E მოგონებები იოსებ ათონელზე (არქიმანდრიტი ეფრემ ფოლოთეველი) - 1 ნოემბერში 2009 - წმინდა იონა
ყოველი დღე, ყოველი გათენებული დილა, ეს არის უდიდესი წყალობა ღვთისა, ამიტომ დილიდან მადლობას უნდა ვწირავდეთ უფალს. ილია II

WWW.IONAA.TK & WWW.OTO.UCOZ.RU   http://sibrdzne.com/

შემოსული ხართ Guest| ჯგუფი "Guests" |მთავარი | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | გამოსვლა | შესვლა |სიახლის დამატება
|
საიტის მენიუ
კატეგორიები
გალობები
"ჩვენი ტაძარი"
ქადაგებები
წმინდანთა ცხოვრება
მოახლოებული დღესასწაულები
სხვა..
ვიდეო მასალები
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
ხალხური სიმღერები
აუცილებელი ლიტერატურა
გალობები
Qriste agsdga !



გალობები მომაწოდა LONGUS-მა

შესვლის ფორმა.
ლოგინი:
პაროლი:
ჩანაწერების არქივი
მთავარი » 2009 » ნოემბერი » 1 » მოგონებები იოსებ ათონელზე (არქიმანდრიტი ეფრემ ფოლოთეველი)
17:23
მოგონებები იოსებ ათონელზე (არქიმანდრიტი ეფრემ ფოლოთეველი)
მახსოვს, ცხრამეტი წლის ვიყავი, როცა ავირჩიე გზა, რომელმაც წმინდა მთაზე, ღვთისმშობლის სავანეში მიმიყვანა. მონაზვნური ცხოვრებისკენ მიმავალი ეს გზა პირველად ჩემმა სათნო და მონაზვნობისმოყვარე დედამ, ამჟამად მონაზონმა თეოფანიამ დამანახა.

გერმანული ოკუპაციის პირველი მძიმე წლებში იძულებული გავხდი, უმაღლეს სკოლაში სწავლა შემეწყვიტა და მუშაობა დამეწყო. ამ დროს ვოლოს ძველი კალენდრის მიმდევარი ორი სამრევლო ეკლესიიდან ერთ-ერთში წმინდა მთიდან ჩამოსულმა მღვდელმონაზონმა დაიწყო მსახურება. ის იოსებ-ისიხასტის (ისიხია - (ბერძ.) მდუმარება, სიმშვიდე. ისიხასტი - ამსოფლიურ ცხოვრებას განშორებული ადამიანი, რომელიც გარეგან ან შინაგან - გონიერი ლოცვით მდუმარებაში იმყოფება. ეს ღვაწლი მოითხოვს ყურადღებასა და უწყვეტ იესოს ლოცვას) ძმობიდან იყო. ეს ათონელი მღვდელმონაზონი ძალზე სასარგებლო რჩევებს მაძლევდა და სულიერი ცხოვრების წარმართვაში მეხმარებოდა. ის გახდა ჩემი სულიერი მამა. მისი რჩევებისა და მასთან საუბრის წყალობით მალე ვიგრძენი, რომ ჩემი გული საერო ცხოვრებას შორდებოდა და წმინდა მთისკენ ისწრაფვოდა. როცა ის მამა იოსების ცხოვრების შესახებ მიყვებოდა, განსაკუთრებით ვგრძნობდი, რაღაც ღვივდებოდა ჩემში და მხურვალედ ვლოცულობდი მალე გამეცნო ის.

როცა ბოლოს და ბოლოს ეს დროც დადგა - 1947 წლის 26 სექტემბრის დილა - პატარა გემმა ნელ-ნელა საერო ცხოვრებიდან წმინდადწოდებულ მთაზე გადაგვიყვანა: როგორც ამბობენ, წარმავლობის საპირისპირო მარადიულ ნაპირზე.

წმინდა ანას სკიტის კლდოვან ნაპირთან ხანდაზმული მამა არსენი მელოდებოდა.

- შენ ხან იანაკი ვოლოსიდან? - მკითხა მან.

- დიახ, მამაო, - ვუპასუხე, - მაგრამ საიდან მიცნობთ?

- მამა იოსებმა წმინდა იოანე წინამორბედისგან შეიტყო, რომელიც წუხელ გამოეცხადა და უთხრა: „პატარა კრავი მომყავს შენთან, მიიღე შენს სამწყსოში“, - თქვა მან.

