E წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი გარეგანი ადამიანის ნაკლებფასეულობასა და არსებული სინამდვილის ამაოებაზე - 5 დეკემბერში 2009 - წმინდა იონა
ყოველი დღე, ყოველი გათენებული დილა, ეს არის უდიდესი წყალობა ღვთისა, ამიტომ დილიდან მადლობას უნდა ვწირავდეთ უფალს. ილია II

WWW.IONAA.TK & WWW.OTO.UCOZ.RU   http://sibrdzne.com/

შემოსული ხართ Guest| ჯგუფი "Guests" |მთავარი | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | გამოსვლა | შესვლა |სიახლის დამატება
|
საიტის მენიუ
კატეგორიები
გალობები
"ჩვენი ტაძარი"
ქადაგებები
წმინდანთა ცხოვრება
მოახლოებული დღესასწაულები
სხვა..
ვიდეო მასალები
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
ხალხური სიმღერები
აუცილებელი ლიტერატურა
გალობები
Qriste agsdga !



გალობები მომაწოდა LONGUS-მა

შესვლის ფორმა.
ლოგინი:
პაროლი:
ჩანაწერების არქივი
მთავარი » 2009 » დეკემბერი » 5 » წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი გარეგანი ადამიანის ნაკლებფასეულობასა და არსებული სინამდვილის ამაოებაზე
10:51
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი გარეგანი ადამიანის ნაკლებფასეულობასა და არსებული სინამდვილის ამაოებაზე

ვინ ვიყავ? ვინ ვარ ამჟამად? და რად შევიქმნები ხანმოკლე დროის შემდეგ? სად წამიყვან და სად დამადგინებ, დიდებულ ქმნილებას, უკვდავო, თუკიღა არსებობს დიადი ქმნილებათა შორის? ჩემი აზრით კი, ჩვენ ერთდღიანი უმნიშვნელო ქმნილებანი ვართ და ამაოდ ავიმაღლებთ თავს, თუ ჩვენში მარტოოდენ ისაა, ადამიანები რასაც ხედავენ და სხვა არა გაგვაჩნია რა, გარდა დასაღუპავი ცხოვრებისა.
მოზვერი, რომელმაც სულ ახლახანს მისი აღმომშობელი წიაღი დატოვა, უკვე დაკუნტრუშობს და ტკბილ ჯიქანს ძალუმად უჭერს კბილებს, მესამე წელს კი უღელს ატარებს, მძიმე ურემს მიათრევს და ღონიერ კისერზე აპაურები შემოსალტვია. წინწკლებიანი შვლის ნუკრი გაჩნდება თუ არა, მაშინვე დგება ფეხზე დედის შორიახლოს, სისხლისმსმელ ქოფაკებსა და მსწრაფლმსრბოლ ცხენს გაურბის, უღრანი ტყის დაბურულ კორომებს აფარებს თავს. დათვნი, სიკვდილისმომტან ბრანგვთა მოდგმა, ლომნი, ქარივით სწრაფი ვეფხვნი და ფოცხვერნი, დალანდავენ თუ არა რკინას (იარაღს), მაშინვე ენთებიან და ძლიერ მონადირეებს მძვინვარედ ესხმიან თავს. სულ ცოტა ხნის წინ ღინღლით დაფარული ფრინველი უკვე ბუმბულით შემოსილა და ჰაერის კამარაში ზემოდან დასტრიალებს თავის ბუდეს. ოქროსფერმა ფუტკარმა ეს-ესაა დატოვა კლდის ნაპრალი და მოპირდაპირე მხარეს უკვე სავანეს იკეთებს და სახლს ტკბილი ნაყოფით ავსებს; ყოველივე ეს კი - ერთი გაზაფხულის ნაშრომია. ყველა დანარჩენთ მზა საზრდელი აქვთ, ყველას მიწა უმასპინძლდება. მღელვარე ზღვას არ აპობენ და მიწას არ ხნავენ; ბეღლები არ გაჩნიათ, არა ჰყავთ ღვინისმწდეველები. შურდულივით სწრაფ ჩიტებს საკუთარი ფრთები ასაზრდოვებენ, მხეცებს - ხეობები. თუკი შრომობენ, ისიც ერთდღიანი მცირე სამუშაო აქვთ. ვეებერთელა ლომი კი, როგორც მსმენია, თავის მიერვე მოკლულ ნადირს რომ გაგლეჯს, ნასუფრალს აღარ ეკარება. იმასაც ამბობენ, ერთ დღეს რომ შეჭამს რამეს, მეორე დღეს ხარბ ხახას მხოლოდ წყლით თუ გაისველებსო, რათა თავშეკავება ასწავლოს სტომაქს. ამგვარად, მათი ცხოვრება შრომით არა არის დამძიმებული. ლოდებსა თუ ტოტებქვეშ ყოველთვის გამზადებული აქვთ ბინა. ჯანმრთელნი არიან, ძლიერნი, მშვენიერნი. როცა სნეულება გასტეხთ, სევდის გარეშე ამოუშვებენ ხოლმე უკანასკნელ ამოსუნთქვას, სამარის კარამდე ტირილისმომგვრელი საგალობლებით არ მიაცილებენ ერთმანეთს, თმებს არ იგლეჯენ ახლობელნი. ვიტყვი მეტსაც: თრთოლვის გარეშე კარგავენ სიცოცხლეს; და მხეცი, კვდება რა, არანაირ ბოროტებას არ უშინდება.
