E მენელსაცხებლე დედათა კვირა - 17 აპრილში 2010 - წმინდა იონა
ყოველი დღე, ყოველი გათენებული დილა, ეს არის უდიდესი წყალობა ღვთისა, ამიტომ დილიდან მადლობას უნდა ვწირავდეთ უფალს. ილია II

WWW.IONAA.TK & WWW.OTO.UCOZ.RU   http://sibrdzne.com/

შემოსული ხართ Guest| ჯგუფი "Guests" |მთავარი | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | გამოსვლა | შესვლა |სიახლის დამატება
|
საიტის მენიუ
კატეგორიები
გალობები
"ჩვენი ტაძარი"
ქადაგებები
წმინდანთა ცხოვრება
მოახლოებული დღესასწაულები
სხვა..
ვიდეო მასალები
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
ხალხური სიმღერები
აუცილებელი ლიტერატურა
გალობები
Qriste agsdga !



გალობები მომაწოდა LONGUS-მა

შესვლის ფორმა.
ლოგინი:
პაროლი:
ჩანაწერების არქივი
მთავარი » 2010 » აპრილი » 17 » მენელსაცხებლე დედათა კვირა
11:31
მენელსაცხებლე დედათა კვირა

დღევანდელი დღე დედაკაცური გულის ზეიმია... რისთვის დავნატრით მას განსაკუთრებულად დღეს?.. წმიდა მენელსაცხებლე დედებმა მთელი გულით შეიყვარეს უფალი, დაჰყვებოდნენ მას, უსმენდნენ, ემსახურებოდნენ... აღდგომის შემდეგ თავდაპირველად რად ეჩვენა სწორედ მათ და არა მოციქულებს? რითი განსხვავდება დედაკაცის გული მამაკაცისაგან? გული მამაკაცისა ხშირად უხეშია, გაქვავებული და სასტიკიც კი... ხოლო დედაკაცის გული თბილია და სიყვარულით აღვსილი... ეს რომ გავიგოთ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი გული - შემეცნების უმაღლესი ორგანოა... დედათა გული შეიცნობს ყოველივე ამაღლებულს, იდუმალს, წმიდას ბევრად უფრო ადვილად ვიდრე კაცის უხეში გული... უწყოდა უფალმა გულისაჲ კაცთა და გულისაჲ ქალთა... მან იცოდა, რომ მოციქულები ძნელად ირწმუნებდნენ მის მკვდრეთით აღდგომას, ხოლო მენელსაცხებლენი ადვილად და სწრაფად... ამისთვისაც ეჩვენა მათ უწინარეს მოციქულთა...
უფლის ბრწყინვალე აღდგომის მეორე კვირა მენელსაცხებლე დედათა ხსენების დღეა. მარიამ მაგდალინელი, ლაზარეს დები მართა და მარიამი, სალომე, იოანა, სუსანა და სხვები... პატივი, როემლსაც ეკლესია მიაგებს მათ, ვნების დღეებში უფლის მიმართ გამოჩენილი ერთგულებისა და სიყვარულისთვის მიენიჭათ.

მაცხოვრის სიტყვამ ღვარძლი და ბოროტება აღძრა იერუსალიმის მღვდელმთავართა სულებში. სიძულვილი ქრისტეს მოწაფეებსა და მიმდევრებსაც გადასწვდა - მაცხოვრის შეპყრობის შემდეგ მათი დევნაც დაიწყო. „თქვენ კი მიხედეთ თქვენს თავს, ვინაიდან გადაგცემენ სამსჯავროზე, გცემენ სინაგოგებში, განმგებელთა და მეფეთა წინაშე წარდგებით ჩემს გამო, მათ წინაშე დასამოწმებლად“ (მარკოზი 13, 8), - ჯერ კიდევ შეპყრობამდე ეუბნებოდა მათ იესო. აბობოქრებული სიძულვილის ხილვამ შეაძრწუნა მოციქულნი, შიშმა დათრგუნა მათი სულიერი სიმტკიცე და გახელებულ ბრბოში გამოჩენას დამალვა არჩიეს.

