E ყველიერის კვირა–ადამის სამოთხიდან განდევნის ხსენება - 7 თებერვალში 2010 - წმინდა იონა
ყოველი დღე, ყოველი გათენებული დილა, ეს არის უდიდესი წყალობა ღვთისა, ამიტომ დილიდან მადლობას უნდა ვწირავდეთ უფალს. ილია II

WWW.IONAA.TK & WWW.OTO.UCOZ.RU   http://sibrdzne.com/

შემოსული ხართ Guest| ჯგუფი "Guests" |მთავარი | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | გამოსვლა | შესვლა |სიახლის დამატება
|
საიტის მენიუ
კატეგორიები
გალობები
"ჩვენი ტაძარი"
ქადაგებები
წმინდანთა ცხოვრება
მოახლოებული დღესასწაულები
სხვა..
ვიდეო მასალები
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
ხალხური სიმღერები
აუცილებელი ლიტერატურა
გალობები
Qriste agsdga !



გალობები მომაწოდა LONGUS-მა

შესვლის ფორმა.
ჩანაწერების არქივი
მთავარი » 2010 » თებერვალი » 7 » ყველიერის კვირა–ადამის სამოთხიდან განდევნის ხსენება
20:53
ყველიერის კვირა–ადამის სამოთხიდან განდევნის ხსენება

„14. (თქუა უფალმან) უკუეთუ მიუტევნეთ თქუენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქუენცა მამამან თქუენმან ზეცათამან. 15. ხოლო უკუეთუ არა მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი მათნი, არცა მამამან თქუენმან მოგიტევნეს თქუენ შეცოდებანი თქუენნი. 16. და რაჟამს იმარხვიდეთ, ნუ იყოფით, ვითარცა-იგი ორგულნი, მწუხარე, რამეთუ განირყუნნიან პირნი მათნი, რაჲთა ეჩუენნენ კაცთა მმარხველად. ამენ გეტყჳ თქუენ: მიუღებიეს სასყიდელი მათი. 17. ხოლო შენ რაჟამს იმარხვიდე, იცხე თავი შენი და დაიბანე პირი შენი, 18. რაჲთა არა ეჩუენო კაცთა მმარხველად, არამედ მამასა შენსა დაფარულად; და მამამან შენმან, რომელი ხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ. 19. ნუ იუნჯებთ თქუენ საუნჯეთა ქუეყანასა ზედა, სადა მღილმან და მჭამელმან განრყუნის, და სადა მპარავთა დათხარიან და განიპარიან. 20. ხოლო თქუენ იუნჯებდით საუნჯეთა ცათა შინა, სადა არცა მღილმან, არცა მჭამელმან განრყუნის, და სადა არცა მპარავთა დათხარიან და განიპარიან. 21. რამეთუ სადაცა არნ საუნჯე თქუენი, მუნცა იყოს გული თქუენი.“

I. განგვამზადებს რა ქრისტიანებს მარხვისა და სინანულის ღვაწლისათვის, ეკლესია აწინდელი სახარების საკითხავით მიგვითითებს ზოგიერთ მეტად მნიშვნელოვან და აუცილებელ პირობებს, საჭიროთ ქრისტიანისათვის, რათა მარხვის ღვაწლი კეთილმოქმედი და ნაყოფიერი იყოს მისთვის.

„უკუეთუ მიუტევნეთ თქუენ კაცთა შეცოდებანი მათნი, - ასე იწყება ამ დღის საკითხავი, - მოგიტევნეს თქუენცა მამამან თქუენმან ზეცათამან. ხოლო უკუეთუ არა მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი მათნი, არცა მამამან თქუენმან მოგიტევნეს თქუენ შეცოდებანი თქუენნი“ (მუხლები 14-15).

საშინელიცაა ეს სიტყვები და მანუგეშებელიც; მათში მსჯავრიც არის და მოწყალებაც, სიმართლეც და სიყვარულიც! მართლაც, აბა, რომელი სული არ აღივსება შიშით, - თუკი მას საბოლოოდ არ დაუკარგავს ღმერთის რწმენა, - და არ შეძრწუნდება ოდენ ფიქრით მასზედ, რომ მისი ცოდვები და უსჯულოებანი არ იქნება შენდობილი; რომ ღმერთის უცვალებელი, საუკუნო სამსჯავრო მარადიული ტანჯვისა და წარწყმედისათვის განიკითხავს მას? მაგრამ, აი, ყოვლად მოწყალე ზეციური მამა, იმისათვის, რომ დაამშვიდოს ცოდვილთა შეშფოთებული სინდისი და იმედი მოანიჭოს სასოწარკვეთილთ, განუცხადებს მათ, რომ ყველა ცოდვა და უსჯულოება, რა დიდიც არ უნდა იყოს ისინი, შეენდობათ მათ, თუკი ისინი, თავის მხრივ, შეუნდობენ თავიანთ მოყვასთ მათს შეცოდებებს, ანუ, თუკი დაივიწყებენ ყველა წყენასა და უჯერო საქციელს, აღსრულებულთ მათს წინააღმდეგ. რა შეიძლება იყოს ამაზე ადვილი და მოსახერხებელი იმ ადამიანისათვის, ვისაც გულწრფელად სურს ცოდვათა შენდობის მიღება და ცათა სასუფევლის დამკვიდრება?