ახლა ადამიანთა საბრალო მოდგმასაც მიჰხედე; მელექსესთან ერთად შენც იტყვი „არა არის რა კაცზე უძლური“ (ჰომეროსი, ოდისეა 18.130). ნაყოფი ვარ დათხეული თესლისა; სნეულებათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან და ვიზარდებოდი დიდითა და მძიმე შრომითა. თავდაპირველად დედას დავყავდი ატატებული - ტკბილი ჯაფაა! მერმე კი არცთუ ცრემლიანი შეძახილების გარეშე ქვევით ჩამომსვეს; ვიწყე მიწაზე სიარული, როგორც ოთხფეხმა, ვიდრე სხვისაგან ხელის შეშველებით წელში გავიმართებოდი. დროთა განმავლობაში მანამდე დადუმებულმა ხმამ ტიტინი იწყო და მასში ჩემი გონებაც გამოკრთა. შემდეგ და შემდეგ, უკვე სხვების დახმარებით, ტირილით გამოვითხოვე ჩემთვის სიტყვა. ოცი წლისა მოვიწიფე, მაგრამ მანამდე, როგორც სარბიელზე მსრბოლმა, მრავალი მარცხიც ვიწვნიე. ზოგი რამ ჩემთან დარჩა, ნაწილი ჩემთვის უკვე დაიღუპა, ზოგიერთზე კი (დე, უწყოდე, სულო ჩემო!) ჯერეც გარჯა მოგიწევს, განვლი ცხოვრებას - ამ შენთვის სავსებით უცხო დინებას, ველურ ნაღვარევს, აბობოქრებულ ოკეანეს, განუწყვეტელი ქარებისაგან ხან აქ, ხან იქ ყალყზე რომ დგება. ხშირად ვყოფილვარ საკუთარი განუსჯელობით ღელვა-გვემული, ზოგჯერ კი ჩვენი ცხოვრების მტერს - დემონს მოუგვრია შფოთი.
თუკი სასწორზე შეაგდებ იმას, რაც ცხოვრებაში სასიამოვნოა და რაც საწუხარი, მაშინ სასწორის ერთი მხარე, რომელიც ბოროტებით გადავსებულა, დაიწევს მიწისკენ, მეორე კი, პირიქით, ცხოვრების სიკეთეთაგან ავსებული, ზე აიტყორცნება. ომი, ზღვა, მიწათმოქმედება, შრომა, ავაზაკები, ქონების შეძენა, საკუთრების აღწერა, გადასახადთა ამკრეფნი, შუამდგომლობა საქმისთვის, ჩანაწერები, მოსამართლენი, უსამართლო უფროსობა - ამ მრავალსალმობიერ ცხოვრებაში ყოველივე ოდენ ბავშვური თავშექცევაა. აი, ცხოვრებაში სასიამოვნოც: ნაყროვანება, სტომაქის ავსება, სიმღერა, სიცილი, მუდამ გახრწნილი გვამებით პირთამდე სავსე კუბო; საქორწინო საჩუქრები, ქორწინება, მეორე ქორწინება, თუკი პირველი დაირღვა, მრუშნი, მრუშთა შეპყრობა; ბავშვები - საგანგაშო მწუხარება; სილამაზე - მატყუარა მისატყუარი; სიმახინჯე - უდანაშაულო ბოროტება; საზრუნავი კეთილ ბავშვებზე, სევდა უკეთურებზე; სიმდიდრე და სიღატაკე - მრჩობლი ბოროტება, ამპარტავნება, სიამაყე - ეს ყველაფერი ხელიდან ხელში ბუშტივით რომ მიმოფრენს ახალგაზრდებში.
ამგვარად, ვუმზერ რა ამას, გული მელევა, უკუეთუ უმჯობესად იმას რაცხავენ, რაშიც უფრო მეტი ბოროტებაა, ვიდრე სიკეთე. არ სტირი განა, როცა გესმის შენამდე მყოფთ რამდენი საწუხარი ჰქონდათ? თუმცაღა არ ვიცი, იტირებ თუ იცინებ; ძველი დროის ბრძენნი თავისთვის შესაფერისად მიიჩნევენ ერთსაც და მეორესაც; ერთ ნაწილში ცრემლებს იწვევდა, სხვებში კი ხითხითს, ტროელები და აქაველები, ერთმანეთს რომ ეკვეთებოდნენ, იბრძოდნენ და ერთურთს ჟლეტდნენ მრუში დიაცისთვის; რომ ბრძოლა ჰქონდათ კურეტებსა და ჩხუბისმოყვარულ ეტოლიანელებს წმინდა თავისთვის და ახალგაზრდა ტახის ჯაგარისთვის; რომ ეავის ძენი, მიუხედავად მთელი მათი სახელოვნებისა, დაიხოცნენ, ერთი მტრებს შორის - შმაგი მარჯვენით, მეორე კი - დიაცთმოყვარეობისგან; რომ ძე ამფიტრიონისა, ეს ყველასდამცემელიც, მოწამლული სამოსლით დაიღუპა. ბოროტ ხვედრს ვერც კვიროსი და კრეზი გაექცნენ, ისევე როგორც თითქოსდა გუშინდელი ჩვენი მეფენი.
შენაც, გველის ძედ მიჩნეულო, დაუოკებელო ძალავ - ალექსანდრე, ვინაც მოჰვლე მთელი ქვეყანა, ღვინომ დაგღუპა! რა უპირატესობაა გახრწნილთა შორის? იგივე მტვერი, ერთნაირი ძვლები - მამაცი ატრიდიც და ღატაკი იროც, მეფე კონსტანტინეც და ჩემი მსახურიც; ვინც ავბედითობაში იყო და ვინც კეთილდღეობაში, არავის არა გააჩნია რა, გარდა კუბოსი.
ასეთია აქაური ხვედრი; მაგრამ რაღაა სხვა ცხოვრებაში? ვინ იტყვის, რა მოაქვს ცოდვილთათვის უკანასკნელ დღეს? იქ მოტკრციალე ცეცხლის ალები, საზარელი წყვდიადი, სინათლისაგან განშორებულთათვის, მატლი, ყოველჟამიერი მოგონება ჩვენთა ცოდვათა. უმჯობესი იქნებოდა შენთვის, ცოდვილო, არ შეგეღო სიცოცხლის კარი, და თუ შეაბიჯე უკვე, მხეცთა მსგავსად შენი სიცოცხლეც დალეულიყო, ვიდრე მას შემდეგ, რაც აქ ამდენ წუხილს განიცდი, იქ დაისაჯო, რაც უფრო მეტად სამძიმოა მასთან შედარებით, რისი გადატანაც შენ გიხდება ამ ცხოვრებაში! სადაა ჩემი პირველწინაპრის დიდება? - დაღუპულია გემოსხილვითა. სადაა ბრძენი სოლომონი? - დიაცებს დაუმორჩილებიათ. ეს იუდა სადღაა, ათორმეტთა შორის შერაცხილი? - წყვდიადს მოუცავს მცირედი ანგარებისთვის.
გვედრი შენ, მეუფეო ჩემო, ქრისტე: მომანიჭე ნეტარო, მსახურსა შენსა ბოროტებისაგან მეყვსეული განკურნება, - აქედან გადასახლებით! კაცთათვის ერთი მხოლოა სიკეთე, და სიკეთე მდგრადი, - ესაა ზეციური იმედები. მით მიდგას სული რამდენადმე; სხვა სიკეთეთა მიმართ კი უდიდეს ზიზღსა ვგრძნობ და მზად ვარ, ერთდღიან არსებებს მივუბოძო ყოველივე ის, რაც მიწაზე ეთრევა, მამული და სხვისი მხარე, საყდარნი და მათთან დაკავშირებული პატივი, ახლობელნი, უცხონი, ღვთისმოსავნი, მანკიერნი, გულწრფელნი, გულდახურულნი, მომზირალნი ყოველგვარი შურის გარეშე, დახრულნი შინაგანი თვითმკვლელი ცოდვით. სხვებს ვუთმობ ცხოვრების სიამტკბილობებს; თვით კი სიამოვნებით გავექცევი მათ.
ჰო , რაოდენ ხანგრძლივი გახადეს ეს ცხოვრება უბედურებებმა! - კიდევ დიდხანს უნდა ვიჯდე სანეხვესთან? თითქოსდა ჩვენი ცხოვრების მთელი სიკეთე ამ ერთ ნუგეშშია - დღითი-დღე ხან მიიღო და ხანაც განაგდო შენგან ის, რაც განკუთვნილია შენთვის. ბევრს არ იხმარს სასა; დანარჩენი კი არაწმინდებაში გადადის. კიდევ ზამთარი, კვლავაც ზაფხული; ხან გაზაფხული, ხან - შემოდგომა; დღენი და ღამენი - სიცოცხლის ორგვარი ზმანებანი; ცა, ჰაერი, ზღვა, - ყველაფერ ამაში და რაც არ იძვრის და რაც იძვრისია, არაფერია ჩემთვის ახალი, ყველაფრით ავსილი ვარ. მომანიჭე სიცოცხლე სხვაგვარი და სამყარო სხვაგვარი, რისთვისაც შრომის ყოველგვარ სიძნელეს სიხარულით გადავიტანდი. ნეტავ მოვმკვდარიყავ, დედის საშოში როცა აღმბეჭდე; რამეთუ როგორც კი ვიწყე სიცოცხლე, ჩემს ხვედრად იქცა სიბნელე და ცრემლი.
ასეთი ცხოვრება რა ცხოვრებაა? ერთი კუბოდან წამომდგარი, სხვა კუბოსაკენ მივეშურები და ამოსული სამარიდან შეუბრალებელ ცეცხლში დავიმარხები. და თვით ეს დროც, ვიდრეღა ვსუნთქავ, ნაკადულია მსწრაფლმედინი მდინარისა, რომელშიც ერთი მიდის და მეორე მოდის, და არაფერია მდგრადი*. აქ ყოველივე ერთი მტვერია, რომელიც თვალებს მივსებს და ღვთიურ სინათლეს სულ უფრო და უფრო განვეშორები, კედელ-კედელ, ხან აქ, ხან იქ - ხელისცეცებით, დავხეტიალობ დიდი ცხოვრების მიღმა. გავკადნიერდები ერთ მართალ სიტყვაზე: ღვთის თამაშია ადამიანი, ერთი იმათთაგანი, ქალაქებში როგორსაც ვხედავთ. გარედან ხელით ქმნული ნიღაბი აქვს აფარებული; ხოლო როდესაც ჩამოხსნილი აქვს, სირცხვილისაგან ვქვავდები, მოულოდნელად ისეთი სხვაგვარი გამოგვეცხადება. ესევითარია საბრალო მოკვდავთა მთელი ცხოვრება. ზოგიერთებს გულზე მეოცნებე იმედი მოჰფენია, თუმცაღა თავს დიდხანს არ იქცევენ.
მე კი, რომელიც ქრისტეს მოვეჭიდები, აროდეს განვეშორები მას, ვიდრეღა შეკრული ვარ ამ მიწისაგანი ცხოვრებით. ჩემში ორგვარი ბუნებაა. სხეული შექმნილია მიწისგან, ამადაცაა მიწისკენ მიდრეკილი. სული კი სუნთქვაა ღვთისა და ამიტომაც ყოველთვის სურს, რომ ზეციურში უკეთესი წილი გააჩნდეს. როგორადაც წყაროსთვალიდან გამომდინარე ნაკადული მირაკრაკებს სწორ დაბლობზე, ხოლო მოგიზგიზე ცეცხლმა მარტოდენ ერთი უცვლელი გზა იცის - ზევით ივლტოდეს: ასევეა ადამიანიც დიდებული; იგი ანგელოზიც კია, როცა გველის პერანგივით სიბერეს განიძარცვავს რა, აღმვალს აქედან - ზეცად. ზეიმობდეთ ხუცესნო, მე მოვკვდი! და თქვენც, ბოროტო მეზობლებო, აღარ შეგიპყრობთ, როგორც უწინ, თრთოლვა ჩემს გამო! თავადვე უღობავთ გზას მიწყივცოცხალი მეუფის წყალობას. მე კი, დაუტევე რა ყოველივე, მიპყრიეს ერთი - ჯვარი, ნათელი სვეტი ჩემი ცხოვრების. ხოლო როდესაც აქედან ვიქნები წარტაცებული და შევეხები ცათამიღმიურ მსხვერპლთ, რომელთაც ვერ მიეახლება დაფარული ბოროტება - შური; მაშინ (თუ დასაშვებია ამის თქმა) შურიანებისთვისაც ვილოცებ ყოველგვარი შურის გარეშე.
ვინ ვარ მე? საიდან მოველ ამ ცხოვრებაში? და მას შემდეგ, რაც მიწა თავის წიაღში მიმიღებს, როგორი აღმოვჩნდები აღმდგარი მტვრიდან? სად დამაყენებს მაღალი ღმერთი? და აქედან წარტაცებულს, შემიყვანს კია მყუდრო ნავთსაყუდელში? მრავალი გზაა მრავალსალმობიერ ცხოვრებაში და თითოეულზე თავ-თავისი წუხილი გხვდება; არ არის კაცთათვის სიკეთე, რომელსაც ბოროტება არ ერთვოდეს; და კიდევ კარგია, თუ რომ ჭირ-ვარამს დიდი საწყაულისთვის არ მიუღწევია! სიმდიდრე არაა საიმედო; საყდარი - სიზმარას მზვაობრობაა; ქვეშევრდომობა სამძიმოა; სიღატაკე - ბორკილებია; სილამაზე - ელვის ხანმოკლე ციაგია; ახალგაზრდობა - დროებითი დუღილი; ჭაღარა - სიცოცხლის წუხილიანი ჩასვენება; სიტყვები მიფრინავენ; დიდება - კვამლია; კეთილშობილება - ძველი სისხლი; ძალა - ველური ტახის მონაპოვარიცაა; განძღომა სითავხედეა; მეუღლეობა - უღელი; მრავალშვილიერება - გარდაუვალი საზრუნავი; უშვილობა - ავადმყოფობა; სახალხო შეკრებები - მანკიერებათა სასწავლებელი; უმოქმედობა ადუნებს; მოჩვენებითობა მიწაზე მხოხავთ შეჰფერით; სხვისი პური მწარეა; მიწათმოქმედება ძნელია; მეზღვაურთა დიდი ნაწილი დაიღუპა; მამული - საკუთარი ორმოა; სხვისი მხარე - კიცხევაა; მოკვდავთ ყველაფერი უძნელდებათ; ყველაფერი აქაური - სიცილია, ბუსუსია, აჩრდილია, მოლანდებაა, ცვარია, სიოა, ბუმბულია, ორთქლია, სიზმარია, ტალღაა, ნაკადულია, ხომალდის კვალია, ქარია, მტვერია, წრეა, მიწყივ მბრუნავი, განმაახლებელი ყოველი უწინდელის მსგავსისა, უძრავიცა და მოქანავეც, დაქცევადიც და უცვალებელიც - წლის დროებში, დღეებში, ღამეებში, შრომაში, სიკვდილებში, საზრუნავებში, თავშესაქცევებში, სნეულებებში, დაცემებში, წარმატებებში. და ეს საქმეა შენი სიბრძნისა, მშობელო და სიტყვაო (ლოგოსო), რომ ყველაფერი არამდგრადია, რათა უცვალებელისადმი სიყვარული შევინარჩუნოთ! ყოველივე მოვვლე მე გონების ფრთებით - ძველიცა და ახალიც; და არაფერია მოკვდავზე უძლური; ერთია მხოლოდ მშვენიერი და მტკიცე ადამიანისთვის; აღიღებს რა ჯვარს, გარდასახლდეს იმიერ. მშვენიერია ცრემლი და ამოოხვრანი, გონება, ღვთიური იმედებით ნასაზრდოები და განწმენდილებთან თანაზიარობაში შესული ზეციური სამების განათებანი. მშვენიერია უგუნური თიხისაგან მიწისა განდრეკა, ჩვენს მიერ ღვთისაგან მიღებული ხატების შეუბღალავად დაცვა. მშვენიერია, იცხოვრო ცხოვრებისადმი გაუცხოებული ცხოვრებით, და ერთ სამყაროს რომ გაცვლი მეორეზე, მოთმინებით გადაიტანო ყველა წუხილი.

კატეგორია: აუცილებელი ლიტერატურა | ნანახია: 477 | დაამატა: ketevani | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მენიუ
განმარტებანი
ძიება
გამოკითხვა
რამდენი ისწავლე ჩვენი საიტიდან?
სულ პასუხი: 72
Video
სტატისტიკა
MAIMUNI.COM

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

» საიტზე დარეგისტრირებული
სულ: 62
თვის განმავლობაში: 0
კვირის განმავლობაში: 0
გუშინდელი: 0
დღევანდელი: 0
» მათ შორის
საიტის ადმინი: 2
სერვერის ადმინი:
მოდერები: 0
მომხმარებელი: 6
მნახველი: 54
» მათ შორის
კაცი: 12
ქალი: 12
კონტაქტი
===================== o.datuadze@gmail.com =====================
=====================
ლინკები
Copyright ოთო (იონა) დათუაძე © 2016