მაცხოვარი მარტო დარჩა უკიდურესი განსაცდელის ჟამს. „აჰა, მოდის ჟამი, და მოვიდა კიდეც, როცა ყველა სათითაოდ გაიბნევა; მე დამტოვებთ, მაგრამ მე არა ვარ მარტო, ვინაიდან მამაა ჩემთან“ (იოანე 16, 32). ადამიანთა მიერ მიტოვებული იდგა იგი კაიაფას, ჰეროდესა და პილატეს წინაშე, მარტო იყო, როცა სცემდნენ და ამცირებდნენ, როცა ეკლის გვირგვინი დაადგეს თავზე. არავინ იყო მის გვერდით. დაბრმავებულმა ბრბომ უფალს ავაზაკი არჩია და შეძახილით: „ჯვარს აცვი ეგე“ - განაჩენი გამოუტანა მესიას.

ხოლო უფლის ერთგული დედანი ჯვარცმისას ყოვლადწმიდა ღვთისმშობელთან ერთად იდგნენ გოლგოთაზე აღმართული ჯვრის წინაშე და ტირილით შესცქეროდნენ იესოს. ისინი არ შეუშინდნენ სინედრიონის რისხვას და ბრბოს დაუნდობლობას, არ დამალულან, არ მიუტოვებიათ განსაცდელის ჟამს თავიანთი მოძღვარი. უფლის სიყვარულის ყოვლისშემძლე ძალას მათ გულში ადამიანის უდიდესი სისუსტე - შიში დაემარცხებინა.

ქალებმა ბოლომდე უერთგულეს მაცხოვარს. როდესაც იოსებ არიმათიელმა პილატესგან გამოითხოვა ჯვარცმული იესოს სხეული, მათ ცხარე ცრემლით დაიტირეს გარდამოხსნილი მაცხოვარი, ერთი წუთითაც არ მოშორებიან მის ცხედარს და მხოლოს მაშინ დატოვეს, როდესაც სამარხის შესასვლელი ლოდით ჩაკეტეს.

დედებს სურდათ, უკანასკნელი პატივი მიეგოთ უფლისათვის და ებრაული ჩვეულებისამებრ ნელსაცხებელი ეცხოთ მისი ცხედრისათვის. და აი, როდესაც შაბათი მიიწურა, შვიდეულის პირველ დღეს, გარიჟრაჟზე, წავიდნენ იოსებ არიმათიელის ბაღში, სადაც იესოს ცხედარი ესვენა. ღვთისმოსავ დედებს მარიან მაგდალინელი მიუძღვოდა წინ. ქალები არად დაგიდევდნენ საფრთხეს, მხოლოდ ის აწუხებდათ, რომ სამარხის კარს მიფარებულ ლოდს ვერ მოერეოდნენ. არ იცოდნენ, რომ ლოდი უკვე გადაგორებული იყო, საფლავი კი - ცარიელი. სასწაული უკვე აღსრულებულიყო.

ცარიელი სამარხის ხილვამ შეაკრთო დედანი. იფიქრეს, რომ იესოს სხეული ვიღაცამ გადამალა. მარიამ მაგდალინელი სიბრილით გაბრუნდა იერუსალიმში და ქრისტეს მოწაფეებს შეატყობინა ეს ამბავი. „აღიღეს უფალი საფლავისაგან და არა უწყი, სად დადვეს იგი“ (იოანე 29, 4), - შესჩივლა მან მოციქულებს. პეტრესა და იოანესთან ერთად დაბრუნდა სამარხთან, ხოლო მათი წასვლის შემდეგ მარტო შევიდა შიგნით. და იხილა „ორნი ანგელოსნი სპეტაკითა მოსილნი, მსხდომარენი ერთი თავით და ერთი ფეხთით, სადა იდვა გუამი უფლისა იესოსი“ (იოანე 29, 12). „დედაკაცო, რაისა სტირ? - ჰკითხეს მათ. „აღიღეს უფალი ჩემი საფლავით და არა უწყი, სადა დადვეს იგი“ (იოანე 29, 13) - მიუგო მარიამმა. უეცრად იგრძნო, რომ მის უკან ვიღაც იდგა და შემობრუნდა. პირველად მან ვერ იცნო ქრისტე, მებაღე ეგონა და შეევედრა: „უფალო, უკეთუ შენ აღიღე იგი, მითხარ მე, სადა დასდევ, და მე წარმოვიღო იგი“ (იოანე 19, 15). „მარიამ“, - მიმართა მას იესომ. მაგდალინელისთვის ყველაფერი ცხადი გახდა. „მოძღვარო...“ - ამოიკვნესა მან და მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვრის ფერხთით დაემხო.