მაგრამ რატომ არ შეუნდობს უფალი ცოდვებს მათ, ვინც თავად არ პატიობს სხვებს? იმიტომ, რომ ვინც სხვებს არ პატიობს, მას, მაშასადამე, არა აქვს შეგნებული თავისი ცოდვიანობა ღმერთის წინაშე და ამიტომ არც იმსახურებს შენდობას მისგან, მით უმეტეს, რომ ადამიანთა შეცოდებანი ერთმანეთის მიმართ მეტად კნინი, წვრილმანი და უმნიშვნელოა მათს ცოდვებთან შედარებით ღმერთის წინაშე, - იმდენად კნინი და უმნიშვნელო, რამდენადაც ადამიანია უმნიშვნელო ღმერთის უსაზღვრო დიდებულებასთან შედარებით. ეს შესანიშნავად გვიჩვენა უფალმა იესო ქრისტემ იგავში უმოწყალო მოვალის შესახებ. გარდა ამისა, სხვათა არმპატიებელი ადამიანი ბოროტი აღმოჩნდება ხოლმე და ამის გამო თავადვე განაშორებს თავს ღმერთის სახიერებისა და მოწყალებისაგან. ამიტომ არა მხოლოდ ღმერთი მოაკლებს თავის სახიერებას ბოროტ ადამიანებს, არამედ ჩვენც არა ვართ ხოლმე კეთილგანწყობილნი ჩვენი გაბოროტებული თანამოძმეებისადმი.

„და რაჟამს იმარხვიდეთ, ნუ იყოფით, ვითარცა-იგი ორგულნი, მწუხარე, რამეთუ განირყუნნიან პირნი მათნი, რაჲთა ეჩუენნენ კაცთა მმარხველად. ამენ გეტყჳ თქუენ: მიუღებიეს სასყიდელი მათი“ (მუხლი 16).

ორგულთა ქვეშ აქ ფარისევლები იგულისხმებიან, რომელთა პირმოთნეობა და ორგულობა თვალსაჩინოდ იყო გამოხატული, ისინი მზად იყვნენ ნებისმიერი ხრიკისათვის მიემართათ, ოღონდ კი უგულებელ-ეყოთ საღმრთო სჯული, როცა იგი არ ეთანხმებოდა მათ ინტერესებსა და განზრახვებს. ამის ყველაზე საოცარი მაგალითი არის ხერხი, რომლითაც ფარისევლები ითავისუფლებდნენ თავს თავიანთ მიერვე დადგენილი ვალდებულებისაგან - არ გაევლოთ შაბათ დღეს 2000 წყრთაზე მეტი.

ფარისეველთ ჩვეულება ჰქონდათ სისიტიებზე, ანუ ყოველდღიურ საერთო პატარა წვეულებებზე შეკრებილიყვნენ, რომლებსაც ისინი ყველაზე მკაცრი პირობებით აწყობდნენ და ყოველმხრივ ამსგავსებდნენ სამღვდელმსახურო სერობებს. მაგრამ რადგანაც მათი სახლები ხშირად 2000 წყრთაზე მეტი მანძილით იყო დაშორებული შეკრების ადგილს და რაკი ტვირთის ტარება შაბათ დღეს მკაცრად იყო აკრძალული (ნეემია 13,15; იერემია 17,21; გამოსვლ. 16,29), ამიტომ მათ, ხსენებული ხერხი რომ არ ეხმარათ, უარის თქმა მოუწევდათ საერთო წვეულებებზე სწორედ იმ დღეს, როცა ეს ყველაზე მეტად უყვარდათ. და სწორედ ეს ხერხი ალახვინებდათ მათ ამ დაბრკოლებას:

შაბათის წინა საღამოს ისინი მცირეოდენ სანოვაგეს აწყობდნენ 2000 წყრთის მოშორებით თავიანთი სახლიდან და ამით ერთგვარ სახლს იწყობდნენ: ამ მოჩვენებითი სახლიდან კი კიდევ 2000 წყრთის მანძილის გავლა შეიძლებოდა საერთო შეკრების ადგილამდე, რითაც ისინი თავს ნებას აძლევდნენ დადგენილზე ორჯერ მეტი მანძილი გაევლოთ. ასეთი პირმოთნე ოინი მათ მიერ იწოდებოდა „ერუბ“-ად, ანუ „ადგილთა შეხამებად“, „გადანაცვლებად“, და იგი დღემდე ცნობილია იუდეველთა შორის.

სადუკევლებიც ასევე გვერდს უვლიდნენ ხოლმე ამგვარ დაბრკოლებებს, ოღონდ კიდევ უფრო გაბედული ხერხებით, არა ისეთი საცოდავით, როგორსაც ფარისევლები მიმართავდნენ. ისინი გულდამშვიდებულნი აცხადებდნენ, რომ, თითქოს, მათი სადილები სატაძრო მსახურების გაგრძელება იყო და ამიტომ სწორედ მათ მიმართ შეიძლებოდა სჯულის იმ დადგენილების გამოყენება, რომელიც განაწესებდა - „არა არს შაბათი ტაძარსა შინა“-ო.