იოანე ნათლისმცემელზე, ჩემს მფარველ წმინდანზე, დავიწყე ფიქრი. მე მისი შობის დღეს დავიბადე. მის მიმართ მადლიერების გრძნობით აღვივსე, ასე რომ ზრუნავდა ჩემზე.

- აბა, იანაკი, წავიდეთ, - მითხრა მამა არსენმა, - მამა იოსები გველოდება.

შევუდექით აღმართს. საოცარი გრძნობა დამეუფლა, ვერაფერი შეძლებს ამის სიტყვით გადმოცემას.

იმ საღამოს, გამოქვაბულში გამოკვეთილ წმინდა იოანე ნათლისმცემლის პატარა ეკლესიაში მუხლი მოვიყარე და ჩემს მოძღვარს მორჩილება აღვუთქვი. აქ, ამ მჟუტავ სინათლეზე ჩემმა სულმა მხოლოდ მისთვის გასაგები გზით შეიცნო ჩემი წმინდა მოძღვრის ნათელი სახე.

სულიერი და ხორციელი ასაკით ძმობაში ყველაზე პატარა ვიყავი, მამა იოსები კი წმინდა მთაზე იმ დროისთვის ერთ-ერთი უდიდესი სულიერი მოძღვარი იყო. მასთან დავრჩი და მის ფერხთით ვსწავლობდი ყველაფერს თორმეტი წლის განმავლობაში - ამდენი ხანი იცოცხლა მან ჩემი მისვლის შემდეგ. უფალმა ჩემი მოძღვრის მსახურების ღირსი გამხადა მის უკანასკნელ წმინდა ამოსუნთქვამდე. თავისი მძიმე სულიერი ღვაწლისა და იმ წმინდა ლოცვის გამო, რომელიც ჩვენ ფასდაუდებელ სულიერ მემკვიდრეობად დაგვიტოვა, ის ყოველგვარი სამსახურის ღირსი იყო. მე ის შევიცანი, როგორც ჭეშმარიტად ღმერთშემოსილი მამა, შესანიშნავი სულიერი წინამძღოლი, რომელსაც ვნებებსა და დემონებთან ბრძოლის დიდი გამოცდილება ჰქონდა. მის გვერდით მყოფი, თუკი მას ყველაფერში დაემორჩილებოდა, აუცილებლად განიკურნებოდა ვნებებისგან მათი სიმრავლისა და სიძლიერის მიუხედავად.

მამა იოსები მონაზვნებისთვის ყველაზე დიდ სათნოებად ქრისტეს მსგავს მორჩილებას მიიჩნევდა. ერში მცხოვრები ქრისტიანებისთვის ის უპირატესობას გამოცდილი მოძღვრის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ წარმოებულ გონიერ ლოცვას ანიჭებდა. ამ მიზეზით მოხიბლული ბევრი ანახა და ამიტომაც ფრთხილობდა. ხშირად გვეუბნებოდა:

- თუ შეხვდებით ადამიანს, რომელიც რჩევას არ ითხოვს, ან მიცემულ რჩევას არაფრად აგდებს, დაიცადეთ და მალე მას მოხიბლულს ნახავთ.

ჩვენი ასკეტური ცხოვრების წესის მიმართ ის უკიდურესად მკაცრი იყო. მან მთელი სულით შეიყვარა მარხვა, მღვიძარება და ლოცვა. მისი ტრაპეზი ყოველთვის ზომიერი იყო. ის არასოდეს ჭამდა ახლადმომზადებულ კერძს, თუკი იცოდა, რომ წინა დღის ან ორიდღისწინანდელი ტრაპეზიდან რაიმე იყო დარჩენილი. რაც შეეხება ჩვენი ძმობის ახალგაზრდა წევრების კვებას, მისი სიმკაცრე ზომიერი იყო. რადგან ჩვენს ფიზიკურ უძლურებას ხედავდა, მიაჩნდა, რომ უნდა დავეზოგეთ. თითქოს ამ დათმობაში ვლინდებოდა მთელი მისი შემწყნარებლობა ჩვენს მიმართ. სხვა ყველაფერში მამა იოსები ძალიან მომთხოვნი იყო. არა იმიტომ, რომ მას შეცდომების პატიება ან ჩვენი სისუსტეების დათმენა არ შეეძლო, არამედ უნდოდა, რომ მთელი ჩვენი სულიერი და ფიზიკური ძალები ღვაწლისკენ ყოფილიყო მიმართული. ის ამბობდა: „რასაც ჩვენ უფალს არ მივცემთ, იმას სხვა გამოიყენებს. ღმერთიც ამიტომ გვაძლევს მვნებას, რომ გვიყვარდეს ის მთელი სულითა და გულით, რომ ბოროტმა ვეღარ ნახოს დასამკვიდრებელი ადგილი ჩვენში“.