ასე გამოეცხადა სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი პირველად მარიამ მაგდალინელს. მარიამისგანვე შეიტყვეს მოციქულებმა მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის ამბავი. იმ დღეს აენთო იერუსალიმში ქრისტიანული სარწმუნოების სუსტი ალი, გაუძლო ულმობელ დევნას, გაძლიერდა და გაბრწყინდა, მოედო მთელ მსოფლიოს და ყოველი წლის გაზაფხულზე მილიონობით ადამიანი სიხარულით აღსავსე იმეორებს სიტყვებს, რომლებიც პირველად პირველად წმიდა მოციქულთა სწორმა მარიამ მაგდალინელმა წარმოთქვა: „ქრისტე აღსდგა, ჭეშმარიტად აღსდგა!“

მოამზადა ერეკლე ბიბიჩაძემ
ჟურნალი „კარიბჭე“, აპრილი, 2004 წ.

ისინი ყოველთვის თან ახლდნენ იესოს, როცა იგი გალილეის ქალაქებსა და დაბა-სოფლებს მოივლიდა სახარების ქადაგებით

„ხოლო (მას ჟამსა შინა) ერთსა მას შაბათსა, ცისკარსა მსთუად მოვიდეს (მენელსაცხებლე დედანი) საფლავსა მას და მოაქუნდა, რა-იგი მოემზადა სულნელი და ნელსაცხებელი, და სხვანი ვინმე მათ თანა“.

ასე იწყებს წმინდა მახარებელი ლუკა თავის თხრობას.

ვინ იყვნენ ეს დედანი, რომლებიც ადრე დილით უფლის საფლავისაკენ გაეშურნენ? ესენი იყვნენ გალილეიდან იესოსთან ერთად მოსული დედანი, როგორც ამბობს მახარებელი (ლუკა 23,55). ისინი ყოველთვის თან ახლდნენ იესოს, როცა იგი გალილეის ქალაქებსა და დაბა-სოფლებს მოივლიდა სახარების ქადაგებით. აწ კი ჩვენ მათი იერუსალიმში ვხედავთ, სადაც იესოსთან და მის მოციქულებთან ერთად ამოსულიყვნენ პასექის დღესასწაულზე და სადაც ისინი მისი ჯვარზე ვნებისა და სიკვდილის მხილველნი შეიქმნენ. ამ დედათა უფლის საფლავზე მოსვლის დრო წმინდა მახარებლის მიერ აღნიშნულია სიტყვებით „ცისკარსა მსთუად“, რაც ნიშნავს „ძალიან ადრე დილით“. უფრო განსაზღვრულად აღნიშნავენ ამ დროს სხვა მახარებლები: მათე და მარკოზი. ამ ორი მახარებლის მონათხრობთა შეჯერებით ჩანს, რომ მენელსაცხებლე დედათა მოსვლა უფლის საფლავზე იმ დროს მოხდა, როცა, ის იყო, თენდებოდა და ამომავალი მზის პირველმა სხივებმა ალისფრად შეფერეს აღმოსავალი. მენელსაცხებელ დედების საფლავად მოსვლის მიზანს, ცხადია, ის შეადგენდა, რომ უფლის სხეულისათვის კეთილსურნელი ნელსაცხებელი ეცხოთ, რომლებიც მათ წინდაწინ განემზადებინათ და აწ თან მოჰქონდათ. მიცვალებულთათვის ნელსაცხებელის ცხება იუდეველთა ჩვეულება იყო. მენელსაცხებლე დედებს არ მიეცათ საშუალება, ეს საქმე უფლის ჯვარზე სიკვდილის დღეს აღესრულებინათ, ერთი მხრივ, იმის გამო, რომ იუდეველთა განძვინება იესოსა და მის მიმდევართა მიმართ ჯერ არ დაშოშმინებულიყო, მეორე მხრივ კი პასექის დღესასწაულის მოახლოების შედეგად, რადგან სჯულით ამ დროს აკრძალული იყო სხვადასხვა ყოფითი საქმის აღსრულება. თუმცა რისი გაკეთებაც დღესასწაულის მოსვენების დადგომამდე შეიძლებოდა, მენელსაცხებლე დედებმა ყოველივე აღასრულეს: ინიშნეს ადგილი, სადაც იესოს სხეული დაფლეს (მარკ. 15,47), შეისყიდეს, რამდენიც მოასწრეს, საცხებელი ნივთიერებანი (ლუკა 23,56), დანარჩენის ყიდვა კი მეორე დღეს ჰქონდათ განზრახული. მერმე შაბათიც დადგა, რომელსაც იმჟამად პასექის დღესასწაულის დაემთხვა და დედანი კვლავ მომდევნო დღეს უნდა დალოდებოდნენ. და როგორც კი სადღესასწაულო მოსვენების ვადა გადის ანუ შაბათ საღამოს, მზის ჩასვლის შემდეგ, ისინი ყოველივე დანარჩენსაც ყიდულობენ (მარკოზი 16,1) და შემდეგი დღის ალიონზე, რომელიც კვირის პირველი დღე - ერთშაბათი (ანუ ჩვენი დღევანდელი კვირადღე) იყო, უფლის საფლავისაკენ მიემართებიან. ამ დროისათვის სადღესასწაულო სავალდებულო მოსვენება დამთავრებულიყო, ქრისტეს მიმდევართა დაუძინებელი მტრების განძვინებაც დამცხრალიყო. მათ გაბოროტებას მიერულა, დაკმაყოფილებულს იესოს მოკვლით, და დედათაც უკვე შეეძლოთ დაუბრკოლებლად აღესრულებინათ თავიანთი უკანასკნელი მოვალეობა მომკვდარი მოძღვრისადმი.

მენელსაცხებლე დედათა ამ მოქმედების გამო ნეტარი თეოფილაქტე წერს: „არაფერს დიდსა და იესოს ღმრთაებისათვის ღირსსაფერს ისინი არ განიზრახავენ, როცა საფლავთან სხედან ნაყიდი ნელსაცხებლით; სურთ, ჩვეულების მიხედვით სცხონ იგი მოძღვრის სხეულს, რათა უსიამო სუნს კი არ გამოსცემდეს, არამედ ნელსაცხებლის ძალით, რომლებიც გამოაშრობდნენ სხეულს, შთანთქავდნენ სითხეს, სისველეს და სხეული განუხრწნელად შენახულიყო. აი, მხოლოდ ამაზე ფიქრობდნენ დედანი!“ და ეს, რა თქმა უნდა, ბუნებრივია და სიმართლეს შეეფერება. ყოველ შემთხვევაში, სავსებით ბუნებრივია, რომ უფლისა და მოძღვრის სიკვდილის გამო მწუხარებამ დაავიწყა მათ ყოველგვარი აზრი ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის შესახებ, რაზეც, უეჭველია, სმენიათ თვით იესოსგან, როცა ჯერ კიდევ მათ გვერდით იმყოფებოდა გალილეაში (ლუკა 24,6-7).

„და პოვეს ლოდი იგი გარდაგორებული საფლავისა მისგან. და შე-რაი-ვიდეს შინა, არა პოვეს გვამი იგი უფლისა იესუსი“.