ამგვარი მაგალითების მოხმობა მრავლად შეიძლება. მაგალითად, თუკი იუდეველს ხარი უკვდება, მას შეუძლია წმიდა დღესაც - შაბათს დაჰკლას იგი, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მისი ხორცის მცირე, ზეთისხილის ნაყოფისხელა ნაჭერს შეჭამს, რათა აჩვენოს, რომ ხარი დაკლულ იქნა აუცილებელი საზრდოობისათვის. ანდა: თუკი იუდეველს რაიმე ისეთის ყიდვა ესაჭიროება, რაც წონით ან საწყაოთი იყიდება, მას ამის გაკეთება წმიდა დღესაც - შაბათსაც შეუძლია, ოღონდ ფული მომდევნო დღეს უნდა გადაიხადოს და ყიდვისას არ ახსენოს საყიდი საგნის წონა თუ საწყაო. მას შეუძლია შაბათ დღეს ყასაბისგან ხორციც იყიდოს, ოღონდ არ უნდა უთხრას - ამდენი ფულის ხორცი ამიწონეო, არამედ, ამის ნაცვლად, უნდა თქვას - „მომეცი მე ერთი ულუფა, ანდა ულუფის ნახევარი“-ო, და ამასთან ფულიც მომდევნო დღეს გადაუხადოს. და განა შეიძლება, რა დიდსულოვანნი და შემწყნარებელნიც არ უნდა ვიყოთ, სჯულის საწინააღმდეგო ქმედებებად არ ჩავთვალოთ ყოველივე ეს, ისეთი ქმედებებად, რომლებიც მოგონიილია ორგული, ურწმუნო ადამიანების მიერ ღმერთისა და ადამიანთა მოტყუების მიზნით (თუმცა ამით ისინი მხოლოდ საკუთარ თავს იტყუებენ!)? და განა მეტისმეტად მკაცრი სიტყვაა „ორგული“, „პირმოთნე“ მათ მიმართ, ვინც ამგვარი ხრიკები წმიდა წეს-ჩვეულებების სიმაღლემდე აღიყვანა და ვინც, ვითომცდა ზედმიწევნითი გარეგნული დაცვით სჯულის დადინებებისა, ღრმად სცოდავდა მისი სულისკვეთების წინააღმდეგ?!

მეორე ამგვარივე მაგალითი საინტერესოა ჩვენთვის იმ ხერხის გამო, რომელსაც სჯულის მოძღვარი ფარისეველნი იყენებდნენ შაბათის წლის მიმართ. ქრისტემდეც და მისი ქვეყნიური ცხოვრების დროსაც გვერდს უვლიდნენ სჯულის განწესებას ვალების პატიების შესახებ იმით, რომ სასახელო საქმედ უთვლიდნენ მოვალეს, თუკი იგი თავად არ ისარგებლებდა მოსეს დადგენილებით და აბრუნებდა თავის მიერ აღებულ ვალებს, მიუხედავად შაბათის წლისა. მაგრამ იმისთვის, რომ აშკარად არ შეწინააღმდეგებოდნენ სჯულს, ამ ბრძენკაცებმა შემდეგ ხერხს მიმართეს: მათ დაადგინეს, რომ როცა მოვალე ვალს უბრუნებდა მევალეს შაბათის წელს, ამ უკანასკნელს ხმამაღლა უნდა წარმოეთქვა: „თანახმად შაბათის წლისა მე შენ გპატიობ ვალს!“, რაზეც მოვალეს უნდა მიეგო: „მე მაინც მსურს დაგიბრუნო იგი“, რის შემდეგაც მევალე ფულს იღებდა მისგან. მათლაც რომ, გონებამახვილური ხერხია; მაგრამ განა შეიძლება იგი მისაღები იყოს იმ ადამიანთათვის, რომელნიც განაცხადებდნენ დიდ გულმოდგინებასა და უსაზღვრო ერთგულებას მოსეს სჯულისდების ყოველი დებულებისადმი, სიტყვისადმი და თითოეულ ასოსადმი? შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ სჯულის გვერდით ასავლელი ყველა ეს ხრიკები ცრუ დებულების აღიარებით იყო განპირობებული, არა ბოროტი განზრახვით. მაგრამ სისტემატური ორგულობისა და პირმოთნეობის სამარცხვინო დადასტურებას წარმოადგენს ის რჩევა-დარიგება, რომელსაც რაბინი ილა აძლევს ავხორცობის საცთურით ვნებულ იუდეველებს; ეს თალმუდის ორ ადგილას გვხვდება. ჩვენ არ შეგვიძლია მათი სიტყვა-სიტყვით მოყვანა, ხოლო შინაარსი ამ რაბინისეული რჩევებისა შემდეგია: სიძვა-მრუშების ცოდვა დასაშვებია, თუკი იგი კარგად იქნება დაფარული! რაბინის სხვა რჩევა-დარიგება ცოლ-ქმრის გაყრას შეეხება და ასეთივე დახვეწილ პირმოთნეობას, ორგულებას შეიცავს, ასეთივე ცინიკურ შეღავათს: „კაცი არ უნდა დაქორინდეს ქალზე იმ განზრახვით, რომ გაეყრება მას; მაგრამ თუკი ის წინასწარ განუცხადებს ქალს, რომ მხოლოდ დროებით ქორწინდება მასზე, მაშინ განქორწინება ნებადართულია“.

კვალად, მიუხედავად განცხადებებისა წმიდა წერილისადმი უსაზღვრო მოწიწების შესახებ, მისი განმარტებების ბევრი სქემა - ჰემატრიოსისა, ნოტარიკონისა და სხვათა, - მიმართული იყო იმ ფაქტებისა და მნიშვნელობების გვერდის ავლისაკენ, რომლებიც არ შეესიტყვებოდა, არ უპასუხებდა ფარისეველთა შეხედულებებს და არასასურველი იყო მათთვის. ამის მაგალითი მრავლადაა 70-თა ბერძნულ თარგმანში - სეპტუაგინტაში - თუკი მას ე.წ. თარგუმებს, - ფარისეველთამიერ ახსნა-განმარტებებს შევუჯერებთ. მაგალითად, იმით უკმაყოფილო, რომ მოსე ეთიოპელ ქალზე დაქორწინდა („ცოლი ჰინდოი მოიყვანა“ - რიცხვთა 12,1), იონათანი სიტყვას „ყუშიტი“ - „ცოლი“ თარგმნის სიტყვით „პირმშვენიერი“. შამაი, გილელის გონებაშეზღუდული მეტოქე, იმდენად ზედმიწევნით ცდილობდა სჯულის დადგენილებათა გარეგან აღსრულებას, რომ ლამის შიმშილით სული ამოხადა თავის ძეს განწმენდის დღეს და თავისი რძალის საწოლზე კარვის მსგავსი რამ მოაწყო, რათა მის ახლადშობილ შვილიშვილს - ძის ძეს - ჯეროვანი სახით აღენიშნა კარვობის დღესასწაული (II,9). ამავე დროს სწორედ მის შესახებ არის ნაუწყები, რომ ეს კაცი მეტად თავმოყვარე და ფუფუნების მოტრფიალე იყო. რამეთუ ცოდვილი და ურწმუნო ადამიანებისათვის უფრო ადვილია სჯულის დადგინებათა გარეგანი ზუსტი შესრულება, ვიდრე კეთილმსახურად ცხოვრება. მათ, ვინც გაკადნიერდება თქვას, რომ მაცხოვარი მეტისმეტად მკაცრია ფარისეველთა მიმართ, უნდა ახსოვდეთ მეფე ალექსანდრე იანეოსის სიტყვები მასზედ, რომ „ჭეშმარიტი ფარისეველი ის იყო, ვისაც ხაზვეს როლის თამაში და ფინესის ჯილდოს მიღება სურდა“.

დიახ, ფარისეველნი მარხულობდნენ, მაგრამ იმავე დროს კვლავაც ძარცვავდნენ ქვრივ-ობოლთა სახლებს; გარეგნულად მარხვას ინახავდნენ, მაგრამ უარს არ ამბობდნენ თავიანთ ამპარტავნებაზე, რომლის ძალითაც თავს რჩეულ და სხვებზე აღმატებულ ადამიანებად, მართალ მორწმუნეებად თვლიდნენ, ყველა დანარჩენს კი - მტაცებლებად, უკეთურებად და მემრუშეებად; მარხულობდნენ, მაგრამ არათუ მშვიდნი ხდებოდნენ, არამედ, პირიქით, დღითი დღე სულ უფრო განძვინდებოდნენ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს უმოწყალო სიძულვილსა და გაბოროტებაში და დაუოკებელი სურვილით იწვოდნენ მოეკლათ ეს ღვთაებრივი მქადაგებელი და მათი უმართლობის მამხილებელი; დიახ, ფარისეველნი მარხულობდნენ, მაგრამ მათი მარხვა სხეულს არ სცილდებოდა და სულიერს არ ეხებოდა, ანდა, უფრო სწორად, მათ მარხვას გარკვეული, საგანგებო მიზანი ჰქონდა - ყველაზე მიწიური და უხეში, ყველაზე ანგარებითი და თავისმოყვარე, „რაითა ეჩუენნენ კაცთა მმარხველად“. და განა უმჯობესი არ იქნებოდა, თუკი სულ არ იმარხულებდნენ?!

მაგრამ ამგვარადვე იქცევიან დღესაც ის ადამიანები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო მარხულობენ, რომ განსაზღვრულ დღეებში ასეა დადგენილი ეკლესიის მიერ და ამას მოითხოვს ყველასგან აღიარებული ჩვეულება, და ამავე დროს სულ არ ფიქრობენ საკუთარი გულის განწმენდას გაბოროტებისაგან და სიძულვილისაგან თავიანთი მტრებისადმი, შურისაგან სხვების ბედნიერებისადმი, ამპარტავნებისა და მზვაობრობისაგან იმ ადამიანთა წინაშე, რომელთაც არა აქვთ მათნაირი ღირსებანი და თვისებანი; ანგარებისა და სიხარბისაგან, როცა ყოველთვის მზად არიან მოატყუონ მოყვასი ყიდვა-გაყიდვის საქმეებში, ურთიერთშეთანხმებაში, გარიგებებსა და ვალდებულებებში. ასეთ მარხვაში არ არის გულწრფელობა, განზრახვის სიწმიდე. არა, თუ მარხვას ვინახავთ, ოდენ გარეგანი წეს-ჩვეულებების დასაცავად კი არ უნდა ვიმარხულოთ, არა მხოლოდ დადგენილი წესისა და ზრდილოებისათვის, არა იმისათვის, რომ კეთილმსახურების სახედ გამოვჩნდეთ, მოკლებულისა მის შინაგან ძალას, არამედ იმისათვის, რომ ზეციური მამის წყალობა და კეთილგანწყობა მოვიპოვოთ, ეს კი მხოლოდ და მხოლოდ იმ გზით ხდება, რომელზეც დგომით ჩვენ სრულიად უარვყოფთ და განვიშორებთ თავისგან ყველა ჩვენს ვნებასა და გულისთქმას. მართალია, მარხვის ღვაწლი ამქვეყნად აღესრულება, მაგრამ მისი მიზანი ქვეყნიური კი არა, ზეციურია: „და მამაი შენი, რომელი ხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ ცხადად“ - დიდსა მას დღესა ყოველთადმი და თითოეულისადმი საზღაურის მიგებისა!„ხოლო შენ რაჟამს იმარხვიდე, იცხე თავი შენი და დაიბანე პირი შენი, რაჲთა არა ეჩუენო კაცთა მმარხველად, არამედ მამასა შენსა დაფარულად; და მამამან შენმან, რომელი ხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ“ (მუხლები 17-18).

