავს ღვთივსათნო მსხვერპლს - გულის ოფლსა და სულის სისხლს...

18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა...

ამ სიტყვებით დავითი ევედრება უფალს იერუსალიმის აღშენებას და განახლებას, იუდეველთა ბაბილონის ტყვეობის შემდგომ.

და აღაშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი.

აღაშენენ ვედრებითი სიტყვაა, თუმცა ბრძანებითაც შეიგრძნობა. დაე, აშენდეს, ამბობს დავითი, ბაბილონელთა მიერ დანგრეული კედლები იერუსალიმისა.

19. მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა, შესაწირავი და ყოვლადდასაწველი.

იერუსალიმის აღშენების შემდგომ მიიღებ, უფალო, სიმართლის მსხვერპლს, რადგან მაშინ, სჯულის მიხედვით, იერუსალიმის გარდა სხვაგან აკრძალული იყო მსხვერპლშეწირვა. შესაწირავში იგულისხმება მთლიანი მსხვერპლის ნაწილი, ყოვლადდასაწველში მსხვერპლი, რომელიც მთლიანად იწვებოდა სამსხვერპლოზე (წმინდა ამბროსი სიმართლის მსხვერპლში მოიაზრებდა ქრისტეს სისხლსა და ხორცს).

მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი.

აქაც იგივეს იმეორებს დავითი დიდი სულიერი კმაყოფილებით, რომ, როცა იუდეველები გათავისუფლდებიან ბაბილონის ტყვეობიდან, ისინი იერუსალიმის სამსხვერპლოზე მიიტანენ მთლიან ზვარაკებს. წმ. დიონისე ამბობს ამასთან დაკავშირებით: ჩვენი საღვთო სამსხვერპლო იესო ქრისტეა, რომელზედაც განწმენდილსა და საიდუმლოდ დამწვარს ვტოვებთ შესაწირს და რომელზედაც აღსრულებად აღესრულება და განიწმინდება, რამეთუ ჩვენთვის ბრწყინავს იესო ქრისტე და გვივსებს ყოველგვარი სიწმინდით).

ასე განიმარტება ეს ფსალმუნი ისტორიულად და ბუკვალურად. მაგრამ, უმაღლესი აზრით, დავითი წინასწარმეტყველებს ქრისტიანული ეკლესიისა და სახარებისეული მსხვერპლის შესახებ, როგორც ამას მოწმობენ კირილე და ევსევი. ღვთის სათნოყოფაში („მაშინ გთნდეს" ისიხი გულისხმობს მაცხოვრის განკაცებას, როგორც კეთილ ნებას და სურვილს ღვთისას. სიონში იგულისხმება ქრისტიანთა ცხოვრება (კირილე და ევსევი სიონში იაზრებდნენ იგივე ეკლესიას, რადგან სიონი არ განიყოფებოდა იერუსალიმისაგან), კედლებში („ზღუდენი") - ეპისკოპოსები და მასწავლებლები (ისევ კირილეს და ევსევის სიტყვებით, უდიდესი, საიმედო და სხვა კედელთა შემაერთებელი კედელი ეკლესიისა არის თვით ქრისტე, სხვა კედლებში კი იგულისხმებიან ანგელოზები და გონიერი ძალები).

ქრისტიანობისას ღმერთი შეიწყნარებს ეკლესიისაგან სიმართლის მსხვერპლს. ანუ სათნოებებს, და როგორც შესაწირავი, მიღებული იქნება ცალკეული „წვანი" და ტანჯვანი ქრისტეს აღმსარებელთა. ყოვლადდასაწველის ნაცვლად იქნებიან მოწამენი. უფალი, ასევე, მიიღებს ეკლესიისაგან ცალკეულ სათნოებებს და გონიერებას ქორწინებაში და სხვა ყოფით მხარეებში, ხოლო როგორც ყოვლადდასაწველი - იქნება ქალწულება და მონაზვნობა. ზვარაკებში იგულისხმებიან ერთგული ქრისტიანები, როგორც სათნოებათა მოქმედნი, როგორც სულიწმიდის მომადლებულები და როგორც მძლეველნი ვნებათა და ეშმაკისა, ანუ ისინი, ვინც სრულნი არიან საქმით, სიტყვით და მჭვრეტელობით, როგორც ზვარაკები სულად სულნელად ზეციური სამსხვერპლოსაკენ აღსრულნი. თეოდორიტე ამბობს: დავითი, უჩვენებს რა, რომ ღვთისათვის ყოველთვის როდია სათნო კანონით გათვალისწინებული მსხვერპლი, ევედრება უფალს, რომ გამოაბრწყინვოს ახალი სიონი და ზეციური იერუსალიმი მიწაზე, და, რაც შეიძლება მალე, განაწესოს ახალი ცხოვრება, სადაც უსიტყვო ცხოველები კი არ იქნებიან მსხვერპლად შეწირულნი, არამედ იქნება შესაწირავი და სიმართლის მსხვერპლი, სიტყვიერი ყოვლადდასაწველი, რომლის შესახებ ბრძანებს წმ. პავლე მოციქული: „გლოცავ, თქუენ, ძმანო, მოწყალებათათვის ღმრთისათა, რაითა წარუდგინნეთ ხორცნი ეგე თქვენნი მსხუერპლად ცხოველად, წმიდად, სათნოდ ღმერთსა, მეტყველი ეგე მსახურებაი თქვენი" (რომ. 12,1).

ექვთიმე ზიღაბენის „ფსალმუნთა განმარტების" მიხედვით
მოამზადა დეკანოზმა მიქაელ გალდავამ

კატეგორია: აუცილებელი ლიტერატურა | ნანახია: 1116 | დაამატა: იონა | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მენიუ
განმარტებანი
ძიება
გამოკითხვა
რამდენი ისწავლე ჩვენი საიტიდან?
სულ პასუხი: 72
Video
სტატისტიკა
MAIMUNI.COM

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

» საიტზე დარეგისტრირებული
სულ: 62
თვის განმავლობაში: 0
კვირის განმავლობაში: 0
გუშინდელი: 0
დღევანდელი: 0
» მათ შორის
საიტის ადმინი: 2
სერვერის ადმინი:
მოდერები: 0
მომხმარებელი: 6
მნახველი: 54
» მათ შორის
კაცი: 12
ქალი: 12
კონტაქტი
===================== o.datuadze@gmail.com =====================
=====================
ლინკები
Copyright ოთო (იონა) დათუაძე © 2016