ყოველ ღამეს მღვიძარებაში ვატარებდით - ტიპიკონი ასეთი იყო. მამა იოსები მოითხოვდა ჩვენგან სისხლამდე ბრძოლას ძილისა და ბოროტი გულისსიტყვების წინააღმდეგ. თვითონ თავის ჩაბნელებულ პატარა სენაკში განუშორებელი, უწყვეტი გონიერი ლოცვით მთელ ღამეს მღვიძარებაში ატარებდა. თუმცა სენაკში იყო განმარტოებული, მან იცოდა, რა ხდებოდა გარეთ: იცოდა თითოეული ჩვენი მოძრაობის, ჩვენი ლოცვის შესახებ. ერთი თვალის შევლებით შეეძლო ჩვენი აზრების წაკითხვა. როცა ხედავდა, რომ გამხნევება გვჭირდებოდა, ათონელი მამების ასკეტურ ღვაწლზე მოგვითხრობდა. ძალიან კარგი მთხრობელი იყო. როცა საუბარს იწყებდა, გვინდოდა, დაუსრულებლად ელაპარაკა. მიუხედავად თხრობის თანდაყოლილი ნიჭისა, ხშირად გვეჩვენებოდა, რომ ღვთიურ ნათელსა და მადლის სხვადასხვა მოქმედებაზე საუბრისას გული სწყდებოდა, რომ თავისი გამოცდილების სიღრმით გადმოცემა ღარიბი ადამიანური ენით შეუძლებელი იყო. მამა იოსები ჩუმდებოდა და თითქოს გვშორდებოდა, რადგან არ შეეძლო სიტყვით გამოეხატა ის, რაც იდუმალი სიტყვის მიუწვდომელ, ნათელ და უმაღლეს მწვერვალზეა, სადაც უბრალო და უცილობელი, უცვლელი და ენითგამოუთქმელი ღვთისმეტყველების საიდუმლოებაა.

ჩემს მოძღვარს ღვთისმეტყველება არ უსწავლია, თუმცა საოცარი სიღრმით ღვთისმეტყველებდა. ერთ წერილში ის წერს: „როდესაც ნამდვილი მონაზონი მორჩილებითა და მდუმარებით განიწმენდს გრძნობებს, დაიმშვიდებს გონებას და განიწმინდება მისი გული, მაშინ მიიღებს მადლსა და საღმრთო ცოდნას. ხდება სრული ნათელი, სრული გონება, სრული ბრწყინვალება, საიდანაც გადმოედინება ღვთისმეტყველება. სამი ადამიანიც რომ იწერდეს მას ერთდროულად, მაინც ვერ მიჰყვება მადლის ნაკადს, რომელიც ტალღებად მოედინება და სიმშვიდესა და სხეულში ვნებების უმოქმედობას მოგვამდლებს. გული ღვთაებრივი სიყვარულით აენთება და აღმოხდება: „შეაჩერე, იესო ჩემო, ტალღები შენი მადლისა, თორემ ცვილივით ვდნები“. და მართლაც, ის დნება, რადგან ვერ უძლებს ამას. გონება ჭვრეტად აღიტაცება. ხდება შერწყმა. ადამიანი გარდაიქმნება და ღმერთს ისე უერთდება, რომ ვეღარ ცნობს ან ვეღარ აცალკევებს საკუთარ თავს ღვთისგან ისევე, როგორც რკინა, რომელიც გახურებისას ცეცხლს ემსგავსება“.

ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ მისთვის უცნობი და მიუწვდომელი არ იყო ხელთუქმნელი ნათლით გაბრწყინებული ღვთაებრივი წყვდიადი; მისთვის ცნობილი იყო ის, როგორც ადგილი და სახე ღვთის მყოფობისა, როგორც ენითგამოუთქმელი საიდუმლო, როგორც უნათლესი ნათელი. ეს იმიტომ, რომ მან ლოცვა იცოდა. ბევრჯერ გვინახავს, როცა ხანგრძლივი გონიერი ლოცვის შემდეგ სენაკიდან გამოვიდოდა, მისი სახე შეცვლილი და განათებული იყო. სულაც არ არის გასაკვირი, რომ ის ნათელი, რომლითაც მისი სული განუწყვეტლივ განიბანებოდა, დროდადრო მის სხეულსაც ხილულად განბანდა ხოლმე. წმინდანებისა და ანგელოზების შარავანდედიც, რომელსაც ხატებზე გამოსახავენ, სხვა არაფერია, თუ არა მადლის ხელთუქმნელი ნათლის ანარეკლი, რომელიც მათ სულში ბრწყინავს.

მამა იოსების სიწმინდე მართლაც გასაოცარი იყო. მახსოვს, როცა ღამით მის სენაკში შევდიოდი, კეთილსურნელება ტრიალებდა. ვგრძნობდი, რომ ყველაფერს, რაც მის გარშემო იყო, მისი ლოცვების კეთილსურნელება აღავსებდა და მოქმედებდა როგორც ჩვენს შინაგან, ისე გარეგან გრძნობებზე. როცა მამა იოსები სულისა და სხეულის სიწმინდეზე გველაპარაკებოდა, მაგალითად ყოველთვის ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მოჰყავდა.

- ვერ აგიწერთ, - ამბობდა ის, - როგორ უყვარს დედა ღვთისმშობელს ქალწულება და სიწმინდე. რადგან ის ყოვლადუბიწო ქალწულია, ჩვენთვისაც ეს სურს და ასეთები ვუყვარვართ. უფრო კეთილსურნელოვანი მსხვერპლი არ არსებობს ღვთის წინაშე, ვიდრე სხეულისა და სულის სიწმინდე. იგი სისხლითა და სასტიკი ბრძოლით მოიპოვება.

მამა იოსები ბოლოს ამბობდა:

- ასე რომ, აიძულეთ თავი სულისა და ხორცის განსაწმენდად, არ შემოუშვათ არცერთი არაწმინდა გულისსიტყვა გონებაში.

რაც შეეხება მდუმარებას, ის ერთ სიტყვასაც არ იტყოდა საჭიროების გარეშე. განსაკუთრებით დიდ მარხვაში, როცა ის მარტო იყო მამა არსენთან ერთად, ისინი მთელ კვირას მდუმარებაში ატარებდნენ. შაბათის მწუხრიდან კვირის სერობამდე მხოლოდ აუცილებელ სათქმელს იტყოდნენ და მერე მთელი კვირის მანძილზე ისევ მდუმარებას აგრძელებდნენ. თუ საჭირო იყო ერთმანეთისთვის რაიმეს შეტყობინება, ხელით ანიშნებდნენ. რადგან მდუმარების დიდ სარგებელს ხედავდა, მან ჩვენც აგვიკრძალა ლაპარაკი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აუცილებელი იყო რაიმეს თქმა. როცა ისიხასტირიიდან რაიმე დავალებით გვაგზავნიდა, გვაკურთხებდა, არავისთან გველაპარაკა. როცა ვბრუნდებოდი, მახსოვს, ყოველთვის მკაცრად გამომკითხავდა, შევასრულე თუ არა სრული მორჩილება და მდუმარება. მდუმარების ორი-სამი სიტყვით დარღვევისათვის ჩემი პირველი ეპიტიმია ორასი მეტანია იყო.

ეს ზეციური ადამიანი თავისი მოწაფეების ვნებებისგან განკურნების ნამდვილი ოსტატი იყო. თუკი ისინი შეძლებდნენ მასთან დარჩენასა და მორჩილებას, ხელმეორედ იბადებოდნენ. მრავალი მოსულა მასთან, რომ დარჩენილიყო და ესწავლა, მაგრამ მხოლოდ ცოტა დარჩენილა. მასთან ცხოვრება ადვილი არ იყო. მისი მამობრივი სიყვარული ისე მზრდიდა, რომ ზოგიერთისთვის ჩემი მონათხრობი ალბათ დაუჯერებელი იქნებოდა. მაგალითად, ერთად გატარებული თორმეტი წლის განმავლობაში მხოლოდ რამდენჯერმე მაქვს გაგონილი მისგან ჩემი სახელი. როცა ჩემი დაძახება უნდოდა, ყოველთვის სალანძღავ სიტყვებს და მათ შესაბამის ეპითეტებს ხმარობდა. მაგრამ როგორი სინაზე იყო ამ ოსტატურ დაცინვაში, რა წმინდა მზრუნველობა იმალებოდა ამ ლანძღვის უკან და რა მადლიერია ახლა ჩემი სული მისი წმინდა ენის ამ ქირურგიული ჩარევის გამო.