აღმოსავლეთის ძველ მაცხოვრებელთ ჩვეულება ჰქონდათ სიხარულისა და მხიარულების განსაკუთრებულ დღეებში კეთილსურნელოვანი ნივთიერებანი ეცხოთ თავზე და გულმოდგინედ დაებანათ პირისახე, ხოლო მწუხარებისა და გლოვის დღეებში ნაცარი დაეყარათ თავზე და პირისახეც არ დაებანათ. მაცხოვარი აქ იმას კი არ დაგვიდებს მცნებად, რომ მარხვის დროს მართლაც კეთილსურნელებათ ვიცხებდეთ თავზე და გულმოდგინედ ვზრუნავდეთ საკუთარი პირისახის განბანვაზე, - სხეულის ზედმეტ შემკობა-თნებაზე ზრუნვა ყოველთვის უჯეროა ქრისტიანისთვის, და მეტადრე - მარხვის დროს! - არა, უფალს სურს, რომ ჩვენ ამ დღეებში, ვითარცა ჩვენი სულების განწმენდისა და ცხოვნების სასურველ დროს სიხარულით აღსავსე გულით ვეგებებოდეთ და მარხვის ღვაწლის ასპარეზზე შეურვებულნი კი არ გავდიოდეთ, არამედ - მხნე სულით, - ისევე, როგორც გულადი მეომარი გადის ბრძოლის ველზე მტკიცე სულით. უფალს სურს, რომ ჩვენი მარხვა ნამდვილი იყოს, ისეთი, რომლისთვისაც ყველაზე მეტად განზრახვის სიწრფელეა დამახასიათებელი, ანუ ის, რომ მარხვას ზეციური მამის თვალთა წინ ვიწყებთ და ვაგრძელებთ. ჭეშმარიტი მმარხველი მარხვის ღვაწლს თავშეკავებით შეუდგება ყოველგვარი ზედმეტობისაგან ჭამა-სმაში და სხვა ყოველივეშიც, რაც სხეულის თნებასთან არის დაკავშირებული, რათა მთელი თავისი სულით უფალს მიექცეს. რამეთუ როცა სხეული ნაპატიებია, მაშინ სულს არ ძალუძს ღმერთის დიდებულებაზე ფიქრს მიეცეს. მაგრამ სხეულის დაცვა ზედმეტობისაგან ჭამა-სმაში უნაყოფო დარჩება, თუკი მარხვისას გონებასაც არ დავიცავთ ამაო საერო, ქვეყნიური ზრახვებისაგან, და თუკი გულსაც არ შევიკრძალავთ ცოდვიან სურვილთა და გულისთქმათაგან. უფლის თვალნი ყოველივე დაფარულს ხედავენ ჩვენი გულისა. იგი მოწყალედ არ მოხედავს და არ სათნო-იყოფს სხეულის ისეთ შეკრძალვას საჭმელ-სასმელისაგან, როცა ჩვენი სული, სრულიად დაუფარავი მის თვალთათვის, არ არის კრძალული ბოროტი ქმედებებისაგან. ხოლო სულის ამგვარი შინაგანი მარხვისათვის ყველაზე ქმედითი საშუალებანი, წმიდა მამათა სწავლებით, არის: განუწყვეტელი გულისმიერი ლოცვა უფლისადმი, ყოველთვის რომ ჭეშმარიტი მარხვის განუყრელი თანამგზავრია, სიყვარულით აღსავსე კეთილგანწყობა ყველა ჩვენი მოყვასისადმი და შეძლებისდაგვარი შეწევნა მათი, ხოლო ყველაზე მეტად - მოწყალების გაღება. ამიტომაც ეკლესიის ღმრთივგანბრძნობილი მამები თავზე სურნელებათა ცხებისა და პირის დაბანვის სიმბოლოებში მარხვის დროს გულისხმობენ ჩვენს სულთა შემკობას სიყვარულისა და მოწყალების საქმეებით და ჩვენს გულთა განბანვას ლოცვისმიერი ცრემლებით.

და ვინც ამგვარი, სახარებისმიერი განწყობით შეუდგება და აგრძელებს მარხვას უფლის თვალთა წინაშე, იმას ზეციური მამა, რომელი ხედავს დაფარულთა, ცხადად მიაგებს. მმარხველის გულს იგი მართლაც ანიჭებს უნარს ჭეშმარიტი მარხვის ნაყოფი იგემოს - დასაწყისში მწარე, მაგრამ შემდგომში ისეთი დამატკბობელი, რომელიც ყოველგვარ ქვეყნიურ სიტკბოებას აღემატება. მონანული ცოდვილის გულის ბნელ საცავებში უფალი თავისი ნათელის ცხოველმყოფელ სხივს გარდამოავლენს ზეგარდამო. ცოდვილიც თავისი გულშემუსრვილობისა და წრფელი სინანულის ძალით იხილავს მთელს თავის ცოდვიანობასა და სიგლახაკეს, დაინახავს თავის სულს, აღსავსეს ცოდვიან ვნებათა სიბილწეებით, შეკრულს ბოროტი სულის საკრველებით. და სინანულის ცხარე ცრემლები უფალი ღმერთის სიყვარულისა და მოწყალების შეურაცხყოფის გამო უხვად წარმოდინდება მისი შემუსრვილი გულიდან. და ქვედაემხობა რა ზეციური მამისა და ჩვენთვის ჯვარცმული მაცხოვრის წინაშე, უფლის საკურთხევლის მსახურის - მღვდლის აუცილებელი მოწმობისას, - იგი, მონანული ცოდვილი, უკვე აღარ დაიწყებს თავისი გულის ცოდვიან ქმედებათა დაფარვას, ისევე, როგორც სახლის პატრონიც, როცა იხილავს მზის სხივებით განათებულ თავის სახლს აღსავსეს ნაგვითა და ჭუჭყით, ეცდება მაშინვე ყოველივე გარე განაგდოს. და რა სიხარულით შეიგრძნობს იგი, შემდგომ, თავის გულში იმ მაცხოვნებელ ცვლილებას, რომელისაც ზეციური მამა მოანიჭებს მას და ცხადად შეაგრძნობინებს, რომ ყველა მისი ცოდვა შენდობილია! ყველაზე უტყუარი ნიშანი, რომლის მიხედვითაც ყოველ მონანულ ცოდვილს შეუძლია შეიტყოს - მართლაც შეუნდო თუ არა მას ღმერთმა ცოდვები, ეკლესიის ღმერთშემოსილ მამათა სწავლებით, არის ის, როცა ჩვენ საკუთარ თავში ისეთ სიძულვილსა და ზიზღსა ვგრძნობთ ყველა ჩვენი ცოდვებისადმი, რომ უმალ სიკვდილს ვარჩევთ, ვიდრე კვლავ ნებაყოფლობით შეცოდებას უფლის წინაშე. და ეს არის მეტად ბუნებრივი გრძნობა ყველასათვის, ვინც კი მთელი გულით მიექცევა ღმერთს და ჭეშმარიტად შეიყვარებს უფალს, ისე, რომ მისი სიყვარულის გამო მათ ყველაზე მეტად იმის ეშინიათ, რომ რაიმე ცოდვით არ შეურაცხყონ უფლის ღვთაებრივი სიყვარული მათდამი.

და თუკი ვინმეს ცოდვილ ქრისტიანთაგან არც მარხვაში და არც სინანულის ღვაწლში ჯერ არ განუცდია ამგვარი წმიდა ცვალება, - ეს უტყუარი ნიშანია იმისა, რომ მას ჯერ არასდროს უმარხულია ჭეშმარიტად; რომ მისი მარხვა ჯერ არ სათნო-ყოფია ზეციურ მამას და მისი ცოდვებიც ჯერ არ განწმენდილან ჭეშმარიტი სინანულით და არ არიან ჯერ შენდობილნი. ხოლო ყოველი განუწმენდელი ცოდვა თავისი სიმძიმით, ჩვეულებრივ, სხვა მრავალ მანკიერებასა და უძლურებაში ჩაითრევს სულს.

სურს ვინმეს სრულყოფილების უმაღლეს მწვერვალს მიაღწიოს მარხვის ღვაწლში? - დღევანდელი სახარება ამ სრულყოფილების შესახებაც გვაძლევს სწავლებას მას შემდეგ, რაც თვით მარხვის გამო დაგვმოძღვრავს.

„ნუ იუნჯებთ თქუენ საუნჯეთა ქუეყანასა ზედა, სადა მღილმან და მჭამელმან განრყუნის, და სადა მპარავთა დათხარიან და განიპარიან. ხოლო თქუენ იუნჯებდით საუნჯეთა ცათა შინა, სადა არცა მღილმან, არცა მჭამელმან განრყუნის, და სადა არცა მპარავთა დათხარიან და განიპარიან“ (მუხლები 19-20).

უფალს რომც არ მოეცა ჩვენთვის ეს უბრალო და ყოველი საღად მოაზროვნე ქრისტიანისათვის ადვილად გასაგები მცნება, თვით ეს გახრწნადობა, მსწრაფლწარმავალობა და არასაიმედოობა ქვეყნიური სიმდიდრეებისა, თავისთავად წარხოცდა ჩვენი გულიდან მათი მოხვეჭის ვნებას, რომლსაგანაც სურს კიდეც მაცხოვარს ჩვენი სულების დაცვა, რამეთუ ვინ არ იცის, რომ ბრწყინვალე სამკაულთ და უძვირფასეს შესამოსელთ, რომლებითაც ჩვენ სხეულს შევიმკობთ, ჩრჩილი ღრღნის, ოქრო-ვერცხლს ჟანგი შესჭამს, ხოლო ნებისმიერი ქვეყნიური სიმდიდრე შეიძლება მპარავებმა ამოთხარონ და მოიპარონ? მაგრამ, დაე, თუნდაც ჩვენს ფხიზელ სიფრთხილეს შეეძლოს კიდეც ჩვენი განხრწნადი სიმდიდრეების შენარჩუნება ჩრჩილ-მჭამელთაგან, ჟანგისაგან თუ მპარავისაგან, მაინც განა სიკვდილი კი არ წარგვტაცენს ხელთაგან მთელს ჩვენს ქვეყნიურ მონახვეჭს, - სიკვდილი, ეს სრულიად მსოფლიო მპარავი, რომლისაგანაც ვერანაირი კაცობრივი ძალა და წინდახედულება ვერ შეძლებს ჩვენს დაცვას და რომელიც იმ დღეს მოვალს ჩვენთან, რომელიც არ ვუწყით, და იმ ჟამს გვეწვევა, რომელშიც მას არ მოველით?! და განა ჩვენ ყველას, დიდებულ პალატებში შვება-სიამით მცხოვრებთაც, და უბადრუკ ქოხებში მყოფთაც, ბნელ სამარეში არ გადაგვასახლებს? და განა ჩვენს სხეულსაც, რომელსაც ჩვენ ესოდენი მზრუნველობით ვასაზრდოვებთ, დავფუფუნებთ და შევამკობთ, - მასაც განა ხრწნილებას არ სწევს სიკვდილი, სანამ მთლიანად მტვრად არ აქცევდეს? სახარებაში მოხსენიებულ მდიდარს, რა თქმა უნდა, ყოველნაირი კაცობრივი მოსაზრებით, მიზეზი ჰქონდა ასე მიემართა საკუთარი სულისათვის: „სულო, გაქუს მრავალი კეთილი, დაუნჯებული მრავალთა წელთა: განისვენე, ჭამე და სხვი და იხარებდ“, რაზეც უფალმა ღმერთმა ასე უთხრა: „უგუნურო, ამას ღამესა მიგიღონ სული შენი შენგან; ეგე, რომელ მოიმზადე, ვისა იყოს? ეგრეცა რომელი იუნჯებდეს თავისა თვისისა და არა ღმრთისა მიერ განმდიდრდებოდეს“ (ლუკა 12,19-21).

მაგრამ ამგვარი როდია ზეციური საუნჯე, რომლის ნდომას, ძიებასა და დაცვას ვითარცა ერთადერთი ნამდვილი ფასეულობისა, მაცხოვარი მცნებად დაგვიდებს, - საუკუნო ცხოვრების საუნჯე, მოპოვებული ჩვენდა მისი ღვთაებრივი სისხლით, - ეს ჭეშმარიტი ჩვენი სიმდიდრე, რომელსაც ვერ მოსპობს განხრწნადობის ვერანაირი ძალა, ვერ დათხრის მპარავთა ვერანაირი ხერხი და ვერაფერი ვერ წაგვართმევს - ვერც თვით სიკვდილი და ჯოჯოხეთი.

სიყვარული მაცხოვრისა, რომელიც სწორედ იმისთვის მოვიდა ქვეყნად, რომ ზეციური საუნჯე დაგვიბრუნოს, დაკარგული ჩვენთვის ცოდვის მიზეზით და კვლავაც შეძენადი უფლის ჭეშმარიტი რწმენით, ჩვენი სათნო და წმიდა ცხოვრებით, - ეს უფლისმიერი სიყვარული, რომელსაც სურს დაგვანახოს ქვეყნიურ სიმდიდრეთა მთელი ამაოება და განხრწნადობა, განგვიცხადებს ჩვენ, რომ სიმდიდრენი განაშორებენ ჩვენს გულს ღმერთისაგან - ჩვენი ზეციური მამისაგან, და ყოველივე ქვეყნიურს მიაკრობენ მას.

„რამეთუ სადაცა არნ საუნჯე თქუენი, მუნცა იყოს გული თქუენი“ (მუხლი 21).

იესო ქრისტეს წმიდა ბაგეთაგან გახმიანებული ეს ჭეშმარიტება მარადიული გამოცდილებით მართლდება. ჭეშმარიტ ქრისტიანს მტკიცედ სწამს მაცხოვრის სიტყვა, რომელიც ზეციურ საუნჯეთ აღგვითქვამს; - და სწამს რა შეუეჭვებლად, სასოებს კიდეც მის მიღებას უფლის მოწყალებისა და კაცთმოყვარეობისაგან; ხოლო სასოებს რა, თავისი გულის მთელი სიყვარულით მიეკრობა კიდეც ერთ ღმერთს, ზეციურ მამას. ამ სიყვარულის მიერ მთელი თავისი ძალებით ცდილობს იგი სათნო-ეყოს ღმერთს მისი მაცხოვნებელი მცნებების ერთგული აღსრულებით, და მთელს თავის ზრუნვასა და ძალისხმევას იმისკენ მიაქცევს, რომ არ განარისხოს სიყვარულით ყოვლადუხვი უფალი რაომე ცოდვით და ამის გამო არ მოაკლდეს მისთვის აღთქმულ ზეციურ სიკეთეთ; რომ იესოსგან, რომელშიც ჰგონებს კიდეც მთელს თავის საუნჯეს; ხოლო ამიტომ ყოველთვის იქაა მისი გული, სადაცა არს მისი საუნჯე, - არა ქვეყანასა ზედა, ხანმოკლე მწირობისა და მსხემობის ადგილას, არამედ სამარადჟამო ზეციურ სამშობლოში. აკი წმ. პავლე მოციქულიც ამბობს: „ხოლო ჩვენი მოქალაქობაი ცათა შინა არს, ვინაიცა მაცხოვარსა მოველით, უფალსა იესო ქრისტესა“ (ფილიპ. 3,20).

მაგრამ აბა შეხედეთ მომხვეჭელობის ვნებით შეპყრობილ ადამიანს, - სად არის მისი საწყალობელი გული, როცა იგი მთელი დღეები და ღამეები მხოლოდ იმაზე ფიქრობს, თუ როგორ განამრავლოს თავისი სიმდიდრე? როცა იგი თავის მრავალ საზრუნავთა და საქმეთა შორის ქვეყნიური და განხრწნადი ნივთების მოსაპოვებლად, მთელი დღის განმავლობაში ერთ საათსაც ვერ გამონახავს ხოლმე ლოცვისათვის, სინანულისათვის, იმისათვის, რომ ზეციურ სიკეთეთა მონიჭებას ევედროს უფალს; როცა მას, ნაცვლად იმისა, რომ სჯულსა უფლისასა ზრახვიდეს დღე და ღამე (ფსალმ. 1,2), არც დრო აქვს, არც სურვილი და არც მიდრეკილება საღმრთო სიტყვის წაკითხვისა თუ მოსმენისა, რომელიც ჩვენ საუკუნო ცხოვრების საუნჯეთ განგვიხსნის? სად არის ამ დროს მისი უბადრუკი სული? - რა თქმა უნდა, არა ცათა შინა, არა ღმრთისა თანა, არამედ იქ, სადაც ის თავის საუნჯეთ იუნჯებს. და განა ძალუძს მაშინ მომხვეჭელობით შეპყრობილი ადამიანის გულს, შთაფლულს ქვეყნიურ ზრახვათა ჭაობში, ცთუნებულს ამაო სასოებით ქვეყნიური სიმდიდრისა და შეკრულს მტკიცე ბორკილებით ვერცხლისმოყვარეობისა, - ძალუძს კი ესევითარ გულს ზეცისკენ ისწრაფდეს და ერთ ჭეშმარიტ ღმერთს მიეკრას ცხოველი რწმენით, ძისებრი და ყოვლად სრული სიყვარულით? - ასე, რომ ჭეშმარიტია უფლის სიტყვა, რომელიც გვეუბნება: „სადაცა არნ საუნჯე თქუენი, მუნცა იყოს გული თქუენი“.