ლოდი, ჯერ კიდევ უფლის დაკრძალვის დღიდან, იმ მღვიმის შესასვლელზე იყო აფარებული, სადაც იესოს სხეული ესვენა. უეჭველია, ამას იმისთვის იქმოდნენ, რომ სამარეში მტაცებელ ცხოველებსა და ფრინველებს არ შეეღწიათ. რა თქმა უნდა, საფლავიდან წამოსულმა მენელსაცხებლე დედებმა იცოდნენ ამ ლოდის არსებობა, ისიც, რომ იგი ძალზე დიდი უნდა ყოფილიყო, ამიტომაც გზაში ერთმანეთს ეუბნებოდნენ, როგორ გადავაგოროთ ლოდი საფლავის შესასვლელიდანო, - ეს გარემოება მხოლოდ მახარებელ მარკოზს აქვს გადმოცემული (16,3). ამიტომაც, უპირველეს ყოვლისა, მათი ყურადღება, საფლავზე მოსვლისთანავე, იმან მიიქცია, რომ მოლოდინის საწინააღმდეგოდ, დიდი ლოდი გარდაგორებული აღმოჩნდა; მაგრამ შემდეგ დედებს კიდევ უფრო დიდი მოულოდნელობა ელოდათ: გამოქვაბულში შესულებმა ვერ ნახეს იესოს სხეული, რომელიც პარასკევს საღამოთი აქ დაასვენეს ტილოში გახვეული.

„და იყო განზრახვასა მას მათსა ამისთვის, და აჰა ესერა ორ კაც ზედა მოადგეს მათ სამოსლითა ელვარითა“.


იმან, რაც მენელსაცხებლე დედებმა უფლის საფლავზე მისვლისას იხილეს, ბუნებრივია, მათი დიდი შეცბუნება გამოიწვია. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო იმისა, რაც მათ აქ ნახეს და მოისმინეს მცირე ხნის შემდეგ: როცა დედანი გაოცებულნი იდგნენ და ფიქრობდნენ, რა უნდა მომხდარიყოო, ანაზდად მათ ორი კაცი მოადგა, შემოსილნი მოელვარე სამოსელით. თავისთავად იგულისხმება, რომ ესენი ჩვეულებრივი ადამიანები არ იყვნენ, რასაც ცხადად ადასტურებს მათი გამოჩენის სახე - ანაზდად, მყისიერად მოსვლა - და მბწყინავი შესამოსელი, არამედ ზეცის მკვიდრნი, რომელთაც ადამიანის სახე მიეღოთ, ანუ უფლის ანგელოზნი, როგორც მათ პირდაპირ სახელ-სდებს მახარებელი მათე. ანგელოზთა რიცხვსა და გამოცხადების ადგილს მახარებლები სხვადასხვანაირად გადმოსცემენ. მათე ერთი ანგელოზის შესახებ საუბრობს, რომელიც გარდაგორებულ ლოდზე იჯდა, ხოლო ლუკა არ ახსენებს ანგელოზს და მხოლოდ იმას გვეუბენაბ, რაც მენელსაცხებლე დედებმა საფლავის შიგნით ნახეს და მოისმინეს. მარკოზი ერთ ანგელოზს ახსენებს, ლუკა ორის შესახებ საუბრობს. განმარტებისათვის უნდა შევნიშნოთ, რომ იქ რამდენიმე ანგელოზი იყო. ზოგიერთმა მენელსაცხებლე დედამ ერთი საფლავის გარეთ ნახა, სხვებმა ორი იხილეს საფლავის შიგნით, დანარჩენებმა - ერთი ანგელოზი ასევე შიგნით, ამიტომაც ანგელოზთა სიტყვებიც უფლის მკვდრეთით აღდგომის შესახებ მცირეოდენი განსხვავებით აქვთ გადმოცემული მახარებლებს, თუმცა მათი არსი ერთია. უფლის საფლავი - მღვიმე, რომელიც დღესაც, უეჭველია, იმავე სახითაა შემონახული, ორ ნაწილადაა გაყოფილი. აღმოსავლეთის მხარეს დატანებული ვიწრო კარით პირველ განყოფილებაში შევდივართ. მის შუაგულში დიდი ოთხკუთხა ქვაა, იმ ლოდის ნაწილი, რომელიც ანგელოზებმა საფლავის შესასვლელიდან გადააგორეს. აქვეა მეორე, ძალზე დაბალი კარი, რომელსაც კლდეში გამოკვეთილ მღვიმეში შევყავართ. იქ ესვენა მაცხოვრის სხეული. ამრიგად, უფლის საფლავის სწორედ ამ ორ განყოფილებაში აღსრულდა კიდეც მაშინ, კვირა დღეს, ანგელოზთა სხვადასხვა გამოცხადება მენელსაცხებლე დედებისადმი. შესანიშნავად უთქვამს სახარებების ამ განსხვავებათა შესახებ მავან ქრისტიანს: „ჰოი, თქვენ, სახარების გადმოცემაში წინააღმდეგობათა გულცივო მაძიებლებო! ნუთუ ვერ ხედავთ, რომ მახარებლები არ აღრიცხავენ მენელსაცხებლე დედებისადმი გამოცხადებულ ანგელოზებს? უფლის მთელი საფლავი, მიდამო მღვიმის გარშემო აღსავსე იყო ანგელოზებით, ზეცის მკვიდრთა უხილავი დასებით. იქ არათუ სამი ანგელოზი იყო, არამედ ათასნი, და დედებსაც დულ ერთი და იგივე ანგელოზი, ანდა სულ ერთი და იგივე ორი ანგელოზი როდი ეცხადებოდათ! არამედ ხან ერთი, ხან ორი, ხან ერთ ადგილას, ხანაც მეორე ადგილას, ხან ერთს ეუბნებოდნენ მათ და ხანაც - სხვას, ერთსა და იმავესა და თანხმიერს შინაარსით, თუმცა კი მცირეოდენ განსხვავებულს მოვლენის დეტალების გადმოცემით“. მართლაც, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ შემთხვევაშიც, ისევე როგორც ბევრ სხვა ადგილას, მოვლენას მთლიანად კი არ აღწერენ, არამედ გადმოსცემენ მოვლენის ამა თუ იმ მხარეს, ამა თუ იმ დეტალს; და სავსებით დასაშვებია, რომ დარჩა კიდევ სხვა დეტალებიც, რომლებიც მათ არ მოიხსენიეს. ასე რომ, მათი თხრობის ერთობლიობიდანაც კი ჯერ კიდევ არა გვაქვს მოვლენის ზედმიწევნით სრული გადმოცემა. და როცა ერთი მოვლენის ერთ რომელიმე გამორჩეულ მხარეზე მოგვითხრობს, მეორე - სხვაზე და მესამე და მეოთხეც - მათ მიერ გამოტოვებულზე, ამით წმინდა მახარებლები, უეჭველია, კი არ ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს, არამედ ავსებენ ერთურთს.

მოამზადა ლევან დავითაშვილმა
ჟურნალი „კარიბჭე“, აპრილი, 2004 წ.

კატეგორია: მოახლოებული დღესასწაულები | ნანახია: 1522 | დაამატა: ketevani | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მენიუ
განმარტებანი
ძიება
გამოკითხვა
რამდენი ისწავლე ჩვენი საიტიდან?
სულ პასუხი: 72
Video
სტატისტიკა
MAIMUNI.COM

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

» საიტზე დარეგისტრირებული
სულ: 62
თვის განმავლობაში: 0
კვირის განმავლობაში: 0
გუშინდელი: 0
დღევანდელი: 0
» მათ შორის
საიტის ადმინი: 2
სერვერის ადმინი:
მოდერები: 0
მომხმარებელი: 6
მნახველი: 54
» მათ შორის
კაცი: 12
ქალი: 12
კონტაქტი
===================== o.datuadze@gmail.com =====================
=====================
ლინკები
Copyright ოთო (იონა) დათუაძე © 2024