ჩვენ უდაბნოში საკმაოდ დიდხანს დავრჩით. მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო თითქმის ყველანი ავად გავხდით. მამა იოსებს ლოცვისას ეუწყა, რომ კლდიდან ქვემოთ უნდა ჩავსულიყავით. გადავინაცვლეთ ქვემოთ. აქ კლიმატი უფრო რბილი იყო, შრომაც უფრო ზომიერი გვქონდა და მის გარდა ყველანი მოვღონიერდით: ის მთელი ცხოვრების მანძილზე ავადმყოფობდა. შესაძლოა მარხვის ან ხანგრძლივი მღვიძარების ღვაწლის, ლოცვაში დაღვრილი ოფლისა და განსაცდელების გამო მისი სხეული ერთ დიდ ჭრილობად იქცა. ერთხელ ვკითხე:

- მამაო, ასეთი დაუძლურებული ხართ და მკაცრად რატომ მარხულობთ?

- ახლა იმისთვის ვმარხულობ, შვილო, რომ ჩვენმა სახიერმა ღმერთმა თქვენ მოგანიჭოთ თავისი მადლი. - მიპასუხა მან.

ფიზიკური უძლურებისა და ტკივილების მიუხედავად, ის ისეთ სულიერ მადლსა და ნეტარებას გრძნობდა, რომ სიტყვით გადმოცემა უჭირდა და ამბობდა, რომ თითქოს შინაგანი სამოთხის განცდა ჰქონდა.

მაგრამ მოვიდა მისი გარდაცვალების დრო. ის მთელი ცხოვრება სიკვდილის მოლოდინში იყო. აქ მისი ცხოვრება შრომა, ბრძოლა და ტკივილი იყო. მის სულს ისევე, როგორც სხეულს, განსვენება სურდა. და თუმცა მან სიკვდილის ხსოვნა ღრმად ჩაგვინერგა, ჩვენზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა, თუ როგორ ჰქონდა გათავისებული სიკვდილის საშინელი საიდუმლო. თითქოს დღესასწაულისთვის ემზადებოდა. ეს იმის ნიშანი იყო, რომ საკუთარი სინდისი უფლის დიდ წყალობას აუწყებდა. მაგრამ მიუხედავად ამისა, უკანასკნელი დღეების განმავლობაში ჩვეულებრივზე მეტს ტიროდა. მამა არსენმა სანუგეშებლად უთხრა:

- მამაო, მთელი ცხოვრება ამდენი იღვაწეთ და ილოცეთ, ამდენი იტირეთ და ისევ ტირით?

მამა იოსებმა შეხედა მას და ამოიოხრა:

- ეჰ, მართალია, მამა არსენ, მაგრამ მე ხომ ადამიანი ვარ. რა ვიცი, ღვთისთვის სათნო იყო თუ არა ჩემი შრომა. ის ღმერთია და ისე არ განსჯის, როგორც ჩვენ, ადამიანები. აღარც მე მოვბრუნდები უკან, რომ ისევ ვიტირო. ახლა რასაც მოვასწრებთ, ის იქნება. როგორც იგლოვებ და იტირებ, ისეთ ნუგეშს მიიღებ.

მის სიყვარულს ღვთისმშობლის მიმართ სიტყვებით ვერ გადმოვცემ. მისი ხსენებისთანავე თვალები ცრემლით ევსებოდა. დიდი ხანია, ღვთისმშობელს ევედრებოდა, წაეყვანა ამ ცხოვრებიდან, რომ დაესვენა. ყოველთა დედოფალმა შეისმინა მისი თხოვნა. მან მამა იოსებს გარდაცვალების შესახებ ერთი თვით ადრე აცნობა. მამა იოსებმა დამიძახა და მითხრა, რა უნდა მომემზადებინა. ჩვენ მოლოდინში ვიყავით.

ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის წინა საღამოს, 1959 წლის 14 აგვისტოს, მის სანახავად ბატონმა სხინასმა შემოიარა ვოლოდან. ისინი დიდი მეგობრები იყვნენ.

- როგორ ბრძანდებით, მამაო, - ჰკითხა სხინასმა, - თავს როგორ გრძნობთ?

- ხვალ, სოტირი, ჩემს სამუდამო სამშობლოში მივდივარ. როცა ზარების რეკვას გაიგებ, მაშინ გაიხსენებ ჩემს სიტყვებს.

იმ ღამეს, ღვთისმშობლის მიძინების ღამისთევის ლოცვაზე მამა იოსები სხვა მამებთან ერთად გალობდა, რამდენიც შეეძლო. ლიტურგიის დროს, წმინდა ზიარების წინ მან წარმოთქვა: „საგზლად საუკუნო ცხოვრებისა“.

15 აგვისტო თენდებოდა. მამა იოსები კელიის ეზოში, თავის მოწამეობრივ სავარძელზე იჯდა და გარდაცვალების საათსა და წამს მოელოდა. მას სჯეროდა ღვთისმშობლის დანაპირების. მაგრამ დრო გადიოდა და როცა ჰორიზონტზე მეც გამოჩნდა, მამა იოსები თითქოს აფორიაქდა, მისი დრო იგვიანებდა. ეს ბოროტის უკანასკნელი შემოტევა იყო. მამა იოსებმა დამიძახა და მკითხა:

- შვილო, რატომ აყოვნებს უფალი ჩემს წაყვანას? მზე ამოდის და მე ისევ აქ ვარ!

რომ ვუყურებდი, როგორც წუხდა ჩემი მოძღვარი და თითქმის ვეღარ ითმენდა, თქვა გავბედე:

- ნუ წუხხართ, მამაო, ჩვენ ახლა თქვენთვის ვილოცებთ და თქვენ წახვალთ.

ის აღარ ტიროდა. მამებმა სკვნილზე ლოცვა დაიწყეს. თხუთმეტ წუთზე მეტი არ გასულა, რომ მამა იოსებმა თქვა:

- დაუძახეთ მამებს, მოვიდნენ და უკანასკნელი კურთხევა აიღონ, რადგან მივდივარ.

ჩვენ უკანასკნელად თაყვანი ვეცით მას. ცოტა ხნის შემდეგ ის დაახლოებით ორი წუთი, ცაში რაღაცას მიაჩერდა, მერე ჩვენ შემოგვხედა და საოცარი სიფხიზლითა და სულიერი აღტაცებით აღვსილმა გვითხრა:

- ყველაფერი დამთავრდა, მივდივარ, გშორდებით, მაკურთხეთ!

ამ უკანასკნელი სიტყვებით თავი ასწია, მერე მარჯვნივ მიაბრუნა, ორ-სამჯერ ოდნავ გააღო პირი და თვალები და დამთავრდა. მან შეჰვედრა სული მას, ვინც ასე ენატრებოდა და ვისთვისცა იღვწოდა ახალგაზრდობიდან.

მისი გარდაცვალება ჭეშმარიტად ღირსეული იყო. ჩვენ მისმა სიკვდილმა აღდგომის განცდა მოგვიტანა. ჩვენს წინ მიცვალებული იწვა და გლოვა გვმართებდა, მაგრამ შინაგანად აღდგომას განვიცდიდით. მას შემდეგ ეს გრძნობა აღარ მტოვებს. ეს ის გრძნობაა, რომელიც ყოველთვის თან ახლავს ჩემი დაუვიწყარი წმინდა მოძღვრის ხსოვნას.

„მონაზვნური გამოცდილების გადმოცემა“
ხახულის ღვთისმშობლის ახალი შუამთის დედათა მონასტერი, 2004 წ.

მიმაგრება: სურათი 1 · სურათი 2
კატეგორია: სხვა.. | ნანახია: 625 | დაამატა: ketevani | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მენიუ
განმარტებანი
ძიება
გამოკითხვა
რამდენი ისწავლე ჩვენი საიტიდან?
სულ პასუხი: 72
Video
სტატისტიკა
MAIMUNI.COM

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

» საიტზე დარეგისტრირებული
სულ: 62
თვის განმავლობაში: 0
კვირის განმავლობაში: 0
გუშინდელი: 0
დღევანდელი: 0
» მათ შორის
საიტის ადმინი: 2
სერვერის ადმინი:
მოდერები: 0
მომხმარებელი: 6
მნახველი: 54
» მათ შორის
კაცი: 12
ქალი: 12
კონტაქტი
===================== o.datuadze@gmail.com =====================
=====================
ლინკები
Copyright ოთო (იონა) დათუაძე © 2016