წმიდა იოანე (ერისკაცობაში თორნიკე ერისთავი) მონაზვნად აღკვეცამდე ქართლის სპასალარი იყო. სახელოვანი და ბრძოლებში წარმატებული რაინდი გამორჩეულად უყვარდა მეფე დავით კურაპალატს. მაგრამ თორნიკეს სული უფრო აღმატებულს თხოვდა, ვიდრე ამქვეყნიური პატივი იყო. მან მიატოვა სახელი, დიდება, სიმდიდრე და გადაწყვიტა თავი ზეციური მეუფისათვის მიეძღვნა. თორნიკემ საბერძნეთაკენ გასწია, სადაც მისი წინამორბედი სპასალარი - იოანე მოღვაწეობდა. თავდაპირველად თორნიკე ულუმბოს მთაზე მივიდა, მაგრამ იქ შეიტყო, რომ იოანე ათონის მთაზე დამკვიდრებულიყო და თვითონაც ათონს მიაშურა. ღირსი იოანეს კურთხევით, თორნიკე ბერად აღკვეცეს და სახელად იოანე უწოდეს. მამები წმიდა ათანასეს ლავრაში დასახლდნენ. მალე მათ გარშემო იმდენმა ქართველმა მოიყარა თავი, რომ ლავრის მახლობლად ქართველებისათვის წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელზე ცალკე ეკლესია ააგეს და ბერთა სენაკებიც ააშენეს.
იმ ხანებში საბერძნეთში ვითარება დაიძაბა. მცირეწლოვან უფლისწულებს, ბასილსა და კონსტანტინეს, სარდალი ბარდა სკლიაროსი აუმხედრდა. დედოფალ თეოფანიას მხოლოდ ქართველი მეფის - დავით კურაპალატის დახმარების იმედი ჰქონდა და ათონის მთაზე კაცი აფრინა, მეფესთან შუამავად იოანე თორნიკეყოფილის გაგზავნა გვსურსო. იოანე-თორნიკემ თხოვნა შორს დაიჭირა: უკვე ბერის სამოსი შემიმოსავს, ამ ქვეყნიურს ყოველივეს განვშორებივარ და ვერ წავალო. მაშინ წმინდა ათანასემ და იოანემ თხოვეს, დავით კურაპალატს ხლებოდა და ამით ბერძენთა მეფეს დახმარებოდა.
ხანგრძლივი მუდარის შემდეგ იოანე-თორნიკე დათანხმდა. გახარებული დედოფალი და უფლისწულები მადლიერების ნიშნად წმიდა მამას ფეხებში ჩაუვარდნენ. იოანე-თორნიკემ შემთხვევით ისარგებლა და დედოფალი არასწორ ქცევათვის ამხილა. მაშინ დედოფალმა მიუგო: ყოველივეს ისე აღვასრულებ, როგორც მიბრძანებ. ოღონდ კი ახლა ეახლე დავითს, რათა დაგვაძლევინოს სკლიაროსი და დაგვიფაროს განსაცდელისგანო.
იოანე-თორნიკე საქართველოსაკენ გამოეშურა. მეფემ დიდად გაიხარა თავისი სპასალარის ხილვით. დედოფლის თხოვნა შეიწყნარა და ჯარი შეკრიბა, ხოლო მთავარსარდლად თვითონ იოანე-თორნიკე დანიშნა. წმიდა მამა დიდ უარზე იდგა, მაგრამ რაკი აღარ მოეშვნენ, დათანხმდა. ღვთის წყალობითა და თორნიკეს გონივრული სარდლობით ქართველთა და ბერძენთა გაერთიანებულმა ლაშქარმა ბარდა სკლიაროსი და მისი მომხრენი სასტიკად დაამარცხა. ამბოხებული სარდალი საბერძნეთიდან განდევნეს.
გამარჯვებულ მთავარსარდალს მადლიერმა დედოფალმა უამრავი სიმდიდრე შესწირა. წმიდა მამამ ეს სიმდიდრე ათონზე წაიღო და იქ ქართველმა ბერებმა ქართული სავანე - ივერონი ააშენეს, ასევე დიდად შეეწეოდნენ სხვა მონასტრებსაც.
იოანე-თორნიკე თავმდაბლობით, სიწრფოებითა და უმანკოებით გამოირჩეოდა. როგორც ომში გამარჯვებულ გმირს, მას ბერები ხშირად აამბობინებდნენ ხოლმე „საქმეთა საგმიროთა“. ისიც სიამოვნებით იგონებდა ომის ამბებს. ერთხელ იოანემ ურჩია: აწი, ნუღარავის მოუთხრობ ამ ამბებს გაბრიელ ხუცის გარდა (ეს ის გაბრიელია, რომელსაც ხვდა პატივი, ზღვიდან გამოებრძანებინა ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი, რისთვისაც მან წყალზე ისე გაიარა, როგორც ხმელეთზე). გაბრიელ ხუცის პირიდან კი არასოდეს ამოდიოდა ამსოფლიური სიტყვა, იგი მხოლოდ საღმრთოსა და სულიერს ზრახავდა. იოანე-თორნიკემ მორჩილებით მიიღო მხილება და იმ დღიდან აღარავის გაუგონია მისი საუბარი ამქვეყნიურ ამბებზე. წმიდა მამამ ღვთის სასოებით გალია ცხოვრების დარჩენილი დღეები და მშვიდობით მიიცვალა.
ღირსი იოანე-თორნიკე მთაწმინდელის
ტროპარი
შენ შორის, საკვირველო მამაო, კეთილად დაცულ იქმნა ხატება, რამეთუ აღიღე ჯვარი და შეუდეგ ქრისტესა, და მოქმედი ასწავებდი შეურაცხყოფასა ხორცთასა, ვითარცა წარმავალსა, ხოლო ღვწასა სულისასა ვითარცა უკვდავისა არსებისასა, რომლისა-თვისცა ანგელოზთა თანა იხარებდეს სული შენი, ნეტარო იოანე (თორნიკე).
კონდაკი
სიწმიდისა სულისათა საღმრთოდ შეიჭურვე, დაუცხრომელად ლოცვაჲ, ვითარცა ლახუარი ჴელს-იდევ, კადნიერად განგმირე ეშმაკთა ბანაკი, საკჳრველმოქმედო მამაო იოანე (თორნიკე), ევედრე ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათჳს.