E ღმერთს არასოდეს არავინ მიუტოვებია და კაცსაც იმდენს აძლევს, რამდენიც მას სჭირდება - 10 ნოემბერში 2009 - წმინდა იონა
ყოველი დღე, ყოველი გათენებული დილა, ეს არის უდიდესი წყალობა ღვთისა, ამიტომ დილიდან მადლობას უნდა ვწირავდეთ უფალს. ილია II

WWW.IONAA.TK & WWW.OTO.UCOZ.RU   http://sibrdzne.com/

შემოსული ხართ Guest| ჯგუფი "Guests" |მთავარი | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | გამოსვლა | შესვლა |სიახლის დამატება
|
საიტის მენიუ
კატეგორიები
გალობები
"ჩვენი ტაძარი"
ქადაგებები
წმინდანთა ცხოვრება
მოახლოებული დღესასწაულები
სხვა..
ვიდეო მასალები
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
ხალხური სიმღერები
აუცილებელი ლიტერატურა
გალობები
Qriste agsdga !



გალობები მომაწოდა LONGUS-მა

შესვლის ფორმა.
ლოგინი:
პაროლი:
ჩანაწერების არქივი
მთავარი » 2009 » ნოემბერი » 10 » ღმერთს არასოდეს არავინ მიუტოვებია და კაცსაც იმდენს აძლევს, რამდენიც მას სჭირდება
21:28
ღმერთს არასოდეს არავინ მიუტოვებია და კაცსაც იმდენს აძლევს, რამდენიც მას სჭირდება

მამა ათანასე დაიბადა 1875 წელს, ქალაქ პირგოსში, ღარიბი მნათის მრავალშვილიან ოჯახში. მისმა ბავშვობამ ეკლესიაში, წმინდა ტრაპეზის წინაშე მსახურებაში გაირბინა. ყრმა ანდრეა დაეწაფა სასულიერო წიგნებს. მამათა ცხოვრების კითხვისას თითქოს გულში ვიღაც მონასტრისკენ მოუწოდებდა - ძალიან შორს, ათონის მთაზეა შენი ადგილიო. 1891 წლის ივლისის ერთ მცხუნვარე დღეს ანდრეამ, ორ მეგობართან ერთად, უჩუმრად დატოვა პირგოსი და ნავით ათონის მთისკენ გაეშურა. შუა გზაში განსაცდელი დაატყდათ - წვიმა, სიცივე, ქარი, რომელიც ნავს ხშირად უცვლიდა გეზს. 17-დღიანი დამქანცველი მგზავრობის შემდეგ ათონის მთაზე წმინდა გრიგოლის მონასტერს მიადგნენ. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული იყო. ახალგაზრდებმა მუხლმოდრეკით მადლობა შესწირეს უფალს. ანდრეა განცვიფრებული შესცქეროდა ციხესიმაგრის მსგავს სავანეს. გამოისახა ჯვარი და უფალს შესთხოვა, - უკანასკნელ ამოსუნთქვამდე აქ ყოფნის ნება მომეციო. მონასტერს მაშინ მამა სვიმეონი წინამძღვრობდა, მთელ ათონზე მაღალი სულიერებით გამორჩეული ბერი.

სანამ მანტიით შემოსავდნენ, ანდრეამ ორი წელი მორჩილებაში გაატარა. დიდი თავმდაბლობით, სიყვარულით ემსხურებოდა ყველას. წიგნში წაკითხულს საქმით აღასრულებდა. ერთ ბედნიერ დღეს კი ანგელოზის სქემა შემოსეს და სახელად ათანასე უწოდეს. მალე ახალი მორჩილება მისცეს. ათონის მთის ოც დიდ მონასტერს ათონის დედაქალაქში, კარიესში, თავისი მეტოქიონი აქვს. აქ ცხოვრობენ მათი წარმომადგენლები ათონის კინოტში ანუ მამათა საბჭოში. მათ გარდა მეტოქიონში ახალგაზრდა ბერებიც ცხოვრობენ და იღვწიან. 1893 წელს ბერი ათანასე წმინდა გრიგოლის მონასტრის წარმომადგენელს კინოტში, მამა იაკობს, ჩააბარეს. ისიც მონდომებით შეუდგა ათანასეს გამოწვრთნას. მორჩილს სიყვარულს არ აჩვენებდა, ყოველთვის მკვახედ ესაუბრებოდა და ხშირად დასცინოდა კიდეც. „შე მატლო, ეგოისტი ხარ და საბერო ცხოვრებისთვის არ ვარგიხარო“, - ეუბნებოდა. ურჩს, თავნებას და უმაქნისს ეძახდა სხვების თვალწინ. ემუქრებოდა, როგორც მამათა საბჭოს წევრი, არასოდეს მოგცემ მღვდლობის ნებასო. ათანასეს კი სული სიხარულით ჰქონდა სავსე და მხოლოდ ერთს ეტყოდა მოძღვარს: „მაკურთხე, მამაო“.

11 წელი გაატარა ათანასემ მორჩილებაში. 1904 წელს ორივემ დატოვა კარიესი და მონასტერში დაბრუნდნენ. რაოდენ მდიდარი იყო ათანასე სულიერი გამოცდილებით, სულიერი ნაყოფით! მონასტრის ძმობამ იცოდა ეს და უხაროდა. ერთხელ იღუმენმა ათანასეს უთხრა, - მღვდლად კურთხევისთვის მოემზადეო. ამ ამბით ყველა ბედნიერი იყო, განსაკუთრებით მამა იაკობი ღელავდა, დიდი სითბოთი და სიხარულით აკურთხებდა თავის „ურჩ“ მორჩილს. მეორე წელს მამა იაკობი იღუმენის ხარისხში აიყვანეს, ხოლო ბერდიაკონ ათანასეს მორჩილებად სტუმართა მომსახურება დაავალეს. 1908 წელს 33 წლის ათანასეს მღვდლად დაასხეს ხელი. შიშითა და კრძალვით დაიწყო ღვთისმსახურება, უსისხლო მსხვერპლის შეწირვა. ეს განწყობა მას სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა. შიში და კრძალვა იყო მიზეზი იმისა, რომ მან შემდგომში, იღუმენობისას, 37 ბერი აღკვეცა, მაგრამ არც ერთს არ მისცა ნება, წმინდა ტრაპეზს მიახლოებოდა. ახსენებდა ხოლმე სულიერ შვილებს: „სჯობს სკვნილით სამოთხეში მოხვდეთ, ვიდრე ოლარით ჯოჯოხეთშიო“.

წმინდა გრიგოლის მონასტერს ათონთან ახლოს, სოფელ ვულტისტში, მეტოქიონი ჰქონდა. ერთხელ მისი მმართველი შეშფოთებული მოვიდა მონასტერში და ვინმე კეთილმოკრძალებული ბერის წაყოლა მოითხოვა. თურმე სოფელს და მის ახლომახლო მინდვრებს კალია შესეოდა. იღუმენმა მამა ათანასე აკურთხა და მწერებთან საომრად გაუშვა, თან წმინდანთა ნაწილები გაატანა. მთელი გულით ლოცულობდა მამა ათანასე, იქვე იყვნენ იმ სოფლის მკვიდრნიც. ბერი სიწმინდეებით უვლიდა გარს მინდვრებს და ლოცულობდა. შიში დაუფლებოდა ხალხს. უეცრად კალიათა გუნდი აფრინდა და ცა დააბნელა. უხილავმა ხელმა ზღვისაკენ გარეკა და შიგ ჩაახრჩო მილიონობით მწერი. უკან დაბრუნებულ ათანასეს მონასტრის ძმობა დიდი ამბით, რიპიდებით და საკმევლის კმევით შეხვდა.

1914 წელს მამა ათანასეს იღუმენობა შესთავაზეს. დიდად არ გახარებია, მაგრამ უარიც არ უთქვამს - მოვიცადოთ ათი წელი და მერე ვნახოთო. ათი წლის შემდეგ მაინც აირჩიეს იღუმენად. დაიწყო ღვთისა და მოყვასის მსახურების ახალი პერიოდი. წინამძღვარი ხომ მაგალითი უნდა იყოს მონასტრის ძმობისა, ნუგეშისმცემელი და მესაიდუმლე. ისიც ყველას ერთნაირი სითბოთი იღებდა, ყურადღებით ისმენდა ბერების შეკითხვებს, მისი პასუხები ყოველთვის ბრძნული იყო. შეეძლო გამოსავლის პოვნა ურთულეს მდგომარეობაშიც კი. იბრძოდა თითოეული ბერის სულისთვის. ხშირად იტყოდა: იღუმენი მონაზვნებისთვის მამა უნდა იყოს და მათი სულიერი უძლურების ჟამს ბერების მხარე უნდა დაიჭიროსო.

მამა ათანასე განსაკუთრებით დიდ ყურადღებას აქცევდა ეკლესიაში ღვთისმსხურებას: - ღვთისთვის რაც აღესრულება, ყოველივე კეთილმოკრძალებით უნდა კეთდებოდესო. ცდილობდა, ტაძარში ყველაფერი ღვთის შესაფერისი ყოფილიყო, უბრალო და დიდებული. ეკლესიის ერთი მოხუცი მსახური ჰყვებოდა: ჩემი მორჩილება ყოველდღიურად ტაძრის დასუფთავება იყო. მეც, შეძლებისდაგვარად, ბევრს ვშრომობდი. ჩვენი ნეტარხსენებული იღუმენი მოდიოდა და გახარებული ჩურჩულებდა: აკურთხე ისინი, ღმერთო, ვინც შეიყვარა მშვენიერება სახლისა შენისაო. ამ სიტყვების გამგონეს საოცარი მღელვარება მიპყრობდა და ცრემლებს ვეღარ ვიკავებდიო.

მამა ათანასე არასოდეს გასცილებია მონასტრის ეზოს ანაფორის გარეშე. ბაგეთაგან არასოდეს დასცდენია ფუჭი ან სახუმარო სიტყვა. მისი ყოველი მოძრაობა, მოქმედება აწონილი იყო. სანამ ბრძანებას გასცემდა, კარგად მოიფიქრებდა, მაგრამ ნათქვამს არასოდეს შეცვლიდა. იღუმენი იყო, მაგრამ პირველი თვითონ მიდიოდა სამუშაოდ. სეფისკვერებსაც თვითონვე აცხობდა. მისთვის არც გონებრივი შრომა იყო უცხო. წმინდა გრიგოლის მონასტერს შეეძლო ეამაყა თავისი იღუმენით. ასწავლიდა თუ ტუქსავდა, მის სიტყვებში ძალა იგრძნობოდა. მონასტერში ერთი ბობოქარი ხასიათის ბერი ჰყავდათ. იღუმენი მდუმარედ ელოდებოდა ხოლმე, როდის დაცხრებოდა ბერი მრისხანებისგან. ერთხელ ზღვის პირას წაიყვანა და უთხრა: - შვილო, როცა ზღვა ბობოქრობს, ამსხვრევს ნავებს და ხომალდებს და ღუპავს ადამიანებს. როცა გონს მოდის და მშვიდდება, ამბობს ხოლმე, - ვაიმე, ღმერთო, ეს რა ჩავიდინეო.

იღუმენობის მძიმე უღელს მასთან ერთად მონასტრის მფარველი წმინდანები ინაწილებდნენ. ერთხელ ამგვარი სასწაული მოხდა: ორი ძმა - მამა მიქაელი და მამა ქრიზანთემოსი - მონასტრის ფურნეში პურს აცხობდა. მამებს გუნება წამხდარი ჰქონდათ, რადგან ხორბლის მარაგი ელეოდათ. უეცრად მათთან ვიღაც ჩია ბერიკაცი მივიდა. ხელში სახარება ეჭირა. როგორ ხართ, მამებო, ხორბალი გყოფნითო? - იკითხა. რასაც ხედავ, ესღა გვაქვსო, - უპასუხეს. ნუ გეშინიათ, მამებო, ღმერთი დიდიაო, - თქვა მოხუცმა, ხორბალი აკურთხა და წავიდა. ისე როგორ წავიდა, ვერ გავუმასპინძლდითო, - იფიქრეს ბერებმა და გამოეკიდნენ, მაგრამ უცნობი ვეღარ იპოვეს, თითქოს ფრთები გამოესხა და გაფრენილიყო. წმინდა ნიკოლოზი ხომ არ იყოო, - ფიქრობდნენ და მართლაც, ცოტა ხნის შემდეგ დამტკიცდა მათი ეჭვები - უცნობის ნაკურთხი ხორბალი ექვსი თვე ეყოთ. ერთხელ კი მამა გ-მ, უბრალო და სუფთა სულის ბერმა, წირვის დროს იხილა, რომ ორი დიდებული ქალბატონი გამოვიდა საკურთხევლიდან. ერთს წითელი სამოსი ეცვა და დედოფალივით გამოიყურებოდა, მეორეს კი, უფრო ახალგაზრდას, - უბრალო, ნაცრისფერი სამოსი. იგი, დედოფლის ბრძანებით, წირვაზე მდგომ ბერებს ფულს ურიგებდა. როცა ეს ხილვა მამა ათანასეს მოუთხრო, მან თქვა: - თვით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და ჩვენი მონასტრის მფარველი ღირსმოწამე ანასტასია გიხილავს. ფულის დარიგებით კი გვითხრეს, რომ ისინი კმაყოფილნი არიან ჩვენი ღვაწლითო.

XX საუკუნის 20-იან წლებში კონსტანტინეპოლის საპატრიარქომ კალენდარი შეცვალა. ამან ათონის მთაზეც დიდი შფოთი გამოიწვია. მამა ათანასეს არ სურდა, რომ მის მონასტერში მოდერნიზმის სულს შეეღწია. ამბობდა: ჩვენ უნდა დავრჩეთ ჩვენს ღირს მამათა ტრადიციების შეურყვეველ გოდოლად, უნდა ვიყოთ ქრისტეს მამაცი მეომრებიო. ის კი არ უნდა ვთქვათ: ამას გვიბრძანებს პატრიარქი და ეპისკოპოსნიო. განა არ გვითხრა ქრისტემ მოციქულ პავლეს ბაგეებით: „არამედ დაღათუ ჩვენ, გინა თუ ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქვენ გარეშე მისსა, რომელი იგი გახარეთ თქვენ, შეჩვენებულ იყავნ“ (გალ. 1,8). 1927 წელს მამა ათანასემ ამის გამო უარიც კი თქვა ერთი სახელმწიფო ჩინოსნის მიღებაზე, რომელმაც მონასტერი ოფიციალური ვიზიტით მოინახულა. კინოტმა მამა ათანასე იღუმენობიდან გადააყენა, გადასახლებითაც კი ემუქრებოდნენ, მაგრამ რამდენიმე დღეში ისევ აღადგინეს. 1937 წელს მიიწურა 13 წელი მისი იღუმენობისა. ამ წელს ღირსი მამა ცუდ მდგომარეობაში ჩააყენეს. გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც მოისურვეს მონასტრის ტრადიციული, კეთილმოსაგრე ცხოვრების შეცვლა. პროტესტის ნიშნად მამა ათანასე იღუმენობიდან გადადგა და მიუხედავად ათონის მთის მამათა დიდი თხოვნის, აღარ დაბრუნებულა წინამძღვრად. „მიყვარს მყუდროება, - უთხრა ბერებს, - ვევედრებოდი უფალს და მომცა განმარტოების საშუალება. მონასტერში ბევრი ღირსი მამაა, რომელიც ჩემზე უკეთესი იღუმენი იქნებაო“.

დაუდგა სასურველი მყუდროების ხანა ღირს მამას. შესახედაობით ძველ თებაიდელ ბერს გაგონებდათ. განწმენდილ სახეზე თითქოს ძველ მოღვაწეთა ყველა სათნოება აღბეჭდვოდა და განაცვიფრებდა ყველას. მუდამ მშვიდი და აუმღვრეველი რჩებოდა. მაშინაც კი, როცა შეურაცხყოფდნენ, სიტყვას არ იტყოდა თავის დასაცავად. მიდიოდა ტაძარში და ფსალმუნთა გალობით იმსუბუქებდა სულიერ დაღლას. ყველაზე წინ მოთმინებას და ძმათა შორის მშვიდობას აყენებდა. ხშირად იტყოდა ხოლმე, - მდუმარებით მრავალ უბედურებას გადავრჩებითო.

მრავალი ქრისტიანის სული სიმშვიდეს და მყუდროებას პოვებდა მისი ოლარის ქვეშ, აღსარებისას. როგორც ამბობენ, წმინდა გრიგოლის მონასტერში ახლაც შემორჩენილია ღირსი ათანასეს ოლარი, რომელიც დროდადრო კეთილსურნელებას აფრქვევს და შვებას ჰგვრის მწუხარებით გატანჯულ ბერებს, როცა თავზე დაადებენ.

მამა ათანასე ყველას პატივისცემით ეპყრობოდა. ახალგაზრდა ბერებსაც კი „მამაოს“ ეძახდა. სიმდაბლე და უბრალოება იყო მისი უძვირფასესი თვისებები. თანდათან უფრო უბრალო ხდებოდა. განსაცვიფრებელი იყო მისი მარხვა, რომ აღარაფერი ვთქვათ მის უპოვარებაზე. გარდაცვალების შემდეგ, როცა მისი საფულე გახსნეს, ნახეს ფურცლები, რომელთა ერთ მხარეს ეწერა: „ასი დრაქმა“, „ხუთასი დრაქმა“, „ათასი დრაქმა“, მეორე მხარეს კი ღირს მამათა: იოანე კიბისაღმწერელის, ეფრემ ასურის, ისააკ ასურის და სხვათა - დარიგებები. ეს იყო მისი ფული, მისი სიმდიდრე.

ყველაზე დიდ ნეტარებასა და სიხარულს კი საღმრთო ლიტურგიის შესრულებისას განიცდიდა. იღუმენობის დატოვების შემდეგ, წირვისას, იდგა ხოლმე წმინდა ტრაპეზის მარცხენა მხარეს, თავმოდრეკილი, თვალთაგან ცრემლს ღვრიდა და ისეთ სულიერ მღელვარებას გადასცემდა გვერდში მდგომ ღვთისმსახურთ, რომ მათ წირვის გაგრძელებაც კი უჭირდათ. ჰქონდა ხილვები, მაგრამ, მიუხედავად დიდი თხოვნისა, არავის უმჟღავნებდა.

ერთი ათონელი ბერი უყვებოდა მამა ქერუბინს, ღირსი ათანასეს ცხოვრების აღმწერს: ის იყო მმარხველი და ასკეტი. უდაბნოშიც ვერ იპოვი მისგვარს. სულიწმინდა სუფევდა მასზე. როცა გესაუბრებოდა, გრძნობდი, რომ ბაგეთაგან კეთილსურნელებას აფრქვფა, ისეთს, წმინდა ნაწილთაგან რომ მოგვეფინება. მაგრამ ამას გრძნობდნენ მხოლოდ ისინი, ვინც თვითონვე ცხოვრობდა წმინდა და განკრძალული ცხოვრებით.