აღსანიშნავია, რომ მაცხოვრის ეს სიტყვები, ეკლესიის ერთ-ერთი მოძღვრის განმარტებით, მხოლოდ ანგარებისა და მომხვეჭელობის ვნებას კი არ განეკუთვნება, არამედ ყოველივე იმასაც, რაც ჩვენს გულში ღმერთის სიყვარულს აქრობს. თუკი ჩვენს სულს არ დაუფლებია ანგარების ვნება, მაგრამ მასზე მძლავრობენ ან მზვაობრობის, ან ფუფუნების სიყვარულის, ან ხორციელი გულისთქმებისა თუ გაფანტულობის ვნებები, მაშინ ჩვენი გული მაინც ქვეყნიურს მიკრობია და ამა ქვეყნად ჰგონებს თავის უმთავრეს საუნჯეთ.

II. მაშ, რას გვასწავლის ჩვენ დღეს წაკითხული სახარება?

ა) პირველ ყოვლისა, იგი გვიბრძანებს განვიშოროთ ყოველგვარი სიძულვილი და მტრობა ჩვენი მოყვასისა, შევურიგდეთ მას, შევუნდოთ ყოველგვარი წყინებანი და უსიამოვნებანი, რაც კი ჩვენთვის მოუყენებია (მუხლი 14).

დიდმარხვის დღეებში ჩვენ უნდა ვინანიებდეთ, გულს შევიმუსვრავდეთ და ვტიროდეთ ჩვენი ცოდვით დაცემის გამო; ვევედროთ მოწყალე და მართლმსაჯულ უფალს მოგვიტევოს ჩვენ შეცოდებანი ჩვენნი. და აბა, როგორღა გავბედავთ ვთხოვოთ უფალს აგვაცილოს თავისი სამართლიანი და საშინელი რისხვა, თუკი ჩვენ თვითონვე რისხვით და მტრობით ვიქნებით აღვსილნი ჩვენი მოყვასისადმი? როგორღა გავბედავთ ვევედროთ უფალს მოგვიტევოს შეცოდებანი ჩვენნი, თუკი თვითონ ჩვენ არ მივუტევებთ ჩვენს მოყვასთ? როგორღა შევძლებთ შევურიგდეთ ღმერთს, როცა განრისხებულნი და მტრულად განწყობილნი ვიქნებით მოყვასისადმი? ამ წმინდა მარხვაში ჩვენ მსხვერპლს მივუძღვნით ღმერთს და შეწყალებას ვთხოვთ ჩვენი ცოდვების გამო. მაგრამ მიღებულ იქნება კი ჩვენი მსხვერპლი? მივიღებთ კი ღმერთისგან წყალობას, თუკი ჩვენი გული მოყვასისადმი უმოწყალობითაა აღვსილი? - არა! ვერ მივიღებთ! ზეციური მამა მხოლოდ მაშინ შეგვინდობს ცოდვებს, როცა ჩვენც შევუნდობთ მოყვასთ ყველა წყენასა და გაბოროტებას ჩვენს მიმართ. ზეციური მამა მაშინაა სახიერი და მოწყალე ჩვენდამი, როცა ჩვენც კეთილნი და გულმოწყალენი ვართ ჩვენი მოყვასებისადმი. ან კი როგორ უნდა გვქონდეს სურვილი და კეთილი განწყობა სინანულისათვის, სულის განბანისათვის გულშემუსრვილობის ცრემლებით, თუკი სინდისს ძმათა სიძულვილის ცოდვა გვიმძიმებს? - არა! მაშინ ჩვენი ლოცვა-ვედრებაცა და ყოველი ჩვენი სულთქმაც ამაო იქნება... ამიტომაც, უძველესი დროიდანვე ქრისტეს ეკლესიაში დადგენილია ჩვეულება: დიდმარხვის დადგომის წინ ქრისტიანები ერთმანეთს შენდობას სთხოვენ, - ჭეშმარიტად კეთილი და ქრისტიანული ჩვეულებაა.

ბ) დღეს წაკითხული სახარება ჭეშმარიტ, სულისმაცხოვნებელ მარხვასაც გვასწავლის (მუხლი 17).

ჭეშმარიტი მარხვა მხოლოდ ჭამა-სმაში თავშეკავება კი არ არის, არამედ ბოროტი ფიქრების, სიტყვებისა და საქმეების განგდებაცაა. რამეთუ, როგორც წმიდა ბასილი დიდი ამბობს, „ისინი, ვინც საკვებისაგან თავს იკავებს, მაგრამ უჯეროდ იქცევა, ეშმაკს ემსგავსება, რომელიც სულაც არაფერს ჭამს, მაგრამ განუწყვეტლივ სცოდავს“. ხოლო წმიდა მღვდ

კატეგორია: აუცილებელი ლიტერატურა | ნანახია: 1158 | დაამატა: ketevani | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მენიუ
განმარტებანი
ძიება
გამოკითხვა
რამდენი ისწავლე ჩვენი საიტიდან?
სულ პასუხი: 72
Video
სტატისტიკა
MAIMUNI.COM

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

» საიტზე დარეგისტრირებული
სულ: 62
თვის განმავლობაში: 0
კვირის განმავლობაში: 0
გუშინდელი: 0
დღევანდელი: 0
» მათ შორის
საიტის ადმინი: 2
სერვერის ადმინი:
მოდერები: 0
მომხმარებელი: 6
მნახველი: 54
» მათ შორის
კაცი: 12
ქალი: 12
კონტაქტი
===================== o.datuadze@gmail.com =====================
=====================
ლინკები
Copyright ოთო (იონა) დათუაძე © 2024