დაფარულთმცოდნეობის მადლის მფლობელი გახლდათ მამა ათანასე და მრავალი სულიც დაიხსნა.

მამა სოფრონიოსი ჰყვებოდა: - ახალგაზრდობაში დიდი ღვაწლის აღება მოვისურვე - ყველასაგან დაფარულად ტანზე ჯაჭვი მქონდა ასხმული, ძილი მშვიდი რომ არ მქონოდა, ლეიბის ქვეშ ქვები დავიწყვე. ვფიქრობდი, ასეთი ცხოვრებით სათნო ვეყოფოდი უფალს. ეს არ იცოდა მამა ათანასემ. ერთხელ მეკითხება - მამაო სოფრონიოს, როგორ ცხოვრობო.

- თქვენი წმინდა ლოცვებით, კარგად, მამაო, - მივუგე.

- იქნებ ზედმეტად აუძლურებ სხეულს?

- არა, მამაო, ჩვეულებრივი ბერივით ვცხოვრობ.

- აბა, ვნახოთ, ლეიბის ქვეშ რა გაქვს. ამას რას ვხედავ! გადაყარე ეს ქვები.

მისმა ნათქვამმა განმაცვიფრა. მამა ათანასეს ჯაჭვების ამბავიც ეცოდინებამეთქი, - გავიფიქრე და იმწამსვე მოძღვარი მომიბრუნდა, - მამა სოფრონიოს, მოდი, ერთი შემოგხედო, ტანზე რა შემოგიკრავს... ეს რა არის? მოიხსენი ჯაჭვები. მათგან შენ სიკეთე არ გექნებაო.

წმინდა გრიგოლის მონასტრის ბერი მამა ე-ც მოშურნეობით აღივსო, ოღონდ არა გონივრულით. გადაწყვიტა, მონასტერი დაეტოვებინა. კალენდრის რეფორმა და მონასტერში ახალმესტილე ეპისკოპოსის ვიზიტი მოიმიზეზა. ღამით მამა ე. მონასტრის კედლებს გარეთ თოკით ჩამოეშვა. გაახსენდა, რომ კელიაში „ლოცვანი“ დარჩა, რომლის გარეშეც ვერ გაძლებდა. ბუჩქებში დაიმალა და გათენებას დაელოდა. ფიქრობდა, მონასტრის კარებს რომ გააღებენ, შევიპარები კელიაში და წიგნს ავიღებო. დილით გააღეს მონასტრის კარები. ყველა ბერი თავის საქმეს დაადგა. მამა ე. ხედავდა ყველას, მას კი ვერავინ ამჩევდა. ბერებს მოჰყვა იღუმენი მამა ათანასეც. ის პირდაპირ ბუჩქებში ჩამალული ბერისკენ წავიდა და სხვებს რომ ვერ გაეგოთ, მიმართა: - მამაო, სასწრაფოდ ჩამოდი ქვემოთო. განცვიფრებული ბერი ბუჩქებიდან გამოვიდა და ღირსი მამის ღვთაებრივი ნიჭით აღფრთოვანებული სინანულით დაუბრუნდა თავის კელიას.

გადიოდა წლები და სულიერი ჭვრეტაც უძლიერდებოდა მამა ათანასეს. სინანულით და საღმრთო სიყვარულით ჰქონდა შემუსვრილი გული. სიცოცხლის ბოლო სამ წელიწადს უფრო გაამრავლა ღვაწლი - ვიდრე შემიძლია, რატომ არ უნდა გავაკეთო ბევრი საქმეო, - ამბობდა. ლოცულობდა და ლოცულობდა. განსაკუთრებით ღვთისმშობლის დაუჯდომლის კითხვა უყვარდა. დიდად აფასებდა ამ ლოცვას, იღუმენობისას ბერად არ აღკვეცდა მორჩილს, თუ „დაუჯდომელი“ ზეპირად არ იცოდა.

ერთხელ მამა ქერუბინს უთხრა: - რახან ღმერთმა ღირსგყო მღვდლობის, ეცადე საღმრთო ლიტურგია მთელი სულით აღასრულო. როცა მღვდელი სწირავს სულში ანთებულ ლამპარს უნდა გრძნობდეს, რომელიც მომავალ ლიტურგიამდე არ უნდა ჩაუქრეს. პირველი ჩატარებული წირვიდან ბოლო ლიტურგიამდე მღვდელმა თავისი ლამპარი ანთებული უნდა შეინახოს და იზრუნოს ამისთვის. ასე მოიქეცი: ლიტურგიის შემდეგ განმარტოვდი, დაფიქრდი და იგრძენი, რა მოგეცაო. თვითონ უაღრესად ხელგაშლილი, თავის მემკვიდრე იღუმენს არიგებდა: - იღუმენი ისეთი მოწყალე უნდა იყოს, როგორიც წმინდა ნიკოლოზი. უნდა შეეწიოს ყველას, ვინც მონასტრისგან დახმარებას ელის. ღმერთს არასოდეს არავინ მიუტოვებია და კაცსაც იმდენს აძლევს, რამდენიც მას სჭირდებაო.

1949 წელს მამა ათანასე სერიოზულად დაავადდა. ძალზე გაურთულდა ართრიტი. მოთმინებით იტანდა ტკივილებს, არც საჭმელი შეუცვლია. მისი წამალი წმინდა ზიარება და ლოცვა იყო. დიდი მარხვაც მთელი მონდომებით შეინახა და მისმა დიდმა რწმენამ, სულიერ შვილთა სანუგეშოდ, რამდენიმე წლით გაუხანგრძლივა სიცოცხლე. 1953 წელს 80 წელს მიღწეული იღუმენი საბოლოოდ მიეჯაჭვა საწოლს. ქრისტეშობიდან ორი დღის შემდგომ იხმო მონასტრის ძმები და გამოეთხოვა, მეორე დღის საღამოს კი სული ჩააბარა უფალს. მისი გარდაცვალების ამბავმა გული დაუკოდა სულიერ შვილებს, მაგრამ მათ ანუგეშებდათ ის ხილვები, მამა ათანასეზე რომ ხედავდნენ. ზოგმა ის დიდი ნათლით გარემოცული ნახა, სხვებმა ზეციური ტრაპეზის წინ მლოცველი იხილა. მრავალთათვის უცია ნუგეში და განუსწავლია...

საუკუნოდ იყოს ხსენება მამა ათანასესი!

მოამზადა კახაბერ კენკიშვილმა
ჟურნალი „კარიბჭე“ №10 2006 წ.

კატეგორია: აუცილებელი ლიტერატურა | ნანახია: 628 | დაამატა: ketevani | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მენიუ
განმარტებანი
ძიება
გამოკითხვა
რამდენი ისწავლე ჩვენი საიტიდან?
სულ პასუხი: 72
Video
სტატისტიკა
MAIMUNI.COM

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

» საიტზე დარეგისტრირებული
სულ: 62
თვის განმავლობაში: 0
კვირის განმავლობაში: 0
გუშინდელი: 0
დღევანდელი: 0
» მათ შორის
საიტის ადმინი: 2
სერვერის ადმინი:
მოდერები: 0
მომხმარებელი: 6
მნახველი: 54
» მათ შორის
კაცი: 12
ქალი: 12
კონტაქტი
===================== o.datuadze@gmail.com =====================
=====================
ლინკები
Copyright ოთო (იონა) დათუაძე